საქართველოს პირველი ლედის პარტნიორი ლამაზმანი

საქართველოს პირველი ლედის პარტნიორი ლამაზმანი

"ქუჩაში, სრულიად უცხო ადამიანები ჩემი გმირის (რომელიც სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" განვასახიერე) საქციელის გამო მტუქსავენ", - ამბობს მსახიობი თამარ ბუხნიკაშვილი. გასული წელი მისთვის შემოქმედებითად დატვირთული იყო. საქმე არც ახლა აკლია და თან, ახალი როლების მოლოდინშია. ბოლოს ფილმში "გრძელი ნათელი დღეები" ითამაშა, მანამდე იყო რუსუდან ჭყონიას - "გაიღიმეთ".

- "გაიღიმეთ" ძალიან მიყვარს. ამ ფილმში სახასიათო როლი შევასრულე და გადაღების პერიოდიც კარგად მახსენდება.

- ამ ფილმში პარტნიორობას პირველი ლედი - მაკა ჩიჩუა გიწევს.

- მაკა გადაღებების დროს გავიცანი. ძალიან უშუალო, ჭკვიანი, ლამაზი და სასიამოვნო ქალბატონია, მასთან ურთიერთობა საინტერესოა.

- "ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩენის შემდეგ, უცხო ადამიანები რის გამო გსაყვედურობენ?

- ჩემმა გმირმა ფული ორი დაპირისპირებული მხარისგან აიღო და გაქრა - მაყურებელი ამას არ მპატიობს. "აიღე ბევრი ფული და მაღაზიებში დადიხარ, რა გენაღვლება". "როგორი გოგო ყოფილხართ, ძალიან მანერვიულეთ", - ჩემი მისამართით მსგავსი ფრაზები გამუდმებით მესმის. თავიდან ვერ ვხვდებოდი, ხალხი რატომ მეჩხუბებოდა, მერე ამას მივეჩვიე. მაყურებლების ნაწილი მეუბნება: ცუდი ქალი ძალიან დამაჯერებლად განასახიერეო. წინასაახალწლო პერიოდში დატვირთული დღის რეჟიმი მქონდა. თეატრში "საშობაო სიმღერა" დავდგით, სერიალში გადაღებები იყო და პარალელურად, "ჯიდიესზე" - სერიალში "პანიკის გარეშე" ვთამაშობდი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. ეს სურვილი 6 წლიდან მქონდა. ვიდრე სკოლაში მივიდოდი, დედას ვეუბნებოდი: თეატრში მატარე, მსახიობი უნდა გამოვიდე-მეთქი. მაშინდელ "პიონერთა სასახლეში" მიმიყვანა. შეიძლება ითქვას, რომ 6 წლიდან სცენაზე ვდგავარ.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ნათესავები ამბობენ, სახლში ვერ დავიჭირეთ, სულ გასულიაო. ჩემი კოლეგა ონისე ონიანი რას ამბობს, გითხრათ? - უხერხულია, მაგრამ ვიტყვი: ონისე ამბობს, - ეს არის მსახიობი, რომელსაც ჯერ არც ერთი როლი არ ჩაუგდიაო.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...დედაჩემს. ის ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მევლო. მეც დედა ვარ, მაგრამ ჩემს შვილებს იმდენს ვერ ვუკეთებ, რამდენიც თავის დროზე დედამ გამიკეთა. ამას ახლა უფრო მეტად ვაცნობიერებ.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ამ ტვინით და ამ გამოცდილებით? გაცილებით კარგად ვიქნებოდი, ვიდრე დღეს ვარ.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს შვილები, ვემსახურები საყვარელ საქმეს. სრული ბედნიერებისთვის სიყვარული მჭირდება.

- როცა შეყვარებული ვარ...

- ...ისედაც სულ მოღიმარი ვარ, მაგრამ ამ დროს თვალები განსხვავებულად მიბრწყინავს, დავფრინავ.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- შრომისმოყვარე ვარ.

- რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...გამბედაობა მაკლია.

- ვისურვებ...

- ...უფრო მეტად ძლიერი ვიყო. ზედმეტად ფრთხილი ადამიანი ვარ.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ყურადღებას არ ვაქცევ, ვივიწყებ. ერთი და იგივე შეცდომა ორჯერაც დამიშვია, მაგრამ სულ შეცდომებზე რომ ვიფიქრო, თავს დავიტანჯავ.

- დათმობა შემიძლია, თუ...

- ...ეს ჩემს ოჯახზე, შვილებზე ცუ­დად არ იმოქმედებს. ზოგადად, დამთმობი უფრო ვარ, ვიდრე - ჯიუტი.

- თავს ვერ ვიკავებ და ვტირი, როცა...

- ...ვერც კი ვიხსენებ, ბოლოს როდის ვიტირე. კარგ სპექტაკლს რომ ვნახავ, კარგად შესრულებულ სიმღერას რომ მოვუსმენ, თვალზე ცრემლი მადგება. მაშინაც ვტირი, როცა ჩემი და ჩემი მეგობრების შვილების წარმატების ამბავს ვიგებ. ჩემი მეგობრის შვილი - ლუკა ყვავილაშვილი "ნიჭიერში" რომ გამოვიდა, ვიტირე; მანანა კოზაკოვას შვილი რომ ცეკვავს, ცრემლებს ვერ ვიკავებ.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ვგრძნობ, მომავალი უკეთესი იქნება, ვიდრე დღევანდელი რეალობაა.

- ვიბნევი, როცა...

- ...რამე ისეთს მეკითხებიან, რაზეც პასუხი არ მაქვს. სცენაზე იშვი­ათად ვიბნევი, ტექსტიც არ მავიწყდება. მეასეჯერ რომ ვთამაშობდე, სპექტაკლის წინ "როლი" ყოველთვის ხელში მიჭირავს.

- ამ წუთში ძალიან მინდა...

- ...წონაში 10 კილოგრამით ნაკლები ვიყო.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...მატყუარა ადამიანს.

- მეზარება...

- ...დილით ადრე ადგომა. ძილი მიყვარს. შეიძლება იმიტომ, რომ გადავიღალე. საქმე და ვალდებულებები რომ არ მქონდეს, რამდენიმე წელი ვიძინებდი.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...კულინარი. მგონია, რაღაც ძალიან კარგი და გემრიელი გავაკეთე, მაგრამ...

- ცხოვრებას ვილამაზებ...

- ...მოგზაურობით. სადმე წასვლას თუ ვერ ვახერხებ, წარმოსახვით ვმოგზაურობ. წლების მანძილზე, თეატრიდან ბევრ ქვეყანაში ვიყავით გასტროლზე. ჩემი შვილი გერმანიაში სწავლობს და იქაც მიწევს ჩასვლა. წარმოსახვითი მოგზაურობა როგორია? - თვალებს დავხუჭავ და... სულ მინდოდა, საბერძნეთში შაბიამნისფერი ზღვა და მღვიმეები მენახა, საკუთარ თავს იქ ხშირად წარმოვიდგენდი. ერთ მშვენიერ დღეს კი ეს ყველაფერი რეალობად იქცა. ბავშვობიდან ოცნებად მქონდა გადაქცეული ნიუ-იორკის ცათამბჯენები მენახა და ეს სურვილიც ამისრულდა.

- ვეპრანჭები...

- ...ერთ ადამიანს, ოღ­ონდ გთხოვ, მასზე ნუ­რაფერს მკითხავ.

- კარგ ხასიათზე ჩემი დაყენება ყოველთვის შე­უძლიათ...

- ...მეგობრებს.

- ცხოვრებაში რისკზე...

- ...იშვიათად მივდივარ.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ძალიან მერიდება; იმდენად მერიდება, რომ ეს შეგრძნება სიხარულის გრძნობასაც კი მიკარგავს.

- მეშინია...

- ...ახლობლების დაკარგვის.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...ტელეფონს რომ ვერ ვპასუხობ. ის მეგობრები, რომლებიც ჩემი კოლეგები არ არიან, მსაყვედურობენ, - სულ დაგვეკარგეო.

- ვნანობ, რომ...

- ..."ადრე" დავიბადე. ცოტათი გვიან რომ დავბადებულიყავი, უკეთესი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ წარუმატებელი ბავშვი არ ვიყავი, "მზიურის" მესამე თაობაში ვმღეროდი, მაინც მგონია, რამდენიმე წლის შემდეგ რომ გავჩენილიყავი, გაცილებით მეტს მივაღწევდი, საზღვარგარეთ ვისწავლიდი და არც ის არის გამორიცხული, რომ კარიერა უცხო ქვეყანაში ამეწყო.

- ცრუმორწმუნე...

- ....არ ვარ.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ინგლისური ენა.

- რეჟისორი, რომელთან თანამშრომლობაზეც ვოცნებობ...

- ...ახლა ლევან წულაძესთან ვთანამშრომლობ და ეს ადამიანი ძალიან მიყვარს. სიამოვნებით დავბრუნდებოდი ძველ დროში და ჩარლი ჩაპლინთან ერთად ვითამაშებდი.

- ძალიან ბევრი ფუ­ლი რომ მქონდეს...

- ...შვილებთან ერთად ვიმოგზაურებდი, მსოფლიოს შემოვივლიდი.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...ღირსებას ვერანაირ თანხაზე ვერ გავყიდი.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ერთხელ ინსტიტუტში ლილი იოსელიანმა სტუდენტებს გვითხრა: ყოველთვის გახსოვდეთ, პირველ რიგში, უნდა იყო ადამიანი და შემდეგ - მსახიობიო.

- დაბოლოს...

- ...გისურვებთ, ახალი წელი თითოეული თქვენგანის ოჯახში ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს.

- ახალ წელს როგორ შეხვდი?

- დამდეგს ყოველთვის მშობლებთან და შვილებთან ერთად ვხვდებოდი. წელს გამონაკლისი მოხდა და მეგობრებთან: მანანასთან და ლევანთან ერთად შევხვდი. წულაძეების ოჯახში ახალი წელი მართლა დიდი დღესასწაულია, რომელსაც საჩუქრების გადაცემის რიტუალი მეტად სახალისოს და შთამბეჭდავს ხდის. ეს ნანახი არ მქონდა. მათი შვილი - თინათინი პრაღიდან ჩამოვიდა. საჩუქრები მე და ჩემმა შვილმაც მივიღეთ. ეს პატარა სპექტაკლი იყო, რომელიც არასდროს დამავიწყდება. მოგვიანებით, სხვა მსახიობებიც შემოგვიერთდნენ. ამ დღესასწაულის შემობრძანება ყველამ ერთად და მხიარულად აღვნიშნეთ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია