დათო ფორჩხიძე: "სალომე ქათამაძე მეუბნებოდა, ვითხოვ, იქნებ კლუბებში უფასოდ მაინც მამღერონო"

დათო ფორჩხიძე: "სალომე ქათამაძე მეუბნებოდა, ვითხოვ, იქნებ კლუბებში უფასოდ მაინც მამღერონო"

პროექტი "ახალი ხმა" ცოტა ხანში თავის მეორე სეზონს დაიწყებს... ცნობილი გახდა, რომ მწვრთნელთა შორის ძირითადად, ძველი წევრები არიან: დათო ფორჩხიძე, სტეფანე მღებრიშვილი და მაია დარსმელიძე. თუ გასულ სეზონზე მაია სტეფანესთან ერთად მონაწილეობდა შოუში, ახლა მარტო იქნება.

დაწყებულია მუშაობა მეოთხე მწვრთნელის შესარჩევად. მანამდე კი გთავაზობთ ინტერვიუს აღნიშნული კონკურსის ყველაზე წარმატებულ მწვრთნელ - დათო ფორჩხიძესთან. შეგახსენებთ, რომ მისმა მომღერლებმა მოზრდილებშიც (სალომე ქათამაძე) და პატარებშიც (რეზიკო დიდებაშვილი) გაიმარჯვეს.

- დათო, ყველაზე წარმატებული მწვრთნელი აღმოჩნდი, რდაგანაც შენმა კონკურსანტებმა გაიმარჯვეს. ეს იმის ბრალია, რომ ზოგადად წარმატებული ადამიანი ხარ?

- თუ იმას არკვევთ, რამდენად დიდი წარმოდგენა მაქვს საკუთარ თავზე, მაშინ გეტყვით, რომ დიდი წარმოდგენა მაქვს ჩემს თავზე. ისე კი ნამდვილად ვიმუშავე და გამიმართლა კიდეც. საერთოდ, მიღწეულ წარმატებაში ნახევარი შენი დამსახურებაა და ნახევარი იმის, რომ გაგიმართლა. ალბათ ბავშვებმა მე რომ ამირჩიეს, ესეც გამართლება იყო და ისიც, რომ გაიმარჯვეს... მგონი, იმიტომ ამირჩიეს, რომ უკეთესი ვეგონე.

ზოგადად კონკურსი "ახალი ხმა" ძალიან მიყვარს, ის ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ამ შოუსთვის ბევრი რამ გავაკეთე და ალბათ ყველაფერი უკან დამიბრუნდა. ამიტომაც მადლიერი ვარ ამ შოუსი.

- ვფიქრობ, ამ პროექტით შენს ცხოვრებაში რაღაც ახალი ეტაპი დაიწყო...

- არ მიმაჩნია, რომ ეს საქმე მთელი ცხოვრება უნდა ვაკეთო. ამაზე კარგი და უფრო მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს, თუმცა ალბათ ეს საქმიანობაც ოქროს ასოებით შევა ჩემს ბიოგრაფიაში. ისე, ერთი-ორი კარგი სიმღერა რომ დამეწერა, ამ შოუს მოგების საპირწონედაც კი დავდებდი, რაც ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა, მაგრამ თუ ეს ბავშვები თვითონ დაწერენ სიმღერებს, რომელბითაც შევძლებ ვიამაყო, არ იქნება ცუდი. თუმცა სალომემ "ახალ ხამაში" გამარჯვების შემდეგაც დაამტკიცა ("იურმალის" კონკურსს ვგულისხმობ), რომ მაგარია და ყველანი გვასახელა... ვფიქრობ, რომ ამ ადამიანით არამარტო ამ კონკურსს შეუძილია იამაყოს, არამედ სრულიად საქართველოს!

- დათო ბიოგრაფია ახსენე და მიმაჩნია, რომ ქართულ მუსიკაში შენი საქმე გაკეთებული გაქვს. უბრალოდ, ამ შოუთი შენთვის რაღაც ახალი კარი გაიღო...

- სანამ ამ შოუში მოვხვდებოდი, ზოგადად კონკურსებს ვაკრიტიკებდი, რადგანაც მაფიქრებდა იმ ახალგაზრდების ბედი, რომლებმაც შოუებში გაიელვეს, მაგრამ მერე რა? წინსვლას, საკუთარი თავის რეალიზებას ვერ ახერხებენ. რა ვუყოთ ამ ბავშვებს? მათ ხომ უნდა შექმნან თავიანთი სიმღერები, ჩაატარონ სოლო კონცერტები, გადაიღონ ვიდეოები, ჩაწერონ სინგლები და ხალხთან ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდეთ. თუ ეს არ მოხდა, ისინი დიდ სიცარიელეში რჩებიან. დღეს "ვოისის" ბავშვების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ამერიკაში წავიდეს, "მარსზე" გაფრინდეს...

- მოკლედ, შოუში გამარჯვებული ფაქტობრივად, ადგილს ცხოვრებაში ვერ პოულობს.

- დიახ, მას აქ პერსპექტივა არ აქვს. არადა, სწორი დაგეგმვის შემთხვევაში, ოც-ოცდაათ ახალგაზრდა, ნიჭიერ მომღერალს ამ მძიმე სოცილაური ცხოვრების ფონზეც, საქართველო თავსი რესურსით, შეძლებდა მათ მატერიალურ გამოკვებას, ტაშით განებივრებას.

არადა, ეს ბავშვები (ახალი თაობა) ბევრს არ ითხოვენ. მთავრია, იყვნენ დამოუკიდებლები და ჰქონდეთ ხალხთან კონტაქტის საშუალება.

სალომე ქათამაძე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, მეუბნებოდა, ამა თუ იმ კლუბში ვითხოვ, რომ უფასოდ მაინც მამღერონო. ახლა ხომ მაინც დაამტკიცა ამ ადამინამა, რომ მას უნდა გადაუხადონ?! ხელი სეუწყონ...

- დათო, მიგაჩნია, რომ სალომე "იურმალაზე" დაიჩაგრა?

- აღნიშნულ კონკურსზე ერთი-ორი მომღერალი კი იყო ისეთი, რომელებიც მიმაჩნია, რომ დაჩაგრეს. მაგალითად, გერმანის სახელით გამოდიოდა გოგონა, მე-15 ადგილზე გავიდა, არ იყო ცუდი, მაგრამ მისთვის საერთოდ არავის მიუქცევია ყურადღება. ამის ფონზე, სალომესა და ქართველების მიმართ ცუდი განწყობილება, ვფიქრობ, რომ არ ყოფილა, ჩვენი დაჩაგვრა მეტადაც კი შეეძლოთ. სალომეს გაუმართლა.

როდესაც მას მეორე საპრიზო ადგილი გადასცეს, მან ჟიურის წევრებისგან საკუთარი მისამართით ბოდიშების კასკადი მოისმინა (კუტუნიომ უმღერა, მაქს ფადეევმა კი საერთოდ, მონოლოგი წაუკითხა თემაზე, რომ ოდესღაც მასაც იგივე ამბავი შეემთხვა). კარგი იქნებოდა პირველი ადგილი, მაგრამ სალომეს მიმართ იმდენი თბილი სიტყვები მოვისმინეთ, რომ ამით უნდა ვიამაყოთ. მოგეხსენებათ, ეს რუსული პროექტია, მძიმე პოლიტიკური სიტუაციაა ამ ორ ქვეყანას (რუსეთ-საქართველო) შორის. 5 წლის წინ რუსეთთან ომი გვქონდა. ეგ კონკურსი საქართველოში რომ ჩატარებულიყო, არ ვიცი, რამდენად შევძლებდით იმავეს გაკეთებას რუსი კონკურსანტისთვის. პირადად მე "იურმალის" ჟიურის მიმართ საპრეტენზიო არაფერი მაქვს, რადგანაც იქ კულისებს მიღმა წყდებოდა რაღაცები. არის კლანები... ჟიურის ყველა წევრი ერთნაირად არ ფიქრობდა, მაგრამ ყველა ერთხმად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სალომე მაგარია და როგორც მინიმუმ, მეორე ადგილი ბოდიშების თანხლებით მიანიჭეს.

- ახლა "ახალი ხმის" II სეზონის წინ რა მოლოდინი არსებობს. რას იტყვი, როგორც მწვრთნელი?

- არ ვცხოვრობ იმ ფანტაზიებით, რომ შოუს სულ მე მოვიგებ. თუ პროცენტულად გივინდა ყველაფრის დაწყობა, ამ საქმეში მწვრთნელს 30 პროცენტი ეკუთვნის, დანარჩენი - კონკურსანტს, რომელიც მღერის და რაც უნდა მაგარი იდეა მიაწოდო, შემსრულებელი მაინც ის არის. მაგრამ როგორც აღვნიშნე, მწვრთნელის ის 30 პროცენტიც მნიშვნელოვანია.

ყოვლისშემძლე ნამდვილად არ ვარ, არც თავს ვიზღვევ, რომ ვეღარ მოვიგო-მეთქი... მაგრამ ამ შოუში თუ არ იბრძოლე, ამას საზოგადოება გაიგებს, მაშინვე მიხვდება, რაც შენს რეიტინგზე აისახება და ალბათ, მომავალ სეზონზე ჟიურის შემადგენლობაში ვეღარც დაჯდები.

ასე რომ, ამ შოუს ვერ აკადრებ იმას, რომ ბოლომდე არ იბრძოლო. მერე ალბათ ჩემი პატარა რეიტინგიც ავკრიფე, ბავშვებიც მენდობიან. წინასწარ რაიმეს განსჯა ძნელია, მაგრამ ვიცი, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ.

- I სეზონის მსგავსად, II სეზონზეც ძლიერი ნაკადი მოვა და ისინიც სერიოზულად იბრძოლებენ?

- საინტერსო ახალგაზრდა მომღერალი ყოველთვის იქნება. თუ შედარებითობის პრინციპით ვიმსჯელებთ, შეიძლება, ბოლოს ვთქვათ, რომ პირველი სეზონი ჯობდა მეორე სეზონსო, მაგრამ ვგრძნობ, რომ თვითონ შოუ დაძაბული იქნება. მიმაჩნია, რომ ჩვენ, მწვრთნელებმაც შევიძინეთ გამოცდილება, შეცდომებზე ვისწავლეთ. ვიცით ქართველი პუბლიკა რაზე რეაგირებს, ამიტომ, უფრო მიზანმიმართულები, პრაგმატულები და ფრთხილები ვიქნებით. მოკლედ, უფრო დახვეწილსა და მაგარ შოუს ველოდები. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ნიჭიერი თაობა სულ მოდის, სოკოებივით არიან. ამ ინტერნეტისა და "იუთუბის" გადამკიდე, სხვისი ნამღერის გამეორებაშიც მაგრები არიან. თვითონ ჯერ რომ ვერ ქმნიან ვერაფერს, ეს მხოლოდ მათი ბრალი არ არის. ალბათ დრო მოვა და თავიანთ სათქმელს იტყვიან.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება