ბორის ბედია: "სიმარტოვე მთრგუნავს, მინდა შეყვარებული ვიყო"

ბორის ბედია: "სიმარტოვე მთრგუნავს, მინდა შეყვარებული ვიყო"

ბორის ბედიას ფსიქოპორტრეტის დახატვა უმჯობესი იქნება, იმით დავიწყო, რომ მომღერალი ინტერვიუზე დათქმულ დროზე გაცილებით ადრე მოვიდა, ჟურნალისტები ასე განებივრებულები ნამდვილად არ ვართ, როგორც წესი, თავად ვუცდით ხოლმე რესპონდენტს.

- ბორის, ძალზე პუნქტუალური ყოფილხარ...

- არც ისეთი ფრთაშესხმული ანგელოზი ვარ, როგორიც - გგონია. მომღერლები, იმის გამო, რომ კონცერტი ხშირად არ ტარდება, გავზარმაცდით. მქონდა პერიოდი, როცა არსად წასვლა არ მინდოდა, ყველგან ვაგვიანებდი, ახლა კი ახალი სამსახური მაქვს და რეჟიმში ვარ, გამოვსწორდი (იღიმის).

- სად მუშაობ?

- ახალშექმნილი ანსამბლის - "ეტალონ ჯორჯიას" წევრი გახლავართ. გადაცემა "ეტალონის" საღამოებს რესტორნებში - "კრუიზი" და "ბერმუხა" ვმართავთ. მთელი კვირის განმავლობაში დატვირთული ვარ. გადაცემის წამყვანმა, გოჩა ტყეშელაშვილმა დამასაქმა, მისი მადლიერი ვარ.

- ძალიან კარგი... ახლა შენს ხასიათზე ვილაპარაკოთ. შენს უარყოფით თვისებებზე რას მეტყვი?

- ფიცხი ვარ და ზოგჯერ, გადაწყვეტილებებს ცხელ გულზე ვიღებ, შედეგად კი ცხვირი არაერთხელ წამიტეხია.

- ჩვენ ვიცნობთ ბორისს, როგორც მომღერალს. ვიცით, როგორი ხარ სცენაზე. მითხარი, როგორი ხარ შინ, ყოველდღიურ ცხოვრებაში?

- ძალიან თბილი ადამიანი ვარ. ჰოროსკოპით ტყუპი გახლავართ და ზოგჯერ მგონია, რომ ჩემში ორი ადამიანი სახლობს. ალბათ ამიტომაცაა, რომ ხან ძალიან სენტიმენტალური და დეპრესიული ვარ, ხან კი - საოცრად მხიარული, საყვარელი.

- შენში დეპრესიას რა იწვევს?

- მინდა, შეყვარებული ვიყო და რაც დრო გადის, ამაზე სულ უფრო ხშირად ვფიქრობ. ზოგჯერ ძალზე მარტოსულად ვგრძნობ თავს და ეს სიმარტოვე მთრგუნავს. ის ასაკი გავიარე, როცა თავისუფლებას ვეტრფოდი. ახლა მსურს, ოჯახი შევქმნა.

- როგორ ქალს არ დაუკავშირებ ცხოვრებას?

- ამპარტავანს, მეტიჩარას და სულელს! ქალს ჭკუა უნდა მოეკითხებოდეს. რაც მთავარია, ჩემს შემოქმედებას პატივს უნდა სცემდეს. შეიძლება სიმღერა არ გეხერხებოდეს, მაგრამ კარგი შემფასებელი მაინც უნდა იყო.

- რამდენად პრეტენზიული ხარ ოჯახში?

- პრეტენზიული ადრე უფრო ვიყავი, ახლა - ნაკლებად. ვღიზიანდებოდი, როცა სახლში კერძი არ იყო მომზადებული ან როცა ჩემი ნივთები მოწესრიგებული არ იყო. ახლა დიეტაზე ვარ და კვების საკითხი ნაკლებად მადარდებს.

- როგორია შენი დიეტა?

- ძალიან მარტივია - რაც მინდა, ყველაფერს ვჭამ, მხოლოდ პურის ულუფა შევამცირე: დღეში მხოლოდ ერთ ნაჭერს გეახლებით. სამ ნაწილად ვყოფ და ყოველ ჭამაზე თითოს მივირთმევ. რაც მთავარია, კვირაში სამი დღე ვვარჯიშობ და ეს სტიმულს მაძლევს...

- ეჭვიანი ხარ?

- აბა, რა გითხრათ?! ბევრჯერ ვყოფილვარ რუსეთში, უკრაინაში და არაერთ გოგონასთან მქონია ურთიერთობა, მაგრამ ხშირად მიფიქრია იმაზეც, ცოლად არაქართველს მოვიყვანდი თუ არა? პასუხი არაორაზროვანია - არა! უკრაინელებს ძალიან ლამაზი, ჯიშიანი გოგოები ჰყავთ, მაგრამ ისინი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ოჯახში არ გამოგადგება. რა ვიცი, მე ასე მგონია და შეიძლება, ვცდები კიდეც. თუ ამ საკითხს ასე მივუდგებით, გამოდის, რომ ეჭვიანი ვარ, მაგრამ ეჭვიანობა არასრულფასოვნების კომპლექსი უფრო მგონია. თუ საკუთარ თავში, შესაძლებლობებში დარწმუნებული ხარ, რატომ უნდა იეჭვიანო?! აი, ჩემმა მომავალმა მეუღლემ კი შეიძლება, სიმღერაზე იეჭვიანოს და იფიქროს: ნეტავ, სიმღერა უფრო უყვარს თუ მეო (იცინის)?!

- რომ შენიშნო, შენს მომავალ მეუღლეს თვალი სხვა მამაკაცისკენ გაექცა, როგორი რეაქცია გექნება?

- მას თუ თვალი გაექცევა, მე მთლიანად გავიქცევი... ხომ გითხარი, გადაწყვეტილებას ცხელ გულზე ვიღებ-მეთქი. ისე, თუ მამაკაცებს ლამაზი ქალისკენ გაგვირბის თვალი, რატომ არ შეიძლება, გათხოვილ ქალსაც მოეწონოს ვინმე? ადამიანს სილამაზის აღქმის უნარს ხომ არ წაართმევ? მოეწონოს, მერე რა მოხდა, ეს თავისთავად სექსს ხომ არ გულისხმობს?!

- ზარმაცი ხარ?

- დილით ადრე გაღვიძება მიჭირს. წეღანაც აღვნიშნე, მომღერლები უმოქმედობამ გაგვაზარმაცა-მეთქი, მაგრამ ახლა ყველაფერი დალაგდა: მაქვს სამსახური და ვაკეთებ საქმეს, რომელიც მიყვარს, ვვარჯიშობ, ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობ. განა შეიძლება, ასეთი ცხოვრების წესმა გაგაზარმაცოს?! მოკლედ, ვმუშაობ, ვვარჯიშობ და სიყვარულს ველოდები.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება