რამდენიმე დღის წინ ვაცნობეთ ჩვენს მკითხველს, რომ მსახიობ კოტე თოლორდავას, რომელიც დიტოს როლს ასრულებს სერილაში "ჩემი ცოლის დაქალები", წითელა შეეყარა და ინფექციურ საავადმყოფოში დააწვინეს. კოტეს იმ დროს ლაპარაკი უჭირდა, კომენტარი მისმა მეუღლემ, განო მელითაურმა მოგვცა და საავადმყოფოში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე გულახდილად ილაპარაკა. ჩვენს სტატიას კი თურმე საკმაოდ მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა.
"ის, რომ კოტეს მიმართ ჟურნალისტების ყურადღება ადეკვატური იყო მისი ბატონებიდან გამომდინარე და ყველა დაინტერესდა, რა პირობებში გვიწევდა მკურნალობა, ეს მგონი არ არის გასაკვირი. ჟურნალისტმა მაშინ დარეკა, როცა იქაური სამარცხვინო და გაუსაძლისი სიტუაციის გამო ექიმთან ვკამათობდით. შესაბამისად, სტატია საკმარისი სიმწვავით დაიბეჭდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ შემსუბუქებულ ფორმებში, ვიდრე იქაური რეალობაა.
ამან გამოიწვია ჩვენი არაჩვეულებრივი ექიმების, რომლებიც თავის თავს ინფექციონისტებს უწოდებენ, აღშფოთება და ეტყობა ამის ნიადაგზე არასწორი დანიშნულებით გამოგვისტუმრეს იქიდან. შედეგად კოტეს გაურთულდა ფილტვებზე ბატონები და ამ წუთებშიც საშინელი ბრონხოსპაზმის მოხსნას ცდილობენ სასწრაფოს ექიმები, რომლებსაც ძალიან გაუკვირდათ, როცა ანტიბიოტიკის დასახელება ვუთხარი, რომელიც ინფექციურში დაგვინიშნეს.
სტატიაზე გამწარებულებმა უარი თქვეს ჩვენთვის დახმარება ხელმეორედ აღმოეჩინათ. გართულება რატომ მოხდა? იმიტომ, რომ არასწორად იყო დანიშნული ანტიბიოტიკი, იმიტომ, რომ იმ მომენტში, როცა დავწექით, ამის აუცილებლობა არ არსებობდა, გადასხმა ახლა უფრო საჭიროა, იმიტომ, რომ თავის დროზე, სტატიაზე დაბოღმილებმა, არ ისურვეს პაციენტის დახმარება და მართლა მრცხვენია, რომ ამ ქვეყანაში ექიმებს მგონი დაავიწყდათ საკუთარი მოვალეობები და პირადი ანგარიშწორების გამო შეიძლება უდანაშაულო, ისევ მათი უყურადღებობით გამწარებულმა პაციენტებმა იზარალონ. და თურმე ხმას თუ ამოიღებ, რომ სადაც გადასხმას გიკეთებენ, გვერდით აყროლებული ფსელიანი ტილო დამლაგებელმა არ უნდა გიტრიალოს ცხვირწინ, თუ იტყვი, რომ სხვის უკანალში ამოსმული დაუსპირტავი თერმომეტრი არ ჩაგადებინონ ბავშვისთვის და თუ გაიკვირვებ, როცა ინფექციურ საავადმყოფოს სუპრასტინიც არ ექნება რომ დაგალევინოს, ესე იგი დამთავრებულია შენი საქმე და მათი ხელმეორედ დახმარების იმედი აღარც კი უნდა გქონდეს!!! იმედი მაქვს ამ ფაქტებზე ვინმე მაინც მოახდენს რეაგირებას. დიდ მადლობას ვეუბნები იმ ჟურნალისტს, რომელმაც პირველმა გაბედა ამის თაობაზე ჩვენი რეაქციები გაეშუქებინა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!"