როგორ გადაიქცა ცელქი გოგო ვულგარულ მომღერლად - ქეთა თოფურიას მეტამორფოზა

როგორ გადაიქცა ცელქი გოგო ვულგარულ მომღერლად - ქეთა თოფურიას მეტამორფოზა

ქეთა თოფურია ზოდიაქოთი ქალწულია, წლის მიხედვით - ვეფხვი. ამბობდა, რომ ასტროლოგიის ნაკლებად სჯერა. მიზანდასახული გოგონა ყოველთვის ცდილობდა, დაწყებული საქმე აუცილებლად, ბოლომდე მიეყვანა. წლების წინ, "გზისთვის" მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ ჯიუტია და თავი ასე იმართლა: - "ეს დედისერთებისთვის დამახასიათებელი თვისებაა. ასევე, ეჭვიანი ვარ. თუ ვინმე მომწონს, ეჭვიანობით ხელში მყავს შეკლული. ჩემი მომავალი მეუღლე ამის გამო ძალიან უბედური იქნება".

უცნობია, აწუხებს თუ არა ეჭვიანობით მეუღლეს - ლევ გეიხმანს, მაგრამ როგორც ამბობენ, წყვილს ერთმანეთი ძალიან უყვარს და ერთმანეთს ავსებენ. ცოტა ხნის წინ ქეთამ რუსულ გამოცემას - HELLO ინტერვიუ მისცა, სადაც ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას: დაახლოებით ერთი წელია, რაც გათხოვდი. შეგიძლია გვითხრა, რა შეიცვალა თქვენს ოჯახურ ცხოვრებაშიო? - ასე უპასუხა:

- არაფერი შეცვლილა და ეს ძალიან კარგია. როდესაც იწყება ყოველდღიურობა, გარჩევები, ეს უკვე ძალიან ცუდია. ჩვენთან ყველაფერი კარგადაა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ნაჩ­ქარევად არ დავქორწინებულვართ - 4 წლის განმავლობაში ვხვდებოდით ერთმანეთს და მე ისედაც ლევის ცოლი ვიყავი. უბრალოდ, მერე გადავწყვიტეთ, ამ ყველაფრისთვის ოფიციალური სახე მიგვეცა და ახლობლებისთვის დღესასწაული მოგვეწყო.

- როგორ ფიქრობ, რა არის იმ პრობლემების მიზეზი, რომელიც ოჯახში ქორწინების შემდგომ იჩენს ხოლმე თავს?

- ასეთ დროს დამნაშავეა ორივე მხარე: ცოლიც და ქმარიც. ოჯახი - ეს იგივე სამსახურია; უნდა იშრომო ისე, როგორც ამას ყოველდღე სამსახურში აკეთებ. ეს რთული მეცნიერებაა და იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად იყოს, ძალისხმევა არ უნდა დაიშურო. ყველაფერთან ერთად, ცოლ-ქმარმა გულწრფელობა უნდა შეინარჩუნოს.

- ლევს ქალიშვილი ჰყავს, რომელიც შვეიცარიაში ცხოვრობს. მასთან დამეგობრება მოახერხეთ?

- დიახ, ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. სონია ნიჭიერი, ლამაზი გოგოა. სხვათა შორის, კარგად უკრავს ფორტეპიანოზე... როცა დასასვენებლად მივდივართ, ისიც ჩვენთან ერთადაა. ერთად დავდივართ მაღაზიებში და ვურჩევ ხოლმე, რა იყიდოს. ვფიქრობ, 15 წლისას გვერდით გჭირდება ადამიანი, რომელიც სწორ მიმართულებას მოგცემს.

- მისი გვერდით ყოფნისას არ გიჩნდებათ სურვილი, რომ საკუთარი შვილი გყავდეთ?

- გსურს ღმერთი გააცინო? - მაშინ მოუყევი შენი გეგმების შესახებ. მაგრამ ალბათ, უკვე დროა, ამაზე ვიფიქრო. მე უკვე მინდა მყავდეს შვილები.

დაახლოებით 10 წელია, რაც ქეთა საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, მანამდე კი პოპულარული მომღერალი ქართველ ჟურნალისტებსაც გვანებივრებდა თავისი გულწრფელი ინტერვიუებით. "გზის" არქივიდან გთავაზობთ ამონარიდებს და თავად განსაჯეთ, თუ როგორი მეტამორფოზა განიცადა მომღერალმა ამ 10 წლის განმავლობაში. ყველაზე მეტად კი მისი ერთი ფრაზა მომეწონა: "ჩემს გარდერობში ვერ ნახავთ ზედმეტად დეკოლტირებულ სამოსს", არადა, მოგეხსენებათ, წლევანდელი "იურმალის" კონკურსზე სწორედ ქეთას დეკოლტემ "დაშოკა" ამ კონკურსზე მყოფი საზოგადოება...

"რა მიხდება? - სპორტული სტილიც და კლასიკურიც. სცენაზე სპორტულის ჩაცმა გამაღიზიანებელია, ამიტომ ვარჩევ კლასიკურს. ყველა ფერი მიხდება, მაგრამ არ მიყვარს მყვირალა, "იარკი" ფერები. ვცდილობ, ძალიან მოღებული და დეკოლტირებული ტანსაცმელი ჩემს გარდერობში არ მოხვდეს. არ მინდა, ვულგარული ვიყო".

"ბევრი ამბობს, რომ მამაკაცის გარეგნობას მნიშვნელობას არ ანიჭებს, ჩემთვის კი ამას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, გემოვნება ხშირად მეცვლება. წინათ შავგვრემანი მამაკაცები მომწონდა, ახლა - ქერა. რაც შეეხება თვისებებს: უნდა იყოს თბილი და ერთგული, უნდა ვუყვარდე მეც და ჩემ გარშემო მყოფი ადამიანებიც. მის მატერიალურ მხარეს დიდ ყურადღებას არ მივაქცევ, მაგრამ ოჯახის რჩენის საშუალება უნდა ჰქონდეს..."

"ვარ ერთგული და კარგი მეგობარი. ხშირად ვნატრობ ისეთი მეგობრის ყოლას, როგორიც თავად ვარ სხვებისთვის..."

"მშობლებიც და მეგობრებიც მსაყვედურობენ, - ცანცარა ნუ ხარო, მე კი ჯერჯერობით, დაჭკვიანებას არ ვაპირებ. როცა ჩუმად ვზივარ და სერიოზული სახე მაქვს მიღებული, მეკითხებიან: რა გჭირს? რა მოგივიდაო? მეუბნებიან: ასეთს ვერ გიტანთო! გამოდის, რომ სერიოზული ქეთა არ მოსწონთ..."

"ეზოში სათამაშოდ რომ გავდიოდი, ბავშვები შინ გარბოდნენ. ძალიან მიყვარდა გარაჟის თავზე ჯდომა და ბავშვების ცემა. ასევე, "როლიკებით" სრიალი (იღიმის)..."

"სიმღერა ჩემი ბავშვობის ოცნება არ ყოფილა. ბავშვობაში მინდოდა, სამშობიარო სახლში მემუშავა და უამრავი ჩვილი დაბადებულიყო ჩემს ხელში..."

"ძალიან პატარა ვიყავი. ჩემს მეზობლად მუსიკის მასწავლებელი - ელზა ლელუაშვილი ცხოვრობდა. მის გასაგონად მთელი ხმით ვმღეროდი. მაშინვე ვხვდებოდი, რომ სიმღერის გარეშე ვერ ვიცხოვრებდი. ქალბატონი ელზას სიმღერა - "გვეყვარება ერთმანეთი" მოგვიანებით მე და აჩი ფურცელაძემ ვიმღერეთ. წლების წინ საბავშვო-სამანეკენო თეატრ-სტუდიამ მიმიწვია. ვმონაწილეობდი სილამაზის კონკურსში და გავხდი "მის მოდელი" და "მის ტოპმოდელი 96". ჩემმა დიზაინერმა იცოდა, რომ სიმღერა შემეძლო და მითხრა, - მოდი, ესპანური სიმღერა ჩაწერეო. მიმიყვანეს ნაზი დუმბაძესთან და კარგი სიმღერა შემასწავლეს. მერე ბათუმში მივდიოდით და საზაფხულოდ კიდევ ჩავწერე სიმღერა, რომელიც ოთარ ტატიშვილმა დამიწერა და სულ მალე, მისი მოსწავლე გავხდი. აქედან დაიწყო ჩემი მჭიდრო კავშირი მუსიკასთან..."

"რა მაღიზიანებს? - ალბათ ის, რომ ზოგიერთს დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, სინამდვილეში კი დიდს არაფერს წარმოადგენენ..."

"მინდა, მსოფლიო დონის ვარსკვლავი გავხდე. ახლა მიწვევა მაქვს მოსკოვში. საერთოდ, წელს იმდენი მიწვევა მქონდა, მგონი, რეკორდსმენი ვარ".

"არ მიყვარს, როცა ჩემს ოთახში ვინმე დაუკითხავად შედის. მინდა, მქონდეს დიდი ოთახი. ძალიან მიყვარს სათამაშოები. უამრავი თოჯინა მქონდა, ახლა კი უმეტესობა გავაჩუქე, ზოგიც ძაღლმა დამიგლიჯა... როცა მარტო ვრჩები, რით ვერთობი? - ვუსმენ რუსულ მუსიკას. მუსიკას ჩემი ხასიათის შეცვლა შეუძლია..."

ქეთას ერთ-ერთი ინტერვიუთი თუ ვიმსჯელებთ, ის არ მიიჩნევს თავს ტიპურ ქართველ გოგოდ. ფიქრობს, რომ თავიდანვე ევროპეიზებული იყო და ცოტა არ იყოს, შეშლილიც: "ყოველთვის პირდაპირ ვამბობდი სათქმელს. თუკი ვინმე მომწონდა, გრძნობებს არ ვმალავდი. ყველა მეუბნებოდა, - "გაგიჟდი? მამაკაცმა პირველმა უნდა გადადგას ნაბიჯი, ჯერ იმან უნდა დაგირეკოს". ეს ჩემთვის ყოველთვის სულერთი იყო... ბევრი რატომღაც მიიჩნევს, რომ კავკასიაში მიღებულია, თითქოს ქალმა არ უნდა იმუშაოს. მე კი არ მახსენდება, რომ თბილისში ახალგაზრდა გოგონები მფარველების ხარჯზე ცხოვრობდნენ, მოსკოვში კი ეს ძალიან ხშირად ხდება... არ შეიძლება, ვინმეზე იყო დამოკიდებული. ასეთ "დამოკიდებულებს" მამაკაცები პატივს არ სცემენ".

HELLO-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ქეთა ჟურნალისტს იმ განცდებზეც ესაუბრა, რაც თბილისიდან მის მოსკოვში გადაბარგებას მოჰყვა.

- მაშინ პატარა ვიყავი და ჩემთვის რთული იყო თბილისში ყველაფრის მიტოვება და აქ გადმოსვლა. მაგრამ უკვე მესამე წელს მოსკოვს ისე მივეჩვიე, ახლა ვერ წარმომიდგენია საკუთარი თავი სხვაგან. ბევრი რამე შეიცვალა ბოლო 10 წელი ჩემში. აქ უფრო მეტად მკაცრი და უხეში გავხდი.

- მედიაში თქვენი ცუდი ხასიათის შესახებ ჭორები მართლაც დადის...

- როდესაც ჩემს მეგობრებს ამის შესახებ ეკითხებიან, მათ უბრალოდ, ეცინებათ. ისე, ხანდახან მართლაც ვარ მკაცრი, ზოგჯერ - ძალიან მკაცრიც კი, მაგრამ ჩემგან უსამართლოდ არავის მოხვდება.

- თუ გახსოვთ, რაზე ოცნებობდით, როდესაც თბილისში ჩემოდანს ალაგებდით?

- მაშინ 17 წლის ვიყავი. იქ მყავდა უამრავი მეგობარი და მქონდა კარიერა. არსად წასვლა არ მსურდა და არ მინდოდა არაფერი ახალი, მაგრამ საკუთარ თავს ვუთხარი: "ახლა შენ ეს უნდა გააკეთო!" ვოცნებობდი იმაზე, რაც ახლა მაქვს!

- ანუ შეგიძლიათ, საკუთარ თავს ბედნიერი ადამიანი უწოდოთ?

- დიახ. ყველას აქვს ცუდი დღეები, მაგრამ ეს ნორმალურია. ყოველთვის და ყველაფერი მხოლოდ სულელებს უხარიათ, მე კი ბედნიერი ვარ.

მარეხ ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება