როგორ ახერხებს ქრისტინე იმედაძე ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფას

როგორ ახერხებს ქრისტინე იმედაძე ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფას

მომღერალი ქრისტინე იმედაძე ბევრს შრომობს, რომ ოჯახს არაფერი მოაკლოს. როგორც თავად ამბობს, მისი ყოველთვიური შემოსავალი ცოტა არ არის, მაგრამ მაინც უწევს იმაზე ფიქრი, თუ როგორ გადაანაწილოს ხელფასი ისე, რომ ვალის აღება არ დასჭირდეს.

- რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის, რომ მატერიალურად ძლიერი იყო?

- ფულის გარეშე უბრალოდ, არსებობა შეუძლებელია. ყველას სურს მაღალანაზღაურებადი სამსახურის შოვნა, რომელიც სამწუხაროდ, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის აუსრულებელ ოცნებად რჩება. ვიცი, რომ ბევრ ადამიანს პურის ფულის საშოვნელად არაადამიანური შრომა უწევს. სამწუხაროდ, ეს ჩვენი დღევანდელი რეალობაა.

- შენი აზრით, თვეში დაახლოებით რამდენი ლარია საჭირო იმისათვის, რომ ადამიანმა ნორმალურად იცხოვროს?

- ზოგადად, ადამიანს საარსებოდ ბევრი რამ სჭირდება. თუ ცხოვრობ ისე, რომ საკუთარ თავს ცოტა ხელგაშლილობის უფლებას აძლევ, მაშინ თვეში მინიმუმ, 5.000 ლარი დაგჭირდება (ისე კი გააჩნია, ოჯახი რამდენი წევრისგან შედგება ა.შ.), ასეთი შემოსავალი კი საქართველოში ძალიან ცოტას აქვს და ამიტომაც გვყავს გარშემო უამრავი გაჭირვებული ადამიანი. 5.000 ლარი კი არა, საზოგადოების ნაწილს თვეში მხოლოდ 300 ლარი აქვს შემოსავალი, ზოგიერთ ოჯახს კი ეს მცირედი თანხაც სანატრელი აქვს.

- ფულის დაგროვება უფრო გხიბლავს თუ მისი ხარჯვა?

- სიმართლე გითხრა, ფულს ვერასდროს ვაგროვებ, ამის ნებისყოფა არ გამაჩნია. ფულის ხარჯვა უფრო მხიბლავს, ვიდრე მისი შენახვა ან დაგროვება.

- და მაინც, ფულს სიამოვნებით რაში ხარჯავ?

- ფულს ყველაზე დიდი სიამოვნებით ოჯახის წევრებისთვის საჩუქრების შესაძენად ვხარჯავ. ძალიან მიხარია, როცა ირგვლივ მყოფებს სიურპრიზებით ვანებივრებ. თუ შემიძლია, რომ ახლობელი ადამიანი გავახარო და გავანებივრო, უკან არ დავიხევ... საკუთარი თავისთვის კი ყველაზე ხშირად ხელჩანთებსა და ფეხსაცმელებს ვყიდულობ. მიმაჩნია, რომ ადამიანს პირველ რიგში, კარგი ფეხსაცმელი უნდა ეცვას, სხვა დანარჩენი კი მეორეხარისხოვანი.

- თუ გახსოვს, პირველი ხელფასი ან ჰონორარი როდის აიღე?

- ზუსტად არ მახსოვს, ეს რამდენი წლის წინ იყო, მაგრამ ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, როცა პირველი ჰონორარი ავიღე. ამ ფაქტით ცხადია, ძალიან ბედნიერი ვიყავი.

- აღებული ჰონორარი რაში დახარჯე?

- მეგობრები ერთ-ერთ ბარში წავიყვანე. მახსოვს, ძალიან კმაყოფილი და თავდაჯერებული ვიყავი, რადგან საკუთარი შრომის შედეგად აღებულ ფულს ვხარჯავდი... უკვე წლებია, საკუთარ სურვილებს თავად ვიკმაყოფილებ და არავის არაფერს არ ვთხოვ. ვშრომობ იმისთვის, რომ მქონდეს ის, რაც მინდა, რაც მახარებს და მახალისებს.

- როცა ფინანსური პრობლემა გაქვს, დახმარებას ვის სთხოვ ხოლმე?

- მატერიალური კრიზის დროს, რა თქმა უნდა, ოჯახის წევრები მეხმარებიან... როგორც იცით, მყავს ერთი შვილი და დედა. მინდა, მათ ყველაფერი ჰქონდეთ და არასდროს არაფერი მოაკლდეთ. სხვათა შორის, შრომისმოყვარე ვარ.

- ხშირად ყოფილხარ თუ არა ისეთ სიტუაციაში, როცა საფულეში ლარიც არ გქონია?

- საბედნიეროდ, ასეთი რამ იშვიათად ხდება. თუმცა, ყოფილა პერიოდები, როცა ფული მართლა არ მქონდა. ასეთ დროს როგორ ვიქცევი? - სახლიდან არ გავდივარ. ქუჩაში უფულოდ გასვლას შინ ჯდომა მირჩევნია. სიმართლე გითხრათ, ვინმესთვის დახმარების თხოვნა ან ვალის აღება მიჭირს, მიუხედავად იმისა, რომ მყავს ისეთი მეგობრები და ახლობელი ადამიანები, რომლებიც ზუსტად ვიცი, ნებისმიერი პრობლემის დროს მხარში ამომიდგებიან.

- უფულობის დროს დეპრესიაში ხომ არ ვარდები?

- დეპრესიაში არ ვვარდები, მაგრამ უფულობა ჩემს გუნება-განწყობილებაზე აშკარად აისახება. როცა საფულეში გარკვეული თანხა გეგულება, ეს გარკვეულწილად, თავდაჯერებულობას გმატებს... ყოფილა შემთხვევა, როცა საკმაოდ მაღალი ჰონორარი ამიღია, მაგრამ ცოტაც და ბევრიც ორივე ერთნაირად მალე მეხარჯება ხოლმე.

- ანაზღაურების თვიდან თვემდე განაწილებას თუ ახერხებ?

- ვცდილობ, თანხა სწორად გავანაწილო, მაგრამ ეს ხან გამომდის, ხან - არა. ზოგჯერ, ფინანსური კრიზისის დროს დაუგეგმავ კონცერტში მონაწილეობა მშველის - ეს ხომ დამატებითი შემოსავალია!

- ახლობლები ფულის მფლანგველ ადამიანად მიგიჩნევენ თუ არა?

- მეუბნებიან, რომ მფლანგველი ვარ და მათ ამაში მეც ვეთანხმები. დიდი სურვილი მაქვს, ფულის ყაირათიანი ხარჯვა ვისწავლო, მაგრამ ჯერჯერობით, არ გამომდის (იცინის).

- ოდესმე ფული თუ გაგისესხებია?

- რა თქმა უნდა, გამისესხებია, მაგრამ თუ საშუალება მაქვს და ახლობელი ადამიანი გარკვეულ თანხას მთხოვს, მირჩევნია, კი არ ვასესხო, არამედ ვაჩუქო. მინდა, იმდენი ფული მქონდეს, რომ ყველას გავუწოდო დახმარების ხელი.

- დაგვისახელე საკუთარი შე­მოსავლით შეძენილი ყველაზე ძვირად ღირებული ნივთი.

- ბევრი რამ მაქვს შეძენილი, მაგრამ ამჯერად, სამკაულებს დავასახელებ.

- ავტომობილის მოვლასა და საწვავში ბევრი ფული გეხარჯება?

- სამწუხაროდ, ყველაზე მეტ ფულს სწორედ საწვავის შეძენასა და ავტომობილის მოვლაში ვხარჯავ. სიმართლე გითხრათ, ამ ყველაფერში ფულის ხარჯვა მენანება, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს - ავტომობილიც ხომ დიდ პატივს მცემს?!

- გქონია თუ არა შემთხვევა, როცა ფული დაგიკარგავს?

- სამწუხაროდ, ფული ბევრჯერ დამიკარგავს, პოვნით კი არასდროს არაფერი მიპოვია და არც - მომიგია (იცინის).

- თუ გაიხსენებ ყველაზე ძვირად ღირებულ ნივთს, რომელიც შენთვის უჩუქებიათ?

- ერთხელ მაჩუქეს ძვირად ღირებული საათი, მაგრამ ვინ მაჩუქა, ამას ვერ გეტყვით.

- აზარტული ხარ?

- ძალზე აზარტული ვარ, მაგრამ ფულზე არასოდეს მითამაშია.

- კაზინოშიც არასდროს ყოფილხარ?

- ვყოფილვარ, მაგრამ არ მითამაშია.

- შენს პატარა ტაისიას ყულაბა აქვს?

- კი, ყულაბა აქვს და დედიკოსგან განსხვავებით, ფულის მოგროვებასაც ახერხებს, შეგროვებულ თანხას კი საკუთარი სურვილისამებრ ხარჯავს.

- განვადებით თუ შეგიძენია რაიმე ნივთი?

- სხვათა შორის, განვადებით ბევრი რამ მაქვს შეძენილი. ჩემნაირი მფლანგველი ადამიანებისთვის განვადებით რაიმეს ყიდვა კარგი ვარიანტია. როცა ფულის შეგროვება არ შეგიძლია, იძულებული ხარ, ამ მომსახურებით ისარგებლო და შემდეგ ბანკის ვალი ნელ-ნელა დაფარო.

- შენთვის ძნელია ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფა?

- რა თქმა უნდა, ეს საქმე იოლი ნამდვილად არ არის. ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფა განსაკუთრებით რთულია მაშინ, როცა კონცერტები არ ტარდება. ისე კი, სტაბილური შემოსავალიც მაქვს - მოგეხსენებათ, რომ გადაცემა "სხვა შუადღეში"ვმუშაობ, სადაც ხელფასს მიხდიან და არა - ჰონორარს.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება