რით ერთობა ავთო ცქვიტინიძის ქალიშვილი?

რით ერთობა ავთო ცქვიტინიძის ქალიშვილი?

ავთანდილის ერთადერთი ქალიშვილი - ანასტასია ცქვიტინიძე მეორე კლასის მოსწავლეა. მამის საქმიანობისადმი ინტერესი და ნიჭი მას ამ ასაკშივე ეტყობა - ტანსაცმლის ესკიზებს ქმნის და ცდილობს, კაბები თავადაც შეკეროს. მამასთან ერთად, საზაფხულოდ გარკვეული გეგმებიც აქვს. მამა-შვილს სახელოსნოში ვესტუმრე. პატარა ტუსია მანეკენზე ფერად ქსოვილებს ქინძისთავებით ამაგრებდა და კაბის ფორმას აძლევდა.

ანასტასია:

- საგაზაფხულო კაბას ვკერავ. მინდა გრძელი გამოვიდეს, უკან კი ამოღებული იყოს... თუმცა, ჯობია, ზურგზე ბადესავით თხელი ქსოვილი მივამაგრო, რათა მას, ვინც ჩაიცვამს, არ შესცივდეს... ტანსაცმლის კერვა ძალიან მომწონს. მამიკოს ქსოვილების საყიდლად დავყავარ. მას ზოგჯერ, რჩევას ვაძლევ, თუ რა უნდა იყიდოს, ზოგჯერ კი პირიქით - ის მეუბნება, ერთი ქსოვილი მეორეს რითი სჯობია. კიდევ, ჩინურ რესტორანში ან სადმე სხვაგან მივყავარ ხოლმე. მამასთან ერთად სეირნობა ძალიან მიყვარს. ერთხელ, ცუდად ვიყავი და მამამ გადამარჩინა: დედიკო სახლში არ იყო და წვნიანი მომიმზადა. სხვათა შორის, რამდენიმე დღეში დაბადების დღე მაქვს - რვა წლის ვხდები. მეორე კლასში ვარ, ეგზიუპერის სახელობის ფრანგულ სკოლაში ვსწავლობ.

- ყველაზე მეტად, რისი კეთება მოგწონს?

- მუსიკა და ბალეტი მიყვარს, მაგრამ ტანსაცმლის კერვა უფრო მაგარია, განსაკუთრებით - ქსოვილების გამოჭრის პროცესი მომწონს. როცა გავიზრდები, დიზაინერი ან მომღერალი გავხდები. საგნებიდან ყველაზე მეტად, გამოყენებითი ხელოვნება და ფრანგული ენა მომწონს. სკოლაში, შესვენების დროს, ბავშვებთან ერთად ვთამაშობ, სადილობის შემდეგ კი მასწავლებლებს ეზოში გავყავართ. სკოლის მერე მუსიკაზე, ბალეტსა და ცურვაზე დავდივარ.

- შენი მეგობრები ვინ არიან?

- ჩემი საუკეთესო მეგობარი მაშოა, კიდევ - ანასტასია ხაჩიძე. ბაკურიანშიც ერთად ვიყავით. თოვლზე მაგრად ვსრიალებ. თხილამურზე დგომა ადვილი არ არის, მაგრამ მომწონს. ყველაზე მაგარი ალპებია, მაგრამ ამ ზამთარს იქ ვეღარ წავედით, მხოლოდ "თბილ ქვეყნებში" ვიყავით. ზაფხულში ყველაზე მეტად, ზღვაზე დასვენება მიყვარს.

- ავთო, ტუსია როგორი გოგონაა?

- ლიდერის თვისებებით გამოირჩევა. უნდა, რომ ყველაფერში პირველი იყოს; რაც ევალება, კარგად გააკეთოს და ეს გამოსდის კიდეც. მეამაყება, რომ ასეთი შვილი მყავს. შესანიშნავად ხატავს და ვფიქრობ, მისგან კარგი ფერმწერი დადგება. ფერის შეგრძნება აქვს და ერთმანეთს გემოვნებიანად უხამებს. ძალიან შრომისმოყვარეა. სწავლა იქნება, მუსიკა თუ ბალეტი, ყველაფერს სერიოზულად უდგება და დიდი სიამოვნებით აკეთებს, ძალდატანება არ სჭირდება. გარეგნობით ტუსიას მეც მამსგავსებენ და ხათუნასაც, თუმცა, უფრო მეტად, მაინც დედას ჰგავს - ორივენი ხუჭუჭთმიანები არიან. ხასიათითაც მას ჰგავს, ოღონდ, იუმორი აქვს ჩემი (იცინის).

ანასტასია:

- მარტო იუმორით კი არა, ხასიათით მთლიანად მამიკოს ვგავარ. ასეა და მორჩა!

ავთანდილი:

- სხვათა შორის, ჩამოყალიბებული გემოვნება აქვს და სამოსს თავად ირჩევს. ალბათ, გარემო და გენეტიკა თავისებურ გავლენას ახდენს ბავშვზე... ტუსიას მოგზაურობა უყვარს, განსაკუთრებით - პარიზი და ლონდონი მოსწონს.

ანასტასია:

- ცოტა ხნის წინ დუბაიში ვიყავით და ახლა იქაურობა მომწონს. მე და ანასტასია ხაჩიძე ერთად კარგად ვერთობოდით. დელფინებთან ერთად ცურვა მაგარი იყო. სხვათა შორის, ჩემს დელფინს ლიზა ერქვა. ადრე ბათუმის დელფინარიუმშიც ვიყავი და ისიც მომეწონა.

ავთანდილი:

- დუბაიში ყველა გააკვირვა - სხვა ბავშვებს რომ ეშინოდათ და დელფინებს ვერ ეკარებოდნენ, ტუსია მათ ხელს ჰკიდებდა, აჭმევდა, მათთან ერთად ცურავდა, კოცნიდა.

ანასტასია:

- პარიზში ყველაზე მეტად ეიფელის კოშკი მომწონს. სულ ზემოთ რომ ავედით, მამიკომ ხელში ამიყვანა. ჩვენ მარტო მიწას ვხედავდით, ცაში კი - თვითმფრინავს. ძალიან მაგარი იყო... აი, ამ კაბის კერვაც დავამთავრე... მაგრამ ზურგის მხარე საშინელი გამომივიდა, უნდა შევცვალო...

- ანასტასია, ავთო შენიშვნებს თუ გაძლევს ხოლმე?

- არა. კარგი მამიკო მყავს, ძალიან მიყვარს.

ავთანდილი:

- ტუსია ძალიან მოწესრიგებული ბავშვია და სიმკაცრის გამოჩენას ან შენიშვნების მიცემას არ იმსახურებს. ვისურვებდი, რომ ყოველთვის ასეთად დარჩეს. ამას წინათ, ქუჩაში მოვდიოდით, იქვე ბავშვები ძალიან ხმაურობდნენ, ყვიროდნენ. ანასტასიამ მკითხა: - ასე მოქცევა ხომ არ შეიძლებაო? - არა-მეთქი, - ვუპასუხე და იცით, რა მითხრა? - დიდი მადლობა, რომ კარგად აღმზარდე; რომ ქუჩაში მეგობრებთან ერთად არ ვყვირი და ასე არ ვიქცევიო (იცინის). ჩემთვის ეს სასიამოვნო იყო. კითხვა, მეცადინეობა მოსწონს. მსახიობისთვის საჭირო მონაცემებიც აქვს, მაგრამ თურმე, მომღერალ-დიზაინერობა ნდომებია (იცინის).

ანასტასია:

- იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების კითხვა მომწონს, კიდევ - "კარლსონი". "რომეო და ჯულიეტას" ინტერნეტში ვუყურებ ხოლმე. ამ ფილმის მუსიკაზე ვგიჟდები.

- ალბათ, მამის შეკერილი ბევრი ტანსაცმელი გაქვს...

- კი. მაგალითად, ახლა, მისი შეკერილი "ბანტიკიანი" მოსაცმელი მაცვია, რომელსაც ქვედაბოლოც აქვს.

ავთანდილი:

- მე და ანასტასია ახალ ხაზზე ვმუშაობთ - "ანასტასია ავთანდილისთვის", ზაფხულისთვის "დაპრინტულ" მაისურებს გამოვუშვებთ. მისი ნამუშევრების ნახვამ სერიოზული მუხტი მომცა და მივხვდი, რომ ეს მამა-შვილის ერთობლივი და ძალიან კარგი ბიზნესდასაწყისი იქნება. ვნახოთ, რა გამოგვივა. ჯერ ექვსი ნამუშევრით დავიწყებთ, პატარა "კაფსულა" კოლექციას გავაკეთებთ. ახლა მუშაობის პროცესში ვართ. ერთი ნამუშევარი აქვს, რომელიც ძალიან მომწონს. ზოგადად, მინდა, მეგობრების შვილებსაც დავახატვინო რაიმე... ხაზის გამოშვების დროს, მხატვარ ოლეგ ტიმჩენკოსთან მქონდა ურთიერთობა, ახლა კი პატარა ანასტასიას ჯერი დადგა. ის გუაშითა და აკვარელით კარგად ხატავს. ფერებში მუშაობა უფრო მეტად მოსწონს, ვიდრე გრაფიკა. ამას წინათ, მწვანე კაბის ესკიზი დახატა და შეაკერვინა. თუმცა, ჯერ ბოლომდე არ დაუმთავრებია.

- სად იმოსება თავად ავთანდილი?

- ხან სად, ხან - სად. ჩემი შეკერილი ტანსაცმელიც მაქვს. ძირითადად, ამ ყველაფრის სინთეზი მომწონს - ავთანდილი, ვალენსია, გასა, "ჟივანში", "ეიჩ ენდ ემ" და ა.შ. სიმართლე გითხრათ, ამით არ ვცხოვრობ. მთავარია, როცა ვმუშაობ, კომფორტულად მეცვას. გადაპრანჭვა ყოველთვის "ნერვებს მიშლის". ჩემი გარდერობი სავსეა მაისურებით, "მოჯინსო-მოსპორტულო" შარვლებით, ტრიკოტაჟის "ჟაკეტებით", რომლებშიც თავისუფლად უნდა ვიგრძნო თავი. ოფიციალური პიჯაკები თითქმის არ მაქვს. სპორტული ფეხსაცმელიც უფრო მეტი მაქვს, ვიდრე კლასიკური.

- დაბოლოს, თქვენს საქმიანობაში რა სიახლეებია?

- რამდენიმე დღეა, რაც პარიზიდან ჩამოვედი, სადაც "ტრენოიზე" სერიოზულად ვიმუშავეთ და გავაკეთეთ "შოურუმი", მომავალი შემოდგომა-ზამთრის სეზონის შეკვეთები შევასრულეთ. გარდა ამისა, მეორე ხაზის - გაზაფხული-ზაფხულის დასრულებულ კოლექციას უკვე მაღაზიათა ქსელში გავუშვებთ და 2014 წლის ამავე სეზონის კოლექციაზე მუშაობას დავიწყებთ. ასევე, აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას "თბილისი ფეშენ ვიკში". მოკლედ, ვშრომობთ, ვმუშაობთ და ვიმკვიდრებთ თავს მსოფლიო ბაზარზე.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება