თეონა კონტრიძე: "რუსი მამაკაცი ქართველზე უკეთესია ჩემთვის"

თეონა კონტრიძე: "რუსი მამაკაცი ქართველზე უკეთესია ჩემთვის"

ჩვენი რესპოდენტი ეპატაჟური მუსიკოსი თეონა კონტრიძეა. თეონას რუსეთში წარმატებული კარიერა აქვს. საქართველოში რამდენიმე თვის წინ, ნოე სულაბერიძის მოწვევით ჩამოვიდა და პროექტის, "ორი ვარსკვლავის" ჟიურის წევრი გახდა.

- თეონა, ვიცი რომ ეს სამი თვე ყოველ კვირას გიწევდა რუსეთში წასვლა, "ორი ვარსკვლავისთვის" კი ისევ თბილისში ბრუნდებოდი, რთული იყო ამ გრაფიკში ცხოვრება?

- ჩემთვის ისეთი ორგანულია ფრენა, მეგონა ამ რიტმს გავუძლებდი, მაგრამ დავიღალე, 3 დღე მოსკოვში ვიყავი, 4 დღე - თბილისში. ბოლო ერთი თვე გაუსაძლისი იყო, მოსკოვში მინდოდა, ბავშვებთან, სახლში და საერთოდ ქუჩაში გამოსვლა აღარ მინდოდა. თან მოგეხსენებათ, საქართველოში ნეგატივთან შერკინებას ნერვები სჭირდება. ამისთვის მზად არ ვიყავი. ყველას ვუყვარვარ მოსკოვში. 21 წელია არ ვცხოვრობ საქართველოში და არ ვიცოდი, რა დამხვდებოდა. მზად ვიყავი იმისთვის, რომ 99 კარგი იქნებოდა და 1 ცუდი, მაგრამ ასე არ ყოფილა. პირდაპირობა თურმე დიდი დეფიციტი ყოფილა, აუცილებელია პირდაპირობა, უზრდელობაში არ გადადოდეს, მაგრამ შენი აზრის დაფიქსირება უნდა შეგეძლოს. მე ჩემი პროფესიონალიზმის გამო ვიყავი მოწვეული პროექტში. არ შეიძლება აღმიქვა მხოლოდ პიროვნება, რომელიც ეპატაჟს ეძებს. იმდენი რამე გავაკეთე, როგორც მუსიკოსმა და პიროვნებამ, მე ეპატაჟი არ მჭირდება. არ ვეძებ ეპატაჟს ქვეყანაში, სადაც ეს არ მოიტანს დივიდენდს. პიარი პიარისთვის ჩემთვის უაზროა, თუ პიარს ფული არ მოაქვს, უინტერესოა ჩემთვის.

- შენს მიერ გაკეთებული განცხადებებიდან, მახსენდება ქართლის დედაზე გაკეთებული შეფასება..

- ეგ ფრაზა კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი რეკლამისთვის. გამაკვირვა ხალხის რეაქციამ, ვინც გადაცემა არც ნახა და ამ ფრაზაზე გახურდა. მე ვთვლი, ამ ფრაზაში არ იყო ექსტრიმი, ჩემი მოგონილი არ არის ეს ფრაზა. უკვე 25 წელია საქართველოში ქალებმა იმარჯვეს და კაცები წამოკოტრიალდნენ ტახტზე. მე ვხედვ რუსეთში, გზაზე, რესტორნებში დასაქმებულ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ კაცებს, მაგრამ ქართველი კაცი არ მინახავს. ქართველ კაცია ზარმაცია, ურჩევნია თვითონ წამოკოტრიალდეს და ცოლი გაუშვას სამუშაოდ. საბჭოთა კავშირის მერე, როგორი სუსტიც არ უნდა ყოფილიყო მამაკაცი, ოჯახი მისგან კულტს ქმნიდა და ყველას სჯეროდა, რომ ეს იყო ნახევრად ღმერთი. კერპთაყვანისმცემლობაა საქართველოში კაცის მიმართ. დედა, ბებია და ეს მემკვიდრეობა ცოლს რჩება და საწყალი ცოლი ცხოვრების ბოლომდე ამაზე "პახაობს". მე არ ვთვლი, რომ ბიჭმა უნდა დარეცხოს ჭურჭელი, ეს არ არის ლამაზი. მაგრამ როდესაც სამსახურიდან დაღლილი მოვდივარ, არასოდეს არ მხვდება ჭურჭელი გასარეცხი, ჩემი ქმარი ამას ისე გააკეთებს, თხოვნაც არ დასჭირდება. მეც დავაყენებ ახალ ნათურას, თუ ქმარი სახლში არ არის.

- რითი სჯობია რუსი კაცი ქართველს?

- რუსი ქართველზე უკეთესია ჩემთვის. როცა კარტოფილს შეუწვავ, მადლობას გეუბნება. ქართველ მამაკაცს, როცა მეუღლის გაუფრთხილებლად მოჰყავს 30 კაცი სახლში, ამაზე მადლობას არ გეტყვის, რადგან ასე აკეთებდა მამაც, ბაბუაც. ეს არის ნორმა, ქალი დაღლილი უნდა იყოს. მამაჩემი მოვიდოდა სახლში მეგობრებით, არავინ არ ეკითხებოდა, დედაჩემს ეს უნდოდა თუ არა და იშლებოდა დიდი სუფრა. შემოვიდოდა ჩემს ოთახში ღამის 4 საათზე, 7 წლის ბავშვს გამაღვიძებდა და მენდელსონის დაკვრას მთხოვდა, მეც ზომბივით ვუკრავდი.

- მკაცრი დედა ხარ?

- არ ვარ მკაცრი. ახლა ბავშვები საქართველოში მყავს, ორი თვით აქ დავრჩებით. კარგი დედა ვარ, თუ ცუდი, მე ვერ ვიტყვი. ყველაზე კარგი მაგალითი არის შენი მაგალითი. როცა დედ-მამა ჰარმონიაში არის, ბავშვიც არ არის ანტაგონისტი, მე და ჩემი მეუღლე ვიცავთ ეთიკის ნორმებს და ბავშვებიც ამას ხედავენ. ჩემი შვილები ყველა იმ ბავშვთან შედარებით, ვინც ამ წლების მანძილზე შემხვედრია საქართველოში, ასი თავით ზევით არიან, განათლებით, მეტყველებით, ზრდილობით და ა.შ. მყავს მეგობარი თაკო ბასილია, რომელსაც 3 არაჩვეულებრივად აღზდრილი ბავშვი ჰყავს. არც ერთი ღამე არ მახსოვს წიგნი გარეშე დავიძინოთ. ჩემი შვილი ვინმეს რომ დაეჯახოს, მოუბრუნდება და ბოდიშს მოუხდის. რესტორანში ბავშვი დამეტაკა, გადამიარა და მშობელმა შენიშვნაც არ მისცა, ეს ბავშვი რომ გაიზრდება მანქანთ გადაუვლის მერე ვიღაცას.

- გასულ წლებში არასდროს ყოფილხარ მოწვეული საქართველოში, სწორად მიგაჩნია რუსეთში მოღვაწეობის გამო, რომ არ გიწვევდნენ?

- 70 % ვარ რუსულენოვანი არტისტი, რადგან რუსეთში ჩამოვყალიბდი. რადგან საქართველოს და რუსეთს შორის დაიძაბა ურთიერთობა, ის 9 წელი აქ არავის მოვუწვევივარ, ერთხელ მქონდა ასეთი მოწვევა, მაგრამ ვუთხარი ორგანიზატორებს, რომ რუსულენოვანი იყო ჩემი რეპერტუარის დიდი ნაწილი და კონცერტი არ შედგა. სახელმწიფოს აქვს განვითარების საკუთარი გეგმა. მე იმ ქართველებისგან განსხვავებით, ვინც პრეზიდენტს ასწავლიან პოლიტიკოსობას, არ ვთვლი, ცხვირი უნდა ჩავყო პოლიტიკაში. მიუხედავად იმისა, რომ ვთვლი, ენა არ უნდა იჩაგრებოდეს პოლიტიკური ვითარების გამო, მიმაჩნია რომ ეს სწორი პოზიცია იყო. რუსული პუტინის გარდა ჩეხოვის, გოგოლის, რახმანინოვის, სახაროვის ენაა. რუსულ ენას პუტინის ენად არ აღვიქვამ. მე არასდროს არ ჩავიცმევ რუსული დესანტის ფორმას და არ ვიმღერებ ყირიმში. როცა აფხაზეთი და ოსეთი ჩვენი აღარ არის. ეს არის პროსტიტუციის უმაღლესი ფორმა.

- ასეთი წარმოგედგინა გარემო საქართველოში?

- ჩემს გარშემო ბევრი გაჭირვებულია, ვისაც შემიძლია გვერდით ვუდგავარ. მულტიმილიონერი რომ ვიყო, ყველას ფეხზე დავაყენებდი. გაჭირვების მიუხედავად, კეთილმოსურნეობა არ დაუკარგავთ. დამშეულია და არარეალიზებულია ხალხი, რომ ხედავენ ჩემნაირ მოკაშკაშე ადამიანს, გიჟდებიან. მეც მიკვირს, ასე რომ ვკაშკაშებ. მეც ბევრი გაჭირვება მაქვს გავლილი, 17 წლის ბავშვს, რომელიც სავსე ოჯახში გაიზარდა, კეთილმოსურნეობა არ დამიკარგავს. თავში აზრად არ მომივა, იმ ეპიტეტებით შევამკო ადამიანი, როგორც მე მამკობენ.

- ყველაზე მეტად რომელი ეპითეტი მოგხვდა გულზე?

- ღორი და ძროხა, ჩემი წონის გამო მეძახიან. ყოველთვის ვხვდები სად წერს კაცი და სად მამაკაცი. განათლება სანამ არ მოვა ამ ქვეყანაში დაღუპულია ჩვენი საქმე. რელიგიურმა ცნობიერებამ დაიპყრო ყველაფერი, ფსევდოა ეს ყველაფერი, ბიბლია და სახარება არ აქვს ხალხს წაკითხული. ბუდა არ იციან, ვინ არის და ჩხუბობენ, საპატრიარქოს წინ ბუდა ბარი რატომ ააშენესო. ვერ ხვდებიან, რომ ბუდასთან კავშირი არ აქვს. უბრალოდ კეთილხმოვანია. ძირითადად კაცები გამოხატავენ აგრესიას ჩემს მიმართ, ეს არის უსაქმურობის დასტური. მამაკაცს რომ აქვს იმის დრო, პრაიმტაიმის პერიოდში ფეისბუქზე იჯდეს და მე მლანძღოს, სანამ არ დავბლოკავ, უსაქმურია. მე ყველაფერი მქონდა იმისთვის, რომ ვყოფილიყავი არისტოკრატი, მაგრამ ეს დავკარგე, როცა ომში შევედი. ამ გაუნათლებლობას და უზრდელობას შევეწირები, ყველას ვუჩივლებ. ვინმე გიორგი გიგაური კიდევ ერთხელ თუ დაწერს ჩემზე ისეთ კომენტარებს, რაც დაწერა, ცხოვრებას არ დავიშურებ და ვუჩივლებ. ჩემზე დაწერა, ვიეტნამური ჯიშის ეგზოტიკური მინი ღორის ნაირსახეობა ვარ, თურმე. უზდელი, უტიფარი და ტუტუცია. კარგი მე რაღაცას ვიწვევ, გურული სისხლი მაქვს, მაგრამ ნინო ქათამაძე როგორ უნდა გალანძღო? ქათმიკას რომ ვინმე მილანძღავს შემიძლია ავფატრო.

- 17 წლის ასაკში რუსეთში წასვლა კარიერის ასაწყობად რთული არ იყო?

- დედა მუსიკის პედაგოგი იყო, ბავშვობაში მზიურში ვმღეროდი და დედა ამბობდა, ჩემი შვილი არასოდეს იქნება სოლისტი, მაგრამ შეუცვლელი იქნება გუნდშიო. გარდატეხის პერიოდის შემდეგ დიაპაზონმა ამოხეთქა. დავიწყე სიმღერა. დედა სულ ჩემს ინდივიდუალიზმს იცავდა. მერე წავედი ვილნიუსში ფესტივალზე, მერე მიმიწვიეს სლავიანსკი ბაზარზე, უპატრონოდ მოვხვდი მესამე ადგილზე. იქ შემომთავაზეს, თეონა, მოსკოვში წამოდიო. აქ შიმშილი და სამოქალაქო ომი იყო, არავის მიუქცევია ყურადღება ჩემი წარმატებისთვის. წავედი მოსკოვში, ჩავაბარე აკადემიაში, მეორე კურსზე მოვხვდი, მესამე კურსიდან ფული აღარ მქონდა, ამიტომ აკადემიური ავიღე. ვმუშაობდი ყველგან, ძიძად, ბადრიჯნებს ვუხუფავდი ხალხს ზამთრისთვის და ა.შ. მერე გიორგი ქინქლაძეს ვთხოვე, სწავლის ფული გამომიგზავნე-თქო და ერთ წელიწადში დავამთავრე სწავლა. თამუნა ბაგრატიონი, მიშა ყაველაშვილი და ხათუნა ჟორდანია მედგა გვერდით, როცა ლარი არ მქონა. 21 წლიდან მოვხვდი ლეგენდარულ პროექტში, პირველ რუსულ მუზიკლში "მეტრო", რომელიც 3 წელიწადში დაიხურა. პარალელურად ვიყავი ვოკალის პედაგოგი, ფაქტობრივად, მთელ შოუ-ბიზნესს ვამეცადინებდი. მეტროს დახურვის შემდეგ 8 თვიანი დეპრესია დამემართა. ერთხელაც დედამ მკითხა, შენი პროფესია რა არისო, მომღერალი-მეთქი. მიპასუხა, სადაც საშუალებაა, იქ იმღერე, თუნდაც ქუჩაში გადიო. გავაკეთე ჯაზური კვარტეტი და პატარა თანხებზე ვმღეროდით რესტორნებში და დღეს დღეობით ვართ ის, რაც ვართ. ოლიგარქების საყვარელ ჯგუფს გვეძახიან რუსეთში. სულ იმ "ლაქშერი" წრეებში ვართ, სადაც ხალხი ოცნებობს მოხვდეს.

- ქართული შოუ-ბიზნესი მოგწონს?

- არსებობს და რამე ხდება კიდეც ქართულ შოუ-ბიზნესში? ქართულ პოპ მუსიკაში დღეს არაფერი ხდება. ალბათ, ორსულად არის, რა ეშველება არ ვიცი. იმ ადამინებმა, ვისი იმედიც მე მქონდა, ვექტორი შეცვალეს. ყველას ჩაქნეული აქვს ხელი, უპერსპექტივო ძილს მიეცნენ და მოაწერეს ხელი იმაზე, რომ არავის არ სჭირდებიან. იმ ქვეყანაში, სადაც ხალხი არ არის დაპურებული, ბილეთში ათი ლარის გადახდა უჭირს, ზეთის ყიდვა ურჩევნიათ. ხალხისაც მესმის. კულტურის სამინისტროს საქმე პოპ-მუსიკა არ არის. ეს პროდუსერების და იმპრესარიოების საქმეა. ბიზნესმენებს რაც შეეხებათ, უნდა იცოდნენ, რაში იხდიან ფულს, როგორ ჩადებენ ფულს იმაში, საიდანაც ამოღების იმედი არ აქვთ. მთავარი შოუ-ბიზნესი არის ტელევიზორში პოლიტიკა. ის ენერგია, რა ენერგიაც შოუში იდება, ხალხის მიერ პოლიტიკაში სუბლიმირდება. ხალხი პოლიტიკით და სერიალებით არის დაკავებული.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

დაგაინტერესებთ: "უპერსპექტივოდ სულელი" ქალები და "სექსში უვარგისი" კაცები - როგორ აფასებს თეონა კონტრიძე ქართველებს

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება