სალომე ქათამაძე - "მე და რუსა მორჩილაძე ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს"

სალომე ქათამაძე - "მე და რუსა მორჩილაძე ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს"

2013 წლის "ახალი ტალღის" ქართველი მონაწილე სალომე ქათამაძე საუკეთესოდ აღიარეს დანარჩენ კონკურსანტებს შორის, თუმცა ქართული ჰიტის გამო არაერთგზის გააკრიტიკეს მომღერლის პროდიუსერი რუსა მორჩილაძე. პროდიუსერს უთქვამს, სალომე იმ თაობის მომღერალია, რომელსაც ქალაქურ ფოლკლორთან ახლოსაც კი არ გაუვლიაო. რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით მომღერალი და რა გეგმები აქვს სამომავლოდ, - სალომე ქათამაძე ჟურნალ "რეიტინგს" ესაუბრა.

"ძალიან კარგად ვმღერი ქართულ ხალხურ სიმღერებს. ქალაქურს ვერ ვიმღერებ ვერასდროს, იმიტომ რომ, არ არის ჩემი სტილი. ხალხური მიმღერია მამასა და მის მეგობრებთან ერთად ხმებში. მიმღერია "წინწყარო", "შავლეგო".

არ ვიცი, რუსას რამ მისცა ამის თქმის საფუძველი. ყველას დიდ პატივს ვცემ. არ ვარ იმ კატეგორიის ადამიანი, ვიღაც ავითვალწუნო და მძულდეს. არ მაქვს უფლება, ადამიანები მძულდეს, არც ვიცი, ეს რა გრძნობაა. შეიძლება, დისკომფორტი მქონდეს ვინმესთან, ვერ ვეწყობოდე, მაგრამ არავინ მძულს. უბრალოდ, ვერიდები მათთან ურთიერთობას. დიდ პატივს ვცემ ქალბატონ რუსას, ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ ვაღიარებ, რომ როგორც პროდიუსერი და მომღერალი ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს. საერთოდ მგონია, რომ მომღერლები რთული კატეგორიის ხალხი ვართ. კარგი მომღერალი, რომელიც სწორ გზაზე დგას, თავის მუსიკას გრძნობს ყველაფრით, თითებით, ფრჩხილებით, ტანით. მასზე უკეთ არავინ იცის, რას იმღერებს მაგრად", - აღნიშნა სალომე ქათამაძემ.

მომღერლის თქმით, პროდიუსერს მისი შესაძლებლობები უნდა გაეთვალისწინებინა და მშობლიურ ჰიტს უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოკიდებოდა.

"ტურს, რომელსაც ერქვა "შენი ქვეყნის ჰიტი", მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვკიდებოდით. თავიდანვე არ შევეწინააღმდეგე რუსას სიმღერის არჩევისას, არ ვიცი რატომ, ალბათ იმიტომ, რომ უფროსია, გამოცდილია, მაგრამ მე რომ "კინტოურის" მომღერალი არ ვარ, ყველამ იცის. თუ არ იცოდნენ, დარწმუნდნენ მას მერე, რაც მოისმინეს. ყველა დეტალი სწორად ვიმღერე, მაგრამ... პირველ დღეს "ბოის თუ მენს" რომ დებ და ვიღაცებს აგიჟებ, მეორე დღეს "რამ დაბიდი, დაბიდი" აღარ უნდა იმღერო. გიჟად მიგიჩნევენ", - განაცხადა მომღერალმა.

სალომემ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და იმ ადამიანის ვინაობაც გაამხილა, ვისთან მუშაობაც მუსიკალური თავლსაზრისით მას ყველაზე მეტ კომფორტს უქმნის.

"მსოფლიომ მინდა გამიცნოს. ერთხელ იბადები ამ ქვეყანაზე და ნიჭი თუ გაქვს, ძალიან უნდა ეცადო, ეს ყველას ანახო. ამ მიმართულებით ვიწყებ მუშაობას. დათო ფორჩხიძის დახმარება დამჭირდება ამაში. ის არის ადამიანი, რომელსაც მუსიკალურად ვაღმერთებ. ის ერთადერთია ამ სფეროში, ვისაც შევეწყვე, მასთან დისკომფორტს არ ვგრძნობ, ყველაფერს შთამაგონებს.

თუმცა არ მინდა, რომ ჩემი პროდიუსერი გახდეს - მერე ურთიერთობა ფუჭდება ხოლმე. დათოს ჩემს მუზას უფრო დავარქმევ. თან ჩვენ დავნათესავდით. "ახალი ხმის" მერე დავიწერეთ ჯვარი მე და გიგიმ და დათო გიგის მეჯვარეა. მომავალში ბავშვის ნათლიაც იქნება, თუმცა ჯერ ამაზე ლაპარაკი ადრეა", - აღნიშნა მომღერალმა.

იხილეთ ბმული