გოჩა თანდარაშვილმა ირლანდიელი ფანები მასპინძლობით გააკვირვა

გოჩა თანდარაშვილმა ირლანდიელი ფანები მასპინძლობით გააკვირვა

ყველამ იცის, რომ იუმორისტ გოჩა თანდარაშვილის უდიდესი გატაცება ფეხბურთია. ქართული ნაკრების ყველა თამაშს ესწრება და გულშემატკივრობს. ასე მოხდა 7 სექტემბერსაც, როდესაც ჩვენი ნაკრები ირლანდიას ეთამაშა. სამწუხაროდ, ქართველი ქომაგისთვის ეს მატჩი არცთუ სასიამოვნო სანახავი გამოდგა, რასაც ვერ ვიტყვით ფეხბურთის ირლანდიელ ფანებზე. გარდა იმისა, რომ მათმა გუნდმა მოიგო, ირლანდიელებს საქართველოში საუკეთესო მასპინძლობა გაუწიეს, მათ შორის, პირველ რიგში, სწორედ ჩვენმა რესპონდენტმა. მას ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე ვესაუბრეთ და აღმოჩნდა, რომ სტუმრის პატივისცემის ტრადიცია ისაა, რომელიც გოჩას ყველაზე მეტად მოსწონს.

- დავიწყოთ სუფრის ტრადიციით.

- ალბათ ახალს არაფერს ვიტყვი, არ მომწონს. პრინციპში, მე დიდად აღარ მაწუხებს, პრობლემები არ მაქვს მათთან, ვისთან ერთადაც სუფრაზე ვხვდები. ერთადერთი, შესაძლოა, ჭამაზე შემაწუხონ, სასმლის დაძალება, თანმიმდევრობა აუცილებლად დასალევი სადღეგრძელოებისა არ არის და ა.შ. იმისგანაც ვთავისუფლდებით, რომ თუკი არ დალევ, ეს მასპინძლის უპატივცემულობაა და სხვა. რაც ძალადობასა და დაძალებას ითვალისწინებს, არც ერთი ტრადიცია არ არის სასურველი და მისაღები.

- სტუმარმასპინძლობაზე რას იტყვი?

- ძალიან მომწონს. სხვათა შორის, ამას წინათ ირლანდიელი ფანები ჩამოვიდნენ და ჩემი თავის გამიკვირდა. ყველა ქვეყნის ფანებთან ვმეგობრობ. რომ ჩამოდიოდნენ, ქართულად გავიქაჩე. იქიდან მეკითხებოდნენ, აეროპორტიდან სასტუმრომდე როგორ მივიდეთო. დავახვედრე სამარშრუტო ტაქსი, ფულზე რომ მკითხეს, რას ამბობთ-მეთქი, გავიკვირვე (იღიმის). მართლა კარგი ადამიანები არიან, ვისთანაც გსიამოვნებს, იმასთან უნდა გამოხატო. მე მომწონდა მათი პატივისცემა და რაღაც დონეზე მოვახერხე კიდეც, მაგრამ თვითონ უარესი ქართველები ''გამოდგნენ''. სამარშრუტო ტაქსის ფულს რომ არ ვართმევდი, ჯიბეში ჩამიკუჭეს, უკან რომ დავუბრუნე, შემდეგ წინა სკამზე დემონსტრაციულად დაიწყეს ფულის დაყრა, 150 ლარი შეგროვდა, რომელიც მძღოლს მივეცი და მეორე დღესაც მოემსახურა მათ. საღამოობით ირლანდიულ ბარში დავდიოდით და საინტერესოა, რომ ჩვენს ბიჭებს არც ერთხელ არ გადაახდევინეს სასმლის ფული. ეტყობა, იფიქრეს, რომ რადგან ბარი ირლანდიური იყო, თავად იყვნენ მასპინძლები. ირლანდიაში დაბრუნებულმა ერთ-ერთმა ფანმა დაწერა ''ფეისბუქზე'', როგორ აღფრთოვანდა საქართველოთი და განსაკუთრებით, ტაქსის მძღოლებით, რომლებიც ბნელ მოსახვევებში 160კმ/სთ. სიჩქარით შედიან (იცინის), მეც პერსონალურად გადამიხადა მადლობა, რომ ამდენ გიჟს მოგვხედაო. მათაც ესიამოვნათ ჩვენი გამასპინძლება და მეც ძალიან მესიამოვნა. ძალიან ვგავართ ერთმანეთს. თავი გაიგიჟეს, საპასუხო თამაშზე ირლანდიაში რომ არ ჩამოხვიდე, არ იქნებაო... ვაპირებ გამგზავრებას.

- გოჩა, ტრადიციებიდან კიდევ საინტერესოა ქორწილის ტრადიცია.

- რა თქმა უნდა, სისულელეა. ფულს ხარჯავ იმაში, რომ აქეიფო ღრმა ბავშვობაში ნანახი ადამიანი, ნათესავს ვგულისხმობ. ის მოდის, ცეკვავს, ტაშ-ფანდურობს, შენი ახალშექმნილი ოჯახის ბიუჯეტს იწირავს და მიდის (იცინის). ვალებით იწყებ ოჯახის შექმნას. ძირითადად, ასეა, თუკი ფინანსურად ძლიერი მშობლები არ გყავს. თუნდაც იღებდნენ საკუთარ თავზე, 20 000 ლარზე ნაკლები დღეს დიდი ქორწილი არ ჯდება და შესაძლოა, ეს უფრო კარგ საქმეში გამოიყენო, მაგალითად, მოგზაურობისთვის ან ბიზნესის დასაწყებად. მე არასდროს მქონია ქორწილი, მაგრამ ალბათ, დაძაბულიც იქნები ამ დროს, ერთმანეთს რომ არ დასცხონ. არა მგონია, რომ ამხელა ქორწილები საჭირო იყოს. იშვიათად ვყოფილვარ კარგ ქორწილში, ერთ-ერთი იყო გიგა ნასარიძის ქორწილი, როდესაც ბიჭებმა სპონტანურად რაღაცები დავდგით. მახსოვს, ძალიან ვისიამოვნე, თუმცა დიდი ქორწილი იყო. ბევრჯერ ვყოფილვარ მეჯვარე, მნდომებია კედებით წასვლა და მქონია ჩხუბი და აყალ-მაყალი ნეფე-პატარძალთან, ასე ჩაცმული არ მოხვიდეო. უნდა ჩამეცვა რაღაც ჯანდაბა და ისე წავსულიყავი.

- სტერეოტიპულ შეხედულებებზეც მინდა გკითხო. ქალიშვილობის ყბადაღებული თემა.

- მგონი, ამასაც ეშველა რაღაც დონეზე და ნელ-ნელა მიდის იქითკენ, რომ ხალხი ხვდება, თუკი წყვილი ერთმანეთთან კარგად გრძნობს თავს, შესაძლოა, დაქორწინების გარეშეც ჰქონდეს სექსუალური კავშირი და არ იყოს ტრაგედია. რატომ იკლებ იმ წლებს, 400-კაციან ქორწილს ელოდები? არ არის აუცილებელი, რომ საყვარელმა, სანდომიანი სახის ადამიანმა გაგაფორმოს მმაჩის ბიუროში. რელიგიურად ეს სიძვად მიიჩნევა, მაგრამ არა მგონია, რომ ეს მთავარი ფაქტორი იყოს. კომუნისტების დროს ნაკლებად სწამდათ ღმერთის, მაგრამ ქალიშვილობის ინსტიტუტი მაინც იყო. ეს მხოლოდ ქართველების ტრადიცია არ არის. არის ერების კატეგორია, რომელთაც ტრადიციულად გადმოჰყვათ ეს შეხედულება. თუმცა საქართველოში ყოველთვის ასე არ ყოფილა. რაღაცები მაქვს წაკითხული და არ იყო მაინცდამაინც დიდი პრობლემა. არ ვიცი, მერე რის გამო ჩამოყალიბდა.

იხილეთ ვრცლად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება