"თუ კაცი ქალს ცხვირ-პირს დაუნაყავს, ქალი ამას პატიობს" - რითი ხსნიან ცნობილები ქალის მიმართ ძალადობის ფაქტებს

"თუ კაცი ქალს ცხვირ-პირს დაუნაყავს, ქალი ამას პატიობს" - რითი ხსნიან ცნობილები ქალის მიმართ ძალადობის ფაქტებს

ძალადობა, აგრესია, სისასტიკე, გაუტანლობა ბობოქრობს - ჩვენ გარშემო საშინელი ფაქტები ხდება. განსაკუთრებით აუტანელია ოჯახური ძალადობა და სისასტიკე, რასაც მამაკაცები მეუღლეების მიმართ სჩადიან...

Ambebi.ge რამდენიმე ცნობილ ადამიანს დაუკავშირდა და ამ გახშირებულ ფაქტებზე გაესაუბრა.

მუსიკოსმა ანრი ჯოხაძემ წელს კლიპი, სახელწოდებით - "განა ყველა ქალი ქალია?" გადაიღო. როგორც ამბობს, ვიდეო სწორედ ქალის მიმართ ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული:

- საერთოდ, ასეთ საკითხებთან დაკავშირებით ჩემი დამოკიდებულება ჩემს შემოქმედებაში ჩანს ხოლმე... თუმცა ის, რაც დღეს ხდება და რაც ბოლო დროს თავს დაატყდა ქართულ ოჯახებს, ტრაგედიაა... არადა, საქართველოში იმთავითვე ქალის მიმართ საოცარი დამოკიდებულება არსებობს. ერმა ქართლის დედას ძეგლიც კი დაუდგა, მაგრამ მგონია, რომ პრობლემა ქალებშიც არის, ამ კონკრეტულ შემთხვევებს არ ვგულისხმობ და იმ ქალბატონებს, რომლებიც სიცოცხლეს გამოასალმეს...

თუ კაცი ურტყამს ქალს და კარგად დაუნაყავს ცხვირ-პირს, ზოგიერთს შეუძლია ეს აიტანოს და მას ეს ყველაფერი აპატიოს. ამის მაგალითები ჩემს სამეგობროშიც ყოფილა, როცა ქმრებსა თუ ბოიფრენდებს თუნდაც სახალხოდ ცხვირ-პირი დაუნაყავთ გვერდით მყოფი ქალებისთვის, შემდეგ კი დაზარალებულებს უპატიებიათ და ამ მამაკაცებს შერიგებიან... ხვდებით, ქალის მიერ საკუთარი თავის როგორი თვითშეფასებაა? ეს ყველაფერი კი იმ მამაკაცს, "ვაჟკაცს" იმავე ქალთან როგორ უმყარებს პოზიციებს? მგონია, რომ ასე უმეტესად სუსტი მამაკაცები იქცევიან...

- რა უნდა გააკეთოს ასეთ დროს საზოგადოებამ?

- მეჩვენება, რომ საზოგადოებაში ზოგადად დაუსჯელობის სინდრომი გაჩნდა... რაც არ უნდა ვთქვათ, კრიმინალის რიცხვი გაიზარდა თუ არა, ფაქტია, რომ ყველა ლაპარაკობს, რომ გარშემო საშინელი ამბები ხდება. ადამიანები შეწუხებულები არიან ამ კრიმინალური ფაქტებით. ესე იგი, რაღაცაშია საქმე. ამიტომ სამართალდამცავი ორგანოები უნდა გამკაცრდნენ... დამნაშავეთა სამყაროსაც თითქოს დაუსჯელობის სინდრომი გაუჩნდა. ფიქრობენ, რომ არ დამსჯიან, ან თუ რაიმე ჩაიდინეს, სასამართლოდან გამათავისუფლებენ 100 თუ 400 ლარის საფასურად. ეს გულსატკენია. ასეთ დროს ადამიანი თავს დაცულად ვერ გრძნობ.

- ე.ი. კანონი უნდა გამკაცრდეს?

- კანონი გადასარევია, უბრალოდ, მეჩვენება, რომ აღსრულებაშია პრობლემა.

- საზოგადოება ალბათ, ასეთ ფაქტებს მეტი გულისხმიერებით უნდა მოეკიდოს და - "ეს ჩემი საქმე არ არის," უკვე ასე ცხოვრება აღარ შეიძლება...

- კი, მაგრამ საზოგადოებაც სწორედ ისეთივეა, როგორც არის იგივე მსხვერპლი თუ დამნაშავე... ურტყამენ, მაგრამ სიამოვნებთ, მხოლოდ ერთეულები არიან, რომლებიც არ ეგუებიან სიტუაციას...

ზუზუ ბეჟაშვილი, მსახიობი:

- ამ თემაზე ბევრია სათქმელი... ასეთი რამ ყველგან შეიძლება მოხდეს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს საშინელი ამბები ჩვენთან ასე გახშირდა და არ ვიცი, სადამდე მიგვიყვანს...

ძირითადად ისე ხდება, რომ ვიღაც კლავს და მერე თავს იკლავს... ეს არის თავში დაურწმუნებლობის, კომპლექსისა და კიდევ უამრავი რამის ბრალი და შედეგი...

ეს პრობლემა სოციალური საკითხებიდან მოდის - არანორმალური და არაჯანსაღი, ეჭვით გაუბედურებული ხალხის ჩადენილი ფაქტები...

ვფიქრობ, რომ სამყარომ "გარეკა" და ასეთი საშინელი გულგრილობით გამოხატავს ამ ყველაფერს, ან გარკვეული ყალბი რეაქციებით, რომელსაც ადამიანი იმ ფატალურ შედეგებამდე მიჰყავს, რაც ჩვენში ხდება...

ერთი წუთითაც არ ვამართლებ არავის, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი ცუდი ხდება არა მარტო ოჯახებში, არამედ ზოგადად, ჩვენ გარშემო. სუსტს ვითომ ძლიერი ერევა, თუ რას შვრება, ერთმანეთს რას უმტკიცებენ, ვეღარ გავიგე. სიკვდილით გამოსავალი? არა, მართლა მტკივა...

ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომელიც საზოგადოებასა და ადამიანებს, გარშემო ყველას თავისი სითბოთი და კარგი ხასიათით უყვართ და მერე იგივენი მთელ სტრესს ოჯახში იხსნიან, თუნდაც ოჯახის წევრების მიმართ სიტყვიერი და უარყოფითი დამოკიდებულებით...

მიშა გასიტაშვილი, უამრავი ცნობილი თუ უცნობი ქალბატონის სტილისტია და მათ სილამაზეზე ზრუნავს. ცოტა ხნის წინ "ფეისბუქის" პირად გვერდზე ქალების ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ვიდეორგოლი ჰქონდა ატვირთული:

- საშინელებაა, როცა ქალზე ძალადობა ხდება, მაგრამ მგონია, რომ ეს მაინც მენტალობის ბრალია, სტერეოტიპის პრობლემაა. რაღაცები კანონმაც უნდა დაარეგულიროს, ამ თემით სერიოზლად უნდა დაინტერესდნენ. ძველად, როცა ოჯახში, ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი ხდებოდა, რაღაც პრობლემა იყო, თითქოს დაუწერელი კანონივით არსებობდა, რომ უცხო ადამიანი, თუნდაც მეზობელი არ უნდა ჩარეულიყო, მაგრამ რაც ბოლო დღეებში ხდება, უკვე ყველანაირ ზღვარს გადადის. ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა უაზროდ ხდება. გასაგებია, რომ ოჯახში ყოველთვის შეიძლება მოხდეს ჩხუბი და ვიმეორებ, ადრეც ხდებოდა. თან, იმ ჩხუბში იყო ცემა და გინება. დღეს კი უკვე სხვა პრობლემის წინაშე ვდგავართ - ხდება მკვლელობა, რაც სამწუხაროდ, ძალიან გახშირდა. ცოლებს სამსახურში უვარდებიან და ხალხში კლავენ. მერე კი თავს იკლავენ... არ ვიცი, ისინი რა პრობლემების წინაშე დგანან, ამას რომ აკეთებენ, მაგრამ ფაქტია, რომ საშინელებაა. შეიძლება ეს სწორედ იმის ბრალიც არის, რომ აქამდე, როგორც ვთქვი, საზოგადოებისგან ისეთი დამოკიდებულება იყო, რომ ეს ჩემი საქმე არ არის... ახლა ალბათ უკვე არის და უნდა იყოს საზოგადოების საქმე! როდესაც ქალი რაღაც პრობლემას წააწყდება და დახმარებას ითხოვს, უნდა დაეხმარონ!

მაგრამ ბოლო დროინდელი მოვლენები, არ ვიცი, რა პრობლემაა?! იქნებ უბრალოდ, რაღაც დამთხვევაა, მაგრამ ამ ყველაფერს ყველამ ერთად უნდა მივხედოთ და ვუშველოთ.

- ყოველდღიურად უამრავ ქალბატონთან გიწევს კონტაქტი, მათ გალამაზებაზე ზრუნავ. ისინი თავის პრობლემებზე ალბათ ხშირად გიყვებიან...

- მათი გულისტკივილი ძირითადად იმას ეხება ხოლმე, რომ ქმარმა უღალატა. ღმერთმა ყველა ქალი ამისგან დაიფაროს, მაგრამ ამას რომ შევადაროთ ის, რაც დღეს მასობრივად ხდება, რა თქმა უნდა, ღალატის ვარიანტი უფრო ასატანია, რაც ზოგისთვის პროვოკაცია და სერიოზული შეურაცხყოფა... ამ დროს ჩემი ფრაზაა ხოლმე - გჯეროდეს საკუთარი თავის! თუ ასეთი პრობლემის წინაშე დადექი, ეს არ არის მხოლოდ შენი პრობლემა, შენი მეუღლისაც არის... მამაკაცები ხშირ შემთხვევაში, უარესებთან მიდიან, მაგრამ რადგანაც ამ ქალებს ჰყავთ შვილები, დეპრესიაში არ უნდა ჩავარდნენ...…

ხოლო იმ ფაქტმა, რაც მაგალითად, ცოტა ხნის წინ კახეთში მოხდა, - ხანშიშესულმა კაცმა მეუღლე რომ მოკლა, გამაოგნა... ალბათ, ადამიანს რაღაც წერტილში გონება "ეკეტება" და ხდება საშინელება, მაგრამ რამენაირად ყველამ ერთად უნდა გადავარჩინოთ ადამიანები დაღუპვისგან. როგორც კი გავიგებთ ცოლ-ქმრის კონფლიქტს, საჭირო ზომებს უნდა მივმართოთ ან უნდა ჩავერიოთ, ან მაშინვე გამოიძახონ პოლიცია, რათა არ მოვიღოთ ის შედეგი, რაც დღეს გვაქვს.

- "ფეისბუქის" პირად გვერდზე ჰოლანდიაში მოღვაწე კიკბოქსელ გიგა ჭიკაძის ვიდეორგოლი გქონდა ატვირთული, რომელიც სწორედ ქალის მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო აქციაა...

- დიახ, ეს არის გიგა ჭიკაძისა და გაეროს ერთობლივი პროექტი, რომელიც ამ წლის 3 ივლისს გამოვიდა. მისი მთავარი მესიჯია - "ჩვენ არ ვებრძვით ოჯახის წევრებს, ჩვენ ვებრძვით ძალადობას ოჯახში!" ის ქალების მხარდასაჭერად გადაღებული საინტერესო ვიდეორგოლია. მის ამ ლოზუნგს მეც ვეთანხმები, რადგანაც ოჯახის წევრებს კი არ უნდა დავუპირისპირდეთ, არამედ ოჯახსი ზალადობას უნდა ვებრძოლოთ! ეს ყველამ უნდა გაიზიაროს და გაითვალისწინოს.

მახსოვს, როცა ჩემს ბავშვობაში, მეზობელი ცოლს ეჩხუბებოდა, აგინებდა და იქ ჭურჭელიც ილეწებოდა, არავის ჰქონდა იქ შესვლის უფლება, დღესდღეობით ეს დამოკიდებულება აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ხმამაღალ სიტყვას გავიგებთ თუ არა, შევიდეთ, ჩავერიოთ, დავარეგულიროთ სიტუაცია, ან მივმართოთ შესაბამის სტრუქტურებს, სამართალდამცავებს, რომ ეს პრობლემა მოაგვარონ, რათა არ მოხდეს ტრაგედია.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება