კითხულობენ თუ არა ცნობილები წიგნებს

კითხულობენ თუ არა ცნობილები წიგნებს

ამბობენ, წიგნი კომპიუტერმა ჩაანაცვლაო, მაგრამ მას მერე, რაც რამდენიმე ცნობილ ადამიანს გავესაუბრე, მივხვდი, რომ თურმე, არც ისე ცუდადაა საქმე: გარდა იმისა, რომ ლიტერატურის კითხვით სიამოვნებას იღებენ, შვილებსაც აჩვევენ წიგნის სიყვარულს.

სოფია სებისკვერაძე:

- დიდი ხანია, წიგნებთან ვმეგობრობ და შესაბამისად, თუ რაღაც პერიოდი წასაკითხად ვერ მოვიცალე, ეს პროცესი მენატრება კიდეც.

- პირველად რა წაიკითხე?

- ჩემი პირველი წიგნი - "ყვითელი კოდალას ორდენის საიდუმლო" იყო. მეოთხე კლასში ვიყავი, როდესაც ეს წიგნი წავიკითხე და მაშინდელი ემოციები დღემდე მახსოვს. სხვათა შორის, ხშირად ვფიქრობ ამ წიგნზე და "ცხვირპაწუა" გოგონაზე, რომელსაც უცნაური სამყარო ჰქონდა. იქ ყველა ნივთი, ცხოველი ან მოვლენა ლაპარაკობდა, რაღაცით ალისას გმირს ჰგავდა.

- რომელი ჟანრის ლიტერატურას ანიჭებ უპირატესობას?

- თუ კარგი პროდუქტია, ყველანაირი ჟანრი მხიბლავს. ჩემთვის ჟანრობრივი განხილვა ფილმებთან უფრო ასოცირდება. კლასიკურიც მიყვარს და თანამედროვე ლიტერატურაც, კიდევ, ანტიკურიც (იცინის). დეტექტივი ნაკლებად მხიბლავს, მაგრამ მიმაჩნია, დოსტოევსკის "დანაშაული და სასჯელი" ერთ-ერთი საუკეთესოა ამ ჟანრში.

- ელექტრონული წიგნებით თუ სარგებლობ?

- ელექტრონულ წიგნებს აქტიურად არ ვიყენებ. ისე, რა მნიშვნელობა აქვს, სად წაიკითხავ ლიტერატურას? მთავარია, ამ დროს თავს კომფორტულად გრძნობდე. როგორც გითხარით, ამჟამად ელექტრონულ წიგნებს ნაკლებად ვიყენებ, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ სულ მალე ჩემთვისაც ელექტრონულმა წიგნმა ჩაანაცვლოს ჩვეულებრივი წიგნიც.

- წიგნის ხელმეორედ წაკითხვა თუ გჩვევია?

- არ მჩვევია, მაგრამ ზოგჯერ ასეც ხდება. მაგალითად, დოსტოევსკის "იდიოტი" პირველად სკოლის მოსწავლემ წავიკითხე, შემდეგ - სტუდენტმა. მიშკინი მომენატრა ალბათ, არადა, ნასტასია ფილიპოვნაზე ვიყავი შეყვარებული (იცინის). მეორე წიგნი, რომელსაც პერიოდულად ვკითხულობ ხოლმე, არის ეგზიუპერის "პატარა უფლისწული"... არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ახალგაზრდები უწიგნურები არიან. ვფიქრობ, ახლა უფრო მეტი მოზარდი კითხულობს წიგნს, ვიდრე ეს ჩემს ბავშვობაში ხდებოდა.

- შენს შვილს თუ ურჩევ წასაკითხ ლიტერატურას?

- რა თქმა უნდა, შერჩევაში ვეხმარები. ახლა "დორიან გრეის პორტრეტს" კითხულობს. რომ მახსენდება, თუ როგორ დავაინტერესე ამ წიგნით, მეცინება. იმედია, არ მიწყენს: გიორგი გაბუნიაზეა შეყვარებული და ვუთხარი, რომ თუ გიორგი მოსწონს, მაშინ დორიანიც მოეწონება. ჰოდა, გაჭრა ამ მიდგომამ (იცინის).

რამაზ ნოზაძე:

- კითხვა მამამ შემაყვარა. ის სულ კითხულობდა, თანაც - რამდენიმე წიგნს ერთდროულად. ამას რომ ვუყურებდი, მეც დავინტერესდი, თუ რა სიამოვნება მოაქვს კითხვის პროცესს და გადავეშვი ულამაზეს, ილუზიებით მოცულ სამყაროში. მახსოვს, პირველად მამის რჩევით, "ტომ სოიერი" წავიკითხე და იმდენად მომეწონა, რომ ხელმეორედ დავუბრუნდი. შემდეგი წიგნი, რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა, გახლდათ "ახალი აღთქმა". სადაც უნდა მივდიოდე, ეს წიგნი სულ თან მაქვს. ერთ ბრძენს ჰკითხეს: მთელი ცხოვრება ციხე რომ მოგისაჯონ და ერთი წიგნის შეტანის უფლება მოგცენ, რომელს შეიტანდიო? ბრძენმა უპასუხა: ამ სამყაროში ერთი წიგნია და ეს ახალი აღთქმააო. მეც ასე ვფიქრობ. მისი კითხვისას ვგრძნობ, რომ ცხოვრება სულიერებით არის მოცული!

- კიდევ, რა ჟანრის ლიტერატურას კითხულობ?

- მთავარია, წიგნი საინტერესო იყოს და რომელი ჟანრისაა, ამას მნიშვნელობა არა აქვს. ნოდარ დუმბაძეზე და მის ნაწარმოებებზე ვგიჟდები. მიმაჩნია, რომ "თეთრი ბაირაღები" უნიკალური წიგნია. ამჟამად პაულო კოელიოს "ალქიმიკოსს" ვკითხულობ.

- დაბოლოს, ახალგაზრდებს თუ ურჩევ რამეს?

- ახალგაზრდებს ვურჩევ, ბევრი იკითხონ. აუცილებლად გადაშალონ "ახალი აღთქმა", რათა ჩასწვდნენ დედამიწაზე კაცობრიობის ყოფას და ზეცაში სულიერი ცხოვრების არსს... როცა ბავშვი ვიყავი, დედას ჩემთვის ყოველთვის მოჰქონდა ზღაპრები, რომლებსაც მერე პაპა გვიკითხავდა. ეს ჩემთვის ძვირფასი წუთები იყო. პაპა ზღაპრის მოყოლას რომ დაიწყებდა, მაშინვე გადავყავდი მშვენიერ სამყაროში (ეს კარგად გამოსდიოდა). როცა რაღაც არ მომეწონებოდა, ვაჩერებდი და ზღაპრის გადაკეთებას ვთხოვდი ხოლმე. პაპაც გულს არ მწყვეტდა და ამბავს ისე ლამაზად გადააკეთებდა, რომ გასუსული ვუსმენდი (იცინის).

- თავად თუ უკითხავ შვილებს ზღაპრებს?

- ყოველთვის ვცდილობ, ჩემს პატარებს ზღაპრები პაპის მეთოდებით ვუკითხო (იცინის). ყველა მამას ვურჩევ, გამონახოს ცოტაოდენი დრო შვილებისთვის. გაბრიელას ზღაპრებს ზოგჯერ, "სკაიპითაც" ვუკითხავ და ეს ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა.

სალომე გოგიაშვილი:

- მახსოვს, პირველად "ტომ სოიერის თავგადასავალი" წავიკითხე და ჩემი შვილების გადამკიდე, ამ წიგნს უკვე მესამედ ვკითხულობ.

- ბავშვობაში წასაკითხ წიგნებს ვინ გირჩევდა?

- რა თქმა უნდა, დედა. მეც ვურჩევ ჩემს შვილებს, რომელი წიგნი უნდა წაიკითხონ. მიმაჩნია, რომ თავიდან სწორად უნდა შეირჩეს ლიტერატურა, რათა ბავშვი დააინტერესო და კითხვა არ შეწყვიტოს. ამ საქმეს დიდი გულისყურითა და პასუხისმგებლობით ვეკიდები.

- რომელი ჟანრის ლიტერატურას ანიჭებ უპირატესობას?

- ვკითხულობ ყველაფერს, მაგრამ ბოლო დროს დეტექტივებმა გამიტაცა.

- ელექტრონულ წიგნებზე რა აზრის ხარ?

- ამით არ მისარგებლია, მაგრამ გეტყვით: თუკი ადამიანს არ აქვს წიგნი და არის შესაძლებლობა, რომ სასურველი ნაწარმოები ინტერნეტში წაიკითხოს, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.

- დასასვენებლად როცა მიდიხარ, წიგნები თუ მიგაქვს?

- დასვენების პარალელურად კითხვას ბავშვობაში უფრო ვახერხებდი. საზაფხულო არდადეგების დროს 3 წიგნი აუცილებლად უნდა წამეკითხა. სამწუხაროდ, ამას ვეღარ ვახერხებ. მთელი ოჯახი დასასვენებლად ზღვაზე მივდივართ და იქ წიგნისთვის დროს ნამდვილად ვერ გამოვნახავ: ან ბავშვებს დავდევ, ან გაფართოებული თვალებით ვუცქერ, რომ ზღვაში ღრმად არ შევიდნენ (იცინის).

- წაკითხულ წიგნს ხელმეორედ თუ უბრუნდები?

- წიგნს - არა, მაგრამ ფილმი თუ მომეწონა, სიამოვნებით ვუყურებ ხელახლა.

- როგორ ფიქრობ, რატომ უნდა იკითხონ წიგნები?

- იმიტომ, რომ ბევრად მეტს გაიგებენ ცხოვრების შესახებ, ექნებათ სიტყვების დიდი მარაგი, საზოგადოებაში ბევრად მისაღები იქნებიან. ბოლოს და ბოლოს, არავის მოსწონს გაუნათლებელ პიროვნებასთან ურთიერთობა.

- ეთანხმები თუ არა იმ მოსაზრებას, რომ ახალი თაობა წიგნს დაშორდა?

- ვეთანხმები. ის, რაც ადრე მხოლოდ წიგნით შეგეძლო გაგეგო, ახლა ინტერნეტითაც შესაძლებელია და ახალგაზრდებმაც ბევრად მარტივი გზა აირჩიეს.

დათო გოგიშვილი:

- დედა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გახლდათ (სამწუხაროდ, გარდაცვლილია). ის ბავშვის სასკოლო ასაკისთვის მომზადებას დიდ ყურადღებას აქცევდა. სწორედ დედის დამსახურებაა, რომ წერა-კითხვა 5 წლის ასაკში ვისწავლე. თუმცა, გამოგიტყდებით, წერა ძალიან მიჭირდა. არასოდეს დამავიწყდება სამტრედიის რაიონის სოფელ ნოღის საშუალო სკოლის პედაგოგი, ქალბატონი ვენერა დოლიძე, რომელიც საოცრად თბილი ადამიანი იყო. მახსოვს, ბავშვებს როგორ გვეფერებოდა. ალბათ ამიტომაც, მის გაკვეთილზე დასწრება ყველას გვიხაროდა.

- პირველად დამოუკიდებლად რომელი წიგნი წაიკითხე?

- პირველ კლასში რომ შევედი, დედას მოსწავლემ, რომელმაც იმ წელს დაამთავრა სკოლა, იაკობ გოგებაშვილის "საგანძური" მაჩუქა. ამ წიგნს მესამე კლასამდე დედას ვაკითხებდი, მერე დამოუკიდებლადაც წავიკითხე. არასოდეს დამავიწყდება მოთხრობა "იავნანამ რა ჰქმნა", რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. დაახლოებით მეხუთე კლასიდან უკვე ისტორიული ჟანრის წიგნებს ვანიჭებდი უპირატესობას.

- ახლა რა ჟანრის ლიტერატურას ეცნობი?

- ახლაც ისტორიული და მემუარული ლიტერატურა მიზიდავს. რეალურ ადამიანებზე რაღაცის წაკითხვა უფრო მიყვარს, ვიდრე გამოგონილ პერსონაჟზე. ბუნებით რეალისტი და პრაგმატიკოსი ვარ.

- ელექტრონულ წიგნებზე რა აზრის ხარ?

- ელექტრონული წიგნები ერთ-ორ ჩემს მეგობარს აქვს. სიმართლე გითხრათ, ასეთ წიგნებს მივესალმები თუნდაც, ეკოლოგიური ფაქტორის გამო.

- ბევრი ამბობს, რომ ახალგაზრდობა წიგნს დაშორდა...

- ჯერ უნდა ჩამოვყალიბდეთ, როგორ გვესმის ცნება "წიგნიერება". მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც ლამის, წაუკითხავი წიგნი არ დაუტოვებიათ საჯარო ბიბლიოთეკაში, მაგრამ რაღაცების "გაგნებაში" არ არიან. მათ ანალიზის უნარი აქვთ დაბალი... ტრაგედიას სულაც არ ვხედავ იმაში, რომ საჯარო ბიბლიოთეკის დარბაზები ახალგაზრდებით არ არის გადაჭედილი. ინფორმაციული ტექნოლოგიების ჰიპერპროგრესმა XXI საუკუნის ახალგაზრდობას სხვა ამოცანები დაუსახა. კომუნისტების დროს დოტაციური ეკონომიკა იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ათობით არასაჭირო წიგნი გეკითხა. დღეს კი წიგნი პროდუქტიულობის მიხედვით თუ არ წაიკითხე, თანამედროვე მოთხოვნებს ფეხს ვერ აუწყობ.

- რას ურჩევ ახალგაზრდებს?

- წიგნს წაიკითხავენ, გაზეთს თუ ინტერნეტით გაეცნობიან სიახლეებს, აუცილებლად იყვნენ თავისუფლები, ანალიტიკურები, კრიტიკულები; არასოდეს იაზროვნონ დოგმებითა და სტერეოტიპებით; არასოდეს გახდნენ ამორალურად კომფორმისტები და არასოდეს თქვან თეთრზე შავი.

- შვებულების პერიოდში თუ გიყვარს კითხვა?

- კითხვასაც ხომ ძალისხმევა სჭირდება? ამიტომ გულწრფელად გეტყვით, ჩემი ყოველდღიურობა და შრომითი რეჟიმი იმდენად რუტინულია, როდესაც შვებულება მაქვს, ვცდილობ, ყველაფერს მოვწყდე და განვიტვირთო.

მარეხ ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება