გააგრძელებს თუ არა დუეტი "ჯორჯია" კარიერას რუსეთში - "სამი შემოთავაზება უკვე გვაქვს!"

გააგრძელებს თუ არა დუეტი "ჯორჯია" კარიერას რუსეთში - "სამი შემოთავაზება უკვე გვაქვს!"

დუეტმა "ჯორჯიამ", შეიძლება ითქვას, იურმალის კონკურსის მაყურებელი ხელმეორედ მოაჯადოვა და ქართველებსაც სიამაყის გრძნობა დამსახურებულად გაგვიჩინა. მაკა ზამბახიძე და რატი დურგლიშვილი სცენაზე საუკეთესოები იყვნენ, სალომე ქათამაძესაც ღირსეულად დაუმშვენეს გვერდი და ლეონიდ აგუტინის შემოქმედებით საღამოზე, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ყველაზე კარგები იყვნენ. იურმალიდან დაბრუნებულებს მათ მეორე დღესვე შევხვდით და შთაბეჭდილებებიც გაგვიზიარეს კონკურსის კულუარების შესახებ.

- მიიღეთ კომპლიმენტები თქვენს გამოსვლებთან დაკავშირებით იურმალაში.

რატი:

- (იღიმებიან) ძალიან დიდი მადლობა. იმით დავიწყოთ, როდის მივიღეთ მიწვევა. თითქმის ყოველ წელს დუეტ "ჯორჯიას" აქვს მოწვევა, ასე ვთქვათ, თავისი სახლიდან. იქ რომ ჩავდივართ, შვილებივით გვეპყრობიან. მოგეხსენებათ, დუეტი "ჯორჯია" საქართველომაც და სხვა ქვეყნებმაც სწორედ "ახალი ტალღის" მეშვეობით გაიცნეს. კასტინგამდე უკვე ვიცოდით, რომ კონკურსზე უნდა გვემღერა, აგუტინის საღამოზე. სიმღერაც უკვე გამოგზავნილი ჰქონდათ. ცოტა შოკში ჩავვარდით, რადგან არც ერთ მონაწილეს არ მიეცა საშუალება, რომ ვარსკვლავის საიუბილეო საღამოზე ემღერა. ჩვენ შემთხვევაში დაუშვეს ძალიან დიდი გამონაკლისი და "ა" კატეგორიაში გაგვიყვანეს.

მაკა:

- თან, იცი, რა იყო ყველაზე საინტერესო დეტალი? 2008 წელს, როდესაც ჩვენ ვმონაწილეობდით კონკურსში, სამივე დღის განმავლობაში ლეონიდ აგუტინი ათიანებს გვიწერდა. გაგვიკვირდა, რომ პატივი გვხვდა, მის საღამოზე შეგვესრულებინა სიმღერა. მის ათიანებს არაფერს მივაწერთ. ეს პირადი აზრი იყო და არ ნიშნავს იმას, რომ არ მოვწონდით. ზოგადად, მკაცრი შემფასებელია და ფიქრობს, რომ მისი მაქსიმუმი ქულა შეიძლება იყოს ათიანი.

რატი:

- ახლაც რეპეტიციებზე თითოეულ ფრაზაზე გვაჩერებდა და გვეუბნებოდა, როგორ უნდოდა გვემღერა.

მაკა:

- მახსოვს, ერთ-ერთ რეპეტიციაზე ვიფიქრე, ერთ მომენტს სხვანაირად შევასრულებ და თუ მიხვდება-მეთქი. წარმოიდგინე, სამი დღის განმავლობაში 31 ნომერს რეპეტიციობდა და ყველას საგულდაგულოდ უსმენდა. ზუსტად იმ ადგილას გაგვაჩერა და გვკითხა, ჩვენ ხომ ამას სხვანაირად ვაკეთებდითო?!.

- მოსამზადებლად რამდენი ხნით ადრე ჩახვედით?

- ათი დღე დავყავით იურმალაში. სამი რეპეტიცია გვქონდა და ვერ გეტყვი, რომ სიმღერის "დაღეჭვის" საშუალება გვქონდა.

რატი:

- თავიდან ჩვენებურად შევასრულეთ, მაგრამ არ მოეწონათ, რადგან მაკა მღეროდა პირველ ხმას და აგუტინმა გვითხრა, მელოდია გვეკარგებაო. ვიფიქრეთ, რა გავაკეთოთო და ერთი ტონით შევცვალეთ, მაგრამ მე დავიწყე ჯუჯღუნი, რადგან ძალიან დაბალი იყო ჩემთვის. ამ დროს მოვიდა ვალერია და გაოცებული გვიყურებდა, ესენი რას მღერიანო (იცინიან). თავს არ ვიმართლებ, მაგრამ ვინაიდან ძალიან დაბალი იყო, რომ გამოვედი, პირველი ორი ნოტი ვერ გავარტყი. თანაც, როცა ემოცია ჭარბად არის...

მაკა:

- არადა, რატის დაბლებზე იქ გიჟდებოდნენ, ეს კი თავს კომფორტულად ვერ გრძნობს.

- ნერვიულობდით?

- ზოგადად - არა, იმაზე ვნერვიულობდით, რომ აგუტინის იმედები არ გაგვეცრუებინა. კაცმა ამხელა რამ გააკეთა ჩვენი გულისთვის. მისთვის ეს არაფერს ნიშნავდა ალბათ, ჩვენთვის დიდ ნაბიჯს ნიშნავდა. ეს გამოსვლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სწორედ იმიტომ ვღელავდით, აგუტინს არ ეთქვა, კონცერტში სულ ტყუილად ჩავსვიო. რეპეტიციებზე სულ ვეკითხებოდით, როგორიაო და გვპასუხობდა, ბავშვებო, რატომ ნერვიულობთ, ფანტასტიკურიაო. შემდეგ მისი თანაშემწეები მოვიდნენ და გვთხოვეს, ისე მოსწონხართ, ძალიან გთხოვთ, ნუ გადასდებთ თქვენს ნერვიულობასო. ძალიან მშვიდად არის და თქვენ გამო ნერვიულობსო.

რატი:

- არ ვიცი, როგორ გამოვთქვა, მანამდე როგორ გვექცეოდა. მაკას სადაც დაინახავდა, ეხუტებოდა და დიდ სითბოს გამოხატავდა. იგორ კრუტოი არის ჩვენთვის კიდევ ასეთი ადამიანი, საოცარი პიროვნებაა და აგუტინმაც დიდი სითბო გამოხატა. წელს ყველა ვარსკვლავთან უკვე სხვა ტიპის ურთიერთობა დავიწყეთ. მაშინ კონკურსანტები ვიყავით, ახლა უკვე სხვა სტატუსით ჩავედით.

- ვიცი, რომ კრუტოიმ ძალიან გაქოთ ტელეკამერის წინ და ეს ეთერში ვერ მოხვდა.

მაკა:

- "იმედმა" იგორ კრუტოის ჩამოართვა ინტერვიუ სალომესთან დაკავშირებით. გვერდით შვილი ედგა და იმანაც აღნიშნა, რომ სალომე საუკეთესო იყო. უცბად კრუტოიმ დამინახა და ხელი დამიქნია, აქ მოდიო. არადა, ის არავისთან მიდის, პირიქით ხდება სულ. ინტერვიუ დამთავრებული არ ჰქონდა და აქცენტი ჩემზე გადმოიტანა, ჩამეხუტა. რატი იმ დროს იქ არ იყო. არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ მიუბრუნდა ჩართულ კამერას და თქვა, მაკა ჩემი საყვარელი მომღერალიაო (იღიმის).

რატი:

- ასევე ეთერში არ მოხვდა აგუტინის ინტერვიუ, სადაც ჩვენზე ლაპარაკობდა. სულ დუეტ "ჯორჯიას" ახსენებდა. აგუტინმა კონცერტის შემდეგ გვითხრა, ათი თავით მაღლა იდექით კონცერტზეო. რეპეტიციაზე რაღაცები გვეშლებოდა და კონცერტის მერე გვითხრა, თქვენ ნამდვილი არტისტები ხართო.

მაკა:

- მან ამ სიმღერის შესრულების უფლება მოგვცა. გვითხრა, ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემს სიმღერას ჩაწერთო. ვაპირებთ, ჩავწეროთ და გავუგზავნოთ. აუცილებლად იმავე სტილში უნდა ჩავწეროთ. მომღერლებს თავიანთ რეპერტუარში ჰიტები არ უყვართ, "პრაშჩაი" არ არის ჰიტი, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არის, მისი აზრით, საუკეთესო სიმღერა.

რატი:

- რაც ჩვენ გვამღერა, ის ყოფილა მისი ყველაზე საყვარელი სიმღერა. სხვების გადაკეთების უფლება მისცა და ამის - არა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება