"სტამბოლში ექიმების საცდელი კურდღელი ვიქნები" - რა გამოკვლევები უნდა ჩაუტარონ ქეთა ლორთქიფანიძეს

"სტამბოლში ექიმების საცდელი კურდღელი ვიქნები" - რა გამოკვლევები უნდა ჩაუტარონ ქეთა ლორთქიფანიძეს

მსახიობ ქეთა ლორთქიფანიძეს 5 შვილი ჰყავს და ყოველ წელიწადს დასასვენებლად შვილებთან ერთად დადის. დავინტერესდი, როგორ ახერხებს მსახიობი განტვირთვასა და ძალების აღდგენას, ამიტომ ზღვისპირეთიდან თბილისში დაბრუნებულ არტისტს დასვენებასა და ახალ სეზონზე სასაუბროდ შინ ვეწვიე.

- უკვე 12 წელია, ციხისძირში, ხალვაშების ოჯახში ვისვენებ. მათ 6 ქალიშვილი ჰყავთ და თითოეულთან ვმეგობრობ. მართლაც, არაჩვეულებრივი ოჯახია და სწორედ ამიტომ, ყოველ ზაფხულს ვსტუმრობ. იქ მშვიდი გარემოა. გარდა ამისა, ჩემი მრავალრიცხოვანი შვილების მოვლაშიც მეხმარებიან. უკვე იმდენი ხანია, იქ დავდივარ, რომ მგონია, საკუთარ ოჯახში ჩავდივარ და ნათესავები მხვდებიან. დარწმუნებული ვარ, სადამდეც მექნება ხალისი, რომ ზღვაზე საცურაო კოსტიუმით ვიარო, მანამდე ყოველთვის მათ ვესტუმრები. გარდა ამისა, არის ასეთი კურორტი - სიონი, რომელიც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი დასასვენებელი ადგილია. როცა უფროსი შვილები პატარები იყვნენ, ყოველ წელს იქ ვისვენებდი ხოლმე, მაგრამ მერე იქაური ცუდი პირობების გამო, ეს კურორტი მივივიწყე... ჩემი უფროსი შვილები შარშან, თავიანთ მეგობრებთან ერთად, სწორედ სიონში წავიდნენ. ისე მოეწონათ ეს კურორტი, რომ წელსაც იქ დაისვენეს. სასაცილო ის არის, რომ არც თომას და არც ნინის არ ახსოვთ, რომ ბავშვობაში ამ კურორტზე ყოველწლიურად დადიოდნენ.

- ე.ი. წელს ზღვაზე ხუთ შვილთან კი არა, მხოლოდ სამ შვილთან ერთად დაისვენე, არა?

- მართალია. ზღვაზე ჩემთან ერთად თეოდორა, სესილი და იოანე იყვნენ, იქიდან დაბრუნებულმა კი ბავშვები დედამთილს დავუტოვე და სიონში გავემგზავრე, რომ ორი დღით მაინც დამესვენა. ზღვაზე მეუღლე არ მახლდა, ამიტომ სამ ბავშვს მარტო ვუვლიდი და შესაბამისად, დასვენება ნამდვილად მჭირდებოდა, თან - სიონში უფროს შვილებს ჩავაკითხე. თუ დამიჯერებ, იმ ორი დღის განმავლობაში ცხელი ყავაც კი არ დამილევია, რადგან ყველაფრის კეთება მეზარებოდა. დავუმეგობრდი ჩემი შვილების მეგობრებს და სხვადასხვა კოტეჯში მათთან ერთად სტუმრადაც დავდიოდი. ის ორი დღე მონადირულ ძეხვს მივირთმევდი და თეფშს არ ვიყენებდი, რადგან მერე გასარეცხი არაფერი მქონოდა. კიდევ დიდი სიამოვნებით განვაგრძობდი ასეთ დასვენებას, მაგრამ გადაღებები მეწყებოდა, ამიტომ იძულებული გავხდი, თბილისში დავბრუნებულიყავი.

- როგორც მივხვდი, მთაში ყოფნას ზღვაზე დასვენება გირჩევნია...

- ამ ზაფხულს უცხოელი სტუმრები გვყავდა და ისინი ყაზბეგში წავიყვანეთ. იმავე დღეს დავბრუნდით თბილისში. უკანა გზაზე მივხვდი, რომ ვკვდებოდი და მგონი, ფობიაც დამემართა. როცა მთაზე ზემოდან ვარ და ქვემოთ ვიყურები, ძალიან მომწონს, მაგრამ მთების შუაში რომ ვარ, ვითრგუნები, იქ ყოფნა არ მსიამოვნებს. მით უფრო, თუ იქ ტყე არ არის... სიონში თუ ინფრასტრუქტურა უფრო მეტად განვითარდება, კარგი იქნება. იქ შეზლონგებიც კი არ აქვთ. მართალია, დამსვენებლები ამბობენ, - ასე ჯობიაო, მაგრამ მე მაინც კომფორტის მოყვარული ვარ. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ასეთი კომფორტის საგნები არც ციხისძირში არსებობს. ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც შემოსავალს დამსვენებლისგან იღებს, უნდა დაფიქრდეს ამ საკითხზე. ბოლოს და ბოლოს, შეზლონგები, ქოლგები მაინც იყიდონ და გააქირაონ. გარდა ამისა, ციხისძირში გზებზე გადასასვლელის პრობლემაც არის. არ მახსოვს, იქ დამესვენოს და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა არ მომხდარიყოს. მიმაჩნია, რომ სადაც ხალხის დიდი ნაკადია, იქ ზედა გადასასვლელი ან შუქნიშანი მაინც უნდა გაკეთდეს, რათა დამსვენებლებმა პლაჟზე კომფორტულად და უსაფრთხოდ ვიაროთ. გარდა ამისა, სისუფთავე არ არის და გული მწყდება. ბოლოს და ბოლოს, რასაც ხელს მოვკიდებთ, ყველაფერი ძირს ხომ არ უნდა დავყაროთ? აჭარაში მანქანით მივდიოდი. ჩემ წინ მოძრავ ავტომობილში ორი ბავშვი და ოთხი უფროსი ადამიანი იჯდა, რომლებიც პირდაპირ ფანჯრიდან ყრიდნენ ბოთლებსა და ჭიქებს. ეს საშინელებაა.

- ახლა ის მიამბე, სამ ბავშვთან ერთად დასვენებას როგორ ახერხებ?

- დავისვენე კი არა, უზომოდ დავიღალე. კიდევ კარგი, ის ოჯახი მეხმარებოდა, სადაც ვცხოვრობდი. გარდა ამისა, იმ სახლს ძალიან ლამაზი ეზო აქვს, იქ ერთმანეთს მთისა და ზღვის ჰავა ერწყმის. ეზოში დგას ლამაზი ფანჩატური. მოკლედ, ზღვაზე რომც არ ჩახვიდე, ბავშვები მაინც კარგად დაისვენებენ. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ყოველწლიურად თითქმის სულ ერთი და იგივე დამსვენებლები დავდივართ და შესაბამისად, ბავშვები უკვე ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ; მშობლებიც ვმეგობრობთ.

- ამ დასვენების დღეებში სადილსაც თავად ამზადებდი?

- დასასვენებლად 20 დღე ვიყავი და ბავშვებსაც ვუვლიდი, სახლსაც ვალაგებდი და სადილსაც ვამზადებდი. ბოლო დღეებში რამდენიმე დამსვენებელი ერთად ვამზადებდით კერძებს. მერე გადავწყვიტეთ, რომ საყიდლებზეც ერთად წავსულიყავით, პროდუქტიც საერთოდ ფულით შეგვეძინა, ერთად მოგვემზადებინა და ერთად გვეჭამა კიდეც. ეს კომფორტულია... უფროსი შვილებიც ჩვენთან ერთად რომ წამოსულიყვნენ, საქმეს გაცილებით გამიადვილებდნენ, პატარების მოვლაში დამეხმარებოდნენ. მაგრამ რა ვქნა, გაიზარდნენ, თავიანთი ცხოვრება აქვთ და ვერ დავავალდებულებ, რომ თავიანთ და-ძმას მოუარონ. წელს საკმაოდ რთული ზაფხული გვქონდა, რადგან თომამ სკოლა დაამთავრა და თეატრალურ უნივერსიტეტში, სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩააბარა... გარდა ამისა, საბავშვო ბაღის გახსნა გადავწყვიტე. ეს საქმეც წამოვიწყე და ამიტომ, მხოლოდ ფიზიკურად კი არა, გონებრივადაც ვერ დავისვენე. მთელი ზაფხული რაღაცას ვანგარიშობდი და ბაღისთვის საჭირო ნივთებზე ვფიქრობდი.

- საბავშვო ბაღის გახსნა მრავალშვილიანობამ გადაგაწყვეტინა?

- რასაკვირველია! 5 შვილის დედა ვარ და გამოცდილება დამიგროვდა (იღიმის). გარდა ამისა, ბოლო პერიოდში ძიძის პრობლემაც შემექმნა. როგორც ჩანს, ერთი პერიოდი იმდენად კარგი ძიძები მყავდნენ, რომ მათზე ნაკლებს ვეღარც მე და ვეღარც ჩემი შვილები ვერ შევეგუეთ. აქედან გამომდინარე, მოვიფიქრე, რომ ეს ბაღი გამეხსნა, რომელიც ჩემთვისაც და ჩემი შვილებისთვისაც ბევრად კომფორტული იქნება. მინდა, ის პრობლემები, რაც მე მქონდა, სხვებს არ შეექმნათ. მთავარია, პატარა ჩვენთან მოიყვანონ და მის მშობლებს მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს...

- ახლა შემოქმედებით სიახლეებზე ვისაუბროთ...

- სიამოვნებით. "კომედი არხზე" ახალი სერიალის - "განყოფილება ნომერი 9" გადაღება დაიწყო. ეს სერიალი დეტექტიური ჟანრისაა, თუმცა, კომედიური ელემენტებით გაჯერებული. როდის გავა ეთერში, არ ვიცი, მაგრამ გპირდებით, რომ საკმაოდ ჩახლართული და საინტერესო სიუჟეტი იქნება. გიორგი ვარდოსანიძე და პაატა გულიაშვილი გამომძიებლების როლებს ასრულებენ, მე კი მათი განყოფილების უფროსი გახლავართ. ამ სერიალში სხვა ბევრ ცნობილ, მაგრამ "კომედი არხისთვის" ახალ სახეებს ნახავთ... რაც შეეხება თეატრს, 9 სექტემბერს გასტროლზე ბათუმში მივემგზავრებით, სადაც ოთხ სპექტაკლს: "კავკასიური ცარცის წრე", "მექანიკური ფორთოხალი", "რიჩარდ მესამე" და "მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ" - წარვადგენთ. ამ სპექტაკლებიდან მხოლოდ ერთში, - "მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ" - ვმონაწილეობ. თითოეულ სპექტაკლს მხოლოდ ერთხელ ვითამაშებთ და კვლავ თბილისში დავბრუნდებით. ასე რომ, დასვენება არც იქ გამომივა. ასევე, იგეგმება გასტროლი ლვოვში, სადაც "მექანიკური ფორთოხალი" უნდა წარვადგინოთ. მიწვევა გვაქვს შექსპირის ფესტივალზეც, მაგრამ ხომ იცით, ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული და წინასწარ ვერ გეტყვით, იქ წასვლას მოვახერხებთ თუ ვერა.

კიდევ ერთი სიახლე ის არის, რომ სტამბოლის ერთ-ერთმა კლინიკამ თანამშრომლობა შემომთავაზა. მათ სურთ, რომ თავიანთი კლინიკა ქართველ ხალხს გააცნონ. ოქტომბრის ბოლოს ამ კლინიკაში გამოკვლევებს ჩამიტარებენ, მერე კი ქართველ საზოგადოებას ამ ყველაფრის შესახებ ვუამბობ.

- ანუ შენ ამ კლინიკის სახე იქნები?

- სახე კი არა, პაციენტი ვიქნები, ე.წ. საცდელი კურდღელი.

- ხომ ჯანმრთელად ხარ?

- მთლად კარგად ვერ ვარ და იმედი მაქვს, მათი გამოკვლევების შედეგად დავადგენ, რა მჭირს.

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება