საქართველოს ეროვნული გალერეა პროექტს - "ლეიდენი, ისტორიის ფურცლები" უმასპინძლებს

საქართველოს ეროვნული გალერეა პროექტს - "ლეიდენი, ისტორიის ფურცლები" უმასპინძლებს

საქართველოს ეროვნული გალერეა ფესტივალ "იბერია 2013"-ის პროექტს - "ლეიდენი, ისტორიის ფურცლები" უმასპინძლებს.

როგორც "ამბები.გე"-ს ჰოლანდიის ქალაქ ლეიდენიდან ფესტივალ "იბერიას" დამფუძნებელმა დალი დე-გრააფ უბილავამ აცნობა, ჰოლანდიელი ფოტოხელოვანის, ერვინ ოლაფის ფოტონამუშევრების გამოფენა დეკემბერ-იანვარში საქართველოს ეროვნული გალერეაში გაიმართება.

დალი დე-გრააფ უბილავა - თბილისში ფოტოხელოვან ერვინ ოლაფის ფოტონამუშევრების გამოფენა წლის ბოლოსაა დაგეგმილი, რომელიც ჰოლანდიის ისტორიით და შუა საუკუნეების ჰოლანდიელი მხატვრების ნამუშევრებით არის შთაგონებული.

- ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების ორგანიზატორი ფესტივალი "იბერიაა"...

- ფესტივალი "იბერია" თვით კულტურაა, რომელიც მოგზაურობს, სხვადსხვა ადგილებსა და ხალხებს სტუმრობს და მათთან ნათელი ემოციები მიაქვს. 2010 და 2012 წლებში ფესტივალმა იბერიამ ჰოლანდიის ქალაქები ქართული ხმებით, ფერებითა და გემოვნებით აავსო. ამჯერად კი, ქართველი პუბლიკის წინაშე გამოიტანა შთამბეჭდავი სურათებით და ისტორიებით სავსე, გულში ჩამწვდომი ჰოლანდიური თავგადასავალი. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ფონდი "არტექო" ლეიდენის უნივერსიტეტთან, საქართველოში ნიდერლანდების საელჩოსთან, საქართველოს კულტურის სამინისტროსთან და საქართველოს ეროვნულ გალერეასთან თანმშრომლობით წარმოგიდგენთ ფესტივალ "იბერიას" მეოთხე გამოშვებას - "ლეიდენი, ისტორიის ფურცლები", რომელიც ერვინ ოლაფის ნამუშევართა გამოფენას მიეძღვნება.

- საინტერესო ვერნისაჟი ელის ქართველ დამთვალიერებელს?

- ერვინ ოლაფმა ლეიდენის უნივერსიტეტის და მუზეუმ ლაკენჰალის დაკვეთით თანამედროვე ინტერპრეტაცია მისცა შუა საუკუნეების ჰოლანდიელი მხატვრების მიერ დანახულ უმნიშვნელოვანეს მოვლენას ნიდერლანდების სამეფოს ისტორიიდან, როგორიცაა 1573 წლის ქალაქ ლეიდენის ალყა და 1574 წლის ქალაქის გათავისუფლება ესპანელი დამპყრობლებისგან. ლეიდენელების გმირობის დასაფასებლად მეფე ვილემ ორანიემ გადაწყვიტა მოსახლეობის დასაჩუქრება და მათ შესთავაზა აერჩიათ: ან ქალაქის გათავისუფლება გადასახადებისგან ან უნივერსიტეტის დაარსება. მრავალტანჯულმა, მაგრამ ამაყმა და გამარჯვებულმა ლეიდენელებმა უნივერსიტეტი არჩიეს. ასე დაარსდა 1575 წელს რემბრანდტის მშობლიურ ქალაქ ლეიდენში ევროპის მეორე უძველესი უნივერსიტეტი, რომელიც დღეს ევროპის და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრია.

- ერვინ ოლაფმა ისტორიული მოვლენები უკვე თავის შემოქმედებაში გააცოცხლა...

- ისტორიული სცენების და პერსონაჟების გაცოცხლება და მოვლენების თანამედროვე პერიფრაზი, წარსულისა და აწმყოს შეხვედრა, ისტორიული ტრადიციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შეწყმა ხაზს უსვამს საგამოფენო ფოტოკოლექციის უნიკალურობას და ეს მეტად საინტერესო კონტრასტები დაუვიწყარი შთაბეჭდილებების ქვეშ აქცევს მნახველს.

ერვინ ოლაფს, თანამედროვეობის ერთ-ერთ ძვირადღირებულ ფოტოხელოვანს, სხვადასხვა კონკურსებსა და ფესტივალებზე მოპოვებული აქვს არაერთი მთავარი პრიზი ისეთი ფირმების სარეკლამო კამპანიისთვის, როგორიცაა Heineken, BMW, Microsoft, Chanel, Vogue, Diesel Dirty Denim, Lavazza და სხვა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ერვინ ოლაფის ნამუშევრები მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საგამოფენო სივრცეებშია წარმოდგენილი. პოსტსაბჭოთა სივრცეში თბილისი მეორე ქალაქია მოსკოვის მერე, რომელიც ერვინ ოლაფის ხელოვნებას უმასპინძლებს.

ფოტოგამოფენის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის ამჟამად თბილისში იმყოფებიან ფონდი "არტექოს" წარმომადგენლები და მზად არიან, მნახველს პატარ-პატარა საიდუმლოებები ამ უნიკალური ქართულ-ჰოლანდიური პროექტის შესახებ გაუზიარონ.

გიორგი ბერიძე

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება