"ბედნიერი ვარ, რომ გავჩნდი ოჯახში, რომელიც ღმერთმა ჩემთვის გაიმეტა"

"ბედნიერი ვარ, რომ გავჩნდი ოჯახში, რომელიც ღმერთმა ჩემთვის გაიმეტა"

ის დიდი მსახიობების შთამომავალია. დიახ, მედეა ჩახავასა და კოტე მახარაძის შვილიშვილი... ანუკა მურვანიძე მაკა მახარაძის უმცროსი ქალიშვილი გახლავთ და ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავებისგან განსხვავებით, მსახიობობაზე არც უოცნებია. ანუკა წარმატებული ვიზაჟისტია და ძალიან უყვარს თავისი პროფესია, რომელიც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს... ანუკას ცოტა ხნის წინ მის დიდსა და გამორჩეულ ოჯახზე ვესაუბრე.

კომერციული და კრეატიული

- წლების წინ, როდესაც ბებიათქვენს, მსახიობ მედეა ჩახავას ინტერვიუ ვთხოვე, შვილიშვილებზე საუბრისას, თქვენზე სიამაყით თქვა, - ჩემი ანუკა ვიზაჟისტობას დაეუფლა და ეს საქმიანობა კარგადაც გამოუვიდაო...

- როდესაც მედიკომ ჩემი პროფესიული არჩევნის შესახებ შეიტყო, არ მოეწონა. ალბათ იმიტომ, რომ მაშინ (90-იანი წლები) ვიზაჟისტობა პოპულარული პროფესია არ იყო... ამ საქმიანობას ჰოლანდიაში, ამსტერდამში დავეუფლე. ამ მიმართულებით სწავლა ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა, ძალიან გამიტაცა... და როდესაც, მედიკო წლების შემდეგ ჩემს პროფესიას ახლოს გაეცნო, აღფრთოვანდა. ბოლოს იმასაც მეუბნებოდა, თუ მაგ საქმიანობით ოჯახში ფულს შემოიტანდი, არ მეგონაო... ჩემი პროფესია კომერციულიც არის და კრეატიულიც. ამიტომ, ვიზაჟისტობის წყალობით, არაერთ საინტერესო პროექტში ვმონაწილეობ. ხანდახან ყველაფერი მხოლოდ ენთუზიაზმის დონეზეა ხოლმე, რადგანაც როგორც პროფესიონალმა, მინდა, მეტი ვისწავლო, განვვითარდე. ის, რასაც ჩემს პროფესიაში უხელფასოდ ვაკეთებ და რაც სიამოვნებას მანიჭებს, არტია, ხელოვნება, დანარჩენი კი, რაზეც მაინცდამაინც არ ვგიჟდები, - კომერცია... მოკლედ, ჩემი პროფესიით ძალიან კმაყოფილი ვარ. მსიამოვნებს ფოტოსესიებზე, მოდის კვირეულებზე მუშაობა, სადაც რადიკალურად განსხვავებულ რაღაცებს ვაკეთებ. ვიღლები, მაგრამ შედეგით კმაყოფილი ვარ ხოლმე. ასეთი მუხტი ხელოვანს სჭირდება...

დიდი არტისტი და მზრუნველი დედა-ბებია

- ქალბატონი მედეასთვის თუ გაგიკეთებიათ მაკიაჟი?

- როგორ არა, მაგრამ თუ დავინახავდი, რომ მას მაკიაჟს სხვა უკეთებდა, ვეჭვიანობდი... საერთოდ, მედიკო ჩემთვის განსაკუთრებული ადამიანი იყო. ის იყო ქალბატონი, რომელიც ჩვენს დიდ ოჯახს სათავეში ედგა და აერთიანებდა. ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა... შეიძლება, შვილიშვილები გარეგნობით ვგავართ, მაგრამ ეს ის ეშხი არ არის, რაც მას ჰქონდა. ცუდები არ ვართ, მისი გენები ჩვენში ნამდვილად არის, მაგრამ ის ჩვენთვის სხვა სიმაღლე იყო... შვილიშვილები ტატუკას ვეძახდით, - ასე ეკა ჩხეიძემ, უფროსმა შვილიშვილმა დაარქვა... ის, რომ მსახიობი ბებია გვყავდა, პატარაობაში ვიცოდით, მაგრამ ჩვენთვის მედიკო მაინც მზრუნველ, თბილ და საუკეთესო მზარეულ ბებიასთან ასოცირდებოდა. მასთან რომ მივდიოდით, სამზარეულოში მონდომებით ფუსფუსებდა ხოლმე, რომ ჩვენთვის გემრიელი კერძი მოემზადებინა. ის ჩემთვის მაშინ უპირველესად ოჯახის დიასახლისი გახლდათ და არა დიდი არტისტი...

- ქალბატონ მედეასთან ინტერვიუზე ყოფნისას, ბიძათქვენი - ივიკო მახარაძე შემოგვესწრო. ბებიამ მომიბოდიშა, იქნებ ინტერვიუ შევწყვიტოთ, ჩემი შვილი სახლში სამსახურიდან შესვენებაზე მოვიდა, მოშივებულია და უნდა დავაპუროო...

- ივიკო მისი ნაბოლარა შვილია, რომელზეც გიჟდებოდა... საერთოდ, მედიკოს შვილების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა, შემდეგ ვიყავით ჩვენ - შვილიშვილები. შვილთაშვილები რომ გაჩნდნენ, სულ შეიშალა, - დიდი ბებია რომ იყო, სიამოვნებისგან ტკბებოდა... ნებისმიერ ჩვენგანთან თავისებური მიდგომა და ურთიერთობა ჰქონდა, რადგანაც კარგად იცოდა თითოეულის ხასიათი. გასაოცარი მუხტის მქონე ადამიანი გახლდათ, - სიმშვიდეს განიჭებდა. ამასთან, საკმაოდ მკაცრი ხასიათიც ჰქონდა. რიგ საკითხებში მომთხოვნიც იყო. მუდმივად წესიერებისკენ მოგვიწოდებდა. ამიტომ ბავშვებს მისი რიდი გვქონდა. არსებობდა რაღაც მიჯნა, რომელიც არასდროს გადაგვილახავს. ზედმეტს არ გავბედავდით. მედიკოს არავისთვის, არასდროს ხელი არ დაუკარებია. მისი სიტყვა კანონივით იყო. ერთხელ შევეპასუხე: - ოჰ, კარგი, რა-მეთქი, და საშინლად ეწყინა. ბუტიაც იყო. სამი დღე არ მელაპარაკებოდა. ის სამი დღე საშინლად მახსოვს, ჯობდა, ვეცემე...

- რას იტყვით მასზე, როგორც მსახიობზე?

- ამაზე ჯობია, ხალხმა ილაპარაკოს, რადგანაც მედიკო სახალხო არტისტი გახლდათ. ქუჩაში რომ გადიოდა, ადამიანები ჩერდებოდნენ. სცენიდან მაყურებელს უდიდეს სითბოს უგზავნიდა, ამიტომაც უყვარდათ. სრულიად უცნობს გულში ისე ჩაიკრავდა, მოეფერებოდა, გაგიკვირდებოდა. ვინც მის მიმართ სითბოს გამოხატავდა, გულგრილს ვერ ჩაუვლიდა და იტყოდა ხოლმე: მადლიერი მაყურებელი უყურადღებოდ არ უნდა დატოვოო... სტუმართმოყვარე ადამიანი იყო, რასაც ჩვენც გვასწავლიდა, მაგრამ მისნაირი სუფრის გამშლელები არც ერთი შვილიშვილი არ ვართ.

- არც დედათქვენი, მაკა მახარაძე?

- დედა - კი, ჩინებული დიასახლისია... მედიკო 15 მაისს იყო დაბადებული და ძალიან უყვარდა თავისი დაბადების დღე, ოღონდ 17 მაისს აღნიშნავდა ხოლმე, რადგანაც 7-იანი უყვარდა. თან, დედაჩემი 19 მაისს არის დაბადებული და მაგ რიცხვთან მიაახლოებდა ხოლმე (იცინის), რომ მერე "სუფრა სუფრაზე გადაება"... საოცარი ფანტაზიის უნარი ჰქონდა, სახლში არაფერი რომ არ ჰქონოდა, მაინც ისე გაგიმასპინძლდებოდა, გაგაოცებდა... როდესაც მშობლები პატარებს მასთან გვტოვებდნენ, ისე ჩაგვაბამდა საქმეში, ვერც კი ვხვდებოდით და ერთობლივად ნამცხვარს ვაცხობდით. ასე გვეთამაშებოდა, გვართობდა. მერე რასაც გამოვაცხობდით, იმას გვაჭმევდა... მან ასევე დიდი როლი შეიტანა იმაში, რომ წიგნი შეგვაყვარა ყველას...

ნათესავების დასი

- მსახიობობა არასდროს გნდომებიათ, რადგანაც თქვენს სანათესავოში თითქმის ყველა სცენის მსახურია...

- ამის სურვილი არ მქონდა. ხან კოსმონავტობა მინდოდა, ხან - პოეტობა... ვიზაჟისტიც შემთხვევით გავხდი. მსახიობის პროფესია მომწონს და შორიდან ვეთაყვანები. ესეც რომ არ იყოს, ჩემი ახლობლების უმრავლესობა ხომ ამ პროფესიის ადამიანია?..

- ისე, თქვენი სანათესავო მთლიანად ერთ პატარა დასს კი ქმნის...

- კი, ასეა, მართლაც დასია და არც ისე პატარა. ჩემთვის მსახიობის პროფესია ცალკე სამყაროა, რომელსაც გარედან ვეხები, მაგრამ შიგნით შეღწევას, არ ვცდილობ. ეს ის კარიბჭეა, რომელიც არ უნდა გადავლახო, არადა, ჩემთვის აბსოლუტურად გამჭვირვალეა, მაგრამ მე მაინც მაყურებელი ვარ!

- დასს მაყურებელიც სჭირდება...

- აუცილებლად. არადა, კულისებს მიღმა "ბარტყი" ვარ. შეიძლება ითქვას, რომ თეატრში გავიზარდე. დღემდე მიყვარს კულისებიდან სპექტაკლის ყურება. მიყვარს ასევე კულისებში ფუსფუსიც... თეატრალურ ინსტიტუტში მაკიაჟის ხელოვნებას ვასწავლიდი. იქ კოტე მახარაძემ, ბაბუამ მიმიწვია. ოთარ ეგაძის სტუდენტურ სპექტაკლებზე მიწევდა მუშაობა. ასევე - გიზო ჟორდანიასთან, ლევან წულაძესთან... დამერწმუნეთ, ამ ყველაფერს სხვანაირი გემო აქვს.

კოტე მახარაძე - ამოუცნობი ფენომენი

- ბაბუა, კოტე მახარაძეც გავიხსენოთ...

- კოტე მახარაძე ეს ცალკე ფენომენია... გარდა იმისა, რომ ჩვენგან ცალკე ცხოვრობდა და თავისი ოჯახი ჰქონდა, კოტეს რანგი საოცრად მაკომპლექსებდა. მასთან ვმუნჯდებოდი, ვერ ვლაპარაკობდი, ენა მებმოდა. იმიტომ კი არა, რომ მისი მეშინოდა, დიდი ინფორმაციის პატრონი იყო და არანორმალურად ერუდირებული პიროვნება. ყველა წაკითხული წიგნი თითქმის ზეპირად ახსოვდა, საოცარი მეხსიერება ჰქონდა. კოტე ცოცხალი ენციკლოპედია იყო... ვნანობ, რომ მისგან ბევრი რამ არ ავითვისე. ერთხელ მითხრა, სანამ ცოცხალი ვარ, მოდი და ჩემგან გაიგე რაღაცებიო, მაგრამ ყურიც არ შევიბერტყე... ძალიან ადრე წავიდა. ნატოს, ჩემს დას მეორე ბავშვი, გოგონა რომ გაუჩნდა, კოტეს სანახავად მიუყვანეს. კაცი მის დანახვაზე აკანკალდა, ცრემლები წამოუვიდა, - ამ პატარა არსებაში წვეთი სისხლი ხომ ჩემიც არისო...

მაქსიმალისტი მშობლები

- მშობლებზე (დედა - ბალერინა მაკა მახარაძე, მამა - მხატვარი მურაზ მურვანიძე) რას გვეტყვით?

- ჩემს საქმიანობაში მამის გენი მშველის. მე და მამას ფერთა აღქმის ერთნაირი უნარი გვაქვს. როგორც ჩანს, ეს მისგან გენებით გადმომეცა. მამა ჩემი პედაგოგი არ ყოფილა, ნებაზე მიმიშვა, დამოუკიდებლად მიხედე საქმესო. ასეთი თავისუფლება მშობლებისგან ყოველთვის მქონდა მონიჭებული. თვითონ უნდა მიგვეღწია გარკვეული საფეხურისთვის. როდესაც მამას რაღაც მოსწონს ან არა, მისგან პირდაპირ, ნაჯახივით მოდის კრიტიკაც და ქება-დიდებაც, რაც პროფესიულად გვზრდის კიდეც. ჩემი მშობლები მაქსიმალისტები არიან... დედა ჩემი დიდი მეგობარია, ბევრ რამეს ერთად განვიხილავთ, ის ყველაზე მეტად მგულშემატკივრობს, მამა უფრო ემოციური კაცია და ამიტომ, როდესაც რაღაცას ვაკეთებ, მას უკვე შედეგს ვაჩვენებ ხოლმე...

შთამომავლის ხვედრი

- ამდენი ცნობილი ადამიანის გვერდით ცხოვრება, მათი მემკვიდრეობა თქვენთვის რთული არ არის? ეს ფაქტი გარკვეული წნეხის ქვეშ ხომ არ გამყოფებთ?

- არა, ეს მაძლევს შანსს, რომ შორს გადავხტე, ერთგვარი ტრამპლინია. ამ ყველაფერს დიდი მუხტი აქვს. თან, შთამომავლები ბევრნი ვართ და გენეტიკა ყველაზე განაწილდა. მარტო რომ ვყოფილიყავი, ალბათ უფრო რთული იქნებოდა. მოკლედ, გენეტიკა ბევრ რამეში მეხმარება. ამას ახლა ვხვდები. პატარაობაში კი ასე არ იყო. მინდოდა, დამემტკიცებინა, რომ მეც რაღაც შემეძლო, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ის ყველაფერი, რაც მჭირდებოდა, მქონდა. თუმცა იმ ბრძოლის გარეშეც ვერაფერს აღმოვაჩენდი.

ბიძა - დიდი მაესტრო

- როგორი ურთიერთობა გაქვთ ბიძასთან, დედის ძმასთან, დიდ მაესტრო თემურ ჩხეიძესთან?

- აი, კიდევ ვისთან ვკომპლექსდები, - თევზივით ვმუნჯდები. ესეც ამოუცნობი რამ არის, მაგრამ მე და თემურს ერთმანეთის სხვანაირი სიყვარული გვაქვს...

- მასთან ერთად ხომ არ გიმუშავიათ სპექტაკლზე?

- არა, თემური გრიმიორებთან არ მუშაობს, მას მხატვრებთან აქვს შემოქმედებითი კავშირი. მაგრამ ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგანაც ერთხელ, პეტერბურგში მის რეპეტიციაზე ამოვყავი თავი, როცა ოპერა "იგროკი" იდგმებოდა (თემური დგამდა და მამაჩემი სცენის მხატვარი გახლდათ). იქ მამამ მიმიყვანა და დამტოვა, რადგანაც ვეხვეწებოდი, თემურთან რეპეტიციაზე შემიშვი-მეთქი. არადა, თემურს არ უყვარს, როდესაც ნათესავები რეპეტიციას ესწრებიან. მაშინ 14-15 წლის ვიყავი. იმ დღეს აბსოლუტური შოკი მივიღე და ის განცდა დღემდე მყარად არის აღბეჭდილი ჩემს გონებაში. უნდა გენახათ, როგორ ამუშავებდა ოპერის მომღერლებს. მთავარი როლის შემსრულებელი მამაკაცი, რომელსაც საოცარი ხმა ამოსდიოდა, იმისათვის, რომ როლი გამოეძერწა, ლამის დაღეჭა, დაპრესა და მისგან შექმნა ახალი ადამიანი. იმ მომღერალმა იმ წელს საუკეთესო როლისთვის ჯილდო დაიმსახურა. თან, უპრეცედენტო ფაქტი იყო, ორკესტრი და დირიჟორი იმ სპექტაკლზე მომღერლების ზურგს უკან იყვნენ... ამის ხილვა ჩემთვის ნამდვილი საოცრება იყო. თემური, როგორც დიდი შემოქმედი, მაშინ აღმოვაჩინე. მას სხვანაირი დამოკიდებულება აქვს მსახიობისა და როლის მიმართ...

"მომეცა საშუალება, ვიყო ის, ვინც ვარ"

- რას მეტყვით პირად ცხოვრებაზე? თქვენს ოჯახზე?

- განქორწინებული ქალბატონი ვარ. 5 წელი ვიყავი გათხოვილი კარგ პიროვნებაზე, მაგრამ არ შედგა ჩვენი ტანდემი. სამაგიეროდ, მყავს 19 წლის არაჩვეულებრივი ვაჟი. ვართ კარგი მეგობრები. ჩემი შვილი გატაცებულია მუსიკით, ელექტროგიტარაზე უკრავს ბენდში. კულინარია იმდენად იზიდავს, რომ უმაღლეს სასწავლებელში ამ მიმართულებით სწავლობს. ჩემზე კარგი მზარეულია, რაც მთავარია, ეს ყველაფერი ბავშვობიდან ეხერხება. მოკლედ, ჯერჯერობით სწავლობს და ვნახოთ, რა გამოუვა. ყველაფერი წინ აქვს.

- ე.ი. მარტოხელა დედა ხართ...

- დიახ და ჩემი კარიერა მაქვს. შვილიც აქამდე მოვიყვანე და გზაზე ვაყენებ. დიდი სამეგობრო წრე მაქვს. მეგობრები ძალიან მიყვარს, რითიც ბედნიერი ვარ. მათი და ჩემი ოჯახის წევრების გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. არანაირი კარგად აწყობილი ქვეყანა არ მიღირს ჩემი ქვეყნის, მეგობრებისა და ოჯახის გარეშე, რადგანაც ჩემი ქვეყანაა ჩემი მეგობრები და ჩემი ოჯახი! ვერ დავთმობ ამ სითბოსა და სიყვარულს. ამასთან, ბედნიერი ვარ, რომ გავჩნდი ოჯახში, რომელიც ღმერთმა ჩემთვის გაიმეტა. ის, რაც ჩვენს დიდ ოჯახში მაქვს ნანახი: დიდი ხალხი, ფანტასტიკური ურთიერთობები, მედიკოსთან გატარებული წლები, ოჯახური შეკრებები, ეს ხომ ჩემი სიმდიდრე და საგანძურია. ამიტომაც მომეცა საშუალება, ვიყო ის, ვინც ვარ...

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება