"უზრდელი ვარ მაშინ, როცა მაბრაზებენ, თორემ მშვენიერი მანერები მაქვს"

"უზრდელი ვარ მაშინ, როცა მაბრაზებენ, თორემ მშვენიერი მანერები მაქვს"

ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ჟურნალში დაიბეჭდა სტატია სათაურით - "რა ვერ აპატია ლელა წურწუმიამ ია ფარულავას". ვიდრე წავიკითხავდი, გავიფიქრე: - ია უკვე რამდენ ცნობილ ადამიანს დაუპირისპირდა-მეთქი?! გასულ კვირას მსახიობსა და "შოუვუმენს" - ია ფარულავას შევხვდი და ვიდრე მასთან სხვა თემებზე ვისაუბრებდი, თავდაპირველად იმის გარკვევა ვცადე, თუ რა მოხდა რეალურად მასსა და მომღერალ ლელა წურწუმიას შორის.

- ჟურნალში რაღაცები არასწორად ეწერა. ავტორის ვერსიით: თურმე ერთხელ, "დღის შოუს" თემად "კასტრაცია" გვქონია და მე მაგალითისთვის მომიყვანია, - აი, ლელა წურწუმიამ მამულიჩას გაუკეთა კასტრაციაო. იქვე ეწერა: ამის გამო ლელა წურწუმიამ ფარულავას ხელწერილი დააწერინა და ბოდიში მოახდევინაო... ჯერ ერთი, "დღის შოუში" თემად "კასტრაცია" არასდროს გვქონია, მეორეც - რეალურად ყველაფერი ასე იყო: როდესაც პროექტის - "ცეკვავენ ვარსკვლავების" პირველი სეზონი მიმდინარეობდა, რომელშიც ლელა შესანიშნავად მონაწილეობდა, "დღის შოუში" გვქონდა თემა: "მამაკაცური ფობიები" და ვასახელებდით, რა ფობია შეიძლება ჰქონდეს მამაკაცს. მაგალითად, გამელოტების, პოტენციის დაქვეითების, უფულობის, ღიპის და ა.შ. მოკლედ, ფობიების ჩამოთვლით ძალიან გავერთე და წამოვიძახე, - ამ ჩამონათვალს კიდევ ერთ ფობიას დავამატებ-მეთქი. - აბა, რასო? - ნანიკომ მკითხა. - მამულიჩას ფობია-მეთქი. - ეგ რას ნიშნავსო? - ეს კასტრაციის შიშია: თუ ლელა ფინალამდე ვერ მივა, მამულიჩას კასტრაციას გაუკეთებს-მეთქი. ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში სიცილ-ხარხარით გავიდა.

მას მერე მამულიჩა ვნახე კიდეც - ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე ვიყავით და მას ჩემთვის საყვედური არ უთქვამს, პირიქით - ჩემს იმ ნათქვამზე ვიცინეთ. გავიდა რაღაც პერიოდი და ჩვენი საერთო მეგობარი მეუბნება, - ლელა შენზე ნაწყენიაო. საქმე იქამდეც მივიდა, რომ მან "იმედის" მაშინდელ ხელმძღვანელსაც მიმართა, ხელმძღვანელობამ კი თავის მხრივ, მთხოვა, ახსნა-განმარტებითი ბარათი დამეწერა იმაზე, თუ რა მოხდა იმ კონკრეტულ გადაცემაში და დავწერე: "მე, ია ფარულავამ, ამა წლის ამა და ამ რიცხვში, გადაცემაში მამულიჩას მისამართით უნებლიეთ ვახსენე სიტყვა - "კასტრაცია", რაც არ გულისხმობდა არც მისი და არც მისი მეუღლის შეურაცხყოფას". ხელწერილი პროდიუსერმა ხელმძღვანელობას გადასცა.

- ისე, მათი შეურაცხყოფა რაში დაგჭირდა?

- ეს შოუს ელემენტი იყო. ამერიკული ტოქშოუ რომ ნახო, სადაც ერთმანეთს ისეთ რაღაცებს ეუბნებიან, ეს არაფრად მოგეჩვენება...

- კი, მაგრამ ჩვენ ხომ ამერიკაში არ ვცხოვრობთ?

- რა ვქნა, ვიღაცა ხომ უნდა იყოს "პიონერი"? ჰოდა, რაკი "პიონერი" ვარ, ყველგან ვილახები... სხვათა შორის, ის ახსნა-განმარტებითი ბარათი ტელევიზიის ხელმძღვანელობამ არ მიიღო. როგორც ჩანს, ასეთი შინაარსის დოკუმენტის თავადაც შერცხვათ და ის ფურცელი საგრიმიოროში გავაკარით... ვაღიარებ, ზედმეტი მომივიდა, მაგრამ ვიღაცას ჩემზე ასე რომ ეხუმრა, არ გავბრაზდებოდი. როგორც ჩანს, ლელას ეწყინა და მისიც მესმის.

- მოკლედ, ბოლო დროს შენზე განაწყენებული ცნობილი ადამიანების რიცხვი თანდათან იზრდება...

- რამხელა სიაც არ უნდა იყოს, მე, ერთს, ია ფარულავას ვერ გადამწონის! მე ვარ ლეგენდა (იცინის)!

ჰოდა, ამ "ლეგენდამ" ტელევიზიიდან "პირველ რადიოში" გადაინაცვლა. კვირაში ერთხელ, პარასკევს, საკუთარი ტოქშოუ სახელწოდებით - "ია ფარულავას შოუ" მიჰყავს, სადაც სტუმრებთან ერთად, აქტუალურ და საჭირბოროტო საკითხებზე საუბრობს.

- პირველი გადაცემა შენი ბიოგრაფიული ეპიზოდების მოყოლას დაუთმე. რატომ?

- მინდოდა, ერთხელ და სამუდამოდ, ჩემ შესახებ არსებული ყველა მითი თუ ჭორი ერთ რადიოგადაცემაში განმეხილა და ამით მოვრჩენილიყავი საკუთარ თავზე ლაპარაკს...

- საკუთარი თავის წარდგენისას შენს პირველ თვისებად სკანდალურობა დაასახელე... როგორ ფიქრობ, შენს სკანდალურობას შენი ხასიათი განაპირობებს?

- ალბათ ხასიათიც, მაგრამ ჩემი სკანდალურობა დაიწყო ფილმიდან - "სიყვარული ვენახში". 1998 წელს ქართველმა მსახიობმა ეკრანზე გაიხადა და დღემდე არ დასრულდა ამაზე ლაპარაკი. მას მერე ბევრმა გაიხადა, მაგრამ ია ფარულავა მაინც არ ავიწყდებათ... ჩემი სკანდალურობა კიდევ იმაში გამოიხატება, რომ პირდაპირი ადამიანი ვარ და რასაც სხვა არ იტყვის, მე ვამბობ. მინდა, ჩემი აზრი საჯაროდ დავაფიქსირო ხოლმე, რადგან დასამალი არაფერი მაქვს. არ მჩვევია პირფერობა და როგორიც ვარ, ასეთი მომწონს საკუთარი თავი.

- ყველას მოსწონხარ ასეთი?

- "ფეისბუკზეც" მაქვს ჩემი "ფანფეიჯი", საიდანაც ვიგებ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩემზე გიჟდებიან და არიან ისეთებიც, ვინც ვერ მიტანენ.

- რატომ ვერ გიტანენ?

- არ ვიცი. ვამბობ ხოლმე, - ია ფარულავა ზეთისხილივითაა - ან გიყვარს, ან - არა. მას ყველა ვერ ჭამს, მაგრამ თუ გასინჯავენ, მერე მოსწონთ. ამბობენ, 5 ცალის შემდეგ იგებ ზეთისხილის გემოსო (იღიმის). ზოგს ჩემი პირდაპირობის გამო ვუყვარვარ და დიდი მადლობა მათ ამისთვის. ხალხმა ჩემი სიმართლე და პირდაპირობა პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" უფრო ცხადად დაინახა. თავიდან ვიღაცები ფორუმზე იმასაც წერდნენ: რა შუაშია ია ფარულავა, რომელი ცეკვის მცოდნე ეგ გვყავსო? მერე შეიცვალა ჩემ მიმართ დამოკიდებულება. ისე, ხომ ჰგონიათ, რომ დაუფიქრებლად წამოვისვრი ხოლმე რაღაცებს, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ასე არ არის, ამას ყოველთვის დიდი სამზადისი უძღვის წინ.

- ანუ "ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერის" პრინციპი შენს შემთხვევაში მოქმედებს?

- ასეა. როდესაც ვთქვი ფრაზა - "სექსი პარკეტზე", აღშფოთდნენ: რა სისულელე წამოაყრანტალაო! არადა, წინასწარ მოფიქრებული, აწონ-დაწონილი და გააზრებული ფრაზა იყო, რომელიც გივი სიხარულიძის მისამართით გამოვთქვი. მე იქაც შოუს ვაკეთებდი.

- და არ აქვს იმას მნიშვნელობა, შენზე რას იტყვიან?

- იმაზე რომ ვიფიქრო, რას იტყვის ხალხი, მაშინ მე ვერ ვიქნებოდი. ცუდს არაფერს ვაკეთებ: არავის ვკლავ, არ ვქურდავ, არავის ვატყუებ; რაც ვარ, ეს ვარ!

- ანგელოზი ყოფილხარ, ჩემო ია...

- შეიძლება, ბევრი ადამიანისთვის ანგელოზიც ვარ (იღიმის). იცი, რამდენი ადამიანი მომმართავს თხოვნით, რომ რჩევა მივცე? დეპრესიულები არიან, არ უმართლებთ და მთხოვენ, დავეხმარო. ჰოდა, მათ როგორც შემიძლია, ვეხმარები.

- აღნიშნულ პირველ რადიოშოუში ილაპარაკე, რომ მიმზიდველი ობიექტი ხარ მამაკაცებისთვის...

- რატომ მხოლოდ მამაკაცებისთვის? ბევრი ქალბატონი მწერს: რა ლამაზი ხარ, მოგვწონხარო. ალბათ იმიტომ, რომ მათთვის ისეთი ქალის მაგალითი ვარ, რომელიც მუდმივად თავს უვლის და მიუხედავად ასაკისა, კარგად გამოიყურება. მიმზიდველი ყოველთვის ვიყავი და ვარ!.. მოკლედ, არ ვარ ორდინარული და არ ვცხოვრობ ორდინარულად. მე არ მყავს ქმარი, შვილი, ოჯახი და ვფიქრობ, რომ სხვებისგან განსხვავებული ადამიანი გახლავართ...

- ქმარი არ გყავს, მაგრამ წარსულში გყავდა ქმრები... ვერც ერთი რომ ვერ შეინარჩუნე, ესეც შენი არაორდინარულობის ბრალია?

- ნაწილობრივ, ეს შეიძლება, ჩემი ბრალიც იყოს და ნაწილობრივ - მათიც... ოფიციალურ ქორწინებაში ორჯერ ვიყავი, ორი ქორწინება კი არაოფიციალური იყო... როგორც ჩანს, მაღალი სტანდარტები მაქვს და მამაკაცში მუდმივად რაღაც იდეალს ვეძებ. ისე, ყველა ქალი ხომ ასეა? - თავიდანვე იდეალებს ვეძებთ: ჯერ პრინცები გვინდა, მერე - რაინდები, გმირები... ძალიან ჭირს ჩემი საპირწონე (მოდაშია დღეს ეს სიტყვა) მამაკაცის მოძებნა. ჩემნაირი ქალების ბედი ასეთია, - მიუხედავად იმისა, რომ არიან სასურველნი და აღტაცებაში მოჰყავთ ადამიანები, მათი ხვედრია, რომ მარტონი იყვნენ.

- ახლა მარტო ხარ?

- ამწუთას ქმარი არ მყავს, მაგრამ მეგობარი მყავს.

- ვინ არის?

- მის სახელსა და გვარს ვერ დავასახელებ, რადგან ეს არ ესიამოვნება.

- ერთხელ აღნიშნე, - ჩემზე ამბობენ, უზრდელიაო...

- (მაწყვეტინებს) უზრდელი ვარ მაშინ, როცა მაბრაზებენ, თორემ მშვენიერი მანერები მაქვს, კარგ ოჯახში ვარ აღზრდილი და კარგი დიპლომატიც გახლავართ.

- გადაცემაში ისიც თქვი, - ამბობენ, რომ დედა სომეხი მყავსო...

- პაპა, დედის მამა წარმოშობით ირანიდან გახლდათ. ის არც თბილისელი სომეხი იყო და არც - ერევნელი. პაპა (ნიკოლოზი, ნიკოდიმოსი ერქვა) ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყო, ომში რომ მონაწილეობდა, მაგრამ 18 წლისა გამოიქცა და საქართველოში დასახლდა; არც ქართული იცოდა ნორმალურად, არც რუსული და არც - სომხური... რატომღაც გადაწყვიტა, სომხური გვარი აეღო და ჯერ დავლათიანი იყო, მერე - არუთუნიანი. როგორც ჩანს, დეზერტირი გახლდათ და ვინაობას, წარმომავლობას ამიტომაც მალავდა. მერე ენაც ისწავლა და აქაურ ცხოვრებას ალღო აუღო... ჩემს გარეგნობაშიც არის რაღაც არაქართული, რაც მისი გენიდან მოდის. ერთმანეთზე უკეთესი გარეგნობის დეიდები მყავდა... ჯერ ერთი, ეს რა გამოთქმაა: "ეგ სომეხი?!" ჩვენს ქალაქში, სადაც ამდენი სხვადასხვა ერის წარმომადგენელი: სომეხი, აზერბაიჯანელი, ებრაელი ცხოვრობს, ცოტა უხერხულია ასე ლაპარაკი. ისინი ჩვენი ძმები არიან.

- ნათქვამი გაქვს, მამაჩემმა - ოთარ ფარულავამ 40 წლის წინ, ერთ-ერთმა პირველმა ჩაიცვა ჩოხა და ჩოხოსანთა საზოგადოებაში გაწევრდაო...

- პირველი "თბილისობა" რომ ჩატარდა, 1976 წელს, ოთხმა მეგობარმა: ბუკა ნაკაიძემ, ფერდინანდ ლორთქიფანიძემ, მამამ და მეოთხეს გვარსა და სახელს ვერ ვიხსენებ, ჩოხები ჩაიცვეს. გარეთ რომ გადიოდა, მთელ ოჯახს გვრცხვენოდა, - ვაიმე, რას აკეთებს ეს კაციო? ახლა კი ჩოხოსნობა პრესტიჟული რამ არის და ჩოხოსნად უამრავ ადამიანს აკურთხებენ. მეც ვარ ამ ორგანიზაციის წევრი და ვიდრე მამა ცოცხალი იყო, მათ შეკრებებზე დავდიოდი... მოკლედ, ძლიერი და ვაჟკაცური ქალი ვარ (იცინის).

- იცი, ბოლოს რა თქვეს შენზე?

- არა.

- იას ადრე ასაკით უფროსი მამაკაცები მოსწონდა, ახლა კი უმცროსები იზიდავსო...

- მით უკეთესი ჩემთვის. რამდენი წლით უმცროსია ის, ვინც გვერდით მყავს, არ დამითვლია (იცინის). ჭორი ჩემთვის გართობის ერთ-ერთი საშუალებაა, რადგანაც აცრილი ვარ ასეთ ამბებზე... ყველა პიროვნებაში მინდა, სიკეთე დავინახო (მერწმუნეთ, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ქულები დავიწერო) და ამის გამო ბევრჯერ დავისაჯე. ცხოვრებაში ბევრი შეცდომაც დავუშვი, მაგრამ ესეც საჭირო იყო - ჭკუა ვისწავლე. არ მიყვარს გაკვალული გზებით სიარული, ამას უღრან ტყეში გზის პოვნა მირჩევნია. შეიძლება, დავეცე ან მგელმა, დათვმაც მიკბინოს, მაგრამ მთავარია, ჩემი გზით ვიარო...

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება