სოხუმის თეატრში კაცს ნავიგატორი შეუყვარდა - ლაშა ბუღაძისა და დავით საყვარელიძის ექსპერიმენტი

სოხუმის თეატრში კაცს ნავიგატორი შეუყვარდა - ლაშა ბუღაძისა და დავით საყვარელიძის ექსპერიმენტი

რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე სოხუმის თეატრის პრემიერა შედგა. სპექტაკლი სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა დავით საყვარელიძემ დადგა.

"ნავიგატორი" - ასე ჰქვია ლაშა ბუღაძის პიესას, რომელმაც BBC-სა და ბრიტანეთის საბჭოს თაოსნობით გამართულ რადიოპიესების კონკურსში გაიმარჯვა. ის იმავე წელს BBC-ის რადიოში დაიდგა და მასში ბრიტანელი მსახიობები მონაწილეობდნენ. პიესა ბრიტანელებმა მაღალ დონეზე შეაფასეს. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს იმ შეფასებებიდან: "ეს არის ორიგინალურად მოყოლილი, თითოეული ადამიანისთვის ახლობელი ამბავი. ჟიური მოხიბლა რელურობისა და აბსურდის ზღვარზე მყოფმა სიუჟეტმა, ადამიანის მარტოობის ტრაგიკომიკურმა აღწერამ და პერსონაჟების კარგად გამოკვეთილმა ხასიათებმა"... "პიესა ძალიან ავთენტური, ამავე დროს, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხის მკვიდრისთვის ახლობელი და გასაგებია... პერსონაჟების ხასიათი შესანიშნავად იგრძნობა, პიესა ნამდვილად რადიოსთვის არის შექმნილი".

პიესამ 2012 წელს "საბა" აიღო.

"ნავიგატორი" ფანტასმაგორიული ჟანრის ნამუშევარია ადამიანზე, რომელსაც გარკვეული კომპლექსები აქვს. პიესის მთავარი გმირი - როსტომი, რომელიც თავის დროზე დედამ მიატოვა, ჰყავს ხეიბარი და მოხუცი მამა, როგორც თავად ამბობს, მოესწრო 4 ომს, ცხოვრებისგან საოცრად დაღლილი და დაძაბულია... ამ ყველაფრის ფონზე 45 წლის ასაკში დაოჯახებულიც არ არის. აქვს სამსახური, მაგრამ იქაც გარკვეული პრობლემები ექმნება, რადაგანც თანამშრომელ ქალბატოზე ეჭვიანობს, რომელიც მოსწონს...  მოკლედ, როსტომი ჩაკეტილი მამაკაცია და საზოგადოებასთან კომუნიკაცია უჭირს.

მაგრამ ერთი შემთხვევა ცხოვრებას მთლიანად შეუცვლის... სამსახური (სამსახურებრივი მიზნით) ისეთ მანქანას მისცემს, სადაც ნავიგაციის სისტემაა დამონტაჟებული, ნავიგატორს ქალის ხმა აქვს... თავიდან ის ფორმალურ რჩევებს იძლევა, შემდეგ მათი ურთიერთობა დიალოგის ფორმას იღებს.

დათო საყვარელიძე:

- მე ამ პიესას ახალი სენტიმენტალისტური მიმდინარეობა დავარქვი. ის მარტოობაზეა. ყოველთვის, ალბათ, ადამიანური ურთიერთობებია მნიშვნელოვანი. დღეს ქვეყანაზე ბევრი ბოროტება, გაღიზიანება, აგრესიაა გამეფებული. ატმოსფეროა თითქოს ასეთი და ჩვენც ამ ყველაფრის მიმართ ასე გამოვხატეთ ჩვენი ერთგვარი პოზიცია, რადგანაც ეს ყველაფერი გვაწუხებს. დიახ, ისეთ სიტუაციაში ვცხოვრობთ, როცა თბილი სიტყვა მნიშვნელოვანი და ფასეულია. ამ სპექტაკლში სამხატვრო ხელმძღვანელის რანგში პირველად წარვდექი, თუმცა ამ თეატრში სპექტაკლი სხვა დროსაც დამიდგამს.

- დასს უკვე კარგად იცნობთ, ხომ?

- კი, აქ უკვე თებერვლიდან ვარ. ეს როლებიც დასის წევრებზე კარგად განაწილდა... ხიახლე ის არის, რომ ბადრი ბეგალიშვილი (უმცროსი) მთავარი როლის შემსრულებელი (როსტომი) თეატრის ახალი შენაძენია. ჩვენი დასის ახალი მსახიობია.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება