წყალბურთელი, გამოცდილი მენეჯერი და კულტურის მინისტრი - როგორია ხელოვანების მოლოდინი მიშა გიორგაძის მიმართ

წყალბურთელი, გამოცდილი მენეჯერი და კულტურის მინისტრი - როგორია ხელოვანების მოლოდინი მიშა გიორგაძის მიმართ

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, კულტურის მინისტრის პოსტზე მიშა გიორგაძე წარადგინა. მიშა გიორგაძე ყოფილი წყალბურთელია. პროფესიით ეკონომისტია, დამთავრებული აქვს მენეჯმენტის ევროპული პროგრამა ბრუსელში, კომპანია "ისტერნ პრომოუშენის" გენერალური მენეჯერი და თბილისის საკონცერტო დარბაზის დირექტორთა საბჭოს წევრია, ასევე გახლავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური პროდუსერი, ლონდონის BPR Production-ის ხელოვნების მენეჯმენტის პროგრამის კონსულტანტი და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკის დეპარტამენტის მრჩეველი.

გიორგაძის წინამორბედის მისამართით კულტურის სფეროს წარმომადგენლები ხშირად გამოთქვამდნენ პრეტენზიას. რას გააკეთებს მინისტრობის კანდიდატი მიშა გიორგაძე, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. Ambebi.ge დაინტერესდა, როგორ აფასებენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები მინისტრის ახალ კანდიდატურას.

ზურა ინგოროყვა (რუსთაველის თეატრის მსახიობი): მივესალმები მიშა გიორგაძის კანდიდატურას, პირადად არ ვიცნობ, მაგრამ რაც საკუთარი თავი მახსოვს, მიშა სულ რაღაცას აკეთებს კულტურის სფეროში, თან წარმატებულად. მის მიერ განხორციელებული პროექტებიდან დიდი სიამოვნება არაერთხელ მივიღე, განსაკუთრებით ჯო ზავინულის, სტინგის და ელ ჯეროს კონცერტებისგან. ალბათ კარგ გუნდს შემოიკრიბს გარშემო და წარმატებულად გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. მით უმეტეს კარგი მენეჯერული ნიჭი აქვს.

– გურამ ოდიშარიას მინისტრობის დროს რა გაკეთდა მსახიობებისთვის?

– სხვისი სახელით ვერ ვილაპარაკებ, პირადად არც ვიცნობ გურამ ოდიშარიას. როცა თემურ ჩხეიძემ მისი პიესის მიხედვით დადგა სპექტაკლი, მაშინ გავეცანი ოდიშარიას შემოქმედებას და მომეწონა. რაც მთავარია, მისი მინისტრობის დროს რობერტ სტურუა დაუბრუნდა თეატრს. კულტურის სამინისტრო ჩემი აზრით, ყველა სამინისტროზე ორი სამი ნაბიჯით წინ უნდა იდგეს და მგონი ეს აკლდა.

მარინა ბერიძე (მუსიკისმცოდნე): მე ძალიან მიხარია, ვაფასებ. უამრავი კარგი რამე აქვს გაკეთებული და ვფიქრობ, ახალი სისხლი შევა კულტურის სამინისტროში. საინტერესო იქნება მისი მუშაობა.

– თუ შემოგთავაზებთ სამსახურში დაბრუნებას, დათანხმდებით?

– მე თუ მიყურებთ, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, სადაც ვარ (იცინის).

– ოდიშარიას მინისტრობით კმაყოფილი ხართ?

– ეს შორი თემაა, მე მიყვარს პროგრესი, ახალგაზრდებთან მუშაობა, ხელის შეწყობა და ა.შ. მეტს ვერაფერს გეტყვით.

დინი ვირსალაძე (ჯაზმენი): მიშა ყოველთვის კარგად აკეთებდა თავის საქმეს ჯაზ-ფესტივალებზე, ამიტომ ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელიც კულტურაში ასეთი გამოცდილებით მოვიდა, წარმატებულად იმუშავებს. გურამ ოდიშარიას მუშაობის საწინააღმდეგოს ვერაფერს ვიტყვი, არც ვიცი პრინციპში. ვიცი, რომ რამდენიმე ფესტივალის მხარდამჭერი იყო, მათ შორის ელისო ბოლქვაძის, თამარ გვერდწითელის და ვფიქრობ, კარგად მუშაობდა. სხვას ვერაფერს ვიტყვი გურამ ოდიშარიაზე.

ნუკრი კაპანაძე (მომღერალი): მე შეხება არასდროს მქონია მიშა გიორგაძესთან. კარგად აკეთებს საქმეს. როცა ასეთი გამოცდილება გაქვს და კარგი მენეჯერი ხარ, ალბათ, წარმატებული იქნება მისი მოღვაწეობა კულტურის სამინისტროში. რასაც კარგს გააკეთებს, მივესალმები. ჩემთვის მნიშვნელოვანია ქართულ სიმღერას მიანიჭოს ყურადღება და მოხდეს მისი პროპაგანდა. თუ ეყოლება სწორი მრჩეველები, ყველა სფეროს სათანადოდ მიენიჭება ყურადღება. წარმატებებს ვუსურვებ.

– ოდიშარიას მუშაობით კმაყოფილი იყავით?

– მე არ მქონია მასთან შეხება. ახლა ჩავწერე დისკი, რომელზეც გურამ ოდიშარიას არ უთქვამს უარი. მოაწერა ხელი და გვერდით დაგვიდგა. მე სხვა შეხება მასთან არ მქონია.

გია გუგუშვილი (მხატვარი): ახალ მინისტრს არ ვიცნობ... მოლოდინი ალბათ სიახლისაკენ ნორმალურია, რადგან ყველა ახალს თავისი ხედვა და წინა მინისტრის გამოცდილება ხვდება... რაც შეეხება გურამ ოდიშარიას, მე მასთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მქონდა, თუმცა შეფასება წესიერი კაცისა ერთია და მისი სამსახურებრივი საქმიანობა - მეორე. ანუ ვერ შედგა ხელოვანი პოლიტიკოსად...

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება