ნოსტალგია, რომელიც ზაზა იაქაშვილს ნინი ბადურაშვილთან აკავშირებს

ნოსტალგია, რომელიც ზაზა იაქაშვილს ნინი ბადურაშვილთან აკავშირებს

მსახიობ ზაზა იაქაშვილს შემოქმედებითი თვალსაზრისით რამდენიმე სიახლე აქვს. შეხვედრისას ორ ახალ ფილმზე ვისაუბრეთ, ერთის პრემიერა ზაფხულში შედგა, ხოლო მეორის ახლახან - სექტემბერში.

წელს ზაფხულში რეჟისორ ლევან წულაძის სპექტაკლით ''ტარტიუფი'' ისრაელში იმყოფებოდა გასტროლზე. დაახლოებით ათი დღის განმავლობაში სპექტაკლი სამჯერ წარმოადგინეს და დიდი მოწონება დაიმსახურა, როგორც ქართველ ებრაელთა, ისე ადგილობრივ მაყურელებელთა შორის. როგორც ზაზამ აღნიშნა, იერუსალიმში პირველად იყო. სხვებთან ერთად ფეხით მოიარა ძველი ქალაქი, მოინახულა ღვთისმშობლის, მაცხოვრის საფლავი და სხვა არაერთი სიწმინდე.

სექტემბრის ბოლოს ტელეკომპანია ''იმედის'' ეთერში სერიალ ''ფსიქოპატთა თამაშების'' ჩვენება დაიწყება, რომლის ერთ სერიაში თანამედროვე ქართული ოჯახის უფროსს განასახიერებს. სხვა დეტალებს კი ჩვენი საუბრიდან შეიტყობთ...

- ზაზა, საუბარი ორი ახალი ფილმით დავიწყოთ, ესენია ''ზღვარი'' და ''ვინ მოკლა ილია''...

- ''ზღვარის'' რეჟისორი გახლავთ უნიჭიერესი რეჟისორი მარიამ ქაცარავა, რომელთანაც მრავალწლიანი მეგობრობა და ურთიერთობა მაკავშირებს. მას ძალიან საინტერესო დოკუმენტური ფილმები აქვს გადაღებული, რომლებმაც არაერთი პრიზი დაიმსახურეს საერთაშორისო ფესტივალებზე. მოკლემე-ტრაჟიანი ფილმების შემდეგ ეს იყო მისი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ''ზღვარი'' საკმაოდ თბილი, რომანტიკული მელოდრამაა და მადლობა მარიამს, რომ მომცა საშუალება, ჩემი წვლილი შემეტანა ამ ფილმში. ''ზღვარში'' ორი უნიჭიერესი ახალგაზრდა მსახიობი მონაწილეობს - გიორგი მახარაძე და ნათია კვაშალი. იმედი მაქვს, მათთან მუშაობის შესაძლებლობა მომავალშიც მომეცემა.

რაც შეეხება მეორეს, ესაა მიხეილ ბერინაშვილის მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი ''ვინ მოკლა ილია''... ჩემდა საბედნიეროდ, პირდაპირ დამამტკიცეს მთხრობელის როლზე, რომელიც იმავდროულად ფილმის მსვლელობისას ''გადაიქცევა'' კრიმინალისტ ჟურნალისტად და რაღაც მომენტებში გამომძიებელიც არის.

- ფილმის პრემიერა ახლახან შედგა...

- საკმაოდ ემოციური იყო პრემიერა. მახარებს ის ფაქტი, რომ ნებისმიერი აქტივობა ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გაიხსენოს და ახალგაზრდობამ იცოდეს, ვინ იყო ილია, რისთვის ცხოვრობდა, იბრძოდა, რას შესწირა თავი. უნდა შევეცადოთ გავაძლიეროთ ილიასეული ღირებულებები საზოგადოებაში. მომწონს ისიც, რომ ფილმის ყურებისას მაყურებელს ეძლევა საშუალება, დღემდე არსებული სამი ვერსიიდან თავად განსაჯოს და გამოიტანოს დასკვნა ილიას მკვლელობაზე.

- მონაწილეობდით ღონისძიებაში ''...დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია''...

- დიახ. ღონისძიება ''...დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია'' 12 სექტემბერს გაიმართა, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით. პროექტის მიზანი ილიას ღვაწლის დაფასება და საზოგადოებაში მისი ღირებულებების განმტკიცება და უკვდავყოფა გახლდათ. არ ველოდით, თუ მსვლელობას ამდენი ხალხი დაესწრებოდა. ამ ღონისძიებაზე წიწამურში საქართველოს პატრიარქი ილია II მობრძანდა. დიდ მსახიობთა თანა-ვარსკვლავედთან ერთად, მე წავიკითხე ილიას ორი ლექსი და მოხარული ვარ, რომ ჩემი პატარა წვლილი შევიტანე ამ პროექტში.

- ზაზა, სერიალ ''დეტექტივებში'' მთავარი დეტექტივის როლი გქონდათ, ილიას შესახებ გადაღებულ ფილმშიც დეტექტივის პროფესიას ირგებთ. როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება, რომ რეჟისორები ასეთ როლზე გაკავებენ?

- (იცინის) არ ვიცი, ეტყობა, ''დეტექტივების'' დროს მომავალი გადამღები ჯგუფის ნდობა მოვიპოვე და კასტინგიც არ გამატარეს, ისე დამამტკიცეს ჩემთვის ძალიან ძვირფას ფილმში. ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა იყო. ''დეტექტივების'' გადაღებებისას დავდიოდით პოლიციის აკადემიაში, გვქონდა საუბარი ლექტორებთან, გვასწავლიდნენ იარაღის გამოყენებას, ხელბორკილის დადებას, დამნაშავის დაკითხვას. გადაღებებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსულტანტები გვესწრებოდნენ, რომ ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც საჭიროა. ჩემთვის ''დეტექტივებში'' მთავარი დეტექტივის როლი ყველაზე რთული იყო იმდენად, რამდენადაც ჩემი გმირი უნდა ყოფილიყო თავშეკავებული, არ შეიძლებოდა, მკვეთრი ემოციური ამოფრქვევები გქონოდა. ამ მხრივ ჩარჩოებში ვიყავი მოქცეული, მაგრამ იცით, ეს უფრო საინტერესო იყო.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება