ჯერალდინა ჩაპლინი: "ცოტათი ქართველ ქალს ვგავარ"

ჯერალდინა ჩაპლინი: "ცოტათი ქართველ ქალს ვგავარ"

ჩარლი ჩაპლინის ქალიშვილი ჯერალდინა ჩაპლინმა ინტერნეტ-რესურს segodnya-ს ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში ჯერალდინამ ჩარლი ჩაპლინზე ისაუბრა - როგორ არ შეეძლო მამამისს წაგება, როგორ ვერ იტანდა კრიტიკას და სახლშიც კი მაყურებლების სიმცირეს უჩიოდა.

- რთულია იყო ჩარლი ჩაპლინის შვილი? პირადად თქვენთვის ვინ არის ის?

- უფრო საპასუხისმგებლოა, ვიდრე რთული. ამასთან, ჩემთვის ჩაპლინი გმირიცაა და ანტიგმირიც. მას ხომ ძალიან უცნაური ხასიათი ჰქონდა, რაც ბევრი შემოქმედისთვის არის დამახასიათებელი. ის ვერ იტანდა კრიტიკას, არ შეეძლო წაგება.

- ამბობენ, რომ ჩაპლინი შრომისმოყვარე იყო.

- დიახ. ის ყოველდღე 8 სთ-ზე დგებოდა და თავის უზარმაზარ საწერ მაგიდას მიუჯდებოდა ხოლმე. მთელი დღე მუშაობდა... თუკი რამე არ გამოუვიდოდა, იქამდე არ დაწყნარდებოდა, ვიდრე სასურველ შედეგს არ მიიღებდა.

- მის სასიყვარულო თავგადასავლებზე ლეგენდები დადის...

- მას უბრალოდ ლამაზი ქალები უყვარდა და მათთვის გვერდის ავლა არ შეეძლო. მამა ქალებსაც მოსწონდათ.

- ამბობენ, რომ რეჟისორმა ნიკიტა მიხალკოვმა თქვენ ბოშების სიმღერა მოგიძღვნათ, სკულპტორმა ზურაბ წერეთელმა კი მამათქვენის ბრინჯაოს ქანდაკება გაჩუქათ.

- რუსეთის სამხატვრო აკადემიაში არსებობს მამაჩემისადმი მიძღვნილი დარბაზი. ნიკიტა მიხალკოვმა მის დასათვალიერებლად წამიყვანა. აკადემიის გამოსასვლელთან ჩვენ ბოშები მართლაც დაგვხვდნენ, ისინი მღეროდნენ და ცეკვავდნენ. ეს ძალიან ამაღელვებელი იყო. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მამას ბოშური ფესვები ჰქონდა.

ზურაბ წერეთელმა კი ნახატი მაჩვენა, სადაც მე და მამა ვართ გამოსახული. ზურაბმა მასზე მუშაობა ზუსტად წინა დღით დაასრულა. საღებავები ჯერ გამშრალიც არ იყო. ზურაბი ჩქარობდა, რომ ჩემს ჩამოსვლამდე მოესწრო პორტრეტის შექმნა. პორტრეტზე ცოტათი ქართველ ქალს ვგავარ და ხელში კატა მიჭირავს. რაც შეეხება მამის ბრინჯაოს სკულპტურას, წერეთელს ის არ უჩუქებია, უბრალოდ მაჩვენა.

- ცხოვრებაში რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი?

- როცა ყველა სახლშია და საკუთარ საწოლში სძინავს, მაშინ ვმშვიდდები, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის. ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთი დღე ვიცოცხლეთ, ყველა ჯანმრთელია, ქმარი სახლშია და ყველაფერი კარგადაა. დანარჩენი ყველაფერი წვრილმანია.

- მართალია, რომ მოსკოვში ვიზიტის გამო თქვენ ფილმში გადაღებაზე უარი თქვით?

- არა, ეს ასე არ არის.

- თქვენი კინოდებიუტი მამათქვენის ფილმში შედგა...

- კინოდებიუტი ხმამაღალი ნათქვამია. მე "რამპის ჩირაღდნების" მასობრივ სცენაში გადამიღეს. ცოტა რამ თუ მახსოვს ამ  ჩემ "როლზე". ძალიან მიხაროდა, რომ სკოლაში აღარ მომიწევდა სიარული, მე ხომ ფილში უნდა მეთამაშა. და, როგორი იმედგაცრუებული ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ სტუდიაში იყო სკოლა მსახიობი ბავშვებისთვის. ამგვარად, გადასაღები მოედნიდან პირდაპირ მერხთან აღმოვჩნდებოდი ხოლმე.

მინი-დოსიე: ჯერალდინა ჩაპლინი 1944 წელს სანტა-მონიკაში (აშშ) დაიბადა. ის ჩარლი ჩაპლინის და მისი ბოლო მეუღლის, უინა ონილის პირველი შვილია. ჯერალდინა შვეიცარიაში, ინტერნატში იზრდებოდა. 8 წლის ასაკში ის "რამპის ჩირაღდნებში" გადაიღეს. ის მამის კვალს გაჰყვა და მსახიობის პროფესია აირჩია. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში: " ექიმი ჟივაგო" (1965), "ჩაპლინი"(1992), "ჯეინ ეარი" (1996), "ოდისეა"(1997), "დაელაპარაკე მას"(2002).

Ambebi.ge -ს საარქივო სტატია

01. 07.11

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება