''ჯერჯერობით ამ ქვეყანაში თინა მახარაძეა გარყვნილების ეტალონი...''

''ჯერჯერობით ამ ქვეყანაში თინა მახარაძეა გარყვნილების ეტალონი...''

მსახიობ თინა მახარაძეს პოპულარობის დადებითი და უარყოფითი მხარეები კარგად აქვს გაცნობიერებული და შესაბამისად, დადებითს იღებს, უარყოფითს კი ისხლეტს. ყოველ შემთხვევაში, მას განწყობას ნეგატიური კომენტარები ადვილად ნამდვილად ვერ გაუფუჭებს.

- თავიდანვე იცოდი, რომ მსახიობობა პოპულარობასაც მოგიტანდა, ამაზე ოცნებობდი თუ არა?

- ბავშვობიდანვე მინდოდა ეს და ვიცოდი, რომ მსახიობი ვიქნებოდი და ასევე გაცნობიერებული მქონდა, რომ მსახიობობა არ არსებობს პოპულარობის გარეშე. მხოლოდ სარკის წინ, საკუთარ თავთან სხვადასხვა იმიჯის მორგებით და როლის განსახიერებით, პუბლიკისა და ტაშის გარეშე, ბედნიერი ვერ ვიქნები (იღიმის). ამიტომაც არასდროს მჯერა არტისტის, რომელიც თავის პერფორმანსს აკეთებს მხოლოდ თავისთვის და ოჯახის რამდენიმე წევრისთვის. ვიცოდი, რომ ვითამაშებდი ხალხის თვალწინ, ხალხი ყოველთვის მჭირდებოდა და მჭირდება, როგორც შემფასებელი და შემდეგ, როგორც დამფასებელი.

- თუ გიფიქრია, რომ პოპულარობას შეიძლებოდა ჰქონოდა დადებითიც და უარყოფითიც, ზოგჯერ ისტერიკაში გადაზრდილიც...…

- რა თქმა უნდა, მიფიქრია. როდესაც ინტერესიანი ბავშვი ხარ, ნახულობ უამრავ ფილმს, კითხულობ ბევრ ინფორმაციას, ვიკიპედიაში თუ მის გარეთ, აგროვებ ჟურნალებს, ეცნობი მსახიობების გადასაღები მოედნის ან სცენის მიღმა მუშაობისა და როლისთვის მზადების პროცესს, მათ ცხოვრებას, ხვდები, რომ ამ ყველაფერს გვერდითი ეფექტები და მოვლენებიც ახლავს.

რაც შეეხება აგრესიულ ფონს, თუკი იმას მეკითხები, რომ გარდა თაყვანისცემისა და შენი საქმის მოწონებისა, შესაძლოა, წამოვიდეს ნეგატივიც, ესეც აბსოლუტურად გასაგები იყო. ბავშვობიდან, ვიწრო მასშტაბით, მაგრამ მაინც, სულ რაღაცას ვაკეთებდი - ეს იქნებოდა ეზოს პერფორმანსები თუ სკოლის აქტივობები, მეგობრებთან ერთად ქუჩაში სიახლეების კეთება და ამით საკუთარი პუბლიკის მოძიება, შესაბამისად, ბევრ მოწონებასთან ერთად იყო ბევრი ქილიკიც. ბავშვებს შორის ეს ყოველთვის უფრო მძაფრია, აუცილებლად გამოჩნდება ბავშვი, რომელიც დაგცინებს. ეს ბუნებრივი პროცესი იყო და ახალი არ არის ჩემთვის.

- პირველად პოპულარობის გემო როდის იგრძენი?

- სულ პირველად, როცა ჩემით დაინტერესდნენ, 17-18 წლის ვიყავი. მიმყავდა ერთ-ერთი მობილური კავშირგაბმულობის კომპანიის გადაცემა ''ზუმერანგი'' ''პირველ სტერეოზე'', რომელიც მაშინ არ გახლდათ ძალიან რეიტინგული არხი, ანუ მაყურებლის სეგმენტი შეზღუდული იყო, თუმცა გამოერეოდა ხოლმე რამდენიმე მათგანი, რომელიც მეტროში ან ქუჩაში მცნობდა. გადაცემა ერთი წელი გადიოდა, ბევრს არც უნახავს. მუსიკალური გადაცემა იყო, სადაც ''აიპოდებს''ვათამაშებდით. სხვათა შორის, იმ დროისთვის კარგი გადაცემა გამოდიოდა. ამ პოპულარობას მცირე დოზა ჰქონდა და არანაირი გაღიზიანება არ ახლდა.

19 წლისამ დავიწყე თამაში სერიალში ''გოგონა გარეუბნიდან'', ამით დაიწყო ჩემი მასობრივი პოპულარობა. სანამ სერიალი ეთერში გავიდოდა, ტელევიზიით ანონსი ტრიალებდა, მთლიანად ჩემი სახე კი არა, პროფილი და სახის გარკვეული ნაწილები ჩანდა. რამდენიმე სხვა პერსონაჟი აკეთებდა აქცენტს თემაზე, ვინ არის თამუნა ჭელიძე. ტაქსიში ჩავჯექი და მძღოლმა მკითხა, უი, შენ ხარ თამუნაო? მახსოვს, ძალიან გამიხარდა. პირველივე სერიის გასვლის შემდეგ რამდენიმე ადამიანმა მიცნო. მაშინ ჩემი ცნობა საკმაოდ რთული იყო.

- მახსოვს, ჩვენ დავბეჭდეთ შენი რეალური ფოტოები, რომლებსაც ძალიან დიდი ეფექტი ჰქონდა, რა ლამაზი გოგონა ყოფილაო. სერიალის პროდიუსერები მალავდნენ შენს ფოტოებს.

- თანაც, მაშინ, ასაკიდან გამომდინარე, ცოტა ასოციალურიც ვიყავი (იღიმის) და არ მქონდა სურვილი და არც დრო, გადაღებების გარდა რაიმე სახის კონტაქტი მქონოდა ვინმესთან და პუბლიკასთან დიდი დოზით მეურთიერთა. მიმაჩნდა, რომ არ იყო საჭირო, ვმოგზაურობდი, დავდიოდი ლაშქრობებში საქართველოს ფარგლებში არ მიყვარდა სახალხო თავყრილობებსა და მასობრივ ივენთებში მონაწილეობა, ვკითხულობდი, ვწერდი და ენებს ვსწავლობდი. მერე ჩემი ცხოვრების სხვა ეტაპებმა მოიტანა, რომ ახლა ასეთი სოციალური ვარ. სოციალური იმდენად, რამდენადაც ეს ჩემს საქმესა და მე მჭირდება, თორემ ძალიან ბევრი სხვა რამ არის, რომელიც ხალხის მხედველობის მიღმა რჩება.

ისევ სერიალს რომ დავუბრუნდეთ, როდესაც გადაღებებისას ქუჩაში თამუნა ჭელიძის აღკაზმულობით ვჩნდებოდი, ხალხი გაოგნებული მიყურებდა, როცა ხედავდნენ თავიანთ საყვარელ პერსონაჟს, ყველას უნდოდა მოსვლა, მოფერება, ლაპარაკი. მაშინ გავაცნობიერე, რამდენად საყვარელი და ცნობილი გახდა მაყურებელს შორის თამუნა ჭელიძე. თინა მახარაძე თამუნა ჭელი ძესთან საკმაოდ გვიან გააიგივეს, როდესაც სხვადასხვა ტელეშოუებში გამოვჩნდი, როცა დაინახეს, რეალურად როგორი ვარ.

- მაშინ, ალბათ, მხოლოდ პოზიტიური პოპულარობა გქონდა.

- მე მივხვდი, რამხელა განსხვავებაა მხოლოდ პოზიტიურ პოპულარობასა და უნივერსალურ პოპულარობას შორის, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით. ახლანდელი პოპულარობა სწორედ ასეთია, მაშინ კი ეს უკავშირდებოდა მხოლოდ პოზიტიურ გამოხმაურებებს პერსონაჟის მიმართ. რომ მკითხოთ, რომელი ჯობია, გიპასუხებთ, რომ მე ესეც ძალიან მართობს, ასე უფრო საინტერესოა (იღიმის).

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება