რატომ ჯობნიან ”ევროვიზიაზე” გამოცდილ ქართველ მომღერლებს პატარები?

რატომ ჯობნიან ”ევროვიზიაზე” გამოცდილ ქართველ მომღერლებს პატარები?

საბავშვო ანსამბლ "მზიურის" ქვეყანაში  მივეჩვიეთ, რომ საბავშვო "ევროვიზიიდან" ქართველები ხელცარიელები არასოდეს ვბრუნდებით. ერევანში გამართულ საბავშვო "ევროვიზია 2011"- ზე ქართველი გოგონების ჯგუფმა "ქანდიმ" გამარჯვება მოიპოვა. 

საბავშვო ევროვიზიაზე ქართველების გამარჯვება პირველი არ არის, 2008 წელს კვიპროსზე საქართველოს წარგზავნილმა ჯგუფმა "ბზიკებმა" გამარჯვა; 2007 წელს მარიამ რომელაშვილმა როტერდამში მე-4 ადგილი დაიკავა; 2009 წელს კიევში ჯგუფი "პრინცესები" მეექვსე ადგილზე გავიდა; 2010 წელს მინსკში მარიამ კახელიშვილმა, სიმღერით "მარი-დარი" მეოთხე ადგილი დაიმსახურა.

პატარებისგან განსხვავებით, დიდების "ევროვიზიაზე" გამოცდილი ქართველი მომღერლები საუკეთესო შემთხვევაში, პირველი ათეულის ბოლო ადგილებს ჯერდებიან. ამ ტენდენციის მიზეზებზე "ამბები.გე" ანრი ჯოხაძესა და ლილიკო ნემსაძეს ესაუბრა:

არაერთი კონკურსის ლაურეატის ანრი ჯოხაძის აზრით, საბავშვო "ევროვიაზიაზე" წარმატება გასაკვირი არ არის, ვინაიდან პროდიუსერი გიგა კუხიანიძე საკონკურსოდ ბავშვებს სისტემატურად და სერიოზულად ამზადებს.

- გიგა კუხიანიძე ბავშვებთან სერიოზულად მუშაობს. იხვეწება ქორეოგრაფია, ვოკალი, სასცენო მოძრაობა, სიმღერის სტილი და შესრულების მანერა. შედეგიც გვაქვს, ვულოცავ ამ გამარჯვებას.

- დიდების "ევროვიზიაზე" საპრიზო ადგილებს რატომ ვერ ვიღებთ?

- ვერავინ იტყვის იმას, რომ ვინც "ევროვიზიაზე" მიდის, კარგი მომღერლები არ არიან, მაგრამ რას იმღერებს ფესტივალსა თუ კონკურსზე, ამას ხომ აქვს მნიშვნელობა? თუ ვერ იმარჯვებენ, ცუდად შერჩეული სიმღერის ბრალია. დროს და სიტუაციას უნდა პასუხობდეს სიმღერა. გარდა ამისა, საბავშვო კონკურსზე კონკურსანტები ცოტანი არიან, დიდების "ევროვიზიაზე" კი 45 ქვეყანაა წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე კონკურენციის მასშტაბებიც დიდია.

ნებისმიერი მომღერლისთვის "ევროვიზიაზე" მოხვედრა კარგია პიარის თვალსაზრისით, რადგან მრავალმილიონიანი აუდიტორიის წინაშე გიწევს გამოვლა. მაგრამ აი რას ვმღერით, ესაა საქმე.

დელეგაციის ხელმძღვანელის, მაია ბიჭიკაშვილის თქმით, შემოქმედებითი და ტექნიკური ჯგუფი მაქსიმუმს აკეთებდა, რათა Candy კარგად მომზადებულიყო და პირველობისთვის ებრძოლა.

კომპოზიტორი ლილიკო ნემსაძე კი  ქართველების "დიდების ევროვიზიაზე" გამოსვლის წარუმატებლობას ვერ ხსნის.

- აბა რა გითხრათ? არ მგონია კონკურსზე ჩვენიანი მოუმზადებელი წავიდეს. მომღერლებს კარგი მონაცემები აქვთ, მაგრამ საპრიზო ადგილებს ვერ იღებენ. რაც შეეხება საბავშვო ”ევროვიზიას”, ვიტყვი, რომ გიგა კუხიანიძე თავს აკლავს ბავშვებს მეცადინეობისას. მისი მოსწავლეები სისტემატურად დადიან კონკურსზე, იციან იქ რა ხდება, რა მოთხოვნებია საჭირო და ზუსტად იმ სტანდარტების მიხედვით მუშაობენ. 

გიორგი ბერიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება