ის, რაც ეთერში ვერ თქვეს - ვინ არიან ნიჭიერები, რომლებზეც დღეს მთელი საქართველო საუბრობს

ის, რაც ეთერში ვერ თქვეს - ვინ არიან ნიჭიერები, რომლებზეც დღეს მთელი საქართველო საუბრობს

სახალხო პროექტი "ნიჭიერის" ახალი სეზონი "რუსთავი 2"-ზე გუშინ დაიწყო. პროექტის მონაწილეები, წამყვანები, ჟიურის წევრები და სხვა ცნობილი სახეები პირველი გადაცემის სანახავად "უნიქში" ერთად შეიკრიბნენ. ჟიურის წევრების წინასწარი პროგნოზი ახდა, მაყურებელს განსაკუთრებით რუსთაველი ქალბატონი ამალია ჯიბლაძე მოეწონა, რომელიც შოუს სანახავად თბილისში ვერ ჩამოვიდა. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა პარამოცეკვავის თემურ არაბიძის ნომერმა. მის ცეკვას ბევრმა ცრემლების გარეშე ვერ უყურა.

თემურ არაბიძე 5 წლის წინ მოხვდა ავარიაში და მას შემდეგ ეტლში ზის. "ნიჭიერის" მეშვეობით სურს დაამტკიცოს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და ეს მოახერხა კიდეც (იხილეთ ვიდეო).

- ცეკვას ძველი ეტლით ვსწავლობდი, პროექტში გასვლამდე ერთი კვირით ჩამომიტანეს ახალი, უფრო მსუბუქი ეტლი. რთულია ერთ კვირაში დაამუშავო ახალი მასალა, მძიმე ეტლიდან მსუბუქში გადაჯდომა. მე და ჩემს მეწყვილეს ქეთი ზაზანაშვილს გვინდა დავამტკიცოთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. მინდა გავყვე ამ ცეკვას და ჩემი ცხოვრების სტილი იყოს. ამ ეტაპზე ძალიან კმაყოფილი არ ვარ ჩემი გამოსვლით. რაც მეტი დრო გადის, უფრო მეტის გაკეთება გინდა. ეს არ იყო ჩემი მაქსიმუმი. ყოველდღე ვამტკიცებ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. სამწუხაროდ, თბილისი არ არის ადაპტირებული. ჯოჯოხეთია ქუჩაში გამოსვლა ზოგიერთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისთვის. ვაჟა-ფშაველაზე გაკეთდა პანდუსები, რომელზეც Q7, G Class, X5 და მთავრობის მანქანები დგას. გული მწყდება,  რომ იმ დონეზე არ ვართ განვითარებული, რომ პანდუსზე არ გავაჩეროთ მანქანა. არც ინფრასტრუქტურაა მოწყობილი და არც საზოგადოებაა მზად ამისთვის. ეტლიანს რომ დაინახავენ, უკვირთ.

იოგას ზურა ყაზიშვილის საკონკურსო ნომერს დიდი ოვაციები მოჰყვა. ახალგაზრდა იოგმა ურთულესი ნომრები შეასრულა, რომელიც მისი თქმით, ეთერში სრულად არ აჩვენეს. ზურა იოგით 2003 წლიდან არის დაკავებული და ახლა სხვებსაც ავარჯიშებს (იხილეთ ვიდეო).

- კმაყოფილი ხარ საკუთარი საკონკურსო ნომრით, თუ რამეს შეცვლიდი?

- ალბათ, შევცვლიდი რაღაცებს. შოუ არ მაძლევს საშუალებას, დიდი დრო რომ დავუთმო ნომრებს. რთული მოძრაობები არ გამოჩნდა, ამოჭრეს, ალბათ ასე იყო საჭირო და გაგებით ვეკიდები. იმედი მაქვს, გადავალ ნახევარფინალში, სადაც წყვილში გამოვალ. ჩემთან ერთად ია ფარულავაც ამოვიდა სცენაზე და რამდენიმე მოძრაობა გააკეთა, მაგარ ფორმაშია, წინა "შპაგატი" ძალიან რთულია.

- ჟიურის წევრებმა გასვლისას გკითხეს, სექსში თუ გადგება იოგაო და გადგება?

- კი, ნამდვილად მადგება.

"ნიჭიერის" სცენაზე 22 წლის რეპერი ვეკო გურულიც წარსდგა (იხილეთ ვიდეო).

- სპონტანური ტიპი ვარ, მსგავსი რამ არასდროს ჩამიდენია და დამამახსოვრდება "ნიჭიერში" გამოსვლა. მოგონებებისთვის ცხოვრობს ადამიანი და ეს ტკბილი მოგონება იქნება. წეღან კომენტარებს ვკითხულობდი და ზოგი ცუდს წერს, ზოგი კარგს. ბევრ რაღაცას შევეხე ჩემს სიმღერაში, მათ შორის პოლიტიკოსებს. ვთქვი, მე მინდა ჩინოვნიკებს არ გაეხსნათ მადა. უნდა ახსოვდეთ, რომ ხალხი არსებობს.

მერი გვასალიას ავტოსპორტში წლებია იცნობენ. ის ერთადერთი ლიცენზირებული ავტომრბოლელი ქალია საქართველოში. მშვენიერმა მანდილოსანმა ჟიურის წევრები და მაყურებელი გააოგნა, მან მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით რუსთავის ავტოტრეკზე დრიფტ-შოუ მოაწყო.

- ძალიან კმაყოფილი ვარ. მთავარია მაყურებელი იყოს კმაყოფილი, ჩემთვის ესაა მნიშვნელოვანი. არსებობს სტერეოტიპი, რომ ქალი არ უნდა იჯდეს საჭესთან და ვეცადე, ეს სტერეოტიპი დამემსხვრია. დიდი ხანია ამისთვის ვიბრძვი, მაგრამ ასე მასშტაბურად არ მიბრძოლია. ვფიქრობ, ბევრი ქალი შემომიერთდება.

- მანქანიდან გადმოსული როგორ მართავდი ავტომობილს?

- არსებობს მანევრირების ხერხები, რითაც, ასე ვთქვათ, ვბლოკავთ და ვჭედავთ მანქანას, და ამ დროს შესაძლოა, მოცურდეს, ან გაიქცეს ავტომობილი. ცოტა საფრთხეში ჩავიგდე თავი, მაგრამ მანქანა და ავტოსპორტი ჩემთვის ყველაფერია და არაფრის მეშინია.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება