რომელი ხუმრობის გამო აკრიტიკებენ ქართველ ''კავეენშიკებს'', რომლებმაც პრემიერლიგა მოიგეს

რომელი ხუმრობის გამო აკრიტიკებენ ქართველ ''კავეენშიკებს'', რომლებმაც პრემიერლიგა მოიგეს

5 სექტემბერს საქართველოს მან-სან-კანის გუნდი მოსკოვს ესტუმრა. ბიჭებს 24 გუნდთან მოუხდათ პაექრობა. საქართველოს ნაკრები საუკეთესო აღმოჩნდა. ბიჭებმა პრემიერლიგა მოიგეს და შესაბამისად, მომავალ წელს უმაღლეს ლიგაში ითამაშებენ.

რუსეთ-საქართველოს დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობის გამო, გამარჯვებული ''კავეენშიკები'' საზოგადოების ნაწილმა ერთ-ერთი ხუმრობისთვის გააკრიტიკა, რომელიც სოსო პავლიაშვილის მონაწილეობით ნახა მაყურებელმა. ქართული გუნდის ერთ-ერთი წევრის შეკითხვა იყო, - ეშინია თუ არა რუსეთს სანქციების. სოსო კი პასუხობდა, - ერს, რომელმაც 11 საათის შემდეგ თავად დაიწესა აკრძალვა ალკოჰოლზე, არაფრის არ ეშინიაო.  ჩვენს ცნობილ იუმორისტებს, ყოფილ ''კავეეშნიკებს'', საქართველოს ნაკრების გამოსვლის შეფასება ვთხოვეთ.

ნიკა ქავთარაძე:

- მათი გამოსვლა არ მინახავს, ვიცი, რომ მოიგეს პრემიერლიგა და შემდეგში უმაღლესში ითამაშებენ.

- თუ დრო გაქვს, ლინკს გამოგიგზავნი, რომ ნახო, საინტერესო იქნება შენი შეფასება.

- არ მინდა ნახვა, არ მაინტერესებს, ვულოცავ გამარჯვებას. მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ალბათ.

- შენთვის არ იყო მნიშვნელოვანი, როგორც ერთ-ერთი რიგითი ქართველისთვის?

- არა. სხვა შემთხვევაში მეც იმავეს გავაკეთებდი. ჩემთვის ახლა კავეენის თამაში, თან მოსკოვში, არანაირად არაა მნიშვნელოვანი.

- უცნაურია, რომ არ გაინტერებს, ეს ხომ შენი სფეროა.

- ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, როგორი პროგრამა ჰქონდათ და რატომ მაძალებთ (იცინის).

- სულაც არა, უბრალოდ, ასე კონკრეტული გამოსვლების შეფასებას შეძლებდი. შენი ნებაა. მადლობა.

ვახტანგ ბიჭიკაშვილი:

- ვნახე ბიჭების გამოსვლა და ძალიან მომეწონა. უმეტესობასთან ვმეგობრობ და ძალიან გამიხარდა მათი გამარჯვება. წარმატებას ვუსურვებ უმაღლეს ლიგაში ბიჭებს. დაკარგულ ტერიტორიებსაც თუ დაიბრუნებენ, უფრო მაგრად გამიხარდება.

- როგორი პირი უჩანს, დაიბრუნებენ?

- არ ვიცი, ეს მათ ჰკითხეთ. მე მხოლოდ თამაში ვნახე.

ზაალ წულუკიძე (ვინი):

- რომელ გუნდზე მეკითხებით, მოსკოვში რომ იყვნენ? არ მინდა მაგ გუნდზე კომენტარის გაკეთება.

- თამაში მაინც თუ ნახე?

- თამაში მთლიანად არ მინახავს, პატარა მონაკვეთები ვნახე. მთლიანად ჩემპიონატის განმავლობაში გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ ბოლოში იყო ერთი ხუმრობა, რომელიც მე პირადად არ მომეწონა. ამაზე დავწერე კიდეც და ალბათ, ეწყინათ კიდეც ბიჭებს, მაგრამ, რომ არ დამეწერა, არ შემეძლო.

- რომელ ხუმრობას გულისხმობ?

- ეს იყო ხუმრობა სოსო პავლიაშვილთან ერთად, სადაც საუბარი იყო იმაზე, ეშინიათ თუ არა რუსებს სანქციის. სოსო პავლიაშვილის პასუხი ამ ხუმრობაზე იყო ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, მიუღებელი და არც ერთი იუმორის ჩარჩოში არ ჯდებოდა. არ მგონია, ეს ხუმრობა თავმოყვარე და სამშობლოს მოყვარული ქართველის დაწერილი ყოფილიყო, უფრო რუსი სცენარისტის ხელს ჰგავდა.

- რა უპასუხა სოსომ?

- ერს, რომელმაც საკუთარ თავს თავად აუკრძალა ღამის 11 საათის შემდეგ ალკოჰოლის მიღება, არაფრის ეშინიაო. პასუხიც არის და პასუხიც. ეს უნდა ნახოთ, რომ მიხვდეთ, რამ გამოიწვია ჩემი უკმაყოფილება. აი, ეს იყო, რაც არ მომეწონა და მთლიანობაში კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მთლიანად გუნდმა კარგი, კავკასიური, ქართული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა ჩემპიონატის განმავლობაში, სოჭის ფესტივალიდან მოყოლებული!

- სხვა გუნდებზე რა შეგიძლია თქვა?

- სიმართლე რომ გითხრა, ასე არ განმიხილავს მოსკოვის წლევანდელი ლიგა. მაგრამ მგონია, რომ ეს გუნდი უმაღლეს ლიგაში თავის სიტყვას იტყვის.

მიშა ანდღულაძე:

- ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი რიგითი ქართველისთვის, ყველა ქართველის გამარჯვება სასიხარულოა. არ აქვს მნიშვნელობა, სად ჩატარდება ტურნირი თუ შეჯიბრი და რომელ ქვეყანაში მოიგებენ ჩვენები. მით უმეტეს, როცა საქმე ''კავეენსა'' და იუმორს ეხება. ''კავეენი-დან'' მოვდივარ მეც. მაშინაც მტერი იყოჩვენთვის რუსეთი, ჩვენ რომ ვთამაშობდით და ვიმარჯვებდით. მთავარი პრობლემა ის კი არაა, ვინ რას იტყვის ამა თუ იმ რუსულ სცენაზე, ვის წისქვილზე დაასხამს წყალს, არამედ ის, რომ ჩვენ თვითონ ვერ გადაგვიწყვეტია, ვინ არის ჩვენი მტერი, რუსეთი, ამერიკა თუ ევროპა. როცა ამას გადავწყვეტთ, მაშინ ყველაფერი დალაგდება. ჯერ ჩვენ გადავწყვიტოთ, რა გვინდა, ვინ გვყავს მტერი და ვინ მოყვარე და მერე მოვკითხოთ ''კავეენშიკებს'', სად როგორ იხუმრეს.

იხილეთ ვიდეო: ქართველებმა КВН-ში გაიმარჯვეს - მაღალი ქულები ჟიურისგან და გარანტირებული ადგილი უმაღლეს ლიგაში

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება