რატომ დატოვა ''ნანუკას შოუ'' მაია სტეფნაძემ

	 რატომ დატოვა ''ნანუკას შოუ'' მაია სტეფნაძემ

ახალი სეზონიდან ''ნანუკას შოუს'' პროდიუსერი მაია სტეფნაძე ''იმედზე'' გადავიდა. ინგა გრიგოლიას ყოფილმა პროდიუსერმა 5 წლის განმავლობაში იმუშავა ''ნანუკას შოუში''. ახლა ამბობს, რომ თავი ამოწურა და ახალი საქმის გაკეთება უნდა. რას გვიმზადებს გამოცდილი პროდიუსერი გია ჯაჯანიძესთან ერთად და რა მიზეზების გამო დატოვა მაიამ მეგობარი ჟურნალისტი, თავად გიამბობთ.

- მაია, ''ნანუკას შოუ'' საკუთარი სურვილით დატოვე, როგორც ნანუკამ თქვა - მეტი ანაზღაურების გამო, მხოლოდ ეს იყო მიზეზი?

- არამარტო. თამამად შემიძლია გითხრა, რომ ''ნანუკას შოუში'' ჩემი თავი ამოვწურე. მე ვარ ადამიანი, რომელიც საქმისგან სიამოვნებას იღებს. ხუთი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ბედნიერი ადამიანი ვიყავი. ''ნანუკას შოუ'' ჩემი მეოთხე შვილია. ჩემი უმცროსი ქალიშვილიც ხუთი წლისაა. ნანუკასთანაც ზუსტად ეს პერიოდი ვიმუშავე. ასე რომ, ეს შოუც და თვითონ ნანუკაც შვილივით მიყვარს. შვილით რომ ამაყობ და ტრაბახობ, ზუსტად ისე ვტრაბახობდი ამ შოუთიც და მისი წამყვანითაც.

- თუმცა იყო შოუები, რომელსაც კრიტიკა მოჰყვებოდა ხოლმე. ამ დროს ალბათ ნანუკასაც არ ჰქონდა კარგი განწყობა...

- დიდი ხანია, პროდიუსერი ვარ, მიმუშავია ინგა გრიგოლიასთან და მივხვდი, რომ თუ ადამიანი გარკვეული დოზით მომთხოვნი არ არის და პატარ-პატარა ვარსკვლავური თვისებებიც არ აქვს ხასიათში, წარმატებას ვერ მიაღწევს. უჩხუბია კიდეც ნანუკას, უჯაჯღანია კიდეც, ორივე ემოციური ადამიანი ვართ, ერთმანეთთანაც გვიჯაჯღანია, მაგრამ ეს ჩვეულებრივი საქმიანი პროცესია. ახლა, რაც დრო გადის, ის ცუდი მომენტები, გულისწყვეტა აღარც მახსოვს. მას მერე, რაც დავისვენე, რაღაცები გადავაფასე, არაფერიც აღარ მახსოვს. ბოლო სეზონზე თავს ვატყობდი, რომ ვეღარ ვიღებდი სიამოვნებას, ძალით ვაკეთებდი საქმეს. ეს დისკომფორტს მიქმნიდა. ძალიან გახსნილი ადამიანი ვარ, ვინც მიცნობს, დამეთანხმება, სულ კარგ ხასიათზე ვარ. როცა ცუდ ხასიათზე ვარ, არ მომწონს, არ მინდა, გული გამიბოროტდეს, ცუდი ემოციებით ვიყო დატვირთული. ამიტომ, რომ დავინახე, დადებითს ჩემში უარყოფითი მიფარავდა, წამოსვლა გადავწყვიტე. მერჩივნა, ნანუკა, როგორც მეგობარი, შემენარჩუნებინა და სხვა საქმე მეკეთებინა. ამ დედამიწაზე იმდენი საქმეა საკეთებელი...

- დაუწუწუნია ნანუკას შენთან, რომ გადაცემა აღარ იყო ისეთი, როგორიც ადრე და რომ შენი თავი ამოწურე?

- ჩემთვის ხელი არასდროს დაუდია, თუ გადაცემა არ გამოსულა ისეთი, როგორიც ყველას გვინდოდა. ტრაბახში არ მინდა ჩამეთვალოს, მარტო ხომ არ ვაკეთებდი გადაცემას, მთელი გუნდი ვიყავით და სულ ვცდილობდით, არ გავმეორებულიყავით. მეტ-ნაკლებად ვახერხებდით.

- მაია, ჯერ ნანუკასგან წამოსვლის გადაწყვეტილება მიიღე და მერე შემოგთავაზეს სამსახური ''იმედში''?

- შემოთავაზება არ მიმიღია. მქონდა ერთი საინტერესო პროექტი, რომელიც გიორგი ბახტაძეს შევთავაზე. იმედი მაქვს, ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება. გიორგიმ მითხრა, კარგი პროექტია, მაგრამ ეს მომავლისთვის შეინახე და ახლა გია ჯაჯანიძის შოუზე დაგვეხმარეო. გია ჯაჯანიძეს მთელი ცხოვრებაა ვიცნობ, უარს არაფრით ვიტყოდი. ამ დროს ნანუკასთვის უკვე ნათქვამი მქონდა, რომ პროექტიდან წავედი.

- როგორ შეხვდა ნანუკა შენს გადაწყვეტილებას?

- გული დასწყდა, ისევე, როგორც მე. ძალიან ბევრი ვინერვიულე, სანამ ამას ვეტყოდი. ნანუკა რომ ყოფილიყო ჩემი უფროსი, ჩვეულებრივი უფროსი, პრობლემა არ იქნებოდა, არ მინდოდა, ნანუკას, როგორც მეგობარს, რამე სწყენოდა ჩემგან. მას ჩემი ცხოვრების იმდენად ბევრი დადებითი ემოცია უკავშირდება, ჩემგან წყენას ნამდვილად არ იმსახურებდა. მიხარია, რომ ყველაფერი სწორად გაიგო.

- იმავე არხზე რატომ არ დარჩი?

- მორალურად არ ვიქნებდი მართალი. სად გადავსულიყავი, მაიასთან? მართალი უნდა ვიყო საკუთარ თავთან, ჩემს სინდისსა და იმ ადამიანებთან, რომლებიც ძალიან მიყვარს. ნანუკა ძალიან მიყვარს, ისიც, მისი მეუღლეც, შვილებიც, მშობლებიც, მთელი მისი ოჯახი მიყვარს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება