მაშო მელქაძე - "ერთადერთი, რასაც ვგრძნობ, ეს არის გაასმაგებული სიყვარული ჩემი მეუღლის მიმართ"

მაშო მელქაძე - "ერთადერთი, რასაც ვგრძნობ, ეს არის გაასმაგებული სიყვარული ჩემი მეუღლის მიმართ"

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ახალ სეზონში კატოს თანამშრომელი ნინი ეკრანზე დიდი მუცლით გამოჩნდა, ოღონდ ეს როლისთვის "მიმაგრებული მუცელი" არ გეგონოთ - მსახიობი მაშო მელქაძე ნამდვილად ორსულადაა და დაახლოებით ერთ თვეში დედა გახდება. ჩვენმა რესპონდენტმა ბავშვის სქესი გაგვიმხილა, თუმცა შერჩეულ სახელს მშობლები საგულდაგულოდ მალავენ. შეგახსენებთ, რომ მაშოს მეუღლე დავით ქელეხსაშვილია, რომელიც "GDS"-ში მუშაობს.

-  ჩემი შვილი სულ რაღაც ერთ თვეში დაიბადება. მშვენიერი ორსულობა მაქვს, ყოველგვარი ტოქსიკოზის გარეშე, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.

- სქესი თუ იცი?

-  ექსკლუზიურად გეტყვით, რომ გოგოს ველოდებით. სახელი 2 თვიდან შერჩეული გვაქვს, უკვე საუბრისას იმ სახელით მოვიხსენიებთ, მაგრამ ამას მართლა არ გეტყვით.

-  ნათქვამია, ბავშვი მუცელში პირველად რომ გაინძრევა, დედა ვისაც შეხედავს, იმას დაემსგავსებაო.

-  ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სიმართლე არ იქნება, რადგან ტელევიზორში რაღაც ტრაგიკულ გადაცემას ვუყურებდი, როცა ჩემი შვილი პირველად გაინძრა. ამიტომ ვიმედოვნებ, ეს ნათქვამი არ გამართლდება. არაჩვეულებრივი შეგრძნებაა პატარა ადამიანის შენს სხეულში მოძრაობა. გამოგიტყდებით, ბავშვის არსებობა სწორედ მისი მოძრაობის შემდეგ აღვიქვი რეალურად და ახლა უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე მეტად მიყვარს. უკვე ძალიან დიდ ცვლილებას ვამჩნევ ჩემს თავს, საერთოდ აღარ ვფიქრობ სახლიდან გარეთ გასვლაზე, რაც ჩემთვის ცოტა უჩვეულოა. გასართობად წასვლის ინიციატორი აღარ ვარ, სულ მინდა, სახლში, სიმყუდროვეში და კომფორტულ გარემოში ვიყო და მახარებს ჩემი მეგობრების სტუმრობა.

-  ხშირად ორსულები უფრო სენტიმენტალურები ხდებიან...

-  კი, კი. ძალიან ემოციური გავხდი, შეიძლება, უბრალო რაღაცაზეც კი ვიტირო, ხმამაღლა საუბრის დროსაც კი გული მიჩქარდება, მაგრამ ეს ყველაფერი დამახასიათებელია ფეხმძიმობისთვის და გამონაკლისი არანაირად არ ვარ. არ ვწუწუნებ, ერთადერთი, რასაც ვგრძნობ, ეს არის გაასმაგებული სიყვარული ჩემი მეუღლის მიმართ. სხვათა შორის, მეგობრები დიდ სითბოს გამოხატავენ, ეგოისტი არ ვარ და არ ვაწუხებ იმაზე ბუზღუნით, რატომ არ მნახულობთ-მეთქი, როცა კი თავისუფალი დრო აქვთ, მოდიან ჩემ სანახავად, რაც ძალიან მახარებს.

-  უკვე შეძენილი გაქვს ბავშვისთვის ნივთები?

- არანაირი ცრურწმენის არ მჯერა, უკვე ნაყიდი მაქვს ტანსაცმელი, ძალიან ლამაზი და გასაპრანჭი "ზიზიები" შევურჩიე, უნდა გამოვპრანჭო ხოლმე. საწოლი არ შემიძენია, მაგრამ ორ კვირაში ამასაც მოვიტანთ.

-  საკეისროს გაკეთებას აპირებ თუ ფიზიოლოგიურად უნდა გააჩინო ბავშვი?

-  ვაპირებ, ფიზიოლოგიურად ვიმშობიარო, თუმცა მგონი, საკეისროს გაკეთება მოდაშია და ყოველი მეორე მეკითხება, საკეისროს იკეთებ, ხომ? საბედნიეროდ, არ მჭირდება საკეისრო და თუ ასე გაგრძელდება, მიუხედავად იმ უდიდესი ტკივილისა, რაც შვილის ამქვეყნად მოვლინებას ახლავს, მაინც მინდა, ფიზიოლოგიურად ვიმშობიარო და არ დავკარგო იმის შანსი, რომ ბავშვი დაბადებისთანავე პირველმა ვნახო.

-  8 თვის ორსულს გადაღებებზე სიარული, მუშაობა არ გიჭირს?

-  არა. გადაღება მაქვს კვირაში ერთხელ, ფაქტობრივად, ერთი დღე ვმუშაობ და ეს ჩემთვის სასიამოვნოსთან ერთად სახალისოცაა. ამასთან, იქ ძალიან კარგი გარემოა, ირგვლივ სულ მეგობრები მახვევია და თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ. წინა სეზონში უკვე ცნობილი იყო ჩემი ორსულობის ამბავი, მუცელი არ მეტყობოდა, ამიტომ სერიალში ჩემი გმირის გამოჩენა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა, ახლა კი ამხელა მუცლით რომ ვარ და მაინც არ გამომიშვეს, ამისთვის დიდი მადლობა უნდა ვუთხრა ყველას, სცენარისტიდან დაწყებული რეჟისორით დამთავრებული.

-  როგორ აღიქვი და როგორ შეეწყვე ლელა მებურიშვილს კატოს როლზე?

-  ლელას მე აქამდეც ვიცნობდი, ადრე ერთად ვიმუშავეთ დოკუმენტურ ფილმზე. კარგის მეტი მასზე არაფერი მეთქმის, ნიჭიერი მსახიობია, ამიტომ მასთან შეწყობა არ გამჭირვებია. უნდა აღვნიშნო, რომ კატოს როლს კარგად გაართვა თავი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნინო ნაკლებად თამაშობდა, ნამდვილად ლამაზი და ნიჭიერი მსახიობია ნინო და ბევრი შრომა ჩადო ამ სახის შექმნაში, ლელამ კი ღირსეულად გააგრძელა მუშაობა ამ გმირზე.

-  ნინოსთან თუ მეგობრობ? თუ გაქვს ურთიერთობა?

-  ახლო მეგობრები არასდროს ვყოფილვართ, მოკითხვის დონეზე კი დღემდე გვაქვს ურთიერთობა.

-  ბავშვის გაჩენის შემდეგ რას გეგმავ, ძიძა უნდა აიყვანო თუ თავად გაზრდი შვილს და მერე დაუბრუნდები საქმეს?

-  ყველანაირად ვეცდები, საქმეს არ ჩამოვშორდე, მაგრამ პირველი ორი თვე მაინც შინ, ბავშვთან მომიწევს ყოფნა, თან დედასთან ვცხოვრობთ მე და ჩემი მეუღლე და ამ მხრივ, არა მგონია, გამიჭირდეს.

-  რაიმეს გაკეთება თუ მოგენატრა, რასაც ორსულობისას ვერ აკეთებ?

-  მენატრება გასაპრანჭი კაბები, თხელ შიფონის კაბებს შევიძენდი დიდი სიამოვნებით. ფეხმძიმობის პერიოდში ფეხსაცმლის გარდა, ფაქტობრივად, არაფერი მიყიდია... ისე, ძალიან ბევრი არ მაქვს მომატებული და იმედია, ფორმაში მალე ჩავდგები. გარდა ამისა, მენატრება კლუბში წასვლა და ალკოჰოლის მიღება, მიყვარს ცოტა დალევა და გართობა, რასაც ამ პერიოდში ძალიან სასიამოვნო მიზეზის გამო მოკლებული ვარ.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება