ბათუმის კინოფესტივალის აღმოჩენები, არ შემდგარი "ნიმფომანიაკი" და ევროპული კინოს დესანტი

ბათუმის კინოფესტივალის აღმოჩენები, არ შემდგარი "ნიმფომანიაკი" და ევროპული კინოს დესანტი

14-21 სექტემბერს, ბათუმში, საავტორო კინოს მე-9 საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა. მწირი ბიუჯეტითა და ენთუზიაზმით დაწყებული საქმე მრავალფეროვანი, გემოვნებიანი პროგრამით შედგენილ სერიოზულ ფესტივალად ჩამოყალიბდა.

საავტორო კინო ანუ "არტ-ჰაუსი" ეს არის მსოფლიო კინოს ნიშა, რომელიც არ არის გათვლილი ფართო მაყურებელზე, ნაკლებად კომერციულია და უფრო პროფესიონალურ წრეზეა ორიენტირებული, თუმცა საზღვრები არც ამ ჟანრშია ზუსტად მონიშნული და, რაც მთავარია, სწორედ ეს მიმართულება განაპირობებს მსოფლიო კინოს განვითარების მომავალ ტენდენციებს.

ბათუმის ფესტივალზე საკონკურსო ნამუშევრებში 10 მხატვრული, 8 დოკუმენტური და 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი მოხვდა. გარდა ამისა, თემატურად წარმოდგენილი იყო ქართული ფილმების პანორამა, ოსტატების კოლექცია, რეტროსპექტივა, ევროპის კინოაკადემიის მოკლემეტრაჟიანი ფილმები და სიახლე - კანის კინოფესტივალის კრიტიკოსტა კვირეულის კოლექცია. ასევე ჩატარდა მასტერკლასები, ვორქშოფები, სემინარები და სხვა პლატფორმის ღონისძიებები. ფილმების დემონსტრაცია ძირითადად კინოთეატრ "აპოლოსა" და სასტუმრო "დივანში" ხდებოდა.

ფესტივალის გახსნა

ფესტივალის გახსნა ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრში გაიმართა. საზეიმო ცერემონია ფესტივალის დირექტორმა გიორგი გოგიბერიძემ, დამფუძნებელმა და მენეჯერმა ზვიად ელიზიანმა და ბოლო ფესტივალების უცვლელმა წამყვანმა კახა მიქიაშვილმა გახსნა. ტრადიციულად, კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის ცნობილი დრამატურგი და რეჟისორი რუსტამ იბრაგიმბეკოვი, ხოლო დახურვის ცერემონიისას მსახიობი ავთო მახარაზე, სცენარისტი ირაკლი კვირიკაძე და უკრაინელი რეჟისორი და საკონკურსო ფილმების ჟიურის თავჯდომარე რომან ბალაიანი დააჯილდოვეს. საზეიმო მისალმების შემდეგ გახსნის ფილმად სერგო ფარაჯანოვისა და დოდო აბაშიძის "ლეგენდა სურამის ციხეზე" აჩვენეს. ფარაჯანოვისა და თენგიზ აბულაძის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფესტივალზე მათი ფილმების რეტროსპექტივა და პრესკონფერენციაც გაიმართა, რომლებსაც ავთო მახარაძე და იურა მეჩითოვი უძღვებოდნენ.

ჟიური და მთავარი პრიზის მფლობელები

მხატვრული ფილმების კონკურსის ხუთკაციანი ჟიური: რომან ბალაიანი, ალისა სიმონი, პაველ ივანოვი, მიხეილ სტამბოლციანი და ზაზა ურუშაძე ერთსულოვანი აღმოჩდა და გრან-პრი ირლანდიურ-ინგლისურ ფილმ "ფრენკს" (რეჟისორი ლენი აბრაჰამსონი) გადასცა. დოკუმენტურ ფილმებში საუკეთესო უკრაინელი სერგეი ლოზნიცას "მაიდანი"აღმოჩდა, ფილმი კიევში მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლების პირველ დღეებს ასახავს. რაც შეეხება მოკლემეტრაჟიან ფილმებს, რომლის ჟიურის თავმჯდომარე ცნობილი ქართველი რეჟისორი მიხეილ კობახიძე გახლდათ, საუკეთესოდ ჰუ ვეის ფრანგულ-ჩინური "ზეთის ლამფა" დასახელდა.

არასაკონკურსო ფილმები

ამჯერადაც, ბათუმის კინოფესტივალზე არასაკონკურსო, წლის საუკეთესო ფილმების ნიმუშები იყო წარმოდგენილი, რომლემბაც სულ ახლახანს ცნობილ ფესტივალებში მიიღეს მონაწილეობა. ბათუმში აჩვენეს ჟან-ლიუკ გოდარის ექსპერიმენტულ, სამგანზომილებიანი ფილმი "მშვიდობით ენავ", ასევე ეტორე სკოლას, კენ ლოუჩის, მაიკლ ლის, ძმები დარდენებისა და წლევანდელი კანის ფესტივალის საუკეთესო ფილმი, ნური ჯეილანის "ზამთრის ძილი". იყო მცდელობა სასტუმრო "დივანის" საკონფერენციო დარბაზში პროგრამით გათვალისწინებული ფონ ტრიერის სკანდალური "ნიმფომანიაკის" ჩვენებისა, მაგრამ მოულოდნელად უახლესი მოდელის პროექტორი მწყობრიდან გამოვიდა და კინოსეანსი ჩაიშალა.

ქართული ფილმები

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო რამდენიმე საკონკურსო და არასაკონკურსო ახალი ქართული ფილმი. მხატვრული ფილმების კონკურსში მონაწილეობდა თინათინ ყაჯრიშვილის "პატარძლები", რომლის მოქმედება ახლო წარსულში ხდება და ახალგაზრდა ქალზე და მის პატიმარ ქმარზე მოგვითხრობს. ამ ფილმმა ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა. ამჟამად რეჟისორი ახალ პროექტზე "ერთი გზის ბილეთი" მუშაობს და ამიტომ დაჯილდოებაზე ჩამოსვლა ვერ შეძლო. საინტერესო იყო ნანა ჯორჯაძის ახალი ფილმი " ჩემი ქალთევზა, ჩემი ლორელაი", რომელიც რეჟისორმა უკრაინაში გადაიღო და ამჯერად ამ ნამუშევარში მისი ფილმების უცვლელი სცენარისტი ირაკლი კვირიკაძე დინარა სეიდოვამ ჩაანაცვლა. სხვა ქართული არასაკონკურსო ფილმებიდან ალბათ გამოვარჩევდით ლევან კოღუაშვილის ფილმს "შემთხვევითი პაემნები" და დახურვის ფილმს "სიმინდის კუნძული", რომელიც უკვე ცნობილმა რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა გადაიღო. სწორედ ეს ფილმი მიიღებს საქართველოდან მონაწილეობას წლევანდელი ოსკარის შესარჩევ კონკურსში. რამდენიმე საკონკურსო მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმიდან გამორჩეული იყო გიორგი ვარსიმაშვილის "იყო ერთი კაცი", რომელშიც მთავარ როლებს კახა მიქიაშვილი და ნანა დალაქიშვილი ასრულებენ.

ფესტივალის დახურვა

ერთკვირიანი ფესტივალის შედეგების შეჯამება და საზეიმო დახურვა ისევ ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიმართა. როგორც აღვნიშნეთ, ფესტივალის გრან-პრი ლენი აბრაჰამსონის ფილმს "ფრენკი" გადაეცა, რომელიც იუმორით მოგვითხრობს მუსიკალური ჯგუფის ცხოვრებაზე. საუკეთესო რეჟისურაში პრიზი რუსი რეჟისორის ივან ტვარდოვსკის ფილმმა "გამოსასწორებელი კლასი" დაიმსახურა. ფილმი უნარშეზღუდულ მოსწავლე გოგონას დრამატულ ისტორიას მოგვითხრობს. საუკეთესო მსახიობ მამაკაცად ინდურ-ფრანგული ფილმის "ლანჩ-ბოქსის" მთავარი როლის შემსრულებელი ირფან ხანი აღიარეს, ხოლო საუკეთესო მსახიობ ქალად-ბოსნიელი სილვი მარინკოვიჩი ანდრეა სტაკას ფილმისთვის "განკურნება".

ტრადიციისამებრ, აჩვენეს ფესტივალის დახურვის ფილმი ოსკარზე წარდგენილი გიორგი ოვაშვილის "სიმინდის კუნძული". მომავალ წელს ბათუმის ფესტივალი საიუბილეო იქნება და მეათედ ჩატარდება. როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ისინი საიუბილეო ფესტივალისთვის განსაკუთრებულად მოემზადებიან და რამდენიმე მსოფლიო დონის კინორეჟისორსა და მსახიობს მოიწვევენ.

კობა ბრეგვაძე

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება