რევოლუციაზე შეყვარებული თვითდასაქმებული მომღერალი

რევოლუციაზე შეყვარებული თვითდასაქმებული მომღერალი

ვისაც მეტროსადგურ "ტექნიკური უნივერსიტეტის" მიწისქვეშა გადასასვლელში გაუვლია, აუცილებლად შეამჩნევდა ჟღალთმიან ახალგაზრდა მუსიკოსს, რომელიც გიტარაზე ვირტუოზულად უკრავს და მღერის. როგორც 35 წლის დიმიტრი ცეცხლაძე ამბობს, - მისთვის ქუჩის მუსიკოსობა სამსახურივით არის. ის ოჯახს ამ საქმით არჩენს. თუმცა, დიდი გეგმებიც აქვს; მალე საერთაშორისო კონკურსებში აპირებს მონაწილეობას. ის არა მარტო კარგი მუსიკოსია, არამედ საინტერესო მოსაუბრეც აღმოჩნდა.

- დიმიტრი, როგორ გახდი ქუჩის მუსიკოსი?

- წარმოშობით ოზურგეთიდან ვარ. გიტარაზე დაკვრა 12 წლის ასაკიდან დავიწყე. თავდაპირველად კონსერვატორიასთან არსებულ ათწლედში, კლასიკური გიტარის განხრით ვსწავლობდი, შემდეგ კი საკომპოზიტორო კურსი გავიარე. ანდერგრაუნდის მუსიკა ამ ეტაპზე უფრო საინტერესოა ჩემთვის, ვიდრე ესტრადაზე დგომა. თან, მიწისქვეშა გადასასვლელში მუშაობა ოჯახის რჩენის საშუალებას იძლევა. სახლში მეუღლე და ერთი შვილი მყავს.

- დღეში რამდენი საათი მუშაობ იმისთვის, რომ ოჯახის სარჩენად საკმარისი თანხა მოაგროვო? შენს მსმენელებზე რას იტყვი?

- უკვე 4 წელია, ამ მიწისქვეშა გადასასვლელში ვმუშაობ. დღეში 8-9 საათი ვუკრავ და ვმღერი. რეპერტუარში რა თქმა უნდა, გემოვნებიანი მუსიკა მაქვს. "ბითლზების", "რედიოჰედის", "პინკ ფლოიდის", "დორსის", "როლინგ სტოუნსის" და ბობ დილანის რეპერტუარს ვასრულებ. დღეში 20-25 ლარი მიგროვდება. რაც შეეხება მსმენელებს: მათ შორის უცხოელებიც არიან. ისინი ცოტა ხნით ჩერდებიან. დაელოდებიან, როდის დავასრულებ სიმღერას, მერე ტაშს დამიკრავენ და თუ საშუალება აქვთ, ცოტაოდენ ფულსაც ტოვებენ.

- აბეზარი გამვლელები ხელს ხომ არ გიშლიან?

- ამ ბოლო დროს "ვარავსკოი" (ქურდული) სიმღერების შესრულებას მთხოვენ, მაგრამ ასეთებს არ ვმღერი. რა ვქნა, ჩემი პრინციპები მაქვს და ასეთ რაღაცებზე ვერ "გავპრასტიტუტკდები".

- საქართველოში უამრავი მუსიკალური კონკურსი ტარდება. ასევე, უხვადაა სატელევიზიო შოუები. ასეთ პროექტებში მონაწილეობა არ გიცდია?

- ვაღიარებ, რომ დავუშვი შეცდომა და ორ-სამჯერ მივიღე მსგავს სატელევიზიო კონკურსში მონაწილეობა. გავიარე რამდენიმე ტური და საქმე სატელევიზიო ჩაწერებამდე რომ მივიდა, პროდიუსერებმა მომთხოვეს, რომ გამარჯვების აღსანიშნავად, ტელეკამერების წინ საკუთარი ემოციები გამომეხატა. სიყალბე და ცრუ ემოციები მაღიზიანებს. ასე რომ მოვქცეულიყავი, საკუთარ თავთან არ ვიქნებოდი მართალი. რა ვქნა, ვერ ვითამაშე გამარჯვებული მუსიკოსის როლი. ამიტომაც, გვერდზე გავდექი. ეს ჩემი აზრით, შემოქმედებითი პროსტიტუცია იქნებოდა. ჭეშმარიტი ხელოვანი შეიძლება, დღეს არ ბრწყინავდეს, მაგრამ მისი დროც მოვა, ადრე თუ გვიან, აუცილებლად აღიარებენ. თითოეულმა ადამიანმა და მით უფრო, ხელოვანმა ინდივიდუალობა და საკუთარი სახე არ უნდა დაკარგოს. სამწუხაროდ, საქართველოში ხელოვანს სიკვდილის შემდეგ აღიარებენ.

- საქართველოში გემოვნებიან მუსიკოსად ვის მიიჩნევ?

- საბედნიეროდ, არიან ნიჭიერი მუსიკოსები, მაგრამ არ ჩანან. დღეს უგემოვნო მუსიკის ბუმია. როგორ შეიძლება, კომპოზიტორმა დღეში 7-8 კომპოზიცია შექმნას? ასეთმა "ზაკაზებმა" დაღუპა ქართული ხელოვნება და სავალალო დღეში ვართ. მე პატივს ვცემ უფროსი თაობის მუსიკოსებსა და ხელოვნებათმცოდნეებს. აი, ვინც ტელეეკრანზე ხშირად ჩანს, მათი არ მჯერა. ასეთმა პოპულისტობამ და ეკრანზე ყოველდღიურად გამოჩენამ მათ ავტორიტეტს საფრთხე შეუქმნა, ამით გაიუფასურეს თავი; პოპულისტობენ და უგემოვნო მუსიკას ასხამენ ხოტბას.

- მიუხედავად იმისა, რომ 8-9 საათს ქუჩაში ატარებ, საკუთარი თავის რეალიზაციას მაინც ახერხებ...

- აქტიურად ვმუშაობ თანამედროვე კლასიკურ საფორტეპიანო ნაწარმოებებზე. უკვე სერიოზული მასალა დამიგროვდა. ჩემი შექმნილი კომპოზიციები გაგზავნილი მაქვს ავსტრიასა და საფრანგეთში, სადაც საერთაშორისო საფორტეპიანო ნაწარმოებების კონკურსები გაიმართება.

- როგორ დაახასიათებ საკუთარ თავს?

- პოსტმოდერნისტი და მეამბოხე ვარ! ძალიან მიყვარს რევოლუციები ანუ რევოლუციების მოხდენა საკუთარ თავში. აუცილებელია, ქართველმა ერმა მოახდინოს საკუთარ თავში ტრან­სფორმაცია, რათა დავძლიოთ ის კლიშეები და მანკიერებები, რაც წლების განმავლობაში დაგვიგროვდა. შინაგანი თავისუფლება გვაკლია და ეს ჩვენი ერისთვის დიდი უბედურებაა. შინაგანი და სექსუალური რევოლუციები ევროპამ და ამერიკამ გასული საუკუნის სამოცდა­ათიან წლებში გაიარა და დალაგდა მსოფლიო საზოგადოების დიდი ნაწილი. ვფიქრობ, ასეთი რამ ჩვენთვისაც აუცილებელია.

- რას ნიშნავს შინაგანი თავისუფლება და რევოლუცია შენთვის?

- ამის ახსნა ძალიან მარტივია, მაგრამ უმჯობესია, ადამიანი ამას თავად მიხვდეს და ეს რევოლუცია დამოუკიდებლად, ყოველგვარი მითითების გარეშე განიცადოს ანუ უნდა იყოს თავისუფალი და ეს თავისუფლება მოაქციოს კანონმდებლობის ფარგლებში. რეალურად კი, ჩვენს საზოგადოებაში რა ხდება? ვიტანჯებით კომპლექსებით. ბევრს ვფიქრობთ იმაზე, თუ რას იტყვის სხვა და ამის გამო ვერ და არ ვართ არჩევანის გამკეთებლები, თავისუფლებისკენ ნაბიჯს ვერ ვდგამთ. მოვა დრო და საქართველოში ასეთი რევოლუცია აუცილებლად მოხდება.

- და ეს ნაბიჯი როგორ უნდა გადაიდგას?

- თითოეული ჩვენგანი უნდა გაბრაზდეს არსებულ ვითარებაზე და იმ სოციუმზე, სადაც უწევს ცხოვრება. უნდა გაბრაზდნენ საკუთარ თავზე და ინდივიდუალურად დაიწყონ თავისუფალი საზოგადოებრივი ინსტიტუტის ჩამოყალიბება. ვიმეორებ, - არა სხვისი მიმბაძველობით, არამედ ინდივიდუალურად. ერთი ჭკვიანი ადამიანის გამონათქვამს მოვიშველიებ: "თუ ხედავ შენი ფანჯრიდან ნაგავს, მაშინ ჩადი და დაალაგე ქუჩა. როგორც ჩანს, სხვისი ფანჯრიდან ეს ნაგავი არ მოჩანს". ალბათ დამეთანხებით, ნაგავი ნაგვის ურნაში უნდა იყოს.

- მაინც როდის აპირებ, შენმა შემოქმედებამ მზის სხივი იხილოს და მიწისქვეშა გადასასვლელიდან ამოხვიდე?

- რამდენჯერმე ვცადე ბარებში დამეკრა, მაგრამ ეს მაინც არასტაბილური შემოსავალია. ქუჩაში საარსებო ფულს ვშოულობ, სახლში, პიანინოსთან კი თანამედროვე კლასიკურ კომპოზიციებს ვქმნი. მუზას იცი, რას შევადარებ? ხის ნაჭერს, რომლისგანაც ან კოვზი უნდა გამოთალო, ან ჩუქურთმა გააკეთო. მირჩევნია, მუზისგან ჩუქურთმა შევქმნა და ეს გემოვნებიანმა მსმენელმა შეაფასოს. ამას კი დროს სჭირდება. ხომ იცი, ნაუცბათევი არაფერი ვარგა.

გიორგი ბერიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება