"ფეისბუკზე" მოსული წერილების გამო ატირებული მზია ორველაშვილი

"ფეისბუკზე" მოსული წერილების გამო ატირებული მზია ორველაშვილი

მოცეკვავე - მზია ორველაშვილისა და ქორეოგრაფ საშა ოხრიმენკოს რომანტიკულ ურთიერთობაში გარკვეული როლი ინტერნეტმაც ითამაშა: ერთსა და იმავე დარბაზში მყოფი შეყვარებულები თავდაპირველად, ერთმანეთს სოციალური ქსელით ეკონტაქტებოდნენ, უღიმოდნენ... 9 აგვისტოს წყვილი ურთიერთობას "გააოფიციალურებს": უკრაინაში ხელს მოაწერენ, საქართველოში კი ჯვარს დაიწერენ.

- სოციალური ქსელების მომხმარებელი 2000 წლიდან ვარ. თავდაპირველად, "აისიქიუზე" დავრეგისტრირდი და გერმანიაში მყოფ ნათესავებს ველაპარაკებოდი. შემდეგ, ჩემი ძმა უცხოეთში წავიდა. მასთან საკონტაქტოდ კიდევ სხვაგან დავრეგისტრირდი.

- ე.ი. სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელი ხარ, არა?

- ნამდვილად. ყოფილა შემთხვევა, რომ დედას უთქვამს, - შვილო, 5 წუთით მაინც დამელაპარაკე, თავი სულ კომპიუტერში რომ გაქვს "ჩაყოფილიო" (იცინის). როგორც კი თავისუფალ დროს გამოვნახავ, მაშინვე ინტერნეტით ვსარგებლობ და მაგალითად, გერმანიაში მყოფ მამიდას რაღაცებს ვწერ...

- ძირითადად, რომელი ქსელით სარგებლობ?

- თითქმის ყველა სოციალურ ქსელში ვიყავი დარეგისტრირებული, მაგრამ ახლა მხოლოდ "ფეისბუკით", "კონტაქტითა" და "სკაიპით" ვსარგებლობ. ზოგჯერ ჩემი სახელით დარეგისტრირებულ სხვის გვერდებსაც ვნახულობ. ამას წინათ, რაღაც "სასწაული" სახელის მქონე საიტზე "საკუთარი თავი" აღმოვაჩინე.

- ხომ შეიძლება, ვინმემ შენი სახელი ბოროტად გამოიყენოს?

- შეიძლება, მაგრამ ახლობლებმა ხომ იციან, ჩემი ოფიციალური გვერდი რომელია? ამიტომ არაფრის მეშინია. მეგობრები მენდობიან და იციან, რომ ცუდს არაფერს დავწერ...

- მას შემდეგ, რაც "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდი, შენი და შენი მეწყვილეების სახელზე "ფეიჯებს" ხშირად ქმნიან. ადმინისტრატორებს იცნობ?

- მართლაც ბევრი "ფეიჯია", განსაკუთრებით - ჩემი და ოთარ ტატიშვილის სახელზე დარეგისტრირებული. მხოლოდ 1 გვერდის ადმინისტრატორს ვიცნობ: ის ჩემი მოსწავლე - ცოტნე ძმანაშვილი გახლავთ. ოთარის ფანია და ამიტომაც გვაპიარებდა.

- გვერდების "ლაიქების" რაოდენობა და აქტიურობა შენს განწყობილებაზე მოქმედებს?

- რა თქმა უნდა, მეც მიხარია, როცა ჩემს გვერდს ბევრი "ლაიქი" აქვს. დადებითი ემოციებით ვივსები და ვხვდები, რომ ხალხს ვუყვარვარ.

- ქსელში შენთვის გამაღიზიანებელ ინფორმაციას, კომენტარებს თუ აწყდები?

- უსიამოვნო კომენტარი ბევრჯერ წამიკითხავს. თავდაპირველად, როცა შოუში გამოვჩნდი, ჩემ შესახებ წერდნენ, - მსუქანიაო. ზოგი ამას ახლაც წერს, მაგრამ ყურადღებას აღარ ვაქცევ, მივეჩვიე. ეტყობა, ზოგის ტელეეკრანი გამოსახულებას ძალიან "ასუქებს" (იცინის). ერთი ადამიანი კი ინტერნეტში ყველა მოცეკვავეზე ცუდ რაღაცებს წერს და პარკეტზე რომც "იფრინო", მაინც არ მოეწონები... ვცდილობ, უარყოფითი კომენტარები არ წავიკითხო. ერთხელ ალა პუგაჩოვამ თქვა: თუ ჩემზე ლაპარაკობენ, ე.ი. რეალურად ვარსებობ, მაგარი ვარო...

- ინტერნეტით რომანტიკული ურთიერთობა თუ გაგიბამს?

- კი და ისიც მოცეკვავე იყო. ერთმანეთს არ ვიცნობდით, ინტერნეტით "ჩავჭუკჭუკდით". მაშინ 15-16 წლის ვიყავი და პატარა გოგოს ტვინი არ მქონდა.

- მოვლენები როგორ განვითარდა?

- მხოლოდ მიმოწერით შემოვიფარგლებოდით. ისეთი ადამიანი არ ვარ, რომ ვინმე ინტერნეტით გავიცნო და მერე შევხვდე. "დაჟე", ისიც არ მომეწონა, ჩემმა მეგობარმა გოგომ ინტერნეტით ვიღაც ბიჭი რომ გაიცნო და მერე, მასთან შესახვედრად წავიდა... იცი, ბოლოს ის გოგონა ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდა.

- რატომ?

- ძალიან შეუყვარდა, ის ბიჭი კი მასთან ურთიერთობით მხოლოდ ერთობოდა და ბოლოს, მიატოვა კიდეც. ჩემი აზრით, ადამიანის უნახავად შეყვარება სისულელეა!

- პირადულ ამბებს, ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებ?

- თუ ბედნიერი დღე მქონდა და ეს ფოტოზეა დაფიქსირებული, დიდი სიამოვნებით ვაქვეყნებ. მინდა, ჩემი სიხარული სხვასაც გავუზიარო, მაგ­რამ ასე ხშირად არ ვიქცევი: ვცდილობ, პირადული ამბები ძალიანაც არ გავახმაურო (იღიმის).

- სელფშოტების გადაღება გიყვარს?

- ოოო, ეგ არ მიყვარს... არც ჩემს ქმარს - საშას არ უყვარს. ერთხელ ჩემმა სტილისტმა - რიჩარდმა ვარცხნილობა რომ გამიკეთა, ძალიან მომეწონა და სელფშოტების გადაღება დავიწყე. საშამ მითხრა: გეხვეწები, მათ არ დაემსგავსო, ვინც ტუჩებს "ბერავს" და სურათებს ისე იღებსო. საკუთარი თავი ძალიან მიყვარს, მაგრამ სელფშოტები - არა (იცინის).

- შენი და საშას ურთიერთობაში გარკვეული როლი ინტერნეტმაც ითამაშა, არა?

- ასეა. როცა "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მომიწვიეს, ქორეოგრაფსა და პროექტის მონაწილეს ყველას წინაშე რომანტიკული ურთიერთობა ვერ გვექნებოდა; სხვა თუ არაფერი, ეს ლამაზი არ იქნებოდა. ჰოდა, ერთმანეთს პატარა ბავშვებივით ვეპრანჭებოდით: "კონტაქტზე" საშაც დარეგისტრირებული იყო და მეგობრების სიაში რომ დამამატა, ძალიან გამიხარდა. მერე ერთმანეთს რაღაცებს ვწერდით. არადა, ერთსა და იმავე დარბაზში ვისხედით ხოლმე (იღიმის). მერე, როცა შეხვედრა დავიწყეთ, ჩვენი რომანის შესახებ მშობლებმაც გაიგეს. "ცეკვავენ ვარსკვლავებში" კი ჩვენი ამბავი მხოლოდ ია სუხიტაშვილმა და რამდენიმე ადამიანმა იცოდა... ახლაც ინტერნეტით გვიწევს ურთიერთობა. ხომ იცით, პროექტის განმავლობაში ის ქორეოგრაფებთან - ალიონასთან და დიმასთან ცხოვრობს, რადგან ღამითაც მუშაობენ, მე კი მშობლებთან ვარ...

- ინტერნეტში ვინმესთან კონფლიქტი მოგსვლია?

- არა, კონფლიქტური არ ვარ. უფრო მეტიც: ვინმემ შეურაცხმყოფელი შეტყობინება რომ გამომიგზავნოს, არ ვუპასუხებ.

- უცნობ ადამიანებს იმეგობრებ?

- კი. "ფეისბუკ"-სამეგობროში ბევრს არ ვიცნობ.

- წერილს ბევრი გწერს?

- კი, მართლა ბევრი წერილი მომდის. ვცდილობ, უცნობებსაც ვუპასუხო, თუ რა თქმა უნდა, მცალია.

- ძირითადად, რა ასაკის ადამიანები გეკონტაქტებიან?

- ყველანაირი ასაკის: ბავშვები, ჩემი თანატოლები, უფროსებიც, მოხუცებიც... ცუდი შეტყობინება არასოდეს მიმიღია. შემთხვევით ვისარგებლებ და ჟურნალ "გზის" საშუალებით, ყველა იმ ადამიანს გადავუხდი მადლობას, ვინც სასიამოვნო რაღაცებს მწერს. ზოგიერთი წერილი ისეთი თბილია, რომ მათი კითხვისას მიტირია კიდეც... თბილი სიტყვები დიდ სტიმულს მაძლევს. მოცეკვავისთვის, სპორტსმენისთვის უმნიშვნელოვანესია, როცა გწერენ, - საუკეთესო ხარო... ზოგჯერ ლექსებსაც მიძღვნიან...

- საშა შენს თაყვანისმცემლებზე არ ეჭვიანობს?

- თაყვანისმცემლები საშასაც სწერენ. ის ხომ უკრაინაში ძალიან პოპულარულია. ჩვენ ერთმანეთს ვენდობით. ალბათ სისულელე იქნება, რომ უცნობი ადამიანის წერილის გამო საყვარელ ადამიანთან იჩხუბო.

- ერთმანეთის პაროლი იცით?

- საშასთვის ჩემი პაროლი მითქვამს. თავადაც მითხრა, მაგრამ არ დამიმახსოვრებია, მართლა ძალიან ვენდობი. საშას არ სჩვევია ჩემი მესიჯების წაკითხვა და ასე მეც არ მოვიქცევი: იქნებ დედამ რაღაც მისწერა და ყველაფერში რატომ უნდა ჩავყო ცხვირი?

- პირად გვერდზე რა სახის ინფორმაციას აქვეყნებ ხოლმე?

- ახლა ძირითადად, "ცეკვავენ ვარსკვლავების" რეკლამებს "ვაზიარებ". ისე კი, ჩემი შვილისა და ძმის შვილის სურათებს ვაქვეყნებდი.

- სოციალურ ქსელში შენი ბიჭუნაც დარეგისტრირებულია?

- არა, რადგან ჯერ 6 წლის არის. ისე, კომპიუტერს კარგად აუღო ალღო - ისეთ რაღაცებს ახერხებს, რაც მე არ გამომდის. ძირითადად, "იუთუბზე" მულტფილმების ცქერით ერთობა.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება