ექსკლუზივი: მამა გაბრიელზე ფილმის გადაღება იწყება - დავით ქაცარავა პროექტის დეტალებზე

ექსკლუზივი: მამა გაბრიელზე ფილმის გადაღება იწყება - დავით ქაცარავა პროექტის დეტალებზე

რეჟისორი გია კაჭარავა ცოტა ხანში თანამედროვე წმინდანზე, მამა გაბრიელზე ფილმს გადაიღებს, ამისთვის სერიოზული სამუშაო დაწყებულია. გადაღებები გაზაფხულზე უნდა დაიწყოს. ცოტა ხანში წმინდანის როლზე მსახიობების შესარჩევად ქასთინგი გამოცხადდება.

Ambebi.ge ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს, მეუღლეებს: დავით ქაცარავასა და სოფო ხაჭაპურიძეს ესაუბრა. ფილმში დავითი ერთ-ერთ როლს შეასრულებს.

სოფო ხაჭაპურიძე, პროექტის პიარ-მენეჯერი:

- ამ პროექტის რეჟისორი, იდეის ავტორი და სცენარისტიც გია კაჭარავაა. ის ერთ-ერთი პროდიუსერიც იქნება. ბატონი გია ამჟამად მცხეთის მუნიციპალიტეტში მუშაობს და კულტურის, სპორტისა და სოციალურ სფეროებს განაგებს. როდესაც ადამიანი მცხეთაში ხარ, შეუძლებელია, სვეტიცხოველი და სამთავროს დედათა მონასტერი არ მოილოცო. იქაური სიწმინდეების მადლმოსილების შესახებ ყველას კარგად მოეხსენება და ამასთან, ჩვენი თანამედროვე წმინდანის საფლავიც ხომ იქ არის? ბატონ გიაზე ამ მადლმა იქონია გავლენა და მამა გაბრიელის მიერ განვლილი ცხოვრებით დაინტერესდა. ის პირველი ქართველი ბერი გახლდათ, ვინც საქართველოში ბერად იმ პერიოდში აღიკვეცა, როცა მღვდლებს და ზოგადად სასულიერო პირებს დევნიდნენ, კლავდნენ, ეკლესიებს არბევდნენ, ანგრევდნენ და ხატებს შეურაცხყოფდნენ.

დიახ, გოდერძი ურგებაძე აღმოჩნდა პირველი ქართველი, ვინც იმ დროს ბერად აღიკვეცა და მამა გაბრიელი ეწოდა.

- ე.ი. სცენარი რეალურ ფაქტებზეა აგებული?

- დიახ. ამ წმინდანის ცხოვრება ბავშვობის პერიოდიდან დაწყებული, სიბერით დასრულებული, ისეთი საინტერესო გახლავთ, რომ სცენარი ერთ ფილმში არ ჩაეტია და ამიტომ შეიქმნება ორი სერია. სცენარი გაკეთდა უშუალოდ დედა პარასკევას მოგონებების მიხედვით, რომელიც წიგნად არის გამოცემული, რაზეც გვაქვს მისი ნებართვაც.

- ამ პროექტთან დაკავშირებით პატრიარქი თუ არის ინფორმირებული?

- ზოგადად ეს თემა სასულიერო პირების მიერ მიღებულია, მაგრამ ჯერ პატრიარქთან ეს საკითხი არ მიგვიტანია, რადგანაც მაინც საწყის ეტაპზე ვართ. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავითვალისწინებთ და სასურიერო პირების მითითებებით ვიხელმძღვანელებთ.

მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, რომ ფილმის გადაღებაში ნებისმიერ ადამიანს შეეძლება წვლილის შეტანა... დედა პარასკევას თხოვნაც იყო და დალოცვაც, რომ ამ საქმეში ქართველი ხალხი ჩაერთოს. ამიტომ საპროდიუსერო ჯგუფმა ავიღეთ ტელეფონის ნომერი და ვისაც სურვილი ექნება, იმ ნომრით, არსებულ ანგარიშზე გადარიცხავს და ფილმის შექმნაში შემოწირულობის სახით ჩერთვება.

მოგეხსენებათ, ფილმის გადაღება ერთი გამჭოლი პროცესი არ არის, უამრავ ნაწილისგან შედგება და შესაბამისად, ახლა ყველაფრის სამზადისში ვართ...

დავით ქაცარავა, ფილმის პროდიუსერი და ერთ-ერთი როლის შემსრულებელი:

- ჩემი გმირი, რომელიც უნდა ვითამაშო, მამა გაბრიელის ანტიპოდი გახლავთ. უსაშინლესი ადამიანია, ასეთი როლი ჯერ არ შემხვედრია და მითამაშია. კაცი, ვინც უნდა გავასახიერო, ამირან ქრისტესიაშვილი გახლავთ.

- ეს პიროვნება რეალურად არსებობდა?

- არა. ის განასახიერებს იმ სისტემას, რომელიც მამა გაბრიელსა და მართლმადიდებლობას საბჭოთა კავშირის დროს ებრძოდა. ამირანი "კაგებეს" გენერალი გახლავთ და იმ დღიდან, როგორც კი მამა გაბრიელი ამ გაზაზე დგება, მიჰყვება და ცდილობს, გაანადუროს, გატეხოს. ამირან ქრისტესიაშვილი არის რეალურად საბჭოთა კავშირის სიტემის განსახიერება. მოკლედ, ძალიან ცუდ ადამიანს ვთამაშობ. სცენარზე მუშაობისას ერთ საინტერესო ფაქტი აღმოვაჩინეთ: თურმე არსებობდა "უღვთო მებრძოლთა კავშირი", რომელსაც ეკლესიასთან ბრძოლაში სრული უფლება ჰქონდა მინიჭებული: ყოველგვარი გასამართლების, იურიდიული პროცედურის გარეშე, ადგილზე დაეხვრიტა სასულიერო პირები და მორწმუნეებს უსასტიკესად გასწორებოდა. მოკლედ, ამ საშინელი კავშირის ხელმძღავნელი არის ის ამირან ქრისტესიაშვილი.

- ცუდი როლი გქონიათ...

- კი, წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ებრძვის მამა გაბრიელს... როდესაც სცენარს ვეცნობოდი, სანამ ბოლომდე არ ჩავიკითხე, ვერ მივხვდი, როგორ შეიძლებოდა, ის შემესრულებინა. თან, ვფიქრობდი, ნეტავ, ეს როლი არ მქონდეს სათამაშო-მეთქი და მაინც ვერ ავცდი. ასე რომ, ვეცდები, უკიდურესად საშინელი პერსონაჟი კარგად განვასახიერო, ისე, რომ ჩემს თამაშში ეჭვი არ შეეპაროთ.

- და გადაწყვეტილი გაქვთ, იყოთ დამაჯერებელი ნაძირალა?…

- კი, უნდა ვიყო დამაჯერებელი ნაძირალა, სიყალბის გარეშე.

- როდის დაიწყება გადაღება?

- გადაღებები გაზაფხულიდან იგეგმება, მაგრამ ზუსტი თარიღი დათქმული ჯერ არ გვაქვს. შემდეგ კვირას გადაღების ზუსტ თარიღს გმოვაცხადებთ და ასევე იმას, თუ როდის ჩატარდება ქასთინგი.

- ე.ი. მამა გაბრიელის როლს ვინ ითამაშებს, ეს ჯერ არ არის გარკვეული?

- არა, ამას ქასთინგი შეარჩევს. ეს ერთ-ერთი რთული ეტაპი იქნება. გაბრიელ ბერის პერსონაჟი სამმა მსახიობმა უნდა განასახიეროს (ბერის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპი რომ ზუსტად აისახოს). ამისთვის უნდა შევარჩიოთ 12-14 წლის ასაკის და 25-35 წლის ასაკის მსახიობები და მსახიობი, მამა გაბრიელის როლი უკვე ცხოვრების ბოლო ეტაპზე რომ ითამაშოს...

- ფილმს ვინ დააფინანსებს?

- განცხადება-პროექტი კულტურის სამინისტროში გვაქვს შეტანილი. ველოდებით პასუხს. ისეთი პროექტია და ისეთი ფილმია, რატომ არ უნდა დააფინანსონ?

- თუ უარი თქვეს?

- მაშინ სხვა მიმართულებით მოგვიწევს გადართვა, კერძო პირებსა და კომპანიებს უნდა მივმართოთ. მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება ჭეშმარიტად სახალხო პროექტიც და ბევრი ადამიანი გამოხატავს სურვილს, მასში ჩაერთოს და კულტურის სამინისტროც დაგვეხმარება.

- ბევრი პერსონაჟი ეყოლება ფილმს?

- კი, ფილმში ძალიან ბევრი პერსონაჟი იქნება დაკავებული, დაახლოებით, 60-მდე მსახიობი, რომლებიც ასევე ქასთინგის წესით შეირჩევიან. ასე რომ, მომართულები და მობილიზებულები ვართ შრომისთვის.

- ასეთ პროექტებზე მუშაობისას საინტერესო ამბები ხდება ხოლმე...

- იყო რაღაც დამთხვევები, რაც ჩვენი გუნდისთვის სიმბოლური და ნიშნის მომცემი აღმოჩნდა. პირველად როდესაც მე და გია კაჭარავა ერთმანეთს შევხვდით, ისე მოხდა, რომ იმ დღეს მამა გაბრიელის ხსენების დღე იყო... მერე ზუსტად მაშინ, როდესაც ამ საკითხზე მსჯელობა დავიწყეთ, ჩვენი გვარი (ქაცარავების) დალოცეს და მფარველ წმინდანად გვარის წარმომადგენლებმა ისე, რომ მე არც ვიცოდი, მამა გაბრიელი აირჩიეს... ასეთი საინტერესო ამბები თითქმის ყოველდღე ხდება და იმდენად ხშირია ეს, რომ ამას მუდმივ პოზიტივად და ხელშემწყობ პირობად აღვიქვამთ. მოკლედ, ძალიან მომართულები ვართ ამ დავალების შესასრულებლად.

ლალი ფაცია

სპეცილაურად Ambebi.ge-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება