რას ჰყვება აჩი ფურცელაძე ნინი ბადურაშვილისა და ირაკლი კუტალაძის სიყვარულზე

რას ჰყვება აჩი ფურცელაძე ნინი ბადურაშვილისა და ირაკლი კუტალაძის სიყვარულზე

მომღერალმა აჩი ფურცელაძემ ბოლო ერთი თვე მეუღლე გაიანე ხაჩიძესა და შვილთან ერთად საქართველოში გაატარა. ამჯერად ყოფილ მეუღლეს, თამუნა მუსერიძეს, არ შეხვედრია, თუმცა თბილისში ბოლო სტუმრობისას, როდესაც თამუნასთან ერთად ერთ-ერთ გადაცემაში მიიღო მონაწილეობა და მასთან შეხვედრის სცენა აღწერა, ოჯახში პრობლემა შეექმნა. საბედნიეროდ, ყველაფერი მოგვარდა.

- საქართველოში ყოველ წელს იანვრის ბოლოს ჩამოვდივარ, 25 იანვარს დედაჩემს დაბადების დღე აქვს. ეს ამბავი, მგონი, მთელმა საქართველომ იცის. უკვე კარგად იციან, წელიწადის რომელ დროს შეუძლიათ, თბილისში გამომიჭირონ. შარშან გამონაკლისი მოხდა. წელიწადის სამ დროს ვიყავი საქართველოში. სამი კონცერტი მქონდა. აქედან ორ შემთხვევაში კონცერტის ორგანიზატორებს დავდევდი, რომ ჩემი ფული ამეღო. მესამე კორპორატიულმა საღამომ მშვენივრად ჩაიარა, რადგან ქართველებთან არ იყო დაკავშირებული და ფული მაშინვე გადამიხადეს.

- აიღეთ თანხა, რომელსაც ორგანიზატორები არ გაძლევდნენ?

- საქართველოში ერთმანეთის აყირავება და თითის ერთმანეთისკენ გაშვერა, რომ მან უნდა გადაიხადოს და მე - არა, ყოველთვის იყო. ჩემი თანხა ორივე შემთხვევაში ავიღე. ერთმა ერთ კვირაში მომცა, მეორემ წელიწადზე მეტ ხანს მაწვალა და საქმე ლამის სასამართლომდე მივიდა, მაგრამ საქმის სასამართლოში გარჩევის მე თვითონ შემრცხვა. საბოლოოდ გადაიხადეს... ერთ თვეზე მეტია, საქართველოში ვარ ჩამოსული მთელი ოჯახით. ბათუმსა და კვარიათში დავისვენეთ, ძალიან კარგი დრო გავატარეთ. ჩემი ოჯახი მოსკოვში დაბრუნდა, მე თბილისში დავრჩი რაღაც საქმეების მოსაგვარებლად.

- მოსკოვში ძალიან პოპულარული გახდი მას შემდეგ, რაც პროექტ ''ახალ ხმაში''მიიღე მონაწილეობა.

- ჩემდა სამწუხაროდ, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში აღარ ვარ ისე პოპულარული, როგორც რუსეთში. ბათუმში ოჯახთან ერთად დელფინარიუმში ვიყავი. გამიმართლა და იმ მაყურებელთა შორის აღმოვჩნდი, ვისაც დელფინებთან თამაშის შესაძლებლობა მიეცა. რომ გამოვედი, წამყვანმა მკითხა სახელი და ვუთხარი, რომ აჩი ფურცელაძე ვარ და მაყურებელს ჩემი თავი გააცნო. ტაში კანტიკუნტად დაუკრეს. გული კი არ მწყდება, უბრალოდ ათი წლის წინ ჩემს სახელს და გვარს რომ აცხადებდნენ, მახსოვს, რა ხდებოდა, მით უფრო ბათუმში. სულ ვამბობდი, თბილისის მერე თუკი სადმე ვიცხოვრებდი, ეს იქნებოდა ბათუმი. ეს ქალაქი ძალიან მიყვარს. გამოვედი თუ არა დელფინარიუმიდან, ჩვენთან მოვიდა ორი რუსული ოჯახი და მითხრეს, გიცანით, თქვენ ხომ აჩი ხართო. ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ რუსეთში უფრო მცნობენ, ვიდრე საქართველოში.

აქ ჰგონიათ, რომ ოკუპანტი ქვეყნის ტერიტორიაზე ვსაქმიანობ. ვისაც ასე ჰგონია, მათ ვეტყვი, რომ მე ჩემი საქართველოს დესპანი ვარ და ჯერჯერობით საქართველოს მოქალაქე ვარ მიუხედავად იმისა, რომ რვა წელია რუსეთში ვცხოვრობ. რუსეთში ახლა ბევრ პროექტში ვარ მიწვეული. ''ახალ ხმაში'' წელს ჩვენს სახელს კარგად გაიტანს დათუნა მგელაძე, ჩემი მეგობარი, ჩემს ხელში გაზრდილი ბიჭი. დათუნამ გაიარა მთავარი კასტინგები და მალე დაიწყება ბრმა კასტინგები. პირველ ბრმა კასტინგს უჩემოდ გაივლის. მისი გულშემატკივრების გუნდში უნდა ვყოფილიყავი. სხვა პროექტშიც მიწვევენ. ახალ პროექტს აკეთებენ. ათ მომღერალს შეარჩევენ. იქნება ჟიური და იქნება ესემესები. ჩემთვის გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

- ქართველობის გამო მოსკოვში პრობლემები თუ შეგქმნია?

- მაქვს დისკომფორტი მაშინ, როდესაც ქართველებთან ერთად ვარ. ჩვენდა სამწუხაროდ, ვერ ვართ ისეთი მაგარი ქართველები, როგორიც გვინდა, ვიყოთ. რუსეთშიც მოქმედებს დაუწერელი კანონი, რომელსაც ნებისმიერ სფეროში გეტყვიან. თუ გინდა, საქმე გააკეთო, ქართველთან საქმე არ დაიჭირო. ამას თავად ქართველები ამბობენ. სამწუხაროდ, გვიყვარს ფეხის დადებაც, მოტყუებაც და გაცურებაც.

- მოსკოვში ირაკლი კუტალაძის კაფეში ხშირად მიგყავს საღამოები...

- უკვე აღარ მიმყავს, ერთი პერიოდი მის კაფეში ვმუშაობდი, მაგრამ ამას რომ ვამბობდი, ირაკლი სულ ბრაზდებოდა. ამბობდა, ჩემთან კი არ მუშაობ, მეხმარებიო.

- ბოლოს შვილის სანახავად რომ იყო ჩამოსული, ამბობდნენ, რომ ნინი ბადურაშვილი და ირაკლი შერიგდნენ.

- თავიდან რომ დაიწყო მათი სიყვარულის ამბავი, ირაკლი კარგა ხანს მიმალავდა. ის საერთოდ აზრზე არ იყო, ვინ იყო ნინი ბადურაშვილი. გაიცნო გოგონა, მოეწონა და მერე გაარკვია, რომ ძალიან პოპულარული ყოფილა თბილისში. მათი ქორწილის წამყვანი ვიყავი... მერე რაც მოხდა, ძალიან საწყენია. ამ გრძელ ომში არც ნინის მხარეს ვარ და არც ირაკლის. ირაკლის არ ვეუბნები, კარგი ტიპი ხარ, ამ თემაზე ამდენი რომ ილაპარაკე-მეთქი. ახლა მათ შორის რა ხდება, არ ვიცი, ექვსი თვე დავეკარგეთ ერთმანეთს მე და ირაკლი, თავიდან მეჩხუბა, სად დაიკარგეო, მაგრამ მერე დავსხედით და ზუსტად ხუთ წუთში მიამბო ყველაფერი. შვილთან ერთად გადაღებული ვიდეოები მაჩვენა.

ირაკლის თბილისიდან მისდის ინფორმაცია, რომ ნინი კარგად გრძნობს თავს, ნინის მოსდის ინფორმაცია, რომ ირაკლი კარგად გრძნობს თავს, ბედნიერია და უერთმანეთოდ კარგად არიან. ღმერთმა ორივეს მოუმართოს ხელი. არავის გაკიცხვას ან შექებას არ ვაპირებ. ორივეს ისეთი ტიპები ჰყავს გარშემო, ერთად რომ მოუნდეთ კიდეც ყოფნა, მაინც არ გამოუვათ. ყველამ ჩასვარა და ყველამ ყველაფერი გააკეთა, რომ ნინი და ირაკლი ერთად არ ყოფილიყვნენ, ამ დროს კი მათ მეგობრები ჰქვიათ. ან შეიძლება, მეგობრები იმდენად ცოტანი არიან, რომ ''კეთილისმსურველებს'' ვერ აჯობეს.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება