''თიკამ რამდენჯერმე თქვა, ვთხოვდებიო და ეს იყო ტყუილი'' - ჯამბურიას ყოფილი ქმარი კარიერასა და ძველ და ახალ სიყვარულზე

''თიკამ რამდენჯერმე თქვა, ვთხოვდებიო და ეს იყო ტყუილი'' - ჯამბურიას ყოფილი ქმარი კარიერასა და ძველ და ახალ სიყვარულზე

ბექა ხოფერია პროფესიით კინორეჟისორია, მაგრამ თავისი საქმე ამ სფეროში ვერ იპოვა. რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი აქვს გადაღებული, სადაც თითქმის ყველა მისი მეგობარი თამაშობს. მათ შორის ყოფილი მეუღლე თიკა ჯამბურია. ფილმში თიკას ტიპაჟის გმირი არ ჰყავდა და ყოფილი მეუღლის მხოლოდ ხელი გამოაჩინა. ფილმის მონტაჟი მალე დამთავრდება და ქართველი კრიტიკოსები მალე შეძლებენ ბექას პირველი ნამუშევრების შეფასებას. ბექა 2012 წლის ოქტომბრის მერე პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთო, თუმცა მერე მოვლენები ისე განვითარდა, რომ ამ სფეროს ჩამოშორდა. როგორც ამბობს, დროებით.

- ბექა, ''ოცნების'' ახალგაზრდული ფრთის წევრი იყავი. რატომ აღარ ხარ ''ოცნების'' წევრი?

- ''ოცნების'' წევრი ოფიციალურად არასდროს ვყოფილვარ. ბერა ივანიშვილთან ვმეგობრობდი და დღემდე ვმეგობრობ. ძალიან კარგი ადამიანია და დიდ პატივს ვცემ. ბევრ საქმეში დამეხმარა და გვერდში ამომიდგა. სანამ ''ოცნება'' გამოჩნდებოდა, მანამდეც აქტიურად ვიყავი ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. 2007 წლის 7 ნოემბერს ფოტოაპარატით გავედი თავისუფლების მოედანზე. მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი და ფოტოებს ვიღებდი. მოგვიანებით ჩემი ბევრი კარგი კადრი ტელევიზიებმა გამოიყენეს. დედაჩემი გალახეს, მეც თავი გამიტეხეს. საბედნიეროდ, გადავრჩი, ეკლესიას შევაფარე თავი. მეუფე იაკობმა გადამარჩინა. მინდა, მას დიდი მადლობა გადავუხადო, მას მერე არ მინახავს. მეუფე იაკობმა ქუდი დამაფარა, რომ არავის ვეცნე. გამოვედით და თავის მანქანაში ჩამსვა. მერე ბერა ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკაში, თავი ვალდებულად ჩავთვალე, მის გვერდით ვმდგარიყავი.

- მითხარი, ბერა ივანიშვილი გვერდში დამიდგაო. გვერდში დგომაში რას გულისხმობდი?

- ამ ყველაფერზე ბევრს არ ვლაპარაკობ, ასე რომ მოვიქცე, დარწმუნებული ვარ, მას არ მოეწონება. ძალიან კეთილი ადამიანების ოჯახის შვილია და ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული. ჩემთვის პრობლემა არაა ამ ყველაფერზე საუბარი, ჩემი ოჯახისთვის იმხელა სიკეთე აქვს გაკეთებული. ოჯახის ერთ-ერთ წევრს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და დაგვეხმარა. ამ ყველაფრის შემდეგ თავი ვალდებულად ჩავთვალე, ''ოცნების'' გვერდით ვყოფილიყავი. ვიყავი ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე, მაგრამ არ გვქონია ხელფასები და რაიმე საბუთზე ხელს არ ვაწერდით. სულით და გულით გვინდოდა ერთად დგომა. ვფიქრობ, ჩემს ცხოვრებაში ეს ერთ-ერთი კარგი პერიოდი იყო. ქართული ''ოცნების'' თანამონაწილე ვიყავი და არა ოფიციალურად გუნდის წევრი.

- ახლა რატომ აღარ ხარ თანამონაწილე?

- გულშემატკივარი ვარ.

- პოლიტიკა აღარ გაინტერესებს?

- რასაკვირველია, მაინტერესებს. დედას საქმიანობიდან გამომდინარე, ბავშვობიდან სხვა არაფერი მესმის. სარეჟისორო მაქვს დამთავრებული, მაგრამ კინორეჟისურაში ჩემი თავი ვერ ვიპოვე. სიტუაცია არაა ისეთი, რომ ისევ პოლიტიკაში ვიყო. 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის მერე ქვეყანაში სხვა მუხტი იყო და ახლა არ მიზიდავს პოლიტიკაში ყოფნა.

- არასამთავრობო ორგანიზაცია შექმენი, როგორც ვიცი…...

- მოგეხსენებათ, რომ გაუგებრობა მოხდა და არჩევნებიდან რამდენიმე თვეში დამიჭირეს. დღემდე ვამბობ, რომ არაფერში დამნაშავე არ ვყოფილვარ.

- მახსოვს აღელვებული ხათუნა ხოფერიას კომენტარი ამ ამბავთან დაკავშირებით, რომელიც ამბობდა, რომ საქართველოში ისეთივე ამბები ხდებოდა ახალი ხელისუფლების პერიოდში, რაც ''ნაციონალების'' დროს.

- ეს აღელვებული დედის კომენტარი იყო. როდესაც შვილი დაჭერილია და ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში ყველა დედა აღელდება. დღემდე რომ მეკითხებიან, რატომ დაგიჭირესო, ვამბობ, რომ არ ვიცი. ჩავედი უბანში და დამიჭირეს. მეტი არაფერი მომხდარა. ამ ამბის შემდეგ ჩემში ბევრი რამ შეიცვალა. სამსახურის შოვნაც გამიჭირდა, რადგან ნასამართლეობა მქონდა. დღეს ნასამართლეობაც მოხსნილი მაქვს. შევქმენი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებიც ''ქართული ოცნების'' ახალგაზრდულ ფრთაში რაღაც საქმეს აკეთებდნენ და უმუშევრები დარჩნენ. გვერდზე დამიდგა ზურა ჟვანიას ვაჟი ბუსა ჟვანია, რომელიც ჩემი შვილის ნათლია და ჩემი პატარა მეგობარია. ბევრი კარგი ადამიანი დამიდგა გვერდით და ჩამოვაყალიბეთ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ასამდე სოციალურად დაუცველ ოჯახს ეხმარება. ვფიქრობ, მერე სხვა საქმესაც დავიწყებთ. ამ ყველაფერზე გაჩერებას არ ვაპირებთ. ჩვენს ორგანიზაციას ჰქვია ''სტუდენტთა გაერთიანება სამართლიანი საქართველოსთვის'' და ყველა საქმე დაგვაინტერესებს, რაც უსამართლობას შეეხება.

- ინტერვიუებში ყოველთვის აღნიშნავ, რომ თიკა ჯამბურიასთან დაშორების შემდეგაც კარგი ურთიერთობა გაქვს. რა აზრის ხარ იმ ყველაფერზე, რაც თიკას პირად ცხოვრებაში ხდება?

- თიკას პირად ცხოვრებაში რა ხდება, ნამდვილად არ ვიცი, მხოლოდ ის ვიცი, რომ თიკამ რამდენჯერმე თქვა, ვთხოვდებიო და ეს იყო ტყუილი.

- ასეთ ხუმრობაზე რა აზრის ხარ?

- მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ალბათ პატარაა და საყვარლობს. პირადად მე არ მომწონს ასეთი ხუმრობა და ეს საზოგადოებისთვისაც მიუღებელია. რამდენჯერმე ვურჩიე, რომ ეს საზოგადოებას გააღიზიანებდა, მაგრამ ზოგადად ეს ჩემი საქმე არაა. მან თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ მოიქცეს. ჩვენ ერთმანეთს შვილმა დაგვაკავშირა და მთელი ცხოვრება მოგვიწევს ერთმანეთთან ურთიერთობა. თიკას ძალიან ვაფასებ. როგორ შეიძლება არ მიყვარდეს, მთელი ცხოვრება გვერდში ამოვუდგები და კარგ რჩევებს მივცემ. მისი საქმეა, გაითვალისწინებს თუ არა.

იხილეთ ვრცლად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება