როგორ აღმოჩნდა თიკა ფაცაცია გეების პლაჟზე

როგორ აღმოჩნდა თიკა ფაცაცია გეების პლაჟზე

თიკა ფაცაციას "რუსთავი-2"-ში შევხვდით. ტელეწამყვანი მშვენივრად გამოიყურება და ისიც კი მითხრა, რომ სეზონის დასრულების მიუხედავად, მაინც ენერგიულადაა და კიდევ ბევრ რამეს გააკეთებდა. ეს ალბათ იმის დამსახურებაა, რომ საღამოებს გრილ აგარაკზე ატარებს მეუღლესა და შვილებთან ერთად. როგორც კი დრო აქვს, ბავშვებთან გარბის და ყველანაირ დროსტარებაზე უარი აქვს ნათქვამი. დედობას ახლა უფრო გრძნობს და სურს, თითოეული თავისუფალი წუთი შვილებს დაუთმოს. თიკას დასვენებასა და ცოტაც მოგზაურობაზე ვესაუბრეთ.

- ზაფხული შენი საყვარელი სეზონია?

- უფრო მეტად იყო, ვიდრე არის, რადგან შვილები მყავს და დასვენებაც მათი საჭიროებების მიხედვით იგეგმება. ზუსტად ახლა ვიხსენებდი, მეხუთე წელია, აგარაკი მაქვს, არ დავაკონკრეტებ სად, თბილისთან ახლოს არის, ნახევარი საათის დაშორებით, შესაბამისად, ორ თვეს მაინც იქ ვატარებთ ხოლმე და იქიდან დავდივარ თბილისში. პატარა წლინახევრისაა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდე, რომ ბავშვებმა ჰაერი მაინც შეიცვალეს, ასე რომ, აგარაკზე ყოფნა მათთვის კარგია და თან, კომფორტულიც. დილა-საღამოს მათთან ერთად ვარ.

- მთელი დღე ტოვებ ხოლმე პატარებს?

- ამ საკითხს ძალიან დიდი ყურადღებით ვუდგები და ვნერვიულობ, რადგან მინდა, რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო ჩემს შვილებთან. არ მინდა, ვინმემ არასწორად გამიგოს, მაგრამ რასაც დედა გაუკეთებს შვილს, იმას სხვა ვერ გააკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ მყავს ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობი. გართობა ჩემს ცხოვრებაში არ არის, რადგან უფრო კარგად ჩემს შვილებთან ვერთობი სახლში. ის, რაც პირველი შვილის გაზრდისას გამოვტოვე, მინდა, ახლა ავანაზღაურო. ანდრო რომ დაიბადა, მინდოდა მეგობრებთან ერთად ყოფნა, გართობა, მეგონა, რომ ის ჩვეულებრივად გაიზრდებოდა, რაც ასეც მოხდა, მაგრამ მგონია, რომ მეც დამაკლდა ბევრი რამ და მასაც, ამიტომ მსგავსი შეცდომები მეორე შვილზე აღარ დამიშვია.

- თავად ანდროს თუ უგრძნობინებია ეს როდისმე?

- არასდროს უთქვამს, მაგრამ ახლა, როცა ვადარებ იმ და ამ დედობას, დიდი სხვაობაა. ვცდილობ, ორმაგად დავუთმო ყურადღება ჩემს უფროს შვილსაც და გავანებივრო. ჩვენ დასვენებაზე ვსაუბრობდით. ორი წლის წინანდელი ზაფხული თურქეთში გავატარე, შვილი უნდა გამეშვა, 5-6 თვის ორსული ვიყავი და გადავწყვიტე, მეც წავსულიყავი. შუა ტრიმესტრში უკვე შეიძლება ფრენა ორსულობისას. შარშან, ბუნებრივია, ვერსად წავედი, რადგან უმცროსი პატარა იყო. ზაფხული აგარაკზე გავატარეთ. წელს კი, იქიდან გამომდინარე, რომ პატარას ძალიან მოსწონს წყალთან ურთიერთობა, ვფიქრობ, თუ წავალ, მასაც წავიყვან ზღვაზე.

- ვიცი, რომ აგარაკზე ყვავილები გაქვთ. შენ უვლი?

- არა, ჩემი მეუღლე რწყავს ხოლმე ნარგავებს ეზოში. თბილისშიც მაქვს ძალიან ბევრი ყვავილი. ვიზუალურად ძალიან მომწონს, მოვლა კი იმდენად არ ვიცი. მგონია, რომ სულიერი არსებები არიან და თუკი რაიმე გაუჭირდებათ, ჩემი პასუხისმგებლობაც არის, ჩემმა მეუღლემ აიღო მათი მოვლა საკუთარ თავზე. თბილისში აივნის ყვავილები გვაქვს, რომლებიც ზამთარს ძალიან კარგად უძლებს.

- აგარაკზე რამდენ ხანს ატარებთ?

- ორ თვეს მაინც. როცა ღამით თბილისში სუნთქვა შეუძლებელია, იმ ღამესვე მივემგზავრები ხოლმე. ჩემთვის რომ შეუძლებელია სუნთქვა, ბავშვებს, მით უმეტეს, გაუჭირდებათ.

- აგარაკზე კომფორტი გაქვს?

- ყველაფერი არის, ჯამ-ჭურჭელი არ დამაქვს აქეთ-იქით. მხოლოდ ტანსაცმელი და პროდუქტები მიმაქვს.

- როგორი სამეზობლოა?

- არაჩვეულებრივი სამეზობლო გვყავს და ამ აგარაკის შეძენის ერთ-ერთი მოტივაცია სწორედ ეს იყო. ნაცნობობით შევიძინე ეს აგარაკი. ერთი ქუჩაა, აგარაკების ქუჩა, რომ ჩავუვლი, ყველა სახლში ნაცნობი მყავს. გადასვლა-გადმოსვლაც ხდება ხოლმე. ბავშვებსაც უადვილდებათ მათ შვილებთან ურთიერთობა. ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, რომ აგარაკი არსებობს ჩემს ცხოვრებაში. ადრე რთულად წარმომედგინა აგარაკი, მისი მოვლა, მაგრამ არანაირი სირთულე არ ყოფილა.

- სანამ აგარაკი არ იყო, სად ისვენებდით ხოლმე? ბავშვობაც გაიხსნე.

- ყოველთვის არ მქონია საშუალება, ფინანსურ კუთხეს ვგულისხმობ, რომ ზღვაზე წავსულიყავით. ოჯახს ჰქონდა აგარაკი, სადაც ვისვენებდით, ასევე ბავშვობაში ბებიასთან ჩავდიოდი. ფოთში სახლი გვაქვს. ბებიასთან თვეობით ვიყავი ხოლმე და ზაფხულის უმეტეს ნაწილს იქ ვატარებდი. ჩამოვდიოდი მეგრული კილოთი. ახლა არ ვიცი, დიდხანს რომ გავჩერდე, კიდევ ავიკიდებ თუ არა, მაგრამ პატარაობისას ამაღლებული ინტონაციებით ვლაპარაკობდი ხოლმე სექტემბერში (იცინის). მერე, რასკვირველია, ისევ გადმოვდიოდი ქალაქურ ყაიდაზე.

ცოტათი რომ წამოვიზარდე, დედაჩემს სულ ვეხვეწებოდი ხოლმე, ბათუმში გამიშვი-მეთქი. დილა-საღამოს ამას ვეუბნებოდი. პირველად 16 წლის ასაკში გამიშვეს მეგობრებთან ერთად ბათუმში, თუმცა მანამდე თანამედროვე ცეკვებზე დავდიოდი და საზღვარგარეთაც ვყოფილვარ თვეობით. როცა გოგონებთან ერთად გავემგზავრე და დამოუკიდებლობა ვიგრძენი, ეს 16 წლის რომ ვიყავი, მაშინ მოხდა.

- არადა, გამიგია, თიკას დედა ძალიან მკაცრი იყო და მარტო არსად უშვებდაო.

- კი, ნამდვილად ასე იყო. მკაცრი არა, მაგრამ ფრთხილი იყო. მაშინ მოტაცებები ხშირი გახლდათ და ამისი ეშინოდა. მეც იმდენად დაშინებული ვიყავი, სადმე რომ მივდიოდი, ცეკვაზე, სიმღერაზე, სულ აქეთ-იქით ვიყურებოდი, ვინმე ხომ არ მომდევს-მეთქი.

- თუმცა შენ რომ ბათუმში გაგიშვეს, სწორედ მაშინ იტაცებდნენ ხოლმე თბილისელ გოგონებს ბათუმელები...

- (იღიმის), უი, არა, ეს არ გამიგია და არც მახსოვს.

- თიკა, სპორტული ადამიანი ხარ. ცურვასთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- ზღვა ძალიან მიყვარს. მისთვის მემეტება დასვენებისთვის გამოყოფილი 10-12 დღე. მთა ჩემი არ არის. ადრე ასე იყო და ახლა ბევრ სიკეთეს ვპოულობ მთაშიც. შემეცვალა დამოკიდებულებები, ეტყობა, ასაკი მაინც თავისას შვრება. რაც შეეხება ცურვას, დიდი მოცურავე არ ვარ. შემიძლია დიდხანს ვიყო წყალში, მაგრამ დიდხანს ცურვა არ გამომდის, ქოშინს ვიწყებ. წყლის არა, მაგრამ ზვიგენოფობია მაქვს (იცინის).

- ზვიგენებს აქ რა უნდათ?

- თუკი მხრებამდე დამფარავს წყალი, იმის იქით არ შევდივარ, რადგან რამე რომ იყოს, უკან გამოვვარდე (იცინის). ეტყობა, ბავშვობაში ნანახი ფილმი ჩამრჩა ცუდად მეხსიერებაში. სისულელემდე დადის ეს შიში, მაგრამ იმასაც გეტყვი, რომ თუკი აუზი არ არის გამჭვირვალე, იქაც არ ჩავალ. გესმის, რა სიგიჟემდე ვარ მისული (იცინის)? არ მინდა, რომ რაიმე მომედოს წყალში ყოფნისას. სულ დაძაბული ვცურავ ამის გამო, თუმცა წყალთან დაკავშირებული არც ერთი უსიამოვნო შემთხვევა არ მახსენდება.

- გარუჯვაზეც გკითხავ აუცილებლად.

- ესეც წლების მატებასთან ერთად შემეცვალა, რადგან ადრე ჩემი ქმარი მეუბნებოდა, შენთან ერთად დასასვენებლად წასვლა არ ღირსო. დილიდან მზის ჩასვლამდე მზეზე წოლა შემეძლო, მისთვის კი ეს სრულიად უინტერესო იყო, მზე რომ არ გიყვარს, ქოლგის ქვეშ ძალიან რთულია ყოფნა. დამცავს არ ვიყენებდი. მეგონა, რომ ათი დღე რადგან ვიყავი წასული, ბოლომდე უნდა მიმეღო მზის აბაზანები. ყველას მინდა ვთხოვო, რომ აუცილებლად წაისვან დამცავი. ძალიან მაგრად დავიწვი ბევრჯერ. ამან ძალიან ბევრი ცუდი კვალი დატოვა. გარდა იმისა, რომ კანს აშრობს, ტოვებს ლაქებსაც. ბევრი პრობლემა მქონია სახის კანზე, ამიტომაც ახლა დილას თერთმეტამდე ვეფიცხები მზეს და შემდეგ - საღამოს საათებში. აუცილებლად მახურავს დიდი შლაპა, რომ სახის კანი დავიცვა. დე ვიტამინი ზომიერად არის სასარგებლო. ჭარბი კი საზიანოა.

- ზღვაზე რომ მიდიხარ, რა მიგაქვს ხოლმე?

- დიდი თავსაბურავი, ძალიან მაღალი რიცხვით დამცავი, რათა კარგად დავიცვა კანი. არ ვარ ძალიან თეთრი, ხორბლისფერი ვარ, მაგრამ ამას დამწვრობისთვის ხელი არ შეუშლია.

- საცურაო კოსტიუმს როგორ არჩევ?

- არ მიყვარს სალტეებიანი საცურაო კოსტიუმები, მერე სხეულზე განსხვავებები რომ ეტყობათ. უბრეტელო საცურაო კოსტიუმს ვარჩევ ხოლმე. მომწონს ცალ-ცალკე და მთლიანი კოსტიუმები. მინდა, ქალებს ვუთხრა, რომ მთლიანი საცურაო კოსტიუმი უფრო კარგ სხეულს აჩენს.

- მოდის ტენდენციები გაინტერესებს ამ კუთხით?

- ან ფერით უნდა მოვიხიბლო, ან სხვა რამით. ჭრელი საცურაო კოსტიუმები არ მიყვარს, საინტერესო ფერი უნდა იყოს, რომ ნამზეური კარგად გამოკვეთოს.

- საზღვარგარეთ დაგისვენია?

- დამისვენია. თურქეთი, მგონი, აღარ ითვლება, იქ ძალიან ხშირად წავსულვარ, საბერძნეთში გახლდით, ასევე ესპანეთში, კანარის კუნძულებზე, ბარსელონასთან ერთ-ერთ კურორტზეც ვყოფილვარ, სახელი არ მახსოვს. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო ამბავი გამახსენდა ამასთან დაკავშირებით. სწორედ ამ ესპანურ კურორტზე მოვხვდი არატრადიციული ორიენტაციის ხალხის პლაჟზე. მათთვის ცალკე ყოფილა. რომ გაიხედავდი, ყველგან მამაკაცები იყვნენ, რომლებიც ერთმანეთს ეალერსებოდნენ. მე და ჩემი მეუღლე ვიყავით ჩემი ქმრის ორ მეგობართან ერთად.

- შიშვლები ხომ არ იყვნენ?

- არა, საზღვაო ჩაცმულობით. მე სულ დამავიწყდა, რომ პლაჟზე ვიყავი და ვუყურებდი. ცოტა შოკირებული ვიყავი იმით, თუ როგორ გამოხატავდნენ თავიანთ სიყვარულს და ეფერებოდნენ ერთმანეთს. დიდი გაკვირვებაც არ გამომიხატავს, იმიტომ რომ ზოგადად ამ თემისადმი ნეიტრალური დამოკიდებულება მაქვს. ზღვაში ატაცებული ჰყავდათ ერთმანეთი. ოთხი ქართველი ამაზე ხმამაღლა ვმსჯელობდით. რამაც გამაკვირვა, ის იყო, რომ როგორც სხვადასხვა სქესის წარმომადგენლები იქცევიან, როდესაც უყვართ ერთმანეთი, ზუსტად ასევე იქცეოდნენ ისინიც. ეს იყო საკმაოდ განსხვავებული ფაქტი ჩემი მოგზაურობის ისტორიაში. ნახევარი დღე დავყავით იქ და ბუნებრივია, უკან აღარ დავბრუნდით, რადგან იქ ჩვენი ადგილი აღარ იყო. სხვათა შორის, ეს პლაჟი მიგვასწავლეს, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სანაპირო იმ კურორტზე და ამიტომაც მოვხვდით იქ. წინასწარ არავის გავუფრთხილებივართ.

- ნუდისტურ პლაჟზეც ხომ არ მოხვედრილხარ?

- არა, ასეთი შემთხვევა არ მქონია. წელს ზემოთ ქალები უცხოეთში ჩვეულებრივ სანაპიროებზეც ძალიან ხშირად შიშვლდებიან.

- ტანგა საცურაო კოსტიუმები რომ აცვიათ, ეს მისაღებია შენთვის?

- მე, რასაკვირველია, არ მოვირგებდი, მაგრამ ვისაც კარგი სხეული აქვს და უხდება, კარგი სანახავია.

- ზაფხულში აუზზე დადიხარ?

- ადრე ხშირად დავდიოდი, როცა გაპრანჭვის ხანა მქონდა. ყოველდღე გამონაკლისის გარეშე დავდიოდი აუზზე მეგობრებთან ერთად. მერე რამდენიმეჯერ ჯანმრთელობის მიზნით ზამთარ-ზაფხულ ვსტუმრობდი. აგარაკზე მაქვს აუზი და შესაბამისად, ახლა საგანგებოდ სხვა აუზებზე აღარ დავდივარ.

- საოცნებო დასასვენებელი ადგილი ან სადაც გინდა მოხვედრა, ის დამისახელე.

- იბიცაზე მინდა მოხვედრა, დილა და საღამო რომ არ გაირჩევა ერთმანეთისგან, ერთი კვირით გავემგზავრებოდი, ეს გადაღლა უფრო იქნებოდა, ვიდრე დასვენება. მაინტერესებს, რამდენად მომეწონებოდა ამ ტიპის გართობა ზაფხულში. თუ ოცნებაა, ოცნება იყოს და მეუღლესთან ერთად მალდივებზე მოვხვდებოდი სიამოვნებით ან გოაზე, ინდოეთში. მხიბლავს ლაჟვარდოვანი წყალი. ალბათ ყველა ოცნებობს საქართველოში ამ ადგილებზე და მათ შორის, მეც.

- საქართველოში არის ისეთი ადგილი, სადაც არ ყოფილხარ?

- ბევრია ასეთი, სადაც არ ვყოფილვარ და ძალიან მინდა. იმედი მაქვს, როცა ბავშვები გაიზრდებიან, ერთად დავლაშქრავთ ამ ადგილებს.

- საბოლოოდ, რომ შევაჯამოთ, აქტიური დასვენება თუ პასიური?

- ალბათ შერეული, მგონი, ვბერდები. ორსულობისას წიგნით ხელში რომ გავატარე ზაფხული, ძალიან კმაყოფილი ვიყავი.

- წელს ალბათ გადაღლილი ხარ, საით აპირებ წასვლას?

- სხვათა შორის, არ ვარ ძალიან გადაღლილი. ძალიან მინდა ზღვაზე უცხოეთში დასვენება, ისევ საბერძნეთში მინდა წასვლა, სადაც მეუღლესა და შვილებთან ერთად გავემგზავრები. ბავშვების დატოვება წარსულს ჩაჰბარდა (იღიმის).

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება