რატომ შექმნეს "ჩემი ცოლის დაქალებში" "ლევან ვასაძის" სახე - პროდუსერის განმარტება

 რატომ შექმნეს "ჩემი ცოლის დაქალებში" "ლევან ვასაძის" სახე - პროდუსერის განმარტება

პოპულარულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" ახალი პერსონაჟი - მირიან ბარათეონი გამოჩნდა, რომლის მიმართ მაყურებელი დიდი სიმპათიით ვერ განეწყო. ამის მიზეზი ის არის, რომ ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს - დიტოს დაუპირისპირდა. რაც სერიალის ერთგულ მაყურებელს საოცრად არ მოსწონს.

სოციალურ ქსელში ახალი პერსონაჟის გარშემო დიდი დისკუსიაა გამართული... ადამიანების უმრავლესობა მირიანში ბიზნესმენ ლევან ვასაძის სახეს ხედავს.

რატომ შეიყვანეს ეს პერსონაჟი სერიალში? არის თუ არა მისი პროტოტიპი ლევან ვასაძე? უყვარს თუ არა გადამღებ ჯგუფს მირიან ბარათეონი? - ამ საკითხების გასარკვევად ირაკლი საღინაძეს, სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" პროდიუსერს მივმართეთ:

- რამ გადაგაწყვეტინათ, რომ ასეთი ტიპაჟი შესულიყო სერიალში?

- ჩვენმა რეალობამ გვიკარნახა, რადგანაც ბევრი გროტესკული და ჩვენი აზრით, ძალიან სასაცილო ადამიანი არსებობს ქართულ საზოგადოებაში, რომელთაც საშუალება აქვთ, საკუთარი აზრი ტელევიზიით დააფრქვიონ, ჰქონდეთ საზოგადო აქტივობა, იყვნენ სამარცხვინოდ სასაცილოები ისე, რომ მოახერხონ და კინოს პერსონაჟებიც აღმოჩდნენ. მოკლედ, ამის საშუალება ქართულმა საზოგადოებამ და მისმა ზოგიერთმა წარმომადგენელმა მოგვცა.

- მირიანი კონკრეტულად ვინმეს პაროდიაა?

- ვერ ვიტყვი, რომ ეს ვინმეს პაროდიაა, მაგრამ გეტყვით, რომ მირიანი არის კრებითი სახე იმ პათეტიკური, ქართული ნაციონალიზმითა და რელიგიური ფარისევლობით გაჯერებული ადამიანების, რომლებიც მთელი ცხოვრება სადღეგრძელოს ფორმატში უფრო ლაპარაკობენ, ვიდრე რეალური ადამიანები... ირგვლივ მსაგავს ადამიანებს საკმაოდ ვხედავთ...

- საიდან მოიტანეთ გვარ-სახელი მირიან ბარათეონი? როგორ შეიქმნა ის?

- არის ასეთი ამერიკული სერიალი, რომელსაც "სამეფო თამაშები" ჰქვია. ის მსოფლიოს ძველი საგვარეულოების მიხედვით არის შექმნილი. ერთ-ერთი ბარათეონების დინასტია გახლავთ და იქიდან ავიღეთ...

- ისე, გვარი ცოტა ქართულად კი ჟღერს.

- კი, ასეა, მაგრამ იმ ამერიკულ სერიალში ეს გვარი ოდნავ სხვაგვარად ჟღერს... ჩვენ ცოტათი შევცვალეთ. თან, ვეცადეთ, რომ სასაცილოც ყოფილიყო და უფრო ამიტომაც ავიღეთ არარეალური და არარსებული გვარი. მოკლედ, მას არსებითი მნიშვნელობა და აზრობრივი დატვირთვა არ აქვს, არის იმისთვის, რომ იყოს სასაცილო...

- რაც შეეხება სახელს, ამაზე რას გვეტყვით?

- მირიანი - უბრალოდ ქართული და მჟღერი სახელია... ასე რომ, დიდი აზრი სახელსა და გვარში მაინცდამაინც არ ჩაგვიდია. მოკლედ, მირიან ბარათეონი კარგად ჟღერს და ეგ არის! სამწუხაროდ, ჩვენ სერიალში ვერ გავაკეთეთ ისეთი რამ, რაც პოსტმოდერნის ხელოვნების ჟანრის ნიმუში იქნებოდა - რეალობა გროტესკულ ადამიანებს, სიტუაციებს, მოვლენებს გვთავაზობს...

- ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ამ პერსონაჟს მაყურებელი ბიზნესმენ ლევან ვასაძეს რომ ამსგავსებს?.. ამ თემაზე სოციალურ ქსელში დიდი საუბრებია გაჩაღებული...

- კი, მირიანს ლევან ვასაძეს ამსგავსებენ და ლევან ვასაძეც არის ასეთი პათეტიკური არსება.

- რას გულისხმობთ?

- ამბობს ლექსებს, ტელევიზორიდან სერიოზული სახით გველაპარაკება, მის სახეზე ღიმილს ვერ დაინახავ და ერთ-ერთი პატარა შემადგენელი ნაწილი იმ პიროვნების შექმნისას, ლევან ვასაძეც იყო.

როგორც გითხარით, მირიანი კრებითი სახეა ტიპაჟისა, რომელიც საქართველოში თავისი ცხოვრების წესით, საკუთარი ცხოვრების გზით გამოირჩევიან, პრინციპულად რომ გამორიცხავენ იმ მსოფლმხედველობას, რასაც ქადაგებენ, - საზოგადოებას შუასაუკუნებრივი აზროვნებისკენ მიაქანებენ, არადა, თავისთვის კარგად ტკბებიან კაცობრიობის იმ თანამედროვე მიღწევებით, რაც  აქვთ. ამ ყველაფერს ფილოსოფიურად რომ შევხედოთ, ასეა. ასე რომ, ესენი არიან ეკლექტური ადამიანები, რომლებიც არსით განსხვავდებიან, ხოლო ქცევა კი სხვანაირი აქვთ... მირიანი საზოგადოების ერთი ნაწილის (უკვე კასტისაც) კრებითი სახელია, რომელსაც პატრიოტული პათოსი აქვს, არსი კი მემარჯვენულ-ბიზნესმენური.

მისი სერიალში შეყვანით, მათ ფარისევლობას დავცინით და ასევე იმ ადამიანებსაც, რომლებიც ასეთ პერსონებს სერიოზულად აღიქვამენ...

- ე.ი. როგორც ამბობთ, ის ადამიანები, ვისაც კასტის წევრები დაარქვით, საზოგადოების წინაშე თამაშობენ?

- დიახ, თამაშობენ, რადგანაც სხვანაირად შეუძლებელია ადამიანი ასეთი სასაცილო იყოს. ეს მათი პოზაა. ადამიანი ბუნებით, ფიზიოლოგიით, შინაარსით ასეთი არ იბადება. მუდმივად სადღეგრძელოს ფორმატში ლაპარაკი წარმოუდგენელია. დარწმუნებული ვარ, ისინი სახლში, სხვა სიტუაციასა და გარემოებაში განსხვავებულები იქნებიან.

- როგორ მიიღო მირიანი მაყურებელმა?

- ჯერჯერობით ის დიტოს მტერია და ამიტომ მაყურებელისთვის ასე ვთქვათ, გამაღიზიანებელი ფაქტორია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ჩანაფიქრი მუშაობს. ეს არის ჩვენთვის პერსონაჟი-პროვოკაცია და არა საყვარელი ტიპაჟი. სიმართლე გითხრათ, არც დიტო არ არის ჩვენთვის საყვარელი პერსონაჟი. ის სხვა კონკრეტულ პრობლემას ასახავს, მაგრამ დიტო თავისი ნაკლით ბევრად რეალურია. უბრალოდ ადამიანურია და მაყურებელს უყვარს.

მირიანის შემოყვანით კი გვინდოდა, გვეჩვენებინა, რომ მსაგავსი ტიპები არაბუნებრივი და პლასტმასის, ხელოვნური არსებები არიან, რამაც იმუშავა. იმედი მაქვს, ადამიანები რეალობაშიც რომ დაინახავენ მსგავს გროტესკს, მიხვდებიან რომ ეს ყველაფერი სასაცილოა და არა სერიოზულად აღსაქმელი.

დათო დარჩია, მირიანის როლის შემსრულებელი მსახიობი:

- მსახიობი ვარ და ყველანაირი როლი, ცუდიც რომ იყოს, ისე უნდა შევასრულო, რომ მაყურებლისთის მოსაწონი გახდეს, მაგრამ საზოგადოებას არ სიამოვნებს წარმატებული და ფულიანი ტიპები. მე არ მაქვს "ფეისბუქი" და ამიტომ სხვები  მეუბნებიან, რომ სოციალურ ქსელში უარყოფითი შეფასებები აქვს ამ პერსონაჟს და არა მარტო კატოსა და დიტოს გამო... გეუბნებით, არ მოსწონთ ფულიანი და წარმატებული ტიპები-მეთქი.

- მგონი, ცოტა სასაცილოა, ფულიანი პოეტი და კიდევ ბევრი ერთმანეთთან შეუსაბამო რაღაცები ახასიათებს თქვენს პერსონაჟს... ამასთან, ასეთი პერსონის ნამოქმედარში მაყურებელი სიყალბესაც ხედავს...

- ჩემი აზრით, ეს პერსონაჟი ცუდს არაფერს აკეთებს. არადა, რომ არ უნდოდეს, საერთოდ, არაფერს გააკეთებდა და ამ ქვეყანაშიც არ იცხოვრებდა. მთავარი ის არის, რომ კაცი საქართველოდან არ მიდის და ქვეყანის სხვადასხვა სფეროს ეხმარება. ცხოვრებაშიც ვიცით ასეთი პიროვნებები, ვინც ასე ცხოვრობენ, თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც ქვეყნისთვის კაპიკს ვერ გააგდებინებ. მიმაჩნია, რომ ჩემს პერსონაჟს უყვარს თავის ქვეყანა. მერე რა, რომ ფულიანია? ლექსიც უყვარს... პოეტია... მოკლედ, ჩემი აზრით, კარგი კაცია.

- ისე, ამ საკითხზე ცოტა სხვანაირი მოსაზრება აქვთ სერიალის პროდიუსერებს...

- ისინი რას ფიქრობენ, არ ვიცი... მე ჩემი მოსაზრება მაქვს. მირიანს ქვეყნისთვის კარგი უნდა. ახლა ცხოვრებაში, პირადში ვის, ვისთან რა და როგორი ურთიერთობა აქვს, ეს სხვა საკითხია... ისე, სერიალი ჯერ არ დამთავრებულა და ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება...

ამასთან, მირიანი მაყურებლისთვის საყვარელ პერსონაჟს - დიტოს დაუპირისპირდა. ეტყობა, სცენარისტებს ინტრიგა უნდოდათ, - ეს მათი გათვლაა. კარგია, მაყურებელიც მეტად დაინტერესდა. ეს გადამღები ჯგუფის სწორი ხრიკია. ამიტომ ეს სეზონი, ჩემი აზრით, სათამაშოდ დიტოს როლის შემსრულებლისთვის და ჩემთვისაც საინტერესო იქნება.

- მირიანს ბიზნესმენ ლევან ვასაძეს რომ ამსაგავსებენ, ეს თუ იცით?

- ლევან ვასაძე ტელევიზიით კი მინახავს, მაგრამ პირადად არ ვიცნობ და არ ვიცი მისი ხასიათი, ბუნება. ლევან ვასაძეს კი არა, ეგეთ ფულიან კაცებს ნაკლებად ვიცნობ.

- არ იცნობთ, მაგრამ ფულიანს თამაშობთ... შეიძლება უფულო არ გეწოდოთ, მაგრამ (კითხვას არ მასრულებინებს)...

- რას ლაპარაკობთ? მაგდენი ფული რა უნდა მოხდეს, რომ ვიშოვო... ჩემი დარჩენილი ცხოვრება სულ ჰოლივუდში, ტარანტინოს დონის ვარსკვლავებთანაც რომ გადამიღონ, მაინც ვერ დავაგროვებ.

- მერე უფულო კაცისთვის, ფულიანის თამაში, მის ტყავში შეძრომა როგორია?

- ეს ყველაფერი წარმოსახვით ხდება... აქ უმეტესად, თავის პირადულს იყენებს მსახიობი... რაც ვიცით ჩვენი ბუნებიდან, მდგომარეობიდან გამომდინარე, ვცდილობთ, ის ვითამაშოთ, მოკლედ, რაც საჭიროა. ამასთან, არ ვარღვევ იმ ხაზს, რაც სცენარიტებმა რეჟისორებთან ერთად ჩამოაყალიბეს.

მაგრამ ხომ გითხარით, ისეთი ამბები მესმის ჩემი პერსონაჟის შესახებ, ისე არ მოსწონთ, რომ... მაგრამ ეს მე მიხარია. ე.ი. ამოცანა მთლიანობაში შევასრულეთ. ალბათ ამიტომაც არის ამხელა ამბავი ატეხილი.

- ე.ი. თქვენთვის მისაღებია ეს პერსონა?

- მშვენიერი ტიპია, ფული აქვს, ერთობა და უკაცრავად და ატ**ებს როგორც უნდა. ცოლს არავის ჰპარავს, პირიქით, თვითონ ეუბნება, თუ ქმართან ყოფნა არ გინდა, უთხარი შენს ქმარს, გაშორდი და წამომყევიო. ახლა ქალი თუ მოსწონს, ეს პრობლემაა რამე? (ღიმილით ამბობს). პერსონაჟს თავი რომ დავანებოთ, საზოგადოებას ფულიანი წარმატებული ადამიანები არ მოსწონს... ნეტავი, ბევრი იყოს ასეთი ადამიანი და ეს ქვეყანა ბედნიერებასა და სიხარულში იქნება...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ასევე იხილეთ:

ლევან ვასაძის სახე

"ჩემი ცოლის დაქალებში"