"ოჯახიც დამენგრა და ხალხმაც გადამიარა" - მარინა ბერიძე ქმარს დაშორდა

"ოჯახიც დამენგრა და ხალხმაც გადამიარა" - მარინა ბერიძე ქმარს დაშორდა

როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი, მარინა ბერიძე ამბობს, რომ ცხოვრებაში მძიმე პერიოდი დაუდგა, - წელიწად-ნახევარია, საზოგადოების გარკვეული ჯგუფი პერიოდულად უპირისპირდება და მუდმივად რაღაცას ედავება. ყველაზე მათავარი ის არის, რომ ეს ყველაფერი მის პირად ცხოვრებაში ყველაზე მძიმე პერიოდს დაემთხვა - 65 წლის ასაკში ოჯახი დაენგრა...

- რითი ხსნით იმას, რომ ადამიანები გამუდმებით გიპირისპირდებიან, რაღაცას გედავებიან და უარყოფით კონტექსტში მოგიხსენიებენ? პირში მთქმელი ქალბატონი კი ხართ, მაგრამ მხოლოდ ეს მიგაჩნიათ ამ ყველაფრის მიზეზად?

- ამაზე მეც ბევრს ვფიქრობ, თუ რა განაპირობებს ჩემზე ადამიანების ასეთ თავდასხმას. საერთოდ, მშვიდად არასდროს მიცხოვრია, მაგრამ ბოლო პერიოდში ჩემ წინააღმდეგ ეს ტალღა უკვე რამდენჯერმე აგორდა. თავიდან ვიფიქრე, რაღაც ინტრიგაა, მოსწყინდებათ და გადაივლის-მეთქი. მაგრამ ასე არ მოხდა. ბოლო წელიწად-ნახევრის მანძილზე პერიოდულად, მიზანმიმართულად ჩემი ანტიპიარი იწყება. როგორც ჩანს, ამით ვიღაც ცხოვრობს, ეს მოსწონს. ხომ ამბობენ, შავი პიარიც პიარიაო, მაგრამ არ მივეკუთვნები იმ კატეგორიის ადამიანებს და არც იმ ასაკში ვარ, რომ ასე მუდმივად ყურადღების ცენტრში მოვექცე. ძალიან შევწუხდი, მაგრამ ამ ყველაფერს ახსნას ვერ ვუძებნი. მედავებიან, რომ ბოლო 20 წელია, ვიღაცებს ვბლოკავ. ეს სასაცილოა. ამას რომ ამბობ, რაღაც არგუმენტი ხომ უნდა გქონდეს? მარინა ბერიძემ თქვა, ვიღაც არ მომწონსო. ეს არგუმენტია? მერე რა, რომ ვთქვი. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს... მოკლედ, ფაქტია, რომ ჩემ წინააღმდეგ რაღაც ხდება, ვიღაც მიზანმიმართულად მუშაობს...

- და როგორ გგონიათ, რა ხდება?

- ჩემი აზრით, ვიღაცას უნდა, რომ მორალურადაც გამანადგუროს...

- ფიქრობთ, რომ ამას მიზანმიმართულად აკეთებენ?

- კი, ასეა. იმიტომ კი არ ხდება, რომ ვთქვათ, უსამსახუროდ დავრჩე. მერე რა, შეიძლება ასეც მოხდეს. საქმეს რასაც ვაკეთებ, მაინც გავაგრძელებ და უსამსახუროდ დარჩენილი არ გავჩერდები.  უმუშევარსაც ბევრი რამ გამიკეთებია. უბრალოდ, უნდათ, რომ იმ წერტილამდე მიმიყვანონ, რომ როგორც ვთქვი, მორალურად გამანადგურონ. ამ ყველაფრის უკან ადამიანების გარკვეული ჯგუფი დგას.

- ისიც ითქვა, რომ მარინა ბერიძეს რაღაც ფინანსურ მაქინაციებთანაც ჰქონდა საქმეო?

- ჰო, ვიღაც უფლებადამცველი, "ენჯეოშნიკი" გამოვიდა და ამბობდა, რომ რაღაც ფინანსურ მაქინაციებშიც ვარ თურმე გარეული... არადა, ფინანსებთან არასდროს მქონია შეხება.

რაც მომიწყვეს, იმით რომ ვერ მომსპეს, ჩემთან შეჭიდება ახლა ასე გადაწყვიტეს. როგორც იტყვიან, "ენას ძვალი არ აქვსო". ბოლო დროს ხომ მოდური გახდა, - ნებისმიერ ადამიანზე რასაც უნდა, იმას ამბობენ ისე, რომ მთქმელი არ ისჯება.

- ამა თუ იმ პიროვნებას სათქმელს, შელამაზების გარეშე თქვენც ეუბნებით. ამ თქვენი ხისტი ხასიათის გამო ხომ არ გიპირისპირდებიან? და ამ კუთხით რამეს ხომ არ ნანობთ?

- არ შემიძლია, ცუდზე კარგის თქმა. ეს ჩემი ბუნებაა... ბოლო დროს ასეთი ტენდენციაც დამკვიდრდა, რომ ტელეგადაცემებში, გასართობ შოუებში ყველას და ყველაფერს დადებითად აფასებენ. ალბათ, ეს მომგებიანია, არ ვიცი...

- ტელეეკრანზე, გასართობ შოუებში კი ესიყვარულებიან ერთმანეთს, მაგრამ მერე სოციალურ ქსელში გვარიანად ლანძღავენ... ორი უკიდურესობაა.

- კი, ეს მართლაც საოცარი რამ არის. ინტერნეტში საშინელებებს წერენ და როგორც კი თითოეულ მათგანს კამერასთან დააყენებთ, სიტუაცია სასწარაფოდ იცვლება. ინტერნეტში არ ვაქტიურობ, მაგრამ როდესაც ვინმე ჩემთან მიკროფონითა და კამერით მოვა და ამა თუ იმ საკითხზე აზრს მკითხავს, ვუპასუხებ, იმ ადამიანს თვალებში ხომ უნდა შევხედო?

- თვალში შევხედოო, - აღნიშნავთ. ისე, ისინი, ვინც თქვენ წინააღმდეგ გამოდიან, პირისპირ თუ გინახავთ. საყვედურები პირადად მათგან არ მოგისმენიათ?

- თვალით არავინ მინახავს, არავის შევხვედრივარ. ჩემთვის არაფერი უთქვამთ. შორიდან კი ხელაღებით მლანძღავენ. როგორც ჩანს, მათ ძალიან ვადარდებ და ვაღელვებ... ისე, რაში აინტერესებთ ჩემი აზრი, ვისზე რას ვიტყვი და ვიღაც მომწონს თუ არა?

მოკლედ, უკვე წელიწად-ნახევარია საოცარი წნეხის ქვეშ ვიმყოფები (მას მერე, რაც მთავრობა შეიცვალა). მერე იმასაც ამბობენ, რომ "ნაციონალების" მხარდამჭერი ვიყავი. ის გაარკვიონ შევარდნაძის დროს სად ვმუშაობდი...

- სად მუშაობდით?

- კონსერვატორიაში და შემდეგ საპროდიუსერო კომპანია "არტ-იმედის" გენერალური მუსიკალური პროდიუსერი გახლდით.

- კონსერვატორიის პერიოდში არ გიცნობდით და თქვენი "არტ-იმედის" პროდიუსერობა კი მახსოვს.…

- ხომ გახსოვთ, მოკლედ, უსაქმურად არასდროს ვყოფილვარ... 25 წელი კონსერვატორიაში ვიმუშავე...

- იმასაც გსაყვედურობენ, რომ მუსიკოსია და ვერ მღერის და ვერც უკრავსო...

- ჯერ ერთი, როდესაც კარგად ვუკრავდი და დიდი კარიერა მქონდა, ვინც მებრძვის, მათგან ზოგი დაბადებულიც არ იყო. ავიწყდებათ, რამდენი წლის ვარ. მაგრამ ცხოვრებაა ასეთი და რა ვქნათ? მერე პროფესია იმიტომ არ ამირჩევია, რომ მარტა არგერიხივით (არგენტინელი პიანისტი) ან ელისო ვირსალაძესავით დამეკრა, ეს ერთეულთა ხვედრია. ამიტომ არც არაფერს ვამტკიცებ, ჩემთვის, მოკრძალებულად, ბევრი წლის წინ კარგი კონცერტმეისტერი ვიყავი. პიანისტობას რომ თავი დავანებე, მუსიკალური პროდიუსერი გავხდი. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მუსიკალური პროდიუსერობა იმას ნიშნავს, რომ პროდიუსერი უნდა მღეროდეს და უკრავდეს, სცდება და სირცხვილია. არ შეიძლება კარგი კომპოზიტორი, მომღერალი, პიანისტი პარალელურად პროდიუსერიც იყოს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პროდიუსერობა დიდი შრომას გულისხმობს და ამ საქმიანობით ადამიანები მას მერე კავდებიან, რაც თავიანთი სურვილით, პროფესიულ კარიერას ასრულებენ. იშვიათია, რომ თავიდანვე ვინმე პროდიუსერი იყოს.

- მოკლედ, ამ ყველაფერთან ერთად, თურმე ოჯახიც დაგენგრათ. როგორც ვიცი, თქვენ და თქვენი უკვე ყოფილი მეუღლე თანაკლასელები ხართ. ალბათ ძნელია, როდესაც ადამიანს ოჯახი 65 წლის ასაკში ენგრევა. არადა, ადრე თქვენი ოჯახის შესახებ, მხოლოდ კარგი მსმენია...

- პირად ცხოვრებაზე არასდროს ვლაპარაკობდი და არც ახლა ვაპირებ საჯაროდ საუბარს, რადგანაც მიმაჩნია, რომ სახლი - სახლია და სამსახური - სამსახური. იმაზე, რაც დამემართა, რთულია ლაპარაკი. დაე, ყველამ თავისით გააკეთოს ანალიზი. მაგრამ გული მწყდება, რომ ჯგუფი, რომელიც დამიპირისპირდა, კარგად იყო ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რაც ხდებოდა ჩემს თავს ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში (პირადს ვგულისხმობ). "წაქცეულს არ ურტყამენო", - ხომ გაგიგონიათ, თუმცა მე გადამაბიჯეს და გადამიარეს! მაინცდამაინც ჩემთვის ურთულეს პერიოდში დამარტყეს. ისეთი ეტაპი მქონდა, როცა ლაპარაკის თავიც არ მქონდა, ყველაფერი მტკიოდა, ყველაფერი მძაფრად მეჩვენებოდა და ხომ გეუბნებით, ზუსტად მაგ დროს ადამიანების ჯგუფმა გამიმეტა... მოკლედ, სახლშიც და გარეთ ერთნაირად დამიპირისპირდნენ... ქალებისგან არ მიკვირს, კაცებიც რომ იყვნენ ამ საქმეში გარეულები, ის გამიკვირდა. ეს ჩემთვის მიუღებელია. თან, ისე მიშვებდნენ ციხეში, თვალსაც არ ახამხამებდნენ. თურმე ბოლო 20 წლის განმავლობაში შემოქმედ ადამიანებს ვბლოკავდი და მორალურ ზიანს ვაყენებდი მომღერლებს, ნიჭს ვთრგუნავდი... ამასობაში ჩემი გამოზრდილი ახალგაზრდა მუსიკოსები მღერიან ყველგან, ტელეპროექტი არ არსებობს, მონაწილეობა არ მიიღონ, "ევროვიზიაზე" არ გაემგზავრონ, უცხოეთში არ გამართონ გასტროლები. შეიქმნა საოცარი ჯაზკვინტეტი, 5 გრანპრი აიღეს (სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოიტანეს). სისულელეა ახლა იმაზე ლაპარაკი, რა გამიკეთებია. თავი ვიმართლო? არ არის ასე საქმე...

- თქვენს პირად ცხოვრებას რომ დავუბრუნდეთ, იქნებ გაყრის პროცესი თუნდაც ასაკის გათვალისწინებით, შეგეჩერებინათ და იმ ყველაფრისთვის გასაქანი არ მიგეცათ?

- ალბათ არის რაღაც, რისი შეჩერებაც არ შეიძლება. მიყვარს თავისუფლება და ამას ვერც სხვას ავუკრძალავ. როდესაც ადამიანს უნდა სადღაც წასვლა, უნდა გაუშვა, ამის საშუალება უნდა მისცე და თან, აუცილებლად კარგად უნდა გაუშვა. ასე რომ, ჩემი ბევრი წლის ტრაბახი, რომ არაჩვეულებრივი ოჯახი მქონდა, ასე დამთავრდა... ვნახოთ, კარიერა როგორ დასრულდება. მაგრამ ერთი ვიცი, რომ იმის იმედს ვერავის მივცემ, რომ პირად ცხოვრებაში რაიმე საინტერესო გაგრძელდება, მაგრამ კარიერას რომ არ დავასრულებ, ამის პირობას მივცემ...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება