"ნიჭიერის" ტრიუმფატორის უმძიმესი პირადი ცხოვრება: ქვრივი, რომელმაც საქართველო აატირა

"ნიჭიერის" ტრიუმფატორის უმძიმესი პირადი ცხოვრება: ქვრივი, რომელმაც საქართველო აატირა

გუშინ დილით მას არავინ იცნობდა, საღამოს "ნიჭიერის" სცენაზე გამოსვლით კი სრულიად სამყარომ გაიცნო. გაცნობაც არის და გაცნობაც, საკუთარი ნიჭით შოკში ჩააგდო საზოგადოება.

ამალია ჯიბლაძემ გაბედა და ბავშვობის ოცნება გუშინ აიხდინა, თუმცა სასწაულების მაინც არ სჯერა.

როგორც შოუდან შევიტყვეთ, ის ამჟამად რუსთავში ცხოვრობს და ხელნაკეთი ნივთებით შოულობს ლუკმაპურს.

Ambebi.ge-მ ამ ქალბატონის უფრო ახლოს გაცნობა გადაწყვიტა.

- დავიბადე თბილისში, ბავშვობის პერიოდი გლდანში გავატარე, 69-ე სკოლაში ვსწავლობდი.

- სკოლის გარდა, რაიმე განათლება თუ გაქვთ?

- რუსეთში კულტურის კოლეჯი დავამთავრე, წლების განმავლობაში იქ ვცხოვრობდი, რადგანაც იქ გავთხოვდი. მყავს უფროსი გოგონა, რომელმაც ჩემსავით იჩქარა, ადრე გათხოვდა და ახლა ისიც რუსეთშია. მეორე ქმრისგან მყავს მცირეწლოვანი გოგონა. ქმარი გარდამეცვალა. ასე რომ, უკვე წელიწად-ნახევარია ქვრივი ვარ. მოსავლელად, ასევე 91 წლის სკლეროზიანი დედამთილი დამრჩა...

- საქართველოში რუსეთიდან როდის ჩამოხვედით?

- რუსეთში 17 წლისა წავედი, რადგანაც ხომ გითხარით, იქ გავთხოვდი, აქ კი მეოთხე წელია, რაც ჩამოვედი.

- გამოდის, რომ მარტოხელა დედა ხართ.

- ასეა. კიდევ კარგი, რომ არსებობენ ისეთი მეზობლები, რომლებიც ჩემთან ხანდახან შემოიჭყიტავენ ხოლმე.

- როდის დაიწყეთ სიმღერა?

- ჩემი პაპა - ნიკოლოზ ჯიბლაძე მუნჯი კინოს მსახიობი იყო. კარგი წინაპრები მყავდა, სულ სახელოვანი ხალხი... ალბათ, გენეტიკურად ნიჭი მათგან გადმომეცა... ბავშვობიდან სულ ვმღეროდი. მუსიკა მიყვარდა, მაგრამ სახლში არანაირი ინსტრუმენტი არ მქონდა და მეზობლებში დავდიოდი, რომ პიანინოზე დამეკრა. ჩემს მშობლებს ყველანი ურჩევდნენ, რომ ცოდოა ეს გოგო, სადმე მიიყვანეთო.

- რატომ არ მიგიყვანეს?

- საშუალება არ ჰქონდათ... ისე, რუსეთში ეკლესიის გუნდშიც ვმღეროდი, ქუჩაში გიტარითაც მიმღერია.

- "ნიჭიერის" სცენაზე გამოსვლით საკმაოდ მაღალი დონე აჩვენეთ... დრო გაქვთ, რომ ასე ხარისხიანად დაამუშავოთ ესა თუ ის კომპოზიცია, ანუ თქვენი პრობლემების მქონე ადამიანმა ეს როგორ მოახერხეთ?

- საერთოდ, დიდი ცნობისმოყვარე ადამიანი ვარ და ყველაფრისგან და ყველასგან რაღაცას ვსწავლობ. ისე, რამდენიმე გაკვეთილი ამიღია მასწავლებელთან, სუნთქვის პრობლემა მქონდა და ამიტომ...

კულტურის სასწავლებელში რომ ვსწავლობდი, იქ ფაკულტატივი იყო ხალხური სიმღერის საათები, მაგრამ პედაგოგები არასდროს მაძლევდნენ უფლებას, იქ მემღერა და მევლო. მეუბნებოდნენ, ხმას გაიფუჭებ, შენ ხომ ღვთისგან ასეთი ნიჭი გაქვს მომადლებულიო.

- კულტურის სასწავლებელში რას გასწავლიდნენ?

- ძირითადად განათლებას იმ მიმართულებით ვიღებდით, თუ როგორ მოგვეწყო ბავშვებისთვის ესა თუ ის ღონისძიება, დღესასწაული. ეკლესიაში რომ დავდიოდი, იქ ახალგაზრდა მართლმადიდებელთა მოძრაობა არსებობდა, რომლის წევრიც ვიყავი. ვეხმარებოდით უპოვარ ადამიანებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატარებს. ღონისძიებებს ვუტარებდით...

- ყველა ჟანრის სიმღერას ასრულებთ?

- ვცდილობ. ამასთან, ინტერნეტში არის გაკვეთილები, მასტერკლასები და ბევრი რამ იქიდან მაქვს აღებული და ნასწავლი. უამრავი ფილმი მინახავს, დოკუმენტური მასალები დიდ მუსიკოსებზე, ანუ რა გზა გაიარეს. ეს ყველაფერი სულ მაინტერსებდა.

- მეგაშოუ "ნიჭიერში" რომ მოხვედით, ამისკენ ვინ გიბიძგა?

- რუსეთიდან რომ ჩამოვედი, მინდოდა, გამეგო, რას უსმენდნენ აქ, რა მოსწონდათ. ერთი გადაცემაც ვნახე, სადაც ამბობდნენ, რომ გვინდა ჯაზი, ეს მუსიკალური მიმდინარეობა დაგვიბრუნდესო. ამიტომ, ავდექი და ავიღე ჯაზური კომპოზიციები, მაგრამ ქართულიც ყოველთვის მიყვარდა და ვმღეროდი. ბოლოს კი მეზობლებმა მიბიძგეს და მირჩიეს, რადგანაც სახლიდან ჩემი სიმღერის ხმა ხშირად გაუგიათ.

- ამ პროექტისგან რას ელოდებით?

- არ ვიცი, არ დავეძებ ვარსკვლავებს ცაზე. საერთოდ არ მჯერა სასწაულების.

- კი, მაგრამ თქვენი ერთი ნამღერით სასწაული უკვე მოხდა. სცენაზე ახვედით და რამდენიმე წუთში, თქვენი ნიჭით საზოგადოება გააოცეთ.

- დიდი მადლობა ყველას მოსმენისთვის, მაგრამ ყველაფერს დამსახურება უნდა. ასე უცებ, ერთ დღეს გაიღვიძო და ვარსკვლავი გახდე, არ შეიძლება.

- ხო, მაგრამ ფაქტია, რომ გუშინ ამ დროს არავინ გიცნობდათ, დღეს კი ყველა თქვენზე ლაპარაკობს.

- კი, მაგრამ შემდგომი ეიფორიის მეშინია, ამაზე ფიქრი რომ დავიწყო, მიჭირს…

სხვათა შორის, ბავშვობაში მქონდა ასეთი დიდი სურვილი: ცხოვრებაში დამლაგებელიც რომ ვიყო, სცენაზე ერთხელ მაინც დავდგები-მეთქი. მოკლედ, ჩემი წინათგრძნობის დიდი სიყვარული და ერთგულება მქონდა.

- მითხარით, რომ ჩემი პატარა გოგონა ძალიან ნიჭიერიაო. მღერის?

- კი, კარგად მღერის, მაგრამ ჯერ ვერსად დამყავს.

- როგორ ცხოვრობთ? ალბათ გიჭირთ, ხომ?

- ახლა ვის არ უჭირს, მაგრამ არასდროს ვწუწუნებ... დღეს ისეთი ცხოვრებაა, ადამიანებს მაშინ სჭირდები, როცა გაქვს, როცა არ გაქვს, არავის აინტერესებს შენი მდგომარეობა. სამწუხაროდ, ასეა...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ასევე დაგაინტერესებთ| როგორ აფასებს ნიჭიერ ამალია ჯიბლაძეს ეკა კვალიაშვილი

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება