თიკო მოსემღვდლიშვილი: "ჩემი გვარი მეხმარება და მიფარავს"

თიკო მოსემღვდლიშვილი: "ჩემი გვარი მეხმარება და მიფარავს"

"შესანიშნავი განწყობა მაქვს. მებრძოლი, დღევანდელი, 7 იანვრის (ნახევარფინალი) საღამოსთვის ვემზადები. ადრე გავიღვიძე და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მაყურებლის წინაშე კარგად წარვდგე", - ამბობს თიკო მოსემღვდლიშვილი, "ახალი ხმის" ერთ-ერთი კონკურსანტი, რომელმაც არაერთ რთულ ტურს გაუძლო...

- თიკო, რას გვეტყვი კონკურენტებზე?

- კონკურენტი სხვებს ჩემი სახითაც ჰყავთ და მეც მყავს მათი სახით, ისინი. ყველაფერი მაინც გემოვნებაზეა დამოკიდებული, მაყურებელი პრიორიტეტს ვის მინიჭებს... ასე რომ, ვნახოთ, რა იქნება დღეს...

- რას იტყვი ზოგადად კონკურსზე?

- ჩემს ცხოვრებაში პირველი კონკურსია, რომელშიც ვმონაწილეობ. მადლობა ორგანიზატორებს, რომ ჩემი სახით კიდევ ერთი მომღერალი შენიშნეს... მიხარია, რომ რაც აქამდე შინაგანად მაწუხებდა და რისი თქმაც აქამდე მინდოდა, ვთქვი და უკვალოდ არ გაქრა (სიცილით ამბობს). მოკლედ, კონკურსმა დიდი გამოცდილება მომიტანა.

- მწვრთნელი, მაია დარსმელიძე თუ მოგწონს?

- ყველგან გავიმეორებ, რომ არა მაიას გადაწყვეტილება, დღეს ჩემს ადგილას შეიძლებოდა, გიორგი მახარაშვილი მდგარიყო. ჩემი ნახევარფინალში გამოსვლა მისი დამსახურებაა და მადლობა ამისთვის...

- მკაცრია მაო?

- ისე არ არის, რომ ჩვენგან რაიმეს დაჟინებით მოითხოვდეს, - გინდა თუ არა, ეს უნდა იმღეროო. მოკლედ, შეთანხმებით ვმუშაობთ. ძირითადად, კონკურსანტისა და მწვრთნელის აზრია ხოლმე გათვალისწინებული. ხშირად ჩვენი გემოვნება ერთმანეთს ემთხვევა. მაიასთვის მთავარია, რომ ადამიანი მუსიკაში თავს კომფორტულად გრძნობდე.

- რა შეიცვლება იმით, თუ "ახალი ხმა" გახდი?

- ბევრი რამ შეიცვლება და ალბათ, ბევრი კარგი რამ მოხდება. მართლა კარგი იქნება, თუ ფინალში მოვხვდი და მით უკეთესი, თუ გავიმარჯვე კიდეც.

- გამარჯვებას ვის მიუძღვნი?

- ალბათ ყველა ჩემს გულშემატკივარს იმ დაფასებისთვის, რაც მათ ჩემთვის გააკეთეს. მათგან საოცარი სითბო, სიყვარული და მხარდაჭერა ვიგრძენი. არასდროს მომცემია საშუალება, რომ მათთვის მადლობა გადამეხადა და ახლა თქვენი საშუალებით მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა, არ ველოდი და ამიტომ დიდი სიხარული მომანიჭეს.

- პროექტის მიღმა რას საქმიანობ?

- პროფესიით მსახიობი ვარ. აქამდე კერძო მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობი ვიყავი, მაგრამ ამ პროექტის გამო იმ თეატრში საქმიანობას თავი დავანებე.

- სამომავლოდ სამუშაოდ რომელ სფეროს აირჩევ?

- ორივეს, მინდა, რომ ერთნაირად ვემსახურო, მაგრამ ვნახოთ, რომელი სფეროდან მეტი დაინტერესება იქნება...

- "საქართველოს ვარსკვლავი 2012"-შიც გინდოდა მონაწილეობა, მაგრამ ჟიურიმ დაგიწუნა...

- კონკრეტულად არაფერი უთქვამთ, რის გამო მითხრეს უარი. არც ის მითხრეს, რომ ვერ ვმღერი, ან კიდევ მეტი იმუშავეო... უბრალოდ, თავი შეიკავეს, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. არადა, დარწმუნებული ვიყავი, რომ გადავიდოდი... გული დამწყდა... იმ წელს ისეთი ნაკადი იყო, რომ მგონი, იმ კონკურსანტებს შორის (გამარჯვებული ლუკა ზაქარიაძე გახდა) ღირსეული მონაწილე ვიქნებოდი.

- ისე, იშვიათი გვარი გაქვს.

- ჰო, რამდენიმე სიტყვისგან არის ნაწარმოები. მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი წინაპარი მოსე მღვდელს უშვილებია და შეუფარებია. იმის მერე მას მოსემღვდლიშვილი უწოდეს... წარმოშობით კახეთიდან ვართ... მიყვარს ჩემი გვარი და მის შეცვლაზე არასდროს მიფიქრია. პირიქით, მგონია, რომ ის მე მიფარავს და მეხმარება...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება