"ცეკვავენ ვარსკვლავებს" ნანკა კალატოზიშვილი წაიყვანს

"ცეკვავენ ვარსკვლავებს" ნანკა კალატოზიშვილი წაიყვანს

პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მესამე სეზონისთვის სამზადისი დაიწყო, მაგრამ ბევრი რამ პრესისთვის ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა უკვე გაირკვა, რომ მას მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი წაიყვანს. შეგახსენებთ, რომ ნანკა ცოტა ხნის წინ დედა გახდა, ბავშვი 6 აგვისტოს 2 თვის ხდება. "ამბები.გე" მსახიობს დაუკავშირდა.

- ნანკა, ცნობილი გახდა, რომ "ცეკვავენ ვარსკვლავებს" შენ წაიყვან. რას გვეტყვი ამაზე?

- დიახ, მე წავუძღვები ამ პროექტს, ოღონდ, ვისთან ერთად წავიყვან, ჯერ უცნობია. სიახლე ის არის, რომ შოუ ცირკში ჩატარდება, რაც ძალიან მომწონს. მგონია, რომ ამ სივრცეში უკეთესად წარმოაჩენენ მოცეკვავეები თავს. რაღაც კარგი სიახლეა და მომწონს... მონაწილეების საბოლოო სიის დასადგენად ბჭობა კვლავაც მინდინარეობს, თუმცა რაღაცები ცნობილია.

- ბევრს ეგონა და ამაზე საუბარიც იყო, რომ შენ უნდა ყოფილიყავი პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, რომ უნდა გეცეკვა...

- კი, ეს მეც მინდოდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ორივე სეზონზე გასტროლები დამემთხვა, აქ არ ვიყავი. მესამე სეზონზე მაინც შეიძლებოდა მეცეკვა, მაგრამ მოგეხსენებათ, ახალი ნამშობიარევი ვარ, ფორმაში ჩადგომა მჭირდება, შეიძლება ჩემთვის კარგიც ყოფილიყო მასში მონაწილეობა - ისეთ რეჟიმში უწევთ მოცეკვავეებს ყოფნა, ხანგრძლივ რეპეტიციებს გადიან, მაგრამ მთავარი ის არის, დიდხანს ჩემს პატარას ვერ მივატოვებ. მაქსიმალურად ვცდილობ, სულ მასთან ვიყო, მეტი დრო შვილთან გავატარო, უჩემობა რომ არ იგრძნოს. მოკლედ, ახლა დანიელს ვჭირდები…

- ვის ჰგავს პატარა დანიელი?

- მამამისს, ირაკლის, ოღონდ, ტუჩები აქვს ჩემი. ისე, ირაკლის მამასაც ჰგავს... ხომ ვამბობ, ნამდვილი კეიდიაა!

შვილს დანის ვეძახი. სასწაული ბავშვია. მაგიჟებს. პატარა აფერისტი მეგრელია... პირველ დღეებში მიჭირდა იმის აღქმა, რომ დედა გავხდი და ეს უმწეო არსება, რომელსაც ვუყურებდი, მანამდე მუცელში მეჯდა. ამისგან შოკში ვიყავი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ დედობა საოცარი გრძნობაა...

მე და ირაკლი პატარას გაოცებულები ვუყურებთ და ისიც დღითიდღე გვაკვირვებს... ისე, თანდათან ვხვდები, რომ გადაწყვეტილება, შვილის გაჩენასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად დროულად მივიღე. დანი საუკეთესო დროს და ასაკში გავაჩინე. მიმაჩნია, რომ 30 წლამდე ამ ყველაფრისთვის ფსიქოლოგიურად მზად არ ვიყავი... ასე რომ, ჩემმა გადაწყვეტილებამ, სწორდ ახლა გამეჩინა შვილი, გაამართლა. მგონია, რომ შვილის მიმართ ასეთი დამოკიდებულება წინა წლებში არ მექნებოდა. ახლა ამ ყველაფერს სხვანაირად ვაფასებ.

- მოკლედ, ბავშვს თვითონ ზრდი...

- კი და ძალიან მომწონს ეს ამბავი. თავიდან ბუნებრივ კვებაზე მყავდა, ახლა რაღაცების დამატებამ მომიწია...

- ჯვრისწერას და ხელის მოწერას ხომ არ აპირებთ?

- ამაზე ჯერ არც გვიფიქრია...

- გარდა იმისა, რომ "ცეკვავენ ვარსკვლავებს" წაიყვან, შემოქმედებითად სხვა რა სიახლეებია შენთან?

- არის რამდენიმე პროექტი. რამდენიმეში უკვე ჩავერთე და არის რაღაცები, რაშიც მოგვიანებით მომიწევს ჩართვა. არის ერთი ძალიან საინტერესო სერიალი, რომელსაც რეჟისორი ჯემალ მელქაძე იღებს, სცენარსაც თავად წერს, ძალიან საინტერესო ადამიანია. 10 სერია იქნება და "ჯიდიესზე" გავა. მასში თორნიკე გოგრიჭიანიც თამაშობს. მოკლედ, უკვე გვქონდა გადაღებები და ვიძრომიალეთ მეტროს მაღაროში, საკანალიზაციოს მილების სიახლოვეს, სერიოზული შრომა გავწიეთ. როგორც ვიცი, სერიალი ეთერში შემოდგომიდან გავა. მასზე მუშაობა მომეწონა...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ბმული: imedi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება