"ამბობდნენ, თბილისში ორი მიშაა - მიშა სააკაშვილი და - მიშა ''პარიკმახერიო" - "მოულოდნელი კითხვები" შერონ სტოუნის, ია ფარულავასა და სოფო ნიჟარაძის "პარიკმახერს"

"ამბობდნენ, თბილისში ორი მიშაა - მიშა სააკაშვილი და - მიშა ''პარიკმახერიო" - "მოულოდნელი კითხვები" შერონ სტოუნის, ია ფარულავასა და სოფო ნიჟარაძის "პარიკმახერს"

ცნობილი ქალბატონების სტილისტია. მასთან მოხვედრა პრესტიჟულად ითვლება. მომღერლები, ტელეჟურნალისტები, პოლიტიკოსები, მსახიობები - ყველანი მისი კლიენტები არიან. დიახ, სწორედ მიშა გასიტაშვილი ზრუნავს ამ ადამიანების თმის ვარცხნილობაზე. ამიტომაც უყვართ, ენდობიან და საიდუმლოებსაც ანდობენ...

ამჟამად მიშა "მოულოდნელი კითხვების" რესპონდენტია.

- სად ხარ და რას აკეთებ?

- სამსახურში ვარ, აივანზე ვზივარ...

- როგორი განწყობა გაქვს?

- მშვენიერ ხასიათზე ვარ, აბსოლუტურად პოზიტიური განწყობა მაქვს...

- თუ იცი, რა დღეა დღეს და რა რიცხვია?

- კვირაა და 29 ივნისია. ჩემი საქმიანობისთვის კვირის დღეების ცოდნა აუცილებელია (სიცილით ამბობს). დიახ, უნდა ვიცოდე, რა დღეა, რა რიცხვია, რა გრაფიკი მაქვს და რას ვაკეთებ...

- დღეს კვირაა, პრინციპში, უნდა ისვენებდე, არადა, სამსახურში ხარ...

- ჩემთვის დასვენების საათები სამსახურის შემდეგ, საღამოს 9 საათიდან იწყება. დასვენების დღე, როგორც ასეთი, თუ თბილისში ვარ, არ მაქვს. ყოველდღე ორშაბათიდან - კვირის ჩათვლით, ვმუშაობ. ვისვენებ მაშინ, როცა საქართველოში არ ვარ...

- იცი, ახლა როგორ მიპასუხე? როგორც იმ ცნობილ სიმღერაშია - "ორთაბათიც შაბათია"...

- ჰო-ო (სიცილით ამბობს).

- შენი პროფესიის ადამინები თავის თავს სტილისტებს უწოდებს. შენ კი საკუთარ თავს ''პარიკმახერად'' მოიხსენიებ. რატომ?

- იმიტომ, რომ ისინი სტილისტები არიან, მე მიშა ''პარიკმახერი'' ვარ!

- როგორ გახდი ცნობილი?

- საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოვჩნდი... გამიცნო ხალხმა. დამიმეგობრდნენ ცნობილი ადამიანები. მათგან ერთ-ერთი პირველი ქრისტინე იმედაძე იყო, რომელმაც შემდეგ თავისი ნაცნობები და მეგობრები მომიყვანა და ა.შ.

- როგორი მადლიერი ხარ და ქრისტინეს დამსახურებას არ ივიწყებ...

- დამსახურებას ვერასდროს ვერავის დავუკარგავ...

- დღეს უკვე ყველა ცნობილი ქალი შენს ხელშია, არა?

- ასე გამოდის...

- შერონ სტოუნი, ია ფარულავა, სოფო ნიჟარაძე… რა აერთიანებთ ამ ქალებს?

- მათ მე - მიშა გასიტაშვილი ვაერთიანებ... სამივე ჩემს ხელში მოხვდა...

- შერონ სტოუნი, როგორც შენი კლიენტი, ხშირად გახსენდება?

- როგორც კი სადმე ეკრანზე თვალს შევავლებ, მახსენდება, რომ მასთანაც ვიყავი, სამი დღე ვემსახურებოდი და ჩემს ხელში იყო... ბედნიერი დღეები მქონდა...

- ამდენი ქალის სიყვარული რითი დაიმსახურე?

- იმით, რომ ყველანაირი გაგებით, ვარ ერთგული და მათ მიმართ დადებითად განწყობილი...

- ისე, ვის თავზე გიყვარს ყველზე მეტად მუშაობა?

- ყველა ინდივიდუალურია. ამდენ ქალბატონთან ურთიერთობამ, ფსიქოლოგიც გამხადა და ვიცი, ვის როგორ უნდა მივუდგე...

- მიშა, მაგარი ხარ?

- მიშა მოდაშია და ყოველთვის ინარჩუნებს ამ სტატუსს...

- ერთ მიშაზეც ამბობდნენ, მაგარიაო...

- როცა მაგას ამბობდნენ, იმასაც ამბობდნენ, თბილისში ორი მიშაა - მიშა სააკაშვილი და მიშა ''პარიკმახერიო''...

- ის ახლა თბილისში აღარ არის...

- მე ჩემს ადგილს არ ვკარგავ (სიცილით ამბობს)...

- ოქროს მაკრატელზე არ ოცნებობ?

- არა, ეგ იმათ უნდათ, ვინც კვალიფიცირებულები და სერტიფიცირებულები არიან... და რაღაც კონკურსებზე გამოდიან... მე თავს ასეთად არ მივიჩნევ...

- თავმდაბლობასაც ავლენ... იმდენ ცნობილ ადამიანთან გაქვს ურთიერთობა, დილაობით მგონი, რძე გეკუთვნის...

- რძე არა, მაგრამ ამ ადამიანებისგან იმდენი სიყვარული და პოზიტიური განწყობა მაქვს, რასაც ვერსად ვერაფრით ვიყიდი. ჰოდა, ეგ სიყვარული და სითბოა ჩემი დილის რძეც და ყავაც...

- ვოლიერში ლომთან ერთად რომ აღმოჩნდე, რას იზამ?

- ფანტაზიორი არ ვარ და ნამდვილად ვერ წავიფანტაზიორებ. ალბათ შიშისგან გული წამივა...

- უკეთეს პასუხს ველოდი...

- ლომის წინაშე ყველა უძლურია. მხეცს ვერ შევებრძოლები, ეგ უკვე ზღაპრის სფეროა, მე ზღაპარში არ ვცხოვრობ.

- ბევრ ცნობილ ადამიანს იცნობ და რომელიმეს პროფესია, თანამდებობა, ხომ არ მოგდომებია?

- არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანი რა პროფესიის არის - თმას სჭრის, ნაყინს ჰყიდის, ბენზინს ასხმს, თუ მინისტრია, მთავარია, პროფესიონალი იყოს. მე ჩემს საქმეში ვარ პროფესიონალი, მგონი, საკმარისია და სხვისი არაფერი მდომებია.

- მიშა, მოდი, რაიმე ლექსიდან ფრაზა წაგვიკითხე...

- ამ წუთებში რაღაც პუშკინის სასიყვარულო ჟანრში შექმნილი ლექსი მახსენდება...

- რომელი?

- ''ია პომნიუ ჩუდნოე მგნოვენიე,/ პერედო მნოი იავილას ტი,/ კაკ მიმოლოტნოე ვიდენიე,/ კაკ გენიი ჩისტოი კრასოტი''.

ჩემთვის ყველა ქალი ვარსკვლავია, არავის ეგონოს, რომ რადგან ცნობილ ადამიანებთან ვმუშაობ, მხოლოდ მათ ვწყალობ. ქალებს კატეგორიებად ვერ დავყოფ. ჩემამდე ნებისმიერს შეუძლია მოსვლა...

- რამდენია 9X7?

- 63. არასოდეს მეშლება გამრავლების ტაბულა. პირველ კლასში რომ ვისწავლე, მას მერე მთელი ცხოვრება მახსოვს. თუმცა მათემატიკა როგორც საგანი, სკოლაში არ მიყვარდა.

- შენს საყვარელ ქალებს რას უსურვებდი?

- ვიცი ძნელია, მაგრამ დილიდან როგორმე შეიქმნან პოზიტიური განწყობილება, გაგზავნონ კოსმოსში კეთილი მუხტი და ის უკანვე დაუბრუნდებათ. ასეთი შინაგანი მდგომარეობა იმ ქალბატონების განწყობას სწონის, რომლებიც სალონებში საათობით სხედან და საკუთარ გარეგნობაზე ზრუნავენ. მნიშვნელოვანი შინაგანი ბრწყინვალებაა...

ლალი ფაცია

სპეციალურურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ასევე: პოპულარული სტილისტი მიშა გასიტაშვილი და ცნობილი ქართველი ქალბატონები

"მიშასთან სიარული მოდაშია" - ცნობილი ქალების სტილისტის გულახდილი ინტერვიუ

უგულავას და მერაბიშვილის ცოლებმა საყვარელ სტილისტს დაბადების დღე პარიზში გადაუხადეს (ექსკლუზივი)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება