კიდევ ერთი სექს-სიმბოლო გოგიჩაიშვილებისგან - "შეყვარებული არ ვარ"

კიდევ ერთი სექს-სიმბოლო გოგიჩაიშვილებისგან - "შეყვარებული არ ვარ"

ნინი გოგიჩაიშვილმა მოდელობა ახლახან დაიწყო. ის საზოგადოებამ როგორც ნანუკა გოგიჩაიშვილის და, ისე გაიცნო. ამბობს, რომ ეს არ აღიზიანებს. ნინი დამოუკიდებელი ადამიანია. უყვარს კითხვა, მოსწონს ენების შესწავლა და არასდროს კმაყოფილდება მიღწეულით.

- როცა ნანუკასთან ერთად სხვადასხვა ჩვენებაზე დავდიოდი, სამოდელო სააგენტოებიდან უამრავ შემოთავაზებას ვიღებდი. თუმცა, ყველას უარს ვეუბნებოდი, რადგან იმ პერიოდში მოდელობისთვის არ მეცალა, სწავლით ვიყავი დაკავებული და უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ვემზადებოდი. როცა სტუდენტი გავხდი, მომეცა საშუალება, მოდელის პროფესიაც შემეთავსებინა. 3-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე "ლუკმოდელთან", რომლის ხელმძღვანელი ნინო ცქიტიშვილი გახლავთ. ის ყველაფერში მიწყობს ხელს; მეხმარება, რომ წარმატებული მოდელი გავხდე. სამოდელო სააგენტოს დახმარებით უცხოეთში გამგზავრებასაც ვაპირებდი, მაგრამ სწავლისა და სამსახურის გამო ეს ვერ მოვახერხე.

- სად მუშაობ?

- "ჯიდიესზე" გადის გადაცემა - "ბინა 18", რომლის წამყვანებიც არიან კოტიკო და ფაქო. მე კი დიჯეის მოვალეობა მაკისრია.

- როგორც ვიცი, რამდენიმე უცხო ენასაც ფლობ...

- დიახ, ვფლობ გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. დიდი სურვილი მაქვს, ესპანურიც ვისწავლო. ვფიქრობ, არ გამიჭირდება. მოგეხსენებათ, გერმანულ ენას ყველაზე რთული გრამატიკა აქვს. ჩემს ყველაზე დიდ წარმატებად მიმაჩნია ის, რომ მაქვს "სპრაჩდიპლომი", რომლის წყალობითაც შემიძლია, გერმანიის ნებისმიერ პრესტიჟულ უნივერსიტეტში ენის გამოცდა არ ჩავაბარო, ისედაც მიმიღებენ. ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რისი მიღწევაც მომავალში მსურს.

- ეს დიპლომი გერმანიაში მოგცეს?

- არა, უბრალოდ, ჩემი ნამუშევრები გერმანიაში გაგზავნეს და იქიდან მოვიდა პასუხი, რომ ჩემთვის ამ დიპლომის გადმოცემა შეეძლოთ.

- რომელ უნივერსიტეტში სწავლობ?

- "ჯიპაში". საერთაშორისო ურთიერთობებზე ვსწავლობ, მესამე კურსზე გადავედი. ისე კი, ფსიქოლოგია და ჟურნალისტიკაც მაინტერესებს.

- შენი და - ნანუკა ძალიან პოპულარულია. ხომ არ გწყინს, როცა შენზე ამბობენ, რომ ნანუკას და ხარ?

- არა, ეს როგორ უნდა მწყინდეს? პირიქით, მეამაყება, რომ ასეთი კარგი და მყავს. ჩვენ არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. ერთმანეთს ძალიან ვგავართ. მხოლოდ იმით განვსხვავდებით, რომ ჩემზე მეტად ემოციურია. ყველაფერში ვუგებთ და ვავსებთ ერთმანეთს... პატარა გოგიჩას რომ მეძახიან, არც ეს მწყინს, რა თქმა უნდა (იღიმის).

- გარეგნობით თუ გამსგავსებენ ერთმანეთს?

- როცა საზოგადოების თავშეყრის ადგილას ვართ, ყველა გვეუბნება, რომ ერთმანეთს ძალიან ვგავართ. ბოლო დროს, როგორც უნდა გაგიკვირდეთ, სახლშიც ვეღარ გვარჩევენ (იცინის). თავად კი მიგვაჩნია, რომ გარეგნულად ერთმანეთისგან ძალიან განვსხვავდებით, მხოლოდ საუბრის მანერა და სიცილი გვაქვს ზუსტად ერთნაირი.

- ძალიან პატარა ასაკში წახვედი სასწავლებლად გერმანიაში. შენი მშობლები ამას როგორ შეეგუვნენ?

- 16 წლის ვიყავი, როცა სასწავლებლად გერმანიაში წავედი. კოლეჯში ყველა საგანს გერმანულ ენაზე ვსწავლობდი. რაც შეეხებათ მშობლებს: რა თქმა უნდა, ნერვიულობდნენ, მაგრამ იმასაც ხვდებოდნენ, რომ ეს ყველაფერი ჩემი წარმატებული მომავლისთვის იყო საჭირო. გერმანიაში გატარებული სტუდენტობა საინტერესო და შთამბეჭდავი გახლდათ.

- რატომ გადაწყვიტე, რომ მაინცდამაინც გერმანიაში უნდა წასულიყავი?

- სკოლაში გერმანულს ვსწავლობდი. ჩავაბარე დამატებითი გამოცდები და გერმანიაში სასწავლებლად ამის შემდეგ გავემგზავრე. ჩემზე პასუხისმგებლობა თავად სკოლის დირექტორმა აიღო. გერმანია განვითარებული ქვეყანაა, სადაც უამრავი ქართველი და უცხოელი სტუდენტი სწავლობს.

- დამოუკიდებელი ადამიანი ხარ?

- დიახ, დამოუკიდებელი ვარ. ყველა ჩემს პრობლებას თავად ვაგვარებ, არავის ვაწუხებ. ეს ყველაფერი ჩემი მშობლებისა და ოჯახის დამსახურებაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახი ყოველთვის მხარში მიდგას, დედა სულ მეუბნება, - ადამიანს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდესო. ვიდრე რაიმე საქმის გაკეთებას დავიწყებ, ბევრს ვფიქრობ იმაზე, რაიმე გამოვა თუ არა, მოგებული დავრჩები თუ წაგებული... სწორედ გერმანიაში სწავლამ განაპირობა ჩემი, როგორც დამოუკიდებელი ადამიანის ჩამოყალიბება. 16 წლის ბავშვი კარგად ვხვდებოდი, რა დროს რა მჭირდებოდა და როგორ უნდა გამეკეთებინა. მადლობელი ვარ მშობლების, რომ ასეთ პატარა ასაკში უცხო ქვეყანაში წასვლის უფლება მომცეს.

- შეყვარებული თუ გყავს?

- შეყვარებული არ ვარ.

იხილეთ ნინი გოგიჩაიშვილის გამომწვევი ფოტოები

- თაყვანისმცემლებზე რას გვეტყვი?

- თაყვანისმცემლების ნაკლებობას არ ვუჩივი. ისინი სხვადასხვა ხერხით ცდილობენ ჩემი გულის მოგებას. თუმცა, ეს ვერავინ მოახერხა. არ ვარ რომანტიკული ადამიანი და ის რაღაცები, რითაც ისინი ჩემი გულის მოგებას ცდილობენ, ჩემზე არ მოქმედებს (თუმცა, სხვა გოგონებს გულს "უდნობს").

- მაინც, რას აკეთებენ შენი გულის მოსაგებად?

- ლექსებს მიძღვნიან, ყვავილებს მიგზავნიან და ა.შ.

- ფანჯრების წინ სერენადებსაც ხომ არ გიმღერიან?

- საბედნიეროდ, ასეთი აზრი არც ერთ მათგანს არ მოსვლია თავში. ვფიქრობ, როცა ადამიანი მოგწონს, ზედმეტი რაღაცები არ არის საჭირო.

- საინტერესოა, როგორი მამაკაცები მოგწონს?

- მომწონს ვაჟკაცური ტიპები. არ შემიძლია ვიცხოვრო ისეთი ეჭვიანი ადამიანის გვერდით, ვისაც შეუძლია, ფოთოლზეც კი იეჭვიანოს, თუ შეგეხება (იცინის). ძალიან ერთგული ადამიანი ვარ და თუ ვინმე შემიყვარდება, ეჭვიანობის საბაბს ნამდვილად არ მივცემ.

- შენ და ნანუკა ხშირად კამათობთ?

- ალბათ იშვიათად. სალაპარაკო თემა არასდროს გველევა. ძირითადად, იმაზე ვკამათობთ, რომ სხვადასხვა სტილის მამაკაცები მოგვწონს. ჩემი აზრით, მამაკაცი პირველ რიგში, ერუდირებული უნდა იყოს და აუცილებლად ჰქონდეს იუმორის გრძნობა! მოგატყუებ, რომ გითხრა, - გარეგნობას ყურადღებას არ ვაქცევ-მეთქი. ჩემი რჩეული აუცილებლად, სიმპათიურიც უნდა იყოს.

- იმისთვის, რომ ყოველთვის კარგად გამოიყურებოდე, რას აკეთებ?

- ძალიან მიყვარს საკუთარი თავის მოვლა და სისტემატურად ვვარჯიშობ, განსაკუთრებულად ვუვლი კანს და თმას. ჩემი პროფესია მოითხოვს იმას, რომ სულ ფორმაში ვიყო. ამ მხრივ დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ საკუთარი თავის მიმართ.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება