ქეთევან ქემოკლიძე: "ცნობილმა იტალიელმა რეჟისორმა მკაცრად დამტუქსა"

ქეთევან ქემოკლიძე: "ცნობილმა იტალიელმა რეჟისორმა მკაცრად დამტუქსა"

რუბრიკა "სტილის" სტუმარია მსოფლიოში აღიარებული ქართველი საოპერო მომღერალი ქეთევან ქემოკლიძე. 3 აპრილს ლოს-ანჯელესის ოპერის თეატრში ქეთევანის დებიუტი შედგა და ჩვენი საუბარიც ამ თემით დაიწყო.

- ქეთი, როგორც ვიცი, პრემიერა გქონდათ...

- მართლაც შედგა ჩემი დებიუტი როსინის "კონკიაში" კონკიას ურთულესი პარტიით. ეს როლი საოცნებოა ყველა მეცოსოპრანოსთვის და მიხარია, რომ ჩემი წარმატებული დებიუტი მაესტრო პლასიდო დომინგოს უკავშირდება. სპექტაკლს უდიდესი წარმატება მოჰყვა: გაზეთმა "ლოს-ანჯელეს თაიმსმა" გამოაქვეყნა სტატია სათაურით "ახალი კონკია ლოს-ანჯელესის საოპერო სცენაზე შთაბეჭდილებას ახდენს". სადირიჟორო პულტთან იდგა ლოს-ანჯელესის თეატრის მთავარი დირიჟორი, მაესტრო ჯეიმს კონლონი, პარტნიორობას მიწევდნენ ამ ოპერის პერსონაჟების მსოფლიოში საუკეთესო შემსრულებლები. მინდა, უდიდესი სიამაყით აღვნიშნო, რომ ოპერაზე მუშაობდნენ ქართველი პიანისტები ნინო და თამარ სანიკიძეები. ისინი არიან პლასიდო დომინგოს ფავორიტი პიანისტები და მათ მუდმივად იწვევს როგორც პლასიდო დომინგო, ასევე ამერიკის ყველა დიდი თეატრი.

- როგორ ახერხებთ ყოველთვის ფორმაში ყოფნას?

- ასეთი აგებულება მაქვს. ცოტას სპორტითაც ვეშველები, პროფესიაც მოძრავი მაქვს. განსაკუთრებით მაშინ, როცა მამაკაცის პარტიებს ვმღერი, საოცარი ფიზიკური დატვირთვა მიწევს.

- ვის რჩევებს ითვალისწინებთ სამოსის არჩევისას? დიდხანს ფიქრობთ, რა შეიძინოთ?

- გაგიკვირდებათ, მაგრამ შოპინგი არ მიყვარს და მაღაზიებში მთელი დღის ხეტიალის შემდეგ შესაძლოა, ხელცარიელიც კი დავბრუნდე შინ. საერთოდაც, ვიდრე ჩემს გარდერობში კრიტიკული სიტუაცია არ იქმნება, სამოსის შესაძენად არ მივდივარ. გამიმართლა იმ თვალსაზრისით, რომ ამდენი მოგზაურობის წყალობით, ვიცი, რომელ ქვეყანაში რა უნდა ვიყიდო, მაგალითად, იტალიაში - ფეხსაცმელი, ესპანეთში - ყოველდღიური სამოსი, ინგლისსა და საფრანგეთში კი ელეგანტური ტანსაცმელი...

სამოსის არჩევისას თანაბრად მნიშვნელოვანია ხარისხიც და ჩემთვის შესაფერისი სტილიც. ჩემს გარდერობში საუკეთესო ბრენდის სამოსიც არის და სულ მთლად უიარლიყოც. ვეთანხმები მოსაზრებას, რომ მოდურობა და ბრენდი არ განსაზღვრავს გემოვნებასა და სილამაზეს, მაგრამ ვაღიარებ იმასაც, რომ კარგი ბრენდის სამოსი გამორჩეულად ლამაზი და ხარისხიანია. ჩემი საყვარელი ბრენდებია "შანელი" და "ზუჰეირ მურადი".

- როდის ჩაიცვით პირველად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, გაიკეთეთ პირველი მაკიაჟი და ვისთვის გაიპრანჭეთ მაშინ?

- პატარაობა მახსოვს დედისა და ბებიების ქუსლიანი ფეხსაცმელებით, სამკაულითა და ჩემ მიერ გაფუჭებული მათი პარფიუმერიით. უნდა გამოვტყდე, უპირველესად საკუთარი თავისთვის ვიპრანჭებოდი.

- რომელ პარფიუმერიულ ბრენდებს ანიჭებთ უპირატესობას?

- "შანელს", "კლინიკს", "ივ სენ ლორანს".

- ვის მიიჩნევთ ყველაზე გემოვნებიან მანდილოსნად ან მამაკაცად საქართველოში?

- ქალებიდან - ნანი ბრეგვაძეს, მამაკაცებიდან არავინ მახსენდება...

- ალბათ, საოპერო მოღვაწეობის გამო გარეგნობის რადიკალურად შეცვლა არ შეგიძლიათ.

- მახსოვს, ერთხელ თმა მოკლედ შევიჭერი და ცნობილმა იტალიელმა რეჟისორმა პიერ ლუიჯი პიციმ მკაცრად დამტუქსა ამისთვის.

- პლასტიკური ქირურგიის საშუალებით გარეგნობის შეცვლის სურვილი თუ გაქვთ?

- არა, ბედნიერი ვარ იმით, რაც ღმერთმა მომცა, მაგრამ ასაკში რომ შევალ, ვნახოთ. ქალებს გვიყვარს სილამაზე და მისი შენარჩუნების გზა უკვე არსებობს.

- რომელი სუნამო და როგორი არომატები მოგწონთ?

- მხოლოდ და მხოლოდ "ნარცისო როდრიგესი". ერთხელ გამოვიცვალე და მეორე დღეს მეუღლემ "ნარცისო როდრიგესის" ყველაზე დიდი ფლაკონი მაჩუქა იმის ნიშნად, რომ ამ სუნამოს დავბრუნებოდი.

- რას ურჩევთ ქართველ ქალებს?

- ვურჩევდი, შეძლებისდაგვარად მაინც შეუწყონ ხელი საკუთარ ჯანმრთელობას: ივარჯიშონ, ჯანსაღად იკვებონ, ხშირად გაიღიმონ და სულ შეყვარებულები იყვნენ.

ესაუბრა თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება