"სიმთვრალეში ძალიან საყვარელი ვარ" - ეკო ფანგანის ცხოვრების უცნობი ისტორიები

"სიმთვრალეში ძალიან საყვარელი ვარ" - ეკო ფანგანის ცხოვრების უცნობი ისტორიები

მხიარული, ლამაზი, ენერგიული ტელეწამყვანი - ეკო ფანგანი მთელი ინტერვიუს განმავლობაში წუწუნებდა: - უკვე დიდი ვარ, რაღა მახსოვსო? მიუხედავად ამისა, საინტერესო "პირველი ამბები" მაინც გაიხსენა...

- პირველი ვიზიტი იტალიაში...

- იტალიურს საქართველოში ვსწავლობდი. რაღაც კონკურსი ჩატარდა, რომელშიც გავიმარჯვე, დაფინანსება მოვიპოვე და სასწავლებლად იტალიაში გავემგზავრე. ეს ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბედნიერი ეტაპი იყო. მაშინ დაახლოებით 24 წლის ვიყავი. უცხო ქვეყანაში მანამდეც მიცხოვრია. პირველად იტალიაში რომ ჩავედი, ტაქსიში ჩავჯექი და მძღოლს მისამართი ვუთხარი, მივხვდი, მატყუებდა: გრძელი გზით მიდიოდა, რომ "ტაქსის" ბევრი ფული დაეწერა. ვუთხარი: - ნუ მატყუებ, სხვა გზით წამიყვანე-მეთქი. მოკლედ, იტალიაში ჩასვლისთანავე მეგონა, რომ იქაური ვიყავი.

- პირველი მაკიაჟი...

- არ მახსოვს, მაკიაჟი პირველ­ად როდის გავიკეთე, ალბათ - სტუდენტობისას, რადგან სკოლის მოსწავლეობის პერიოდში, მაკიაჟს არ ვი­კე­თებდი და ქუსლიან ფეხსაცმელს არ ვიცვამდი. საერთოდ, ქალური რაღაცები არ მიზიდავდა.

- პირველი სერიოზული გადაწყვეტილება ცხოვრებაში...

- როცა პროფესიას ვირჩევდი. ახლა იურისტის რა მეტყობა, მაგრამ - ვარ.

- პროფესიის შერჩევისას ბევრი იფიქრე?

- არ მახსოვს. 90-იანი წლების ბოლო იყო ანუ საქართველოში ძალიან ცუდი პერიოდი გახლდათ. ალბათ ახლა სხვაგვარად მოვიქცეოდი, თუმცა მაშინ, ჩემ მიერ შერჩეული ფაკულტეტი - საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობა მაინტერესებდა. მეგონა, მთელი ცხოვრება იურისტის პროფესიას "გავყვებოდი".

- პროფესიით არასოდეს გიმუშავია?

- კი, მეორე კურსიდანვე, 6 წელი საკონსტიტუციო სასამართლოში ვმუშაობდი.

- იქ მუშაობას საკუთარი სურვილით დაანებე თავი?

- მაშინ უბრალოდ, სხვა სამსახურში გადავედი. სხვადასხვა ეტაპზე, ადამიანის ცხოვრებაში ნელ-ნელა რაღაცები იცვლება.

- პირველი ფოტო მსოფლიოს ვარსკვლავთან...

- ზემფირასთან. ის ჩემთვის მსოფლიო მასშტაბის ადამიანია, რომელიც დღეს ჩემი მეგობარი გახლავთ. შემდეგ ფოტოები იტალიელ ფეხბურთელებთან ერთად გადავიღე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ყველასთან, ვისთანაც ფოტო გადამიღია, რაღაც ურთიერთობა მაკავშირებდა.

- იტალიელ ფეხბურთელებთან დღემდე გაქვს კონტაქტი?

- მათთან მეგობრობა ნამდვილად არ მაკავშირებს, თუმცა, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტებს და კიდევ ვიღაცებს კარგად ვიცნობ. რომ გითხრა, მე და ბუფონი ერთმანეთს ტელეფონით ველაპარაკებით-მეთქი, მოგატყუებ.

- ზემფირასთან მეგობრობაზე გვიამბე.

- მის შემოქმედებას თაყვანს ვცემდი. მეგონა, ჩემს სულთან ყველაზე ახლოს მყოფი ადამიანი იყო. 2002 წელს, ბათუმში გავიცანი. მაშინ "სუბტროპიკების ფესტივალი" ტარდებოდა (იქაც ვმუშაობდი). ჰოდა, მას შემდეგ ვურთიერთობთ. მისი გაცნობიდან რამდენიმე წლის მერე, თბილისში ზემფირას კონცერტი მეც "გავაკეთე". როცა თბილისში ჩამოდის, ყოველთვის ვნახულობ.

დაათვალიერეთ | ეკო ფანგანის გამომწვევი ფოტოგალერეა

- პირველი უთანხმოება სამართალდამცავებთან...

- პატრული დამეჯახა. რაც მთავარია, მითხრა, - შენ დამეჯახეო. მანქანაც მე შემაკეთებინეს... სხვათა შორის, ვინც დამეჯახა, ის დღეს ჩემი მეგობარია.

- დამნაშავე შენ არ ყოფილხარ?

- მე ასე მივიჩნევ, ის სხვაგვარად ფიქრობს. ამ ამბავს დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს - მას შემდეგ დაახლოებით 10 წელი გავიდა.

- პირველი სიყვარული...

- მაშინ დაახლოებით 3 წლის ვიყავი. აივნიდან ვიღაც ბიჭს ვუყურებდი და მიყვარდა. მისთვის სახელიც - ლევანი მოფიქრებული მქონდა (იცინის)... შემდეგ ალბათ, საბავშვო ბაღში მიყვარდა ვინმე. სკოლაში სწავლის პერიოდში, მთელი კლასი მსახიობ დათუნა გოცირიძეზე ვგიჟდებოდით. 13-14 წლისას "ვითომ შეყვარებული" მყავდა, ბავშვური ურთიერთობა გვქონდა.

- პირველი საქციელი, რომელიც ინანე...

- უკაცრავად, მაგრამ ბავშვობაში, პირდაპირ ტანსაცმელში ვისველებდი, შემდეგ დედაჩემთან მივდიოდი და ვეუბნებოდი, - ეკო ტუტუცია-მეთქი. ეტყობა, ეს სინანული იყო (იცინის).

- პირველი სიმთვრალე...

- ვაიმე, რა მახსოვს? დიდი ვარ უკვე (იცინის). ალბათ ბოლო კლასში, სკოლის დამთავრებისას...

- როგორი სიმთვრალე გაქვს?

- გადასარევი. ასეთ დროს ძალიან საყვარელი ვარ.

- პირველი ვიზიტი ღამის კლუბში...

- სკოლის მოსწავლე ვიყავი. მეგობარმა ბიჭებმა ვაკეში, ღამის კლუბში წაგვიყვანეს. 18 წლამდე ასაკის სტუმრებს არ უშვებდნენ. რაღაცნაირად, მაინც შევედით. მახსოვს, 90-იანების ჰიტი - დოქტორ დრის "დინ დონ" იყო ჩართული. კლუბის "ბუმი" რომ დავინახე, თითქოს რაღაც "ჯოჯოხეთის სავანეში" მოვხვდი. ვთქვი, - აქ რატომ მომიყვანეთ-მეთქი? მიუხედავად ამისა, კლუბში მეორე ვიზიტისას უკვე "მოწამლული" ვიყავი.

- ღამის კლუბებს დღესაც სტუმრობ?

- საქართველოში ნამდვილმა ელექტრონულმა მუსიკამ რომ შემოაღწია, ამაში წვლილი მეც მიმიძღვის. ყველაფერი 2000 წელს, "სუბტროპიკების ფესტივალიდან" დაიწყო. შემდეგ თბილისში, კლუბების პრომოუშენსა და მენეჯმენტზე ვმუშაობდი. გარკვეული მიზეზების გამო, ახლა კლუბებში ხშირად აღარ დავდივარ, მაგრამ ელექტრონული მუსიკა ჩემთვის ყველაზე საყვარელ მიმართულებად რჩება.

- პირველი ექსტრემალური სიტუაცია...

- რუსთაველზე სახლი მქონდა. 9 აპრილის მოვლენები, თბილისის ომი - ის საშინელი, მძიმე პერიოდი მახსოვს. მაშინ პატარა ვიყავი... პირველ სკოლაში ვსწავლობდი. ის სკოლა ისე მიყვარდა, რომ როცა დაიწვა, ამ ამბავს მიმალავდნენ. ბოლოს მაინც გავიგე და მთელი დღე დამწვარ სკოლასთან ვიდექი, ვტიროდი... ეს ყველაფერი უფრო უარყოფითი ემოციებია, მაგრამ გარკვეულწილად, ექსტრემალური სიტუაციაც იყო, რადგან იქვე ვცხოვრობდი და ფაქტობრივად, ომში ვიყავი...

- პირველი საჩუქარი დედას...

- ალბათ დაბადების დღეს რაიმეს დავუხატავდი ან მისალოც ბარათს მივუძღვნიდი. ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი. მეხუთე კლასში ხელნაწერ გაზეთს გამოვცემდი.

- პირველი სირცხვილი...

- არც პირველი, არც ბოლო სირცხვილი არ მახსოვს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უსირცხვილო ვარ. ისეთს არაფერს ვაკეთებ, რომ მერე შემრცხვეს.

- პირველი სერიოზული წარმატება...

- სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა შემწყნარებლობის თემაზე რაღაც საერთაშორისო კონკურსი ტარდებოდა. კონკურსისთვის თემა უნდა მოგვემზადებინა. ასეთი რაღაცები არ მიყვარდა. მახსოვს, თოვლი მოვიდა და ბავშვები მამადავითის ეკლესიაში წასვლას ვაპირებდით. კლასის დამრიგებელმა არ გამიშვა, ვიდრე თემა არ დავწერე... შემდეგ კონკურსის წარმომადგენლები მოვიდნენ და გაირკვა, რომ გავიმარჯვე. მართალია, მონაწილეობა არ მინდოდა, მაგრამ გამარჯვებულად რომ დამასახელეს, ბედნიერი ვიყავი. ფულადი ჯილდო - 30 ლარი, სიგელი და საჩუქრები გადმომცეს. მაშინ 30 ლარი მცირე თანხა არ იყო.

- გახსოვს, დამსახურებული 30 ლარი რაში დახარჯე?

- მეგობარს დაბადების დღეზე საჩუქრები ვუყიდე.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება