''ბავშვობიდან ''სუხიშვილებში'' მოხვედრაზე ვოცნებობდი...''

''ბავშვობიდან ''სუხიშვილებში'' მოხვედრაზე ვოცნებობდი...''

მსახიობი თამარ ხურცილავა ფართო მაყურებელმა გაიცნო სერიალიდან ''ჟამი ყვავილობისა'', რომელიც 2009 წელს გადიოდა ეთერში. მის გმირს მარიამი ერქვა და მას შემდეგ არაერთხელ მიუმართავთ ამ სახელით. თამარი ''სუხიშვილების'' მოცეკვავეა. როგორც მსახიობი, ამ ეტაპზე არც რომელიმე პროექტშია დაკავებული და არც სადმე იღებენ, თუმცა სცენის დანაკლისს ცეკვის დროს ივსებს და იმავდროულად რეჟისორებისგან საინტერესო შემოთავაზებებს ელის...

- ბავშვობაში რამდენიმე პროფესიაზე ვფიქრობდი, თუმცა ყოველი მათგანი ხელოვნებასთან იყო ახლოს. მინდოდა მსახიობობა, მოდელობა, მხატვრობა, თუმცა ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ''სუხიშვილებში'' მოხვედრა იყო. პატარაობიდანვე ''სუხიშვილების'' ფანი ვიყავი და ამ ანსამბლში მოხვედრაზე ვოცნებობდი. ბავშვობაში ბავშვთა ანსამბლში ვცეკვავდი. ორი წელი ცეკვისთვის თავი მქონდა დანებებული, როცა ბათუმში ბულვარში ''ასა ფართის'' დავესწარი. კონცერტის შემდეგ პუსკა გამსახურდიასთან ავტოგრაფისთვის მივედი და ჩემი ოცნების შესახებ ვუთხარი. როგორც მაშინვე მითხრა, ძალიან მოვეწონე, ხელი ჩამჭიდა და ილიკოსა და ნინოსთან მიმიყვანა. რატომღაც ყველას მოვეწონე, ყველა თავზე დამტრიალებდა და ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი სიტუაცია იყო. ნინო სუხიშვილმა მითხრა, რომ სექტემბერში სტუდიის გახსნას აპირებდა, სადაც ერთი წელი მომზადების საშუალება მექნებოდა და შემდეგ გადამიყვანდნენ ანსამბლში.

მართლაც ასე მოხდა, სტუდიაში ერთწლიანი მომზადების შემდეგ, ''სუხიშვილებში'' გადამიყვანეს, სადაც ოთხი წელი ვცეკვავდი.

- ოცნება აგხდომია...

- დიახ, ნამდვილად. ზოგადად, ერთ ადგილას გაჩერება არ მიყვარს, უფრო სწორად, ვცდილობ, თავი სხვადასხვა სფეროში მოვსინჯო. ჩემი რამდენიმე მეგობარი თეატრალურ უნივერსიტეტში სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლობდა, მათი ცხოვრება ძალიან მომწონდა და გადავწყვიტე, მეც სამსახიობოზე ჩამებარებინა. მაშინ ცეკვისთვის თავის დანებებას არ ვაპირებდი, მაგრამ სწავლისა და ცეკვის შეთავსება ვერანაირად ვერ ხერხდებოდა, შეუძლებელი იყო. გამიმართლა, რომ მოვხვდი უფასოზე და თან გიზო ჟორდანიას ჯგუფში. ანსამბლიდან წამოსვლა არ მინდოდა, ნინო სუხიშვილმაც არჩევანის საშუალება მომცა, მითხრა, შეგიძლია სცადო და თავად გადაწყვიტო, რომელს მიანიჭებ უპირატესობასო, მაგრამ ისე მოხდა, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში ცეკვისთვის თავის დანებება მომიხდა, თუმცა ვიცოდი, რომ ეს დროებითი იყო.

ოთხი წლის განმავლობაში გიზო ჟორდანიასთან ვმუშაობდი, რომლისგანაც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. პირველივე კურსიდან მოგვცა ფუფუნება, მარჯანიშვილის თეატრში ვყოფილიყავით. თავიდან მასობრივ სცენებში ვმონაწილეობდით, ყოველ წელს ახალ-ახალ სპექტაკლში ვიყავით დაკავებული. პარალელურად სამეფო უბნის თეატრში დაიდგა ჩვენი სადიპლომო ''მარიამ სტიუარტი'', სადაც დედოფლის როლს ვასრულებდი.

თეატრალური უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, თეატრში ვიყავი დაკავებული, შემოთავაზებაც მქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მსახიობისთვის საქართველოში ისეთი სერიოზული არაფერი ხდება, რომ მხოლოდ ამ სფეროს ემსახურო. გადაღებული ვარ რეკლამებში, ფილმებში მქონდა ეპიზოდური როლები, მაგრამ მაინც არ იყო აქტიური პროფესიული ცხოვრება, ცეკვაც მენატრებოდა და ამიტომ ანსამბლში დავბრუნდი. სანამ მივიდოდი, ჯერ ფორმაში ჩასადგომად ვარჯიში დავიწყე, ნინომ ამის შესახებ რომ შეიტყო, თავისთან ვარჯიშის შესაძლებლობა მომცა. უზომოდ დიდი ბედნიერება იყო, როცა ''სუხიშვილებში'' ხელმეორედ მოვხვდი. ნინოსი ძალიან მადლიერი ვარ, მისგან კარგის მეტი არაფერი მახსოვს.

- ფართო მაყურებელმა სერიალიდან გაგიცნო...

- დიახ, მაყურებელმა გამიცნო ირაკლი აფაქიძის სერიალიდან ''ჟამი ყვავილობისა''. ახლა ეს სერიალი ხელმეორედ გადის ეთერში.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება