ზუზუ ბეჟაშვილის აღსარება - "ეს საიდუმლოც გაგიმხილე... ახლა მოძღვართან წასვლა მომინდა"

ზუზუ ბეჟაშვილის აღსარება - "ეს საიდუმლოც გაგიმხილე... ახლა მოძღვართან წასვლა მომინდა"

მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი დიდ პროექტში მონაწილეობისთვის ემზადება - ის მთავარი როლის მოლოდინშია. "ერთი ქართული ფილმის "რიმეიკი" კეთდება, რუსი რეჟისორი იღებს. სცენარი წავიკითხე და ძალიან მომეწონა", - ამბობს მსახიობი, მაგრამ დეტალებზე ლაპარაკისგან თავს იკავებს. რისი ეშინია ყველაზე მეტად, რას გააკეთებდა, ბევრი ფული რომ ჰქონდეს, რა მოსწონს საკუთარ თავში და რას მიიჩნევს ყველაზე დიდ სისუსტედ? - ამას მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- 1976 წლის 1-ლი ივნისი. საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლის დღეს ვარ დაბადებული. ეს რომ გავიგე, დამავიწყდა, რომ პირველში ბავშვთა დაცვის დღესაც აღვნიშნავთ. ამ დღეს მონატრებულ მეგობრებს ვხვდები და ყოველთვის ძალიან ვიღლები. მინდა ყველას ყურადღება მივაქციო, მივეფერო. წელს არ ვიცი, იუბილეს როგორ აღვნიშნავ. საერთოდ, დაგეგმილი ცხოვრება არ გამომდის, სპონტანურობა მირჩევნია - ეს უფრო მეტად მიხდება და მეც ვუხდები.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. ღრმა ბავშვობაში მომღერლობა მინდოდა. სიტყვები - "მსახიობი" და "მომღერალი" ყველაზე მეტად "მათბობდა". პატარაობიდანვე მქონდა ადამიანებზე დაკვირვების უნარი. მოგვიანებით სამსახიობოზე ჩავაბარე და აღმოვაჩინე, რომ ადამიანებზე დაკვირვებას I კურსზე გვასწავლიდნენ. არტისტობა რა არის? - დაკვირვება, ბიოგრაფია და გამოცდილება; თავად თუ არ შეგიყვარდა, არ დაეცი, არ გეტკინა, არ გეწყინა და სიხარული არ განიცადე, თამაში გაგიჭირდება.

- ჩემზე ამბობენ...

- ...უპასუხისმგებლო და მძიმე ადამიანიაო, მაგრამ იმას ვერ ამბობენ, - უნიჭოაო. ჩემთვის ყველაზე დიდი დახმარება ის არის, ხელს თუ არ შემიშლი. მოსკოვში, აზერბაიჯანში დიდ პროექტებზე ვიმუშავე, სადაც მეორე რეჟისორები ქართველები იყვნენ. იყო შემთხვევა, როცა ჩემით უცხოელი რეჟისორი დაინტერესდა, ქართველმა კი უთხრა, - მძიმე ხასიათი აქვსო და მოლაპარაკება ჩამიშალა. ეს გულდასაწყვეტი არ არის? იმ ადამიანს რომ ავყოლოდი, სკანდალი მოხდებოდა, მე კი სკანდალები არ მიყვარს. რაც შეეხება ჩემს უპასუხისმგებლობას: თუ ადამიანი კარგად მიცნობს, ვერ იტყვის, რომ უპასუხისმგებლო ვარ. შეიძლება ვიღაცის თვალში ჩემი პირდაპირობით, მანერებით უპასუხისმგებლო ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ, რადგან მათ მხოლოდ კოსტიუმში გამოწყობილი, დინჯად მოსიარულე ადამიანები ჰგონიათ პასუხისმგებლობის მქონენი. ბევრჯერ შემეძლო, მიზნამდე შემოვლითი გზით, წყნარად მივსულიყავი, მაგრამ ყოველთვის მოკლე და პირდაპირ გზას ვირჩევ.

- ჩემზე გავლენა იქონია...

- ...საინტერესო ადამიანებმა, რომლებიც სხვადასხვა დროს შემხვედრიან. ასეთები ბევრნი არ არიან, მაგრამ თუ მოინდომებ, იპოვი. შენს ეზოში თუ არ არის, მეზობელ ეზოში, უბანში აუცილებლად იქნება. სადაც ჩემთვის უინტერესო გარემო იყო, იმ ადგილს ყოველთვის ვტოვებდი და მივდიოდი. მეცხრე კლასში ვიყავი, სკოლიდან რომ გამოვედი და საესტრადო სასწავლებელში მივედი, მერე კი იქიდანაც წამოვედი... არადა, შემეძლო, როგორც ყველას, სკოლა მეც დამემთავრებინა, მერე თეატრალურ უნივერსიტეტში ჩამებარებინა და ა.შ. ამ ცხოვრებას ვერაფერი გავუგე. ისე, ბოლომდე რომ გავუგო, მგონი, საინტერესო აღარც იქნება; ბოქლომის გასაღებით გახსნა უფრო მეტად მიზიდავს.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ვერ ვიტყვი, რომ შევიცვლებოდი, მაგრამ რაღაცებს გამოვასწორებდი, დედას არ ვაწყენინებდი.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ყველაფრის პატიება შემიძლია.

- რომელიც არ მომწონს...

- ...ვერ გავიგე, ძალიან ვჩქარობ თუ ნელა მივდივარ.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...ზუზუ ბეჟაშვილს და იმ ადამიანებს, რომლებიც ამა თუ იმ სიტუაციაში მეხმარებოდნენ ან პირიქით - ხელს მიშლიდნენ.

- ვნანობ, რომ...

- ...ბევრ რამეს ვნანობ. არ მინდა, ჩემი პასუხი სიმბოლური იყოს. შენთან 95%-ით გულწრფელი ვარ, დარჩენილ 5%-ს კი ჩემთვის დავიტოვებ. ინტერვიუ აღსარება არ არის.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს დედა, ძმა. დამრჩა რამდენიმე ნამდვილი მეგობარი - ეს უკვე დიდი ბედნიერებაა; მაქვს საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს და ბედნიერი ვარ, როცა ვიღაცას ვჭირდები.

- როცა მარტო ვარ...

- ...ძალიან ბევრს ვფიქრობ. მარტო ხშირად ვარ და ფიქრიც მიყვარს. ახლა დედასთან ერთად ვცხოვრობ. მის გარეშე ერთი დღეც ვერ წარმომიდგენია. წარსულში იშვიათად ვიქექები, მიუხედავად იმისა, რომ განვლილი წლები ყოველთვის კარგად მახსენდება. არც იმას ვფიქრობ, როგორ ვიცხოვრებ 10 წლის შემდეგ. ბავშვობიდან ერთი სურვილი მაქვს: წლები ისე არ გამიქრეს, ვერაფრის გაკეთება რომ ვერ მოვასწრო.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...ძალიან პატარა რამეს. ცოტა რამ მყოფნის ბედნიერებისთვისაც. სხვათა შორის, ზოდიაქოს ნიშნით ტყუპი ვარ.

- ვიბნევი, როცა...

- ...ვხედავ სიყალბეს. წონასწორობის დაკარგვაც ხომ ერთგვარი დაბნევაა.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...ფსიქოლოგი? - არა, ფსიქოლოგი ვარ!.. ამაზე არასდროს მიფიქრია. ჯერ ცოცხალი ვარ და მაქვს შანსი, რასაც მოვინდომებ, გავაკეთო.

- მეზარება...

- ...ადრე გაღვიძება. დილის ძილი მიყვარს, ღამურა ვარ. მაშინაც კი ვღიზიანდები, როცა ჩემი თხოვნით მაღვიძებენ.

- დათმობა შემიძლია, თუ...

- ...ადამიანი მიყვარს. ისე, როგორ შეიძლება ადამიანებს შეცდომები არ აპატიო?! როცა შენიანი პატარა "ადამიანჩიკად" იქცევა, მას აუცილებლად უნდა აპატიო, თუ არა და, შენც მას დაემსგავსები.

- არ დამავიწყდება...

- ...ბავშვობის თბილი დღეები. ვერაზე, იტალიურ ეზოში ვცხოვრობდი. ადამიანებს შორის დამოკიდებულება, ეზო, ჩემი ოთახი ხშირად მახსენდება. არასდროს მავიწყდება ხალხის გვერდში დგომა და ის პიროვნება, რომელსაც ჩემთვის შეურაცხყოფა მოუყენებია ან სიკეთე გაუკეთებია.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...გადასაღებ მოედანზე და კარგ რეჟისორთან ერთად ვმუშაობდე.

- ვერაფრით ვისწავლე...

- ...მათემატიკა (იცინის).

- ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ...

- ...ჩემი გამოგონილი ცრურწმენები მქონდა და ბოლო დროს გადავეჩვიე. თუ ადამიანის ენერგეტიკა არ მომწონდა, მასთან ვერ ვურთიერთობდი.

- ბოლოს მესიზმრა...

- ...ამბავი, რომელიც მერე ცხადში მოხდა.

- არავისთან ვსაუბრობ...

- ...თემაზე, რომელზეც ახლაც არ ვისაუბრებ. ბევრს ჰგონია, კარგად მიცნობს. საკუთარ თავს კარგად თავადაც არ ვიცნობ.

- სიყვარული ეს...

- ...მხოლოდ საყვარელ ადამიანთან ხელჩაკიდებული სიარული და "ზასავი" არ არის. სიყვარული ყველაფერია და ძალიან გვაკლია. მეგობრის, ოჯახის წევრების, მეუღლის სიყვარული უნდა იცოდე. ახლა რაღაცნაირი დრო მოვიდა და თითქოს, სიყვარული "ტეხავს", ადამიანები "გაცივდნენ".

- როცა შეყვარებული ვარ...

- ...კარგად ვარ.

- ახლა...

- ...კარგად არ ვარ.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...არ მინდა, ვთქვა და თან მინდა, გულწრფელი ვიყო (ფიქრობს)... სისუსტეა ის, რომ მსურს, იმდენი ფული მქონდეს, თავი დამცირებულად არ ვიგრძნო. ეს ცუდი სისუსტეა, მაგრამ არ მინდა, მდიდარი ვიყო.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ალბათ ყველა გეუბნება, - კეთილი ვიქნებოდი, სხვებს დავეხმარებოდიო. მე რომ ბევრი ფული მქონდეს, არ შევიცვლებოდი; ვეცდებოდი, სიმდიდრეს არ გავეფუჭებინე. ფულისა და ძალაუფლებისგან რამდენი გაფუჭებული ადამიანი მინახავს, იცი? "ადამიანჩიკებზე" ხომ გელაპარაკე, ჰოდა, მაშინ სწორედ ამას ვგულისხმობდი. შეხედავ, ნორმალურია, კარგად ლაპარაკობს, მაგრამ ძალაუფლებას თუ მისცემ, ძალიან შეიცვლება. თუ გავფუჭდები, არც ფული მინდა და არც - ძალაუფლება. დამიჯერე, ეს ჩემი ყველაზე გულწრფელი სიტყვებია.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...არ ჩავიდენ საქციელს, რომელიც საკუთარ თავთან დისკომფორტს შემიქმნის. ადამიანს ვერ მოვკლავ.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...მუსიკამ. მარტოობას ვერ ვგრძნობ, რადგან არსებობს მუსიკა. როცა ცუდ ხასიათზე ვარ, თავადაც ვმღერი და მდგომარეობიდან გამოვდივარ.

- ცხოვრებაში რისკზე...

- ...ხშირად მივდივარ, მაგრამ უმეტესად, ეს გაუაზრებლად ხდება. საერთოდ, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი გვიან ხდება.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...უხერხულად ვარ, თან - მიხარია! უჰ, ძალიან მიხარია. მაქეთ! მაქეეთ!!! მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც შენიშვნას თუ მისცემ, მეორე დღეს კარგად მოიქცევა. თუ შემაქებთ, უფრო კარგად მოვიქცევი.

- მეშინია...

- ...იმ დღის, როცა შეიძლება, დედა აღარ მყავდეს.

- არ მრცხვენია...

- ...საკუთარი ბიოგრაფიის.

- არ მეგონა, თუ...

- ...ასეთი პატარა ადამიანები არსებობდნენ.

- ცხოვრებას ვილამაზებ...

- ...დიდი ადამიანებით.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ბავშვობაში დედამ მასწავლა, - არ მოიტყუოო. პროფესიაში სულ მახსოვს, რომ ყოველი როლი ისე უნდა ვითამაშო, თითქოს ბოლოჯერ ვთამაშობ. ხომ ხედავ, ეს საიდუმლოც გაგიმხილე...

- დაბოლოს, გეტყვით, რომ...

- მადლობა, თუ მოგწონვართ და უკაცრავად, თუ არ მოგწონვართ. დამთავრდა? ისეთ თემებს შევეხეთ, რომ მოძღვართან წასვლა და აღსარების თქმა მომინდა.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება