რა ქონებას ფლობს ლელა წურწუმია - პოპდივას უძრავი, მოძრავი ქონება და გაუხმაურებელი შემოსავლები

რა ქონებას ფლობს ლელა წურწუმია - პოპდივას უძრავი, მოძრავი ქონება და გაუხმაურებელი შემოსავლები

ლელა წურწუმია ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქართველი მომღერალია. ამბობენ, სიმღერის პარალელურად, საკუთარი ბიზნესიც აქვსო, მაგრამ მისმა მეუღლემ, პროდუსერმა კახა მამულაშვილმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა. Ambebi.ge შეეცადა გაერკვია, რა ქონებას ფლობს ქართული ესტრადის ვარსკვლავი.

- რა არის თქვენი ოჯახის შემოსავალი?

- ჩვენი ოჯახის შემოსავალი მხოლოდ შოუ-ბიზნესია, სხვა შემოსავალი და ბიზნესი ნამდვილად არ გაგვაჩნია. გვქონდა გეგმები, მაგრამ ცალკე ბიზნესის გაკეთება ვერ მოვახერხეთ, თუ შევძლებთ ამას, აუცილებლად გაგაგებინებთ. სტაბილურ შემოსავალს არ ჯობია არაფერი. საკმაოდ არასტაბილური შემოსავალი გვაქვს, ეს მოწვევებზეა დამოკიდებული. როგორც ადრე ჭორაობდნენ, არცერთ სახელმწიფო სამსახურში არ ვყოფილვართ გაფორმებული და არასდროს აგვიღია ხელფასი. ეკონომიკური კრიზისი ყოველთვის აისახება ადამიანის შემოსავალზე. მთავრობის შეცვლით ჩვენთვის არაფერი შეცვლილა.

- დაახლოებით რა თანხაა საჭირო კორპორატიულ ღონისძიებაზე რომ მოვიწვიოთ ლელა წურწუმია?

- ბევრი (იცინის).

- დაახლოებით 8 ათასი თუ 10 ათასი?

- ხან როგორ, ხან როგორ. ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა.

- ყველა ვარსკვლავს აქვს საკუთარი მოთხოვნები და ჰონორარის გარდა, რა მოთხოვნები აქვს ლელა წურწუმიას?

- კორპორატიული მოწვევების ინფორმაცია კონფიდენციალურია. უბრალოდ, გაცილებით მეტი არის ანაზღაურება, თუ საზღვარგარეთიდან გვაქვს მოწვევა. ჰონორარს ემატება კარგი სასტუმრო და ბიზნეს კლასის ბილეთები. როცა სახელმწიფო ღონისძიებებზე მიგვიღია მონაწილეობა, ჰონორარი 3000-დან 5000 ლარამდე განისაზღვრებოდა, რომელსაც ოფიციალურად გვირიცხავდნენ.

- 3000-დან 5000 ლარამდე რომელ სახელმწიფო კონცერტებზე გადაგიხადეს?

- ეს იყო თბილისობის და საახალწლო კონცერტები. რამდენიმე სიმღერაში მივიღეთ ამდენი ჰონორარი.

- რამდენი სახლი გაქვთ?

- ორი ბინა გვაქვს, ერთი - 180 კვადრატული მეტრია და მეორე 80 კვადრატული. ორივე ვაკეში მდებარეობს. ასევე გვაქვს 1000 კვ/მ მიწის ნაკვეთი წყნეთში. გაჩერებული მშენებლობით.

- რა მანქანა გყავთ?

- გვყავს 2009 წელს გამოშვებული "პრადოს" ჯიპი. შავი ფერის.

- ძირითადად რომელი ქვეყნებში გიწვევენ კორპორატიულ ღონისძიებებზე?

- ისრაეილიდან და რუსეთიდან გვაქვს ხშირად მოწვევები, მაგრამ რუსეთი 6 წელია ვიზაზე უარს გვეუბნება. რა არის ამის მიზეზი, არ ვიცი, იმედია მოგვარდება ეს პრობლემა. ადრე, როცა რუსეთთან მიმოსვლის პრობლემა არ იყო, პრაქტიკულად სულ თვითმფრინავში ვიყავით. ახლა თვეში ერთი ან ორი მოწვევა გვაქვს.

- ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის ბავშვის ნათლობაში ლელამ იმღერა, რამდენი გადაუხადეს ჰონორარი?

- კახის ვიცნობთ, ძალიან დიდ პატივს ვცემთ. ბავშვის ნათლობაში ჰონორარის გარეშე ვიმღერეთ. თუ სწორად მახსოვს, 2011 წელი იყო და ჯერ კიდევ არ იყო მაშინ მინისტრი.

- ეწევით თუ არა ქველმოქმედებას?

- ქველმოქმედებას ეწევა ჩვენი ოჯახი, მაგრამ ამას რეკლამის გარეშე ვაკეთებთ ყოველთვის.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

"მე ჩემი თავის იმედი მაქვს და საკუთარ თავს ვგულშემატკივრობ" - "საქართველოს ვარსკვლავის" 4 ფინალისტის პროგნოზები შოუს ფინალზე

"ბევრი ვიწვალე, მაგრამ ჟიურიმ მაინც მე გამიშვა..." - მარტა ბარამიძის პირველი კომენტარი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ

"...ეს საკმაოდ რთულია, ერთეულებს გამოსდით" - როგორ აფასებს ნიკოლოზ რაჭველი "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტებს