მაია დობორჯგინიძემ და გოგა ბარბაქაძემ ახალშეძენილი გოგონას სახელზე იკამათეს

მაია დობორჯგინიძემ და გოგა ბარბაქაძემ ახალშეძენილი გოგონას სახელზე იკამათეს

მაია დობორჯგინიძისა და გოგა ბარბაქაძის ოჯახს იმ დროს ვესტუმრეთ, როდესაც მამიკო პატარა ბარბარეს აძინებდა. ცოტა ხნის წინ წყვილს მეორე შვილი შეეძინა, სახელის შერჩევაზე ბევრი იფიქრეს, ბოლოს კი ბარბარე დაარქვეს. ამ პატარა ქალბატონის გარდა, რომელმაც მთელი ოჯახის ცხოვრება თავდაყირა დააყენა, ჩვენს რესპონდენტს 8 წლის გაბრიელი ჰყავს, რომელიც წელს სკოლაში შედის.

- ბარბარე 19 მაისს დაიბადა. დროზე ადრე მოევლინა ქვეყანას, 38 კვირის ვიყავი, როცა გაჩნდა. საკმაოდ მძიმე ორსულობა მქონდა, გაბრიელზეც არ ვიყავი ნაკლებად, მაგრამ შრომისუნარიანი მაინც გახლდით, აქტიურობით გამოვირჩეოდი, ამ შემთხვევაში კი მქონდა ტოქსიკოზი და სხვა პრობლემები, რამაც ნაადრევი მშობიარობა გამოიწვია.

- ფიზიოლოგიურად იმშობიარე?

- არა, პირველი ფიზიოლოგიურად გავაჩინე, ამ შემთხვევაში კი საკეისრო კვეთა დამჭირდა. მთელი ორსულობის პერიოდი სახლში გავატარე და შეიძლება ითქვას, რომ ყველანაირ საქმეს ჩამოვშორდი. ძალიან შემიწყო ხელი თეატრალურმა უნივერსიტეტმა, სადაც რეჟისორ ანდრო ენუქიძესთან ასისტენტად ვმუშაობ, პედაგოგიურ საქმიანობას ვეწევი, პირველი კურსი ჰყავდა და ძალიან საპასუხისმგებლო იყო მათთან მუშაობა, მაგრამ ვერ მოვახერხე გასვლა. ამასთან ერთად, თავისუფალ თეატრში ბატონმა ავთო ვარსიმაშვილმა ჩემ გამო სპექტაკლი `ვალსი ძილის წინ~ რეპერტუარიდან მოხსნა, მართალია, ჩემამდე იყო გარკვეული პრობლემები ამ სპექტაკლთან დაკავშირებით, შემდეგ მოგვარდა და შეიძლებოდა დაბრუნება, მაგრამ ბატონმა ავთომ გადაწყვიტა, რომ ჩემს გასვლამდე შეეჩერებინა. მე და მარიამ ჯოლოგუას გვაქვს სტუდია, რომლისთვისაც ასევე ვერაფერს ვაკეთებდი. დაწყებული მქონდა სპექტაკლის დადგმა თავისუფალ თეატრში, მაგრამ ესეც გავაჩერე, მოკლედ, მთელი ფეხმძიმობა ვერაფერი გავაკეთე გარდა საკუთარი თავისა და მუცლადმყოფი შვილის მოვლისა.

სექტემბრიდან უკვე ვაპირებ სახლიდან გასვლას, შეიძლება, ბოლომდე ფორმაში არ ვიყო, მაგრამ რომელიმე სამსახურში აუცილებლად უნდა დავბრუნდე, იმედია, ბარბარე ხელს შემიწყობს და ძიძასთან უპრობლემოდ დარჩება.

- ბავშვს სახელი ვინ შეურჩია?

- ამაზე ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, ბოლო წუთამდე ბავშვს სახელი არ ჰქონდა, ბევრი ვიმსჯელეთ. ორსულობისას სქესი არც გაბრიელის შემთხვევაში გაგვიგია და არც ბარბარესი, გოგონა რომ დაიბადა, დიდი სიურპრიზი იყო.

სახელის დარქმევისას ბარბარესა და კესარიას შორის უნდა გაგვეკეთებინა არჩევანი, მე და გოგამ ამაზე ვიკამათეთ, ვერ ვიღებდით გადაწყვეტილებას. ბავშვი სამი დღის დაბადებული იყო და სახელი კიდევ არ ჰქონდა, გოგა საბუთების შესავსებად მიდიოდა, რომ დამირეკა, მითხრა, ახლა თუ არ მეტყვი, რა ჩავაწერინო, ბავშვს სახელი არ ექნებაო, ვუთხარი, ბარბარე-მეთქი და 5 წუთში მირეკავს, ეგებ, კესარია სჯობსო (იცინის). ბოლოს მაინც ბარბარე დავარქვით და ვფიქრობ, კარგი არჩევანია, მაგრამ ახლა დაძახებაზეა დიდი ამბავი, მე და ჩემიანები ბარბარას ვეძახით, გოგა - ბარბარეს, თან მეუბნება, ბავშვი წერია ბარბარედ და ასევე უნდა დაუძახოთო, თუმცა პრინციპი ერთია და მერე ეს პატარა გოგო გადაწყვეტს, რომელი ფორმა უფრო მისაღები იქნება მისთვის.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება