თინა მახარაძეს სიტყვა ბოზის მნიშვნელობა არ ესმის

თინა მახარაძეს სიტყვა ბოზის მნიშვნელობა არ ესმის

მსახიობი თინა მახარაძე ფართო საზოგადოებამ გაიცნო სერიალიდან ''გოგონა გარეუბნიდან'', რომელშიც თამუნას როლს თამაშობდა. სერიალის შემდეგ ბევრ საინტერესო საქმეს შეეჭიდა და დღესაც ძალიან დაკავებულია. რამდენიმე კვირის წინ დაბრუნდა პარიზიდან, სადაც დაასრულა მუშაობა ფრანგი რეჟისორის მიერ გადაღებულ ფილმზე ''თბილისი პატარა თეატრი''. ეს გახლავთ ერთ-ერთი ადამიანი იმ ჯგუფიდან, რომლის მიწვევითაც ნიუ-იორკში უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, ამერიკის ნაცვლად სასწავლებლად დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი ზემოხსენებული რეჟისორიც ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდა, შეხვდა თინას და შესთავაზა მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმში გადაღება, რომელშიც მისი პერსონაჟი ხსნის ფაბულას და მაყურებელს გმირებს აცნობს.

ამჟამად თინა მუშაობს სპექტაკლზე, რომელსაც გიორგი არაბული დგამს, დეტალების გამხელისგან კი თავი შეიკავა. მისი საქმიანობის ნუსხას 2 წლის წინ ხელნაკეთი ტანსაცმლისა და ნივთების სახელოსნო დაემატა, სადაც, როგორც თავად ამბობს, ხდება სამოსის მოხატვა. თავიდან ეს იყო უფრო ფერწერა ტანსაცმელზე, მაგრამ თანდათან გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე, მუშაობენ სამკაულებზე და ქმნიან ახალ ხაზს. თინას ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე ვესაუბრეთ.

- ქართველები ტრადიციების მიმდევარი და სტერეოტიპული ხალხი ვართ.…

- საშინლად სტერეოტიპული და ფუნდამენტალისტები ვართ ქართველები... ჩვენი პრობლემა არის უკიდეგანო ფანატიზმი, ჩვენ ვაფეტიშებთ ყველაფერს, რელიგიური საკითხებიდან დაწყებული, პოლიტიკური თემებითა და პირადი ინტერესებით გაგრძელებული, და ამას დასასრული არ აქვს. დღევანდელი საზოგადოება გამუდმებით ცხვირს ყოფს სხვის ცხოვრებაში, საქმეებში, პირად ინტერესებში და აქ ჩვენ არ გვაქვს კეთილი ნების ცნება. საქართველოში კეთილი ნების დეფიციტია, ყველა ცდილობს, მოგახვიოს თავისი აზრი, ჩაიჭრას შენს ცხოვრებაში. დიდი გულისტკივილით მინდა, ხაზი გავუსვა 17 მაისის ამბებს, სადაც 17-20 პირს ათიათასობით ადამიანმა აუკრძალა სიყვარული. სიყვარულის უფლების წინააღმდეგ გაილაშქრა სრულიად სამღვდელოებამ და ერმა, რაც, ჩემი აზრით, ძალიან სამარცხვინოა.

- თუმცა უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ დაპირისპირების მიზეზი არატრადიციული ურთიერთობები და სიყვარული იყო...

- რას ნიშნავს არატრადიციული და ტრადიციული სიყვარული. მე სიყვარულს არ ვყოფ დეფინიციებად – ტრადიციულად და არატრადიციულად, სიყვარული სიყვარულია და ყველას აქვს უფლება, უყვარდეს ის, ვინც უნდა. 17 მაისს ადამიანები აღლუმის ჩასატარებლად ნამდვილად არ შეკრებილან, იქ ჩემი ბევრი გეი და ჰეტერო მეგობარი იდგა და ზუსტად ვიცი, რომ აღლუმის იდეა თავში არავის მოსვლია. ეს იყო მცდელობა იმისა, რომ დაეფიქსირებინათ თავიანთი პოზიცია, რომ მათ აქვთ სიყვარულის, ქმედების უფლება და არიან სრულუფლებიანი ადამიანები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ერი და სამღვდელოება თავიანთი თავნებობითა და კეთილი ნების გაუთვალისწინებლობით, მათ წინ აღუდგნენ. ჩემი აზრით, ეს იმდენად ამაზრზენი სტერეოტიპია, რომ ზოგჯერ აქედან გაქცევა მინდება. ზღვარი თავისუფლებასა და ამორალურობას შორის გადის იქ, სადაც ადამიანი არღვევს სხვის პირად სივრცეს. ამ შემთხვევაში კი ერი და სამღვდელოება შეიჭრა ოცკაციანი ჯგუფის პირად სივრცეში, რაც დამანგრეველია. სამწუხაროა, რომ ჩვენი ერი აფანატებს დოგმებზე, გაუნათლებლობის გამო ბევრს არ აქვს საკუთარი აზრი და ამ დროს ნებისმიერ იერარქიულ საფეხურზე მდგომმა მღვდელმა რაც უნდა თქვას, უსიტყვოდ ემორჩილებიან...

- ეს ალბათ იმიტომ, რომ ჩვენი რელიგია მორჩილებას მოითხოვს.

- ჩვენი რელიგია ყველაზე ჰუმანური რელიგიაა. მე არ ვარ რელიგიური, მე ვარ მორწმუნე, მწამს ღმერთის და არა სასულიერო იერარქიული საფეხურებიდან წამოსული დოგმების. როცა სასულიერო პირი მოიხმარს ფუფუნების საგნებს და მე მიქადაგებს საპირისპიროს, ეს ნორმალურია?! მე უმეტესწილად არ დავდივარ ეკლესიაში მაშინ, როცა აღევლინება წირვა-ლოცვა, რადგან იქ შეკრებილი ბევრი ფარისეველი გამაღიზიანებელია ჩემთვის, ამიტომ ეკლესიაში მივდივარ მაშინ, როცა მინდა გალობის მოსმენა, მაშინ, როცა ეკლესია არის თითქმის ცარიელი და მაქვს სურვილი, მარტო დავრჩე საკუთარ თავთან. ამ დროს კი, როცა ვიღაც აბსურდულ შენიშვნას მაძლევს, მაპატიეთ, მაგრამ არაა მისაღები. არ მინდა იფიქროთ, რომ ვაკნინებ სასულიერო პირის სტატუსს ან რანგს, დიდ პატივს ვცემ ადამიანს, რომელიც არის ღირსეული - იქნება ეს მღვდელი, პოლიტიკოსი თუ მებაღე. იმდენად მორწმუნე ვარ, რამდენადაც მწამს ღმერთის, რელიგია ჩემთვის კი ისეთივე რაღაცაა, როგორიც პოლიტიკა, დოგმატების მიხედვით ათამაშებენ ადამიანებს და ამის არ მწამს. ჩემი პირველწყარო არის სახარება და ვერავინ მეტყვის, რომ იქ წერია, დაარტყი ადამიანს, რომელსაც აქვს განსხვავებული შეხედულება, რა საკითხსაც უნდა უკავშირდებოდეს ეს.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება