ოთო ფოლადაშვილი: "მაინტერესებს, როგორ გამოვიყურები ქალის თვალით"

ოთო ფოლადაშვილი: "მაინტერესებს, როგორ გამოვიყურები ქალის თვალით"

სტუდია "თელას" მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილი ფართო მასებმა პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებით" გაიცნო, სადაც ის ნუკი კოშკელიშვილს უწევდა პარტნიორობას. შოუს მიმდინარეობის პერიოდში ნუკი და ოთო ლიდერებში მოიაზრებოდნენ, მაგრამ მოულოდნელად მოუხდათ პროექტის დატოვება. ამჯერად გადავწყვიტეთ, ოთოსთან ინტერვიუ თავის მოვლისა და სტილის თემაზე ჩაგვეწერა.

- გარდა იმისა, რომ ცეკვავ სტუდია "თელაში" და მონაწილეობდი პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები", კიდევ რა უნდა იცოდეს მკითხველმა შენ შესახებ?

- კიდევ უნდა იცოდეს ის, რომ ვსწავლობ ტექნიკურ უნივერსიტეტში სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე 70%-იანი დაფინანსებით, მეორე კურსიდან პროფილის არჩევის საშუალება მოგვეცა და ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიას მივანიჭე უპირატესობა. გარდა ამისა, იდგმება მიუზიკლი "ვერის უბნის მელოდიები", "ქეთო და კოტეს" ვარიანტში, და სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად მეც ვმონაწილეობ მასში, თუმცა ამის შესახებ ჯერჯერობით მეტს ვერაფერს გეტყვით.

- რამდენი წელია ცეკვავ?

- ექვსი წლიდან ვცეკვავ. პირველი კატეგორიის მოცეკვავედ ვითვლები და თითქმის ყველა ასაკში მოგებული მაქვს საქართველოს თასი. უამრავი თასის, მედლებისა და დიპლომების მფლობელი გახლავართ, ამავდროულად ვარ საქართველოში ნომერ პირველი მოცეკვავე.

- გადავიდეთ ჩვენი რუბრიკის თემაზე. თავის მოვლა, როგორც ქალისთვის, ასევე კაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რას გულისხმობს შენთვის თავის მოვლა?

- ჩემთვის თავის მოვლა პირველ რიგში ჰიგიენას გულისხმობს. ადამიანი არ უნდა იყოს ბინძური, უნდა ეცვას სუფთად, გემოვნებიანად და ყოველთვის უნდა იყოს მოწესრიგებული.

- სახლიდან გასასვლელად რომ მო­ემზადო, რა დრო გჭირდება?

- ოოო, მაგას ძალიან დიდი დრო სჭირდება, რადგან წინასწარ არასდროს ვგეგმავ რა ჩავიცვა. დილით რომ ავდგები და გარდერობს გამოვაღებ, ვიწყებ ჩაცმას, დავაყენებ ხოლმე ოჯახის წევრებს და ვეკითხები, რომელი ჩაცმულობა მიხდება, მაგალითად, ეს მაისური იმ შარვალს თუ უხდება.

- თუ არის ისეთი ადამიანი შენს ცხოვრებაში, ვის გემოვნებასაც ენდობი და ვის აზრსაც იზიარებ ჩაცმასთან დაკავშირებით?

- გამოკვეთილად ასეთი არავინ არ მყავს. უპირველესად ვენდობი საკუთარ თავს, მაგრამ რომ გავიღვიძებ, დედა თუ სახლში დამხვდა, მას აუცილებლად ვეკითხები აზრს ჩემი ჩაცმულობის შესახებ, მაინტერესებს, ქალის თვალით როგორ გამოვიყურები, ასევე ჩემს დასაც მივმართავ ხოლმე რჩევით და ასე ვწყვეტ, რა ჩავიცვა.

- მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ ოჯახში კონსილიუმს აწყობ ჩაცმის საკითხზე...

- კი, შეიძლება ასეც ითქვას.

- რა არის შენი საყვარელი სამოსი?

- მომწონს თანამედროვე სტილი, ჯინსი, ჭრელა-ჭრულა ზედები. ყოველდღიურად არ მიყვარს კლასიკურად ჩაცმა, თუმცა სოლიდური სამოსიც მომწონს. მისი სიყვარული ბავშვობიდან ჩამომიყალიბდა, რადგან მიწევდა ისეთი ცეკვების შესრულება, რომლებისთვის აუცილებელი იყო ფრაკის და სხვა კლასიკური სამოსის მორგება. აქედან გამომდინარე, ათასში ერთხელ მიჩნდება სურვილი, გამოვეწყო სოლიდურად. მიყვარს კარგად ჩაცმა და პირველ რიგში ადამიანში გემოვნებას ვაფასებ. მიმაჩნია, რომ გემოვნებიანი ადამიანი ვარ და ისე მაცვია, რომ ადამიანებს ჩემთან ერთად ყოფნა და ჩემი ყურება სიამოვნებთ.

- ფეხსაცმელს მნიშვნელობას ანიჭებ?

- ფეხსაცმელები ჩემი სუსტი წერილია, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ ამ დეტალს. ადამიანი როგორი სუფთაც უნდა იყოს, თუ ჭუჭყიანი ფეხსაცმელი დავუნახე, მასზე შექმნილი აზრი მეცვლება. მიმაჩნია, რომ გემოვნებიანად ჩაცმა ფეხსაცმლიდან იწყება, თუ კარგი ფეხსაცმელი გაცვია, კაცი ხარ, კარგი კაცი ხარ (იღიმება).

- შეგიძლია ერთი და იგივე სამოსი ორი დღე ზედიზედ ჩაიცვა?

- თუ გასარეცხი არ იქნება, შემიძლია. უმეტესწილად ორი დღე ერთი და იმავე სამოსით არ გავდივარ შინიდან, იმიტომ, რომ ყოველ დილას ვიწყებ ახალი განწყობით, განსხვავებულ ხასიათზე და შესაბამისად, განსხვავებულად ჩაცმაც მინდება, მაგრამ როცა ისე ხდება, რომ სხვაგან მიწევს დარჩენა, რა თქმა უნდა, მეორე დღეს იმავე სამოსის ჩაცმა მიხდება.

- რამდენად ბრენდულია შენი გარდერობი?

- ბრენდებს დიდი ყურადღებას არ ვაქცევ, მთავარია, სამოსი მე მომწონდეს და რა მარკის იქნება, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა შიგადაშიგ სახელობით სამოსსაც ვყიდულობ (იღიმება).

- მოდის თანამედროვე ტენდენციებს ადვილად ირგებ საკუთარ თავზე?

- მომწონს, როცა მოდურად მაცვია, აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მოდას მივყვები, თუ რამე ახალი შემოდის, ვცდილობ მოვირგო, რომ გამორჩეული ვიყო.

- რაც შეეხება შოპინგს, სად ყიდულობ სამოსს, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ?

- როდესაც საზღვარგარეთ გასტროლებზე ან კონკურსზე ვარ წასული, იმის დრო არასდროს მრჩება, რომ მაღაზიებში ვიარო, თუ გამონაკლისი შემთხვევაა და თავისუფალი დრო გამომიჩნდა, შანსს არ ვუშვებ ხელიდან და მაშინვე საყიდლებზე გავრბივარ. აქედან გამომდინარე, სამოსს ძირითადად მაინც საქართველოში ვიძენ ან ინტერნეტით ვიწერ.

- ვისთან ერთად დადიხარ საყიდლებზე?

- ძმაკაცებთან ან დაქალებთან ერთად. ვითვალისწინებ როგორც ბიჭების, ასევე გოგონების რჩევებს. იქიდან გამომდინარე, რომ დიდი არჩევანი არ არის, მარტივად ვერ ვარჩევ სამოსს, მაგრამ საათობით სიარულიც არ მიყვარს ერთი რაღაცის გამო.

- ყველაზე ძვირიანი რა არის შენს გარდერობში?

- ყველაზე ძვირიანი ცეკვის ფრაკია, სასწაულია, ისეთი მაგარია. საერთოდ, ძვირია ცეკვა, ყველაფერი ძალიან ძვირია: საცეკვაო ფეხსაცმელი, შარვალი... თუ გაქვს პრეტენზია, რომ ხარ წამყვანი მოცეკვავე, მაშინ შესაბამისად უნდა გეცვას, რათა სცენაზე გამორჩეული იყო.

- ნებისმიერი ადამიანისთვის და, მით უმეტეს, მოცეკვავეებისთვის წონას დიდი მნიშვნელობა აქვს, გქონია ოდესმე ეს პრობლემა?

- ეს პრობლემა არ მაწუხებს, ვარჯიშის დროს იმდენ ენერგიას ვხარაჯავ, რომ ვერ ვსუქდები, რაც უნდა ვჭამო.

- რაც შეეხება აქსესუარებს - სათვალე, საათი, ბეჭედი, შარფი... თუ ხარ მათი მომხმარებელი?

- ყველაფერს ვიყენებ, მაგრამ იშვიათად. ყოველდღიურად არ ვხმარობ, მბეზრდება და მერე დისკომფორტს მიქმნის.

- რაც შეეხება, ვარცხნილობას, კანისა და ფრჩხილების მოვლას, ამ პროცედურებისთვის სალონს თუ სტუმრობ?

- თმის შესაჭრელად დავდივარ სალონში, განსაკუთრებული შემთხვევებისთვის ვარცხნილობის გასაკეთებლადაც ვსტუმრობ სალონს. ფრჩხილებს არ ვიკეთებ, არ მაქვს დიდი ნუნები და ისეთი თითები, რომ ამის გამო სალონში მივიდე. ასევე არ მჭირდება არანაირი პროცედურები კანისთვის, საბედნიეროდ, არ მაქვს გადაბმული წარბები და არც წარბებს ვიკეთებ, აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ სალონში მხოლოდ თმის მოსაწესრიგებლად დავდივარ.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება