''საქართველოში შემდგარი მომღერლები არ არსებობენ!..''

''საქართველოში შემდგარი მომღერლები არ არსებობენ!..''

წინა კვირას ''ოტიუმში'' ნინა სუბლატის ალბომის პრეზენტაცია შედგა. მომღერალმა შეკრებილი სტუმრებისთვის ექსკლუზიურად შეასრულა რამდენიმე სიმღერა ალბომიდან, შემდეგ კი ავტოგრაფებიც დაარიგა. ''საქართველოს ვარსკვლავის'' გამარჯვებული უკვე დიდი ხანია, ''ბრავო რეკორდსში'' ''ბილაინის'' დაფინანსებით თავის 10 სიმღერაზე მუშაობს, რომლებიც ამიერიდან ''დაიდებენ ბინას'' ალბომში სახელად Dare to be Nina Sublatti. ალბომის შეძენა უკვე შესაძლებელია მუსიკალურ მაღაზიებში.

ნინა აქამდე პრესასთან ურთიერთობას ერიდებოდა. მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა ტელეშოუში, სადაც თავის დაქორწინებაზე ისაუბრა მუსიკოს გიორგი შამანაურთან, თუმცა წინააღმდეგია, პოპულარობა პირად ცხოვრებაზე ლაპარაკით გაიმყაროს.

- გილოცავ პირველი ალბომის გამოსვლას. დიდი ხანია, პრესასთან აღარ გამოჩენილხარ...

- პირველ რიგში, ეს, რასაკვირველია, განპირობებული იყო იმით, რომ ალბომზე ვმუშაობდი, მაგრამ მეორე მიზეზი ისაა, რომ არ მიყვარს, როდესაც სხვა საქმით ცნობილი ადამიანები წარმატების გზას პირადი ცხოვრების აფიშირებით იგრძელებენ. ამიტომაც გადაწყვეტილი მაქვს, მაშინ გამოვჩნდები, როდესაც მართლა რაღაცას გავაკეთებ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩრდილში ყოფნას ვამჯობინებ.

- ალბათ, იმას გულისხმობ, რომ დღეს პოპულარობის მოხვეჭა ძალიან გაადვილდა.

- ასეთი ადამიანები ჩემთვის უსაქმურ ხალხთან ასოცირდება. რამდენიმე ადამიანი ''კაშკაშა ვარსკვლავი'' თავისი სხეულის ნაწილების გამოჩენით გახდა და სინამდვილეში კონკრეტული საქმე არ აქვთ. ჩემთვის ეს მიუღებელია და არ მსურს, რომ პოპულარული ამ ხერხებით გავხდე (იღიმის).

- თუმცა, შენც კაშკაშა ადამიანი ხარ და არა მარტო შემოქმედებით...

- ჩემთვის ეს ბუნებრივია და არასდროს ხელს არ ვუწყობ ხოლმე. ჩემს სტილს აღნიშნავენ და ხაზს უსვამენ, რომ ნინა ამის გამოც გახდა ძალიან ცნობილი, მაგრამ რაც მაქვს, ეს არ არის ხელოვნური.

- ალბომზე ვისაუბროთ. რა ჟანრის სიმღერებია შესული?

- ეს ალბომი, რასაკვირველია, არის ნინა სუბლატი, რადგან ამას გვერდს ვერ ავუვლიდით, მაგრამ უფრო მეტად კომერციულია. ალბომი შეიძლება ჩავთვალოთ ''საქართველოს ვარსკვლავის'' შემდგომ ეტაპად, ამიტომაც მივიჩნიე, რომ ყველა გემოვნების ადამიანისთვის ყოფილიყო განკუთვნილი. აქ შეხვდებით თითქმის ყველა ჟანრს, პოპს, როკს, ელექტრონულ მუსიკას, სხვადასხვანაირ ქავერებს. რაც უფრო კომერციული გამოვიდოდა, ვფიქრობ, მით უფრო მისაღები იქნებოდა ჩემთვისაც და ჩემი ქვეყნისთვისაც, სადაც, მოგეხსენებათ, მუსიკალურ სფეროში განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაა. მართალია, ეს ჩემი მოსაზრებაა, მაგრამ მგონია, რომ ალბომში კარგი ხარისხის ნამუშევრებია შესული, რომლებიც მისაღები იქნება არამხოლოდ ქართველი მსმენელისთვის. ხელშეკრულების მიხედვით, ალბომში უნდა შესულიყო 5 ქავერი და 5 ორიგინალური სიმღერა, რომლებიც მე თვითონ დავწერე მეგობრების დახმარებით. ქავერებიც შეცვლილი ვერსიებია და არა გადმოკოპირებული. ალბომშია ასევე ირაკლი ჩარკვიანის ''ნაიარევს''.

- დღეს მოკლე თმით ხარ, მაგრამ ალბომისთვის იმიჯი უკვე შეცვლილი გქონდა, თმის ფერიც და ვარცხნილობაც.

- მრჩეველი არც სიმღერების კუთხით, არც იმიჯის მხრივ არ მყავს. ყველაფერს მე ვხელმძღვანელობ. ეს იმიჯიც ალბომს არანაირად არ უკავშირდება, ზოგადად, ხშირად ვატარებ ექსპერიმენტს ვარცხნილობაზე და ესეც ერთ-ერთი ასეთი ექსპერიმენტის შედეგია. ფოტოები ალბომისთვის ჯიჯი რეჯინიმ გადამიღო. მგონია, რომ ალბომის მთავარი ფოტო კარგად შეესაბამება მასში შესულ რეპერტუარს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება